ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედტელი
Friederike Dorothee of Brandenburg-Schwedt, duchess of Württemberg.jpg
ვიურტემბერგის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 20 მაისი, 1795
მმართ. დასასრული: 23 დეკემბერი, 1797
წინამორბედი: ფრანცისკა ჰოენჰაიმელი
მემკვიდრე: შარლოტა ბრიტანელი (როგორც დედოფალი)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 დეკემბერი, 1736
დაბ. ადგილი: შვედტი, პრუსიის სამეფო
გარდ. თარიღი: 9 მარტი, 1798, (61 წლის)
გარდ. ადგილი: შტუტგარტი, ვიურტემბერგის საჰერცოგო
მეუღლე: ფრიდრიხ II, ვიურტემბერგის ჰერცოგი
(ქ. 1753 - გარდ. 1797)
შვილები: ფრიდრიხ I, ვიურტემბერგის მეფე
ლუდვიგი
ევგენი
სოფია, რუსეთის იმპერატრიცა
ფრედერიკა, ჰოლშტაინ-გოტორპის პრინცესა
ელიზაბეთი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
სრული სახელი: ფრედერიკა სოფია დოროთეა
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: ფრიდრიხ ვილჰელმი, ბრანდენბურგ-შვედტის მარკგრაფი
დედა: სოფია დოროთეა პრუსიელი
რელიგია: ჯერ ლუთერანობა
შემდეგ კათოლიციზმი

ფრედერიკა დოროთეა სოფია ბრანდენბურგ-შვედტელი (გერმ. Friederike Dorothea Sophia von Brandenburg-Schwedt; დ. 18 დეკემბერი, 1736, შვედტი, გერმანია — გ. 9 მარტი, 1798, შტუტგარტი, გერმანია) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდის დისწული. ვიურტემბერგის ჰერცოგინია 1795-1797 წლებში როგორც ფრიდრიხ II ევგენის მეუღლე. ვიურტემბერგის მეფე ფრიდრიხ I-ისა და რუსეთის იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედერიკა დოროთეა დაიბადა 1736 წლის 18 დეკემბერს შვედტში. იგი იყო ბრანდენბურგ-შვედტის მარკგრაფ ფრიდრიხ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოფია დოროთეა პრუსიელის უფროსი ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის შვილიშვილი და დისწული პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდისა და შვედეთის დედოფალ ლუიზა ულრიკა პრუსიელისა.

1753 წლის 2 ნოემბერს იგი დაქორწინდა პრინც ფრიდრიხ ევგენ ვიურტემბერგელზე, რომელთანაც თორმეტი შვილი შეეძინა. 1769 წელს ფრიდრიხ ევგენს პრუსიის მეფემ მონბელიარის სასახლე აჩუქა, სადაც წყვილი შემდეგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. 1793 წელს მონბელიარი ფრანგების მიერ ანექსირებულ მიწებში მოყვა, რის გამოც ცოლ-ქმარმა დატოვეს იგი და შტუტგარტში გადავიდნენ.

ფრედერიკა დოროთეას ორი მაზლის უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდეგ, 1795 წელს ფრიდრიხ II ევგენმა დაიკავა ვიურტემბერგის ტახტი, რითაც იგი ჰერცოგინია ხდება.

ცნობილია, რომ ფრედერიკა დოროთეაზე ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა კათოლიციზმს, რის გამოც ქორწინების შემდეგ იგი კათოლიკედ მოინათლა, თუმცა შვილებს ლუთერანებად ზრდიდა, რათა სახალხო აგრესია აეცილებინა თავიდან.

