შინაარსზე გადასვლა

კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 15 სექტემბერი, 1697
მმართ. დასასრული: 1 სექტემბერი, 1701
წინამორბედი: მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი
მემკვიდრე: კატარინა ოპალინსკა
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1709
მმართ. დასასრული: 4 სექტემბერი, 1727
წინამორბედი: კატარინა ოპალინსკა
მემკვიდრე: კატარინა ოპალინსკა
საქსონიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 27 აპრილი, 1694
მმართ. დასასრული: 4 სექტემბერი, 1727
წინამორბედი: ელეონორა ედმუნტა საქსენ-ეიზენახელი
მემკვიდრე: მარია იოზეფა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 დეკემბერი, 1671
დაბ. ადგილი: ბაიროითი, გერმანია
გარდ. თარიღი: 4 სექტემბერი, 1727, (55 წლის)
გარდ. ადგილი: ვიტენბერგი, გერმანია
მეუღლე: ავგუსტ II, პოლონეთის მეფე
შვილები: ავგუსტ III, პოლონეთის მეფე
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: კრისტიან ერნესტი, ბრანდენბურგ-ბაიროითის მარკგრაფი
დედა: სოფია ლუიზა ვიუტემბერგელი
რელიგია: ლუთერანობა

კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი (გერმ. Christiane Eberhardine von Brandenburg-Bayreuth, პოლ. Krystyna Eberhardyna Hohenzollernówna; დ. 19 დეკემბერი, 1671 — გ. 4 სექტემბერი, 1727) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. ბრანდენბურგ-ბაიროითის მარკგრაფ კრისტიან ერნესტის ასული. საქსონიის კურფიურსტი 1694-1727 წლებში, პოლონეთისა და ლიტვის ორგზის დედოფალი 1697-1701 და 1709-27 წლებში როგორც ავგუსტ II საქსონიელის მეუღლე. აღსანიშნავია, რომ თავისი ოცდაათწლიანი დედოფლობის პერიოდში მას ერთხელაც კი არ დაუდგამს ფეხი პოლონეთის მიწაზე. მიზეზი ის იყო, რომ იგი გულმხურვალე ლუთერანი იყო და თავს არც თვლიდა კათოლიკე პოლონელების დედოფლად, ამიტომაც ყოველთვის ლუთერანულ საქსონიაში ყოფნას ამჯობინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი დედამთილი, ანა სოფია დანიელი ლუთერანობის ერთგულნი დარჩნენ, მისმა ქმარმა და ვაჟმა კათოლიკობა მიიღეს პოლონეთის ტახტის შესანარჩუნებლად და მეტიც, მისი ვაჟი შემდეგში კათოლიკე ქალზე დაქორწინდა და მისი შვილებიც კათოლიკეებად აღიზარდნენ.

კრისტიანა ებერჰარდინა დაიბადა 1671 წლის 19 დეკემბერს ბაიროითში. იგი იყო ბრანდენბურგ-ბაირიოთის მარკგრაფ კრისტიან ერნესტისა და მისი მეორე ცოლის, ვიუტემბერგის ჰერცოგ ებერჰარდ III-ის ასულ სოფია ლუიზას უფროსი ქალიშვილი. მას სახელი მამამისის, კრისტიანის და ბაბუამისის, ებერჰარდის პატივსაცემად დაარქვეს. როგორც მარკგრაფის ქალიშვილი, იგი დაბადებიდან ატარებდა მარკგრაფინიის წოდებას. მას ხუთი უმცროსი დედმამიშვილი ჰყავდა, რომელთაგან მხოლოდ ორმა მიაღწია სრულწლოვანებამდე. აღსანიშნავია, რომ ქორწინების შემდეგაც კი, იგი ხშირად სტუმრობდა თავის ნათესავებს ბაიროითში.

1693 წლის 20 იანვარს, 21 წლის ასაკში იგი ცოლად გაჰყვა საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ IV-ის უმცროს ძმას, ჰერცოგ ფრიდრიხ ავგუსტს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქორწინება წმინდა წყლის პოლიტიკა იყო, საკმაოდ უიღბლოც გამოდგა. ავგუსტი მას მოსაწყენად თვლიდა, მაშინ, როდესაც კრისტიანა შოკირებული იყო მისი გულქვა ხასიათით.

