ოდოარდო ფარნეზე (პარმის პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოდოარდო ფარნეზე
Odoardo II Farnese.jpg
წოდებები
პარმისა და პიაჩენცის ჰერალდიტარული პრინცი
დაიბადა 12 აგვისტო, 1666
გარდაიცვალა 6 სექტემბერი, 1693, (27 წლის)
საგვარეულო ფარნეზეები
მეუღლე(ები) დოროთეა სოფია ნოიბურგელი
შვილ(ებ)ი ისაბელი, ესპანეთის დედოფალი
მამა რანუჩო II, პარმის ჰერცოგი
დედა იზაბელა დ’ესტე
რელიგია კათოლიციზმი

ოდოარდო ფარნეზე (იტალ. Odoardo Farnese; დ. 12 აგვისტო, 1666, კოლორნო, იტალია — გ. 6 სექტემბერი, პარმა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო II-ისა და იზაბელა დ’ესტეს უფროსი ვაჟი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზეს მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდოარდო ფარნეზე დაიბადა 1666 წლის 12 აგვისტოს კოლორნოში, ფარნეზეების საზაფხულო რეზიდენციაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო II-ისა და მისი მეორე ცოლის, იზაბელა დ’ესტეს უფროსი ვაჟი და უმცროსი შვილი. ოდოარდოს დედა მასზე მშობიარობის შემდეგ გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა იმავე წლის 21 აგვისტოს, 31 წლის ასაკში, რის შემდეგაც მოდენასთან ალიანსის შესანარჩუნებლად მამამისმა ცოლად ოდოარდოს დეიდა, მარია დ’ესტე შეირთო.

რანუჩო II-მ ოდოარდოს უფროსი და, მარგერიტა მარია ფარნეზე მოდენის ჰერცოგს მიათხოვა, რის შემდეგაც უკვე ვაჟის დაქორწინებაზეც დაიწყო ფიქრი, თუმცა იტალიელი რძალი არ სურდა. ამის გამო 1690 წლის 3 აპრილს ოდოარდო ფარნეზე მარიონეტულად დაქორწინდა დოროთეა სოფია ნოიბურგელზე, პფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის უმცროს ქალიშვილზე. წყვილის ნამდვილი ქორწინება 1690 წლის 17 მაისს შედგა პარმის კათედრალში.

ოდოარდოსა და დოროთეა სოფიას ქორწინება დიდად წაადგა ფარნეზეებს, რამეთუ მისი ახალი მეუღლის დები იყვნენ საღვთო რომის იმპერატორის, ავსტრიის, ბოჰემიის, უნგრეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის მეფეთა ცოლები, რამაც ცხადია პარმა ევროპის საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყვანა.

ოდოარდო ფარნეზე მამის, რანუჩო II-ის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1693 წლის 6 სექტემბერს მოკვდა, 27 წლის ასაკში. მისი ქვრივი დოროთეა სოფია სასწრაფოდ დაქორწინდა ოდოარდოს ნახევარ-ძმა ფრანჩესკოზე, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია. უკვე 1694 წელს გარდაიცვალა რანუჩო ფარნეზეც, რითაც ტახტი ფრანჩესკომ დაიკავა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალესანდრო იგნასიო (1691-1693), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ელიზაბეტა (შემდეგში ისაბელი) (1692-1766), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს, რომელთანაც შეეძინა ესპანეთისა და ორი სიცილიის მეფე კარლოს III, პორტუგალიის დედოფალი მარიანა ვიქტორია, პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი ფილიპე I, საფრანგეთის დოფინი მარია ტერეზა და სარდინიის დედოფალი მარია ანტონია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Philip V of Spain: The King Who Reigned Twice, by Henry Kamen, Cumberland, Rhode Island: Yale University Press (2001) ISBN 978-0-300-08718-5