1797 წლის 23 დეკემბერს ფრედერიკა დოროთეას მეუღლე გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მათმა ვაჟმა, ფრიდრიხმა დაიკავა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1798 წლის 9 მარტს 61 წლის ფრედერიკა დოროთეაც გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრიდრიხ I (1754-1816), ვიურტემბერგის მეფე. პირველად იქორწინა ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ვილჰელმ I და ვესტფალიის დედოფალი კათარინა. დაქვრივების შემდეგ მეორედ დაქორწინდა ჯორჯ III-ის ასულ შარლოტა ბრიტანელზე, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;
  2. ლუდვიგი (1756-1817), ლიტვის დიდი სამთავროს არმიის კომანდირი. დაქორწინებული იყო პოლონელ დიდგვაროვან მარია ანა ჩარტორისკაზე, მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა ვიურტემბერგის დედოფალი პაულინა;
  3. ევგენი (1758-1822), ცოლად შეირთო ლუიზა სტოლბერგ-გედერნელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  4. სოფია დოროთეა (1759-1828), ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  5. ვილჰელმი (1761-1830), ცოლად შეირთო ვილჰელმინა ფონ თუნდერფელდ-როდისი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  6. ფერდინანდი (1763-1834), ცოლად შეირთო გრაფ მეტერნიხის და, კუნიგუნდა მეტერნიხი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  7. ფრედერიკა (1765-1785), ცოლად გაჰყვა ოლდენბურგის დიდ ჰერცოგ პეტერ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;
  8. ელიზაბეთი (1767-1790), ცოლად გაჰყვა საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ს;
  9. ვილჰელმინა (1768), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. კარლი (1770-1791), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  11. ალექსანდერი (1771-1833), ვიურტემბერგის დინასტიის მეხუთე შტოს ფუძემდებელი. ცოლად შეირთო ანტუანეტა საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი;
  12. ჰაინრიხი (1772-1833), პირველად იქორწინა ჰოხბერგის ბარონესა კრისტიანა კაროლინა ალექსეიზე, რომელთანაც ჰყავდა ორი ქალიშვილი;

ცნობილი შთამომავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედერიკა დოროთეა ევროპის მრავალი მონარქის წინაპარია. თავისი ქალიშვილის, სოფია დოროთეას, იგივე მარია ფიოდოროვნას ხაზით იგი იყო რუსეთის იმპერატორების: ალექსანდრე I-ის, ნიკოლოზ I-ის, ალექსანდრე II-ის, ალექსანდრე III-ისა და ნიკოლოზ II-ის წინაპარი. გარდა ამისა, ასევე მისი ხაზით ფრედერიკა დოროთეა იყო დედოფალ ანა პავლოვნას პაპა, რომლის შთამომავლებიც არიან ნიდერლანდების მეფე ვილემ III, დედოფალი ვილჰელმინა, დედოფალი იულიანა, დედოფალი ბეატრიქსი და მეფე ვილემ-ალექსანდერი. მარია ფიოდოროვნას მეორე ქალიშვილის, მარია პავლოვნას ხაზით იგი იყო გერმანიის იმპერატრიცა ავგუსტას პაპა, მისი ხაზით კი ფრედერიკა დოროთეა არის გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ III-ისა და ვილჰელმ II-ის წინაპარი, აგრეთვე საბერძნეთის დედოფალ სოფია პრუსიელისა, მისი ხაზით კი საბერძნეთის მეფეების: ალექსანდროსის, გეორგიოს II-ის, პავლოსისა და კონსტანტინოს II-ის, ასევე ესპანეთის დედოფალ სოფია ბერძენისა, რომელიც არის დედა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ისა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავის ქალიშვილ ფრედერიკას ხაზით ფრედერიკა დოროთეა საბერძნეთის დედოფალ ამალია ოლდენბურგელის დიდი ბაბუაც იყო.

თავისი ვაჟის, ფრიდრიხ I-ის ხაზით ფრედერიკა არის ვიურტემბერგის მეფეების: ვილჰელმ I-ისა და კარლ I-ის წინაპარი, ასევე დიდი ბრიტანეთის დედოფალ მარია ტეკელის დიდი ბაბუა, რომლის ხაზითაც მისი შთამომავლები გამოდიან დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VIII, ჯორჯ VI და დედოფალი ელისაბედ II. ასევე ფრედერიკას ხაზით იგი არის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წინაპარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Montgomery-Massingberd, Hugh (ed.) (1977). Burke's Royal Families of the World, 1st edition. London: Burke's Peerage. pp. 184–186. ISBN 0-85011-023-8.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 21.