სამი წლის შემდეგ, 1696 წლის 17 ოქტომბერს, დრეზდენში დაიბადა მათი ვაჟი ფრიდრიხ ავგუსტი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მათი 34 წლიანი ქორწინებიდან, როცა კრისტიანა დაორსულდა. ფრიდრიხ ავგუსტმა თავისი ვაჟი აღსაზრდელად დედამისს, ანა სოფია დანიელს მიაბარა. ვინაიდან კრისტიანასა და მის დედამთილს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, ისიც დიდ როლს თამაშობდა თავისი ვაჟის აღზრდის პროცესში.

მისი ქორწინების მთელ უბედურებას ისიც დაერთო, რომ მისმა ქმარმა 1697 წელს პოლონეთის ტახტის მისაღებად კათოლიკობა მიიღო. კრისტიანამ კატეგორიული უარი განაცხადა კათოლიციზმზე მონათვლასა და კათოლიკურ პოლონეთში ჩასვლაზე, რის გამოც როდესაც მისი ქმრის მეფედ კურთხევა შედგა, წესით მისი დედოფლად კორონაციაც უნდა შემდგარიყო, თუმცა მისი არ ყოფნის გამო, მართალია ითვლებოდა პოლონეთის დედოფლად, თუმცა არასდროს კურთხეულა.

დედოფალი და კურფიურსტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1694 წელს მისი მაზლი უშვილოდ დაიღუპა, ამიტომაც მისი ქმარი საქსონიის ტახტზეც ავიდა, რის გამოც კრისტიანა ებერჰარდინა საქსონიის კურფიურსტად იქცა. ამის აღსანიშნავად ავგუსტმა დიდი კარნავალი გამართა, სადაც ბერძენი ღმერთებივით გამოწყობილნი უნდა ყოფილიყვნენ. აქ დასწრებაზე კრისტიანამ უარი განაცხადა, რის გამოც ავგუსტმა იგი თავისი საყვარლით, ქალღმერთ ავრორას კოსტიუმში გამოწყობილი მარია კოინიგშმარკით ჩაანაცვლა, თავად ავგუსტი კი აპოლონის ფორმაში იყო გამოწყობილი.

დედოფალი კრისტიანა ებერჰარდინა

1697 წელს, პოლონეთის ტახტზე ასასვლელად ავგუსტი კათოლიციზმზე მოექცა, თუმცა კრისტიანამ და დედამისმა უარი განაცხადეს ამაზე. ცხადია მონარქის რელიგიის შეცვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქვეყანაში, რამაც საბოლოოდ აიძულა ავგუსტი, რომ საქსონიაში სრული რელიგიური თავისუფლება გამოეცხადებინა. ნებისმიერი ეპოქის მორალური ნორმების მიხედვით, კრისტიანა ქმარს პოლონეთში უნდა გაჰყოლოდა და მხარი დაეჭირა მისთვის, თუმცა იგი ასე არ მოიქცა და საქსონიაში დარჩა. 1697 წლის 15 სექტემბერს, კრაკოვში ავგუსტი მეფედ ეკურთხა და წესით დედოფლის კურთხევაც უნდა შემდგარიყო, მაგრამ კრისტიანა კატეგორიულ უარს აცხადებდა "კათოლიეთა სამეფოში" ჩასვლაზე. ამან პოლონელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად კი მეფე დედოფალს ქვეყანაში ჩასვლას და კორონაციას სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა. 1698 წლის მარტში ავგუსტმა მას პოლონეთის ქალაქ დანცინში ჩასვლა და იქ კურთხევა სთხოვა. ეს ქალაქი პროტესტანტებით იყო დასახლებული და მეფე იმასაც ჰპირდებოდა, რომ არ მოსთხოვდა კათოლიკობის მიღებას, თუმცა ამაოდ. 1698 წლის აპრილში მას დანცინში ჩასვლა მამამისმაც სთხოვა და ისიც გადასცა, რომ იგი კვლავ ლუთერანად დარჩებოდა, მაგრამ არც ამან გაჭრა. შემდეგი წლების მანძილზე მან არაერთხელ უარყო მიწვევა და ავგუსტის მთელი მეფობის მანძილზე, იგი ერთხელაც არ ჩასულა პოლონეთში.

კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი

მთელი მმართველობის პერიოდში, ავგუსტს გამუდმებით უწევდა მოგზაურობა პოლონეთსა და საქსონიაში. მსი საქსონიაში ყოფნისას კრისტიანა ებერჰარდინა თავის წარმომადგენლობით ფუნქციებს პირნათლად ასრულებდა და ქმართან ერთად თეატრშიც დადიოდა. ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს წლების მანძილზე ვერ ხედავდა, მაგალითად 1700-1703 და 1714-1717 წლებში, როცა ავგუსტი სულ პოლონეთში იყო.

