შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ II ევგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ II ევგენი
ვიურტემბერგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 20 მაისი, 1795
მმართ. დასასრული: 23 დეკემბერი, 1797
წინამორბედი: ლუდვიგ ევგენი
მემკვიდრე: ფრიდრიხ I (როგორც მეფე)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 იანვარი, 1732
დაბ. ადგილი: შტუტგარტი, გერმანია
გარდ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1797, (65 წლის)
გარდ. ადგილი: შტუტგარტი, გერმანია
მეუღლე: ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედტელი
შვილები: ფრიდრიხ I, ვიურტემბერგის მეფე
ლუდვიგი
ევგენი
სოფია, რუსეთის იმპერატრიცა
ფრედერიკა, ჰოლშტაინ-გოტორპის პრინცესა
ელიზაბეთი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
დინასტია: ვიურტემბერგელები
მამა: კარლ ალექსანდერი, ვიურტემბერგის ჰერცოგი
დედა: მარია ავგუსტა ფონ თურნ უნდ ტაქსისი
რელიგია: ლუთერანობა

ფრიდრიხ II ევგენი (გერმ. Friedrich II. Eugen; დ. 21 იანვარი, 1732, შტუტგარტი, ვიურტემბერგი, საღვთო რომის იმპერია — გ. 23 დეკემბერი, 1797, შტუტგარტი, ვიურტემბერგი, საღვთო რომის იმპერია) — ვიურტემბერგის ჰერცოგი 1795-1797 წლებში. ჰერცოგ კარლ ალექსანდერის უმცროსი ვაჟი. ვიურტემბერგის მეფე ფრიდრიხ I-ისა და რუსეთის იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას მამა.

ადრეული წლები და ჯარისკაცობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდრიხ ევგენი დაიბადა 1732 წლის 21 იანვარს შტუტგარტში. იგი იყო ვიურტემბერგის ჰერცოგ კარლ ალექსანდერისა და მისი მეუღლის, მარია ავგუსტა ფონ თურნ უნდ ტაქსისის უმცროსი ვაჟი. ვინაიდან მას უფროსი ძმები ჰყავდა და იგი საერთოდ არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, მან გადაწყვიტა, რომ სამხედრო კარიერა პრუსიაში გაეკეთებინა.

შვიდწლიან ომში ერთგული სამსახურისათვის 1769 წელს პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ მას მონბელიარში რეზიდენცია აჩუქა, 1786 წლის მარტში კი მისმა უფროსმა ძმამ, ჰერცოგმა კარლ ევგენ ვიურტემბერგელმა იგი ლეიტენანტ-გენერლად გამოაცხადა. 1780-იან წლებში იგი ძირითადად ლიმპურგის საგრაფოს ტერიტორიების დაცვაზე მუშაობდა. 1779 წელს ჰოხბერგში სასახლეც იყიდა, თუმცა 1791 წელს ის თავის ძმას მიჰყიდა. მომდევნო წელს იგი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ ანსბახ-ბაიროითის მარკსაგრაფოს გუბერნატორად დანიშნა, რომელიც მან მისი მთავრისაგან შეისყიდა. 1793 წელს ფრანგები შეიჭრნენ გერმანიაში და ფრიდრიხ ევგენმაც დაკარგა მონბელიარის სასახლე, რამეთუ იგი ანექსირებულ მიწებში მოყვა.

ვინაიდან ფრიდრიხ ევგენის უფროს ძმას, კარლ ევგენს მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა, 1793 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ძმამ, ლუდვიგ ევგენმა დაიკავა. ვინაიდან იგი უნაყოფო იყო, ფრიდრიხ ევგენი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა. უკვე 1795 წლიდან იგი ვიურტემბერგის ჰერცოგი ხდება ფრიდრიხ II ევგენის სახელით. 1796 წელს მან რევოლუციურ საფრანგეთთან პარიზის ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც იგი მონბელიარის სასახლეზე გამოთქვამდა პრეტენზიას. მიუხედავად პრეტენზიისა, იგი ვერ მოესწრო მონბელიარის დაბრუნებას და მალევე, 1797 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა, 65 წლის ასაკში, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა ფრიდრიხ III-მ დაიკავა.

