პრჟემისლები
|
| |
| ქვეყანა | ჩეხეთის სამთავრო ბოჰემიის სამეფო მორავიის მარკა |
|---|---|
| მიმართვის ფორმა | მონარქია |
| დამაარსებელი | ბორჟივოი I |
| უკანასკნელი მმართველი | ვაცლავ III |
| დაარსდა | 867 წ. |
| დაიშალა | 1521 წ. |
| ეროვნება | ჩეხები |
პრჟემისლები (ჩეხ. Přemyslovci) — ჩეხი მთავრებისა და მეფეების დინასტია შუა საუკუნეებში. დინასტია არსებობდა IX–XIV საუკუნეებში. პრჟემისლებმა მეფის ტიტული XI საუკუნიდან მიიღეს.
აღზევება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრჟემისლების დინასტია IX საუკუნეში წარმოიშვა. ამ დროს ისინი დღევანდელი პრაღის მიდამოებში პატარა ტერიტორიას მართავდნენ. ეს ტერიტორია დასავლელი სლავებით იყო დასახლებული. დინასტიის გვარი მათი მითიური წინაპრისგან პრჟემისლ გუთნისდედისგან მომდინარეობს. დროთა განმავლობაში მათი სამფლობელოები აღმოსავლეთით გაფართოვდა. ამ მიმართულებით მათ იმ დროისთვის დასავლეთ ევროპაში არსებული კაროლინგების იმპერია ხელს არ უშლიდათ.[1]
ისინი აკონტროლებდნენ სავაჭრო გზებს ჩეხეთის მიწებზე და საკმაოდ გაძლიერდნენ, თუმცა 1002 წელს პოლონეთის ჰერცოგ ბოლესლავ I მამაცის შემოჭრით მათი განვითარება შეფერხდა. ბოლესლავ I მამაცმა პრაღა დაიპყრო. პრჟემისლების წარმომადგენელი ბოლესლავ II ჩეხეთიდან გაიქცა და რამდენიმე ათეული წლით განუკითხაობამ დაისადგურა.[2]
ოქროს ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დინასტიის უკუსვლა დაასრულა ბოლესლავ II