დედოფალი კრისტიანა ებერჰარდინა სეზონურად იცვლიდა ციხე-სიმაგრეებს და მოგზაურობდა საქსონიაში, სადაც იგი ყოველთვის თავის დედამთილთან ერთად ჩნდებოდა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრეც იყო. ამავდროულად იგი ხშირად სტუმრობდა თავის ნათესავებს ბაიროითში, ეწვია ბელგიის კურორტებს და არასდროს აკლდებოდა დრეზდენის სამეფო კარის კარნავალებს. იგი ასევე კარგად ასრულებდა თავის წარმომადგენლობით ფუნქციას და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, როგორებიცაა მაგალითად დანიისა და ნორვეგიის მეფის ვიზიტი 1709 წელს და მისი ვაჟის, ავგუსტისა და ერცჰერცოგინია მარია იოზეფა ავსტრიელის ქორწილი 1719 წელს.

კრისტიანა ებერჰარდინა ასევე დიდ დროს უთმობდა კულტურულ მოღვაწეობასა და ბავშვების ლუთერანული რწმენით აღზრდას, თუმცა თავად მისი ერთადერთი შვილი მისი ქმრის გავლენით კათოლიკე იყო. მან აგრეთვე დააფინანსა თავისი არაერთი ნათესავის განათლება, როგორიცაა მაგალითად შარლოტა ბრაუნშვაიგელი, რომელიც შემდგომში რუსეთის ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრეზე დაქორწინდა, ასევე სოფია მაგდალენა, რომელიც დანიის ტახტის მემკვიდრეს გაჰყვა ცოლად და სოფია კაროლინა, რომელიც ოსტფრიეზლანდის პრინცზე დაქორწინდა. მანვე დაანგრია კათოლიკური ტაძრები და მათ ადგილას ლუთერანული სალოცავები ააგო.

დედოფალმა კრისტიანა ებერჰარდინამ, ისევე როგორც მისმა დედამთილმა, საქსონიელებში დიდი პოპულარობა მოიპოვეს პროტესტანტობის თავგამოდებული მფარველობითა და კათოლიკური პოლონეთისადმი ზიზღით. პროტესტანტი მქადაგებლები მათ ამ საქსიელს უწონებდნენ და თავიანთ ქადაგებებში მათ მოიხსენიებდნენ უმწეოს, წამებულის, ციხეში გამოკეტილისა და კათოლიკეთა პატიმრის სახელებით. ეს პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მისი ვაჟი პოლონეთში გადაიყვანეს, კათოლიკედ მონათლეს და კათოლიკე ქალზე დააქორწინეს.

კრისტიანა ებერჰარდინა 1727 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა, 55 წლის ასაკში. იგი საქსონიელებმა დიდი გლოვითა და პატივით დაკრძალეს, თუმცა მის დაკრძალვას არც მისი ქმარი და არც ვაჟი არ ესწრებოდნენ. სპეციალურად მისი დაკრძალვისთვის, რეკვიემი დაწერა გამოჩენილმა კომპოზიტორმა იოჰან სებასტიან ბახმა.

  • Stichart, Franz Otto: Galerie der sächsischen Fürstinnen; biogr. Skizzen sämtlicher Ahnfrauen des kgl. Hauses Sachsen, Leipzig 1857
  • Blanckmeister, Franz: Kurfürstin Christiane Eberhardine von Sachsen: eine ev. Bekennerin, Barmen 1892
  • Meyer, Johannes: Frauengestalten und Frauenwalten im Hause Wettin, Bautzen 1912
  • Haake, Paul: Christiane Eberhardine und August der Starke: eine Ehetragödie, Dresden 1930
  • Lauckner, Martin: Eine alte Unterschrift von zarter Hand, in: Sächs. Heimat, Hamburg, Jg. 1981
  • Czok, Karl: August der Starke und Kursachsen, Leipzig 1987. Aufgeklärter Absolutismus und kirchlich-religiöse Toleranzpolitik bei August dem Starken, In: Sachsen und die Wettiner. Chancen und Realitäten (Sondernummer der Dresdner Hefte); Dresden 1990
  • Fellmann, Walter: Prinzessinnen. Glanz, Einsamkeit und Skandale am sächsischen Hof, Leipzig 1996
  • Böttcher, Hans-Joachim: Christiane Eberhardine Prinzessin von Brandenburg-Bayreuth, Kurfürstin von Sachsen und Königin von Polen, Gemahlin August des Starken, Dresden 2011.