ფრიდრიხ ევგენი დაქორწინებული იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდის დისწულ ფრედერიკა ბრანდენბურგ-შვედიტელზე, რომელთანაც ჰყავდა თორმეტი შვილი:

  1. ფრიდრიხ I (1754-1816), ვიურტემბერგის მეფე. პირველად იქორწინა ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ვილჰელმ I და ვესტფალიის დედოფალი კათარინა. დაქვრივების შემდეგ მეორედ დაქორწინდა ჯორჯ III-ის ასულ შარლოტა ბრიტანელზე, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;
  2. ლუდვიგი (1756-1817), ლიტვის დიდი სამთავროს არმიის კომანდირი. დაქორწინებული იყო პოლონელ დიდგვაროვან მარია ანა ჩარტორისკაზე, მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა ვიურტემბერგის დედოფალი პაულინა;
  3. ევგენი (1758-1822), ცოლად შეირთო ლუიზა სტოლბერგ-გედერნელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  4. სოფია დოროთეა (1759-1828), ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  5. ვილჰელმი (1761-1830), ცოლად შეირთო ვილჰელმინა ფონ თუნდერფელდ-როდისი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  6. ფერდინანდი (1763-1834), ცოლად შეირთო გრაფ მეტერნიხის და, კუნიგუნდა მეტერნიხი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  7. ფრედერიკა (1765-1785), ცოლად გაჰყვა ოლდენბურგის დიდ ჰერცოგ პეტერ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;
  8. ელიზაბეთი (1767-1790), ცოლად გაჰყვა საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ს;
  9. ვილჰელმინა (1768), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. კარლი (1770-1791), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  11. ალექსანდერი (1771-1833), ვიურტემბერგის დინასტიის მეხუთე შტოს ფუძემდებელი. ცოლად შეირთო ანტუანეტა საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი;
  12. ჰაინრიხი (1772-1833), პირველად იქორწინა ჰოხბერგის ბარონესა კრისტიანა კაროლინა ალექსეიზე, რომელთანაც ჰყავდა ორი ქალიშვილი;

ცნობილი შთამომავლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდრიხ ევგენი ევროპის მრავალი მონარქის წინაპარია. თავისი ქალიშვილის, სოფია დოროთეას, იგივე მარია ფიოდოროვნას ხაზით იგი იყო რუსეთის იმპერატორების: ალექსანდრე I-ის, ნიკოლოზ I-ის, ალექსანდრე II-ის, ალექსანდრე III-ისა და ნიკოლოზ II-ის წინაპარი. გარდა ამისა, ასევე მისი ხაზით ფრიდრიხ ევგენი იყო დედოფალ ანა პავლოვნას პაპა, რომლის შთამომავლებიც არიან ნიდერლანდების მეფე ვილემ III, დედოფალი ვილჰელმინა, დედოფალი იულიანა, დედოფალი ბეატრიქსი და მეფე ვილემ-ალექსანდერი. მარია ფიოდოროვნას მეორე ქალიშვილის, მარია პავლოვნას ხაზით იგი იყო გერმანიის იმპერატრიცა ავგუსტას პაპა, მისი ხაზით კი ფრიდრიხ ევგენი არის გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ III-ისა და ვილჰელმ II-ის წინაპარი, აგრეთვე საბერძნეთის დედოფალ სოფია პრუსიელისა, მისი ხაზით კი საბერძნეთის მეფეების: ალექსანდროსის, გეორგიოს II-ის, პავლოსისა და კონსტანტინოს II-ის, ასევე ესპანეთის დედოფალ სოფია ბერძენისა, რომელიც არის დედა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ისა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავის ქალიშვილ ფრედერიკას ხაზით ფრიდრიხ ევგენი საბერძნეთის დედოფალ ამალია ოლდენბურგელის დიდი ბაბუაც იყო.

თავისი ვაჟის, ფრიდრიხ I-ის ხაზით ფრიდრიხი არის ვიურტემბერგის მეფეების: ვილჰელმ I-ისა და კარლ I-ის წინაპარი, ასევე დიდი ბრიტანეთის დედოფალ მარია ტეკელის დიდი ბაბუა, რომლის ხაზითაც მისი შთამომავლები გამოდიან დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VIII, ჯორჯ VI და დედოფალი ელისაბედ II. ასევე ფრიდრიხის ხაზით იგი არის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წინაპარი.

  • Huberty, Michel; Giraud, Alain; Magdelaine, F.; B. (1979). L'Allemagne Dynastique, Tome II -- Anhalt-Lippe-Wurtemberg. France: Laballery. pp. 459–460, 474–478, 499–500. ISBN 2-901138-02-0.
  • BBC's Who do you think you are? web-page on Boris Johnson
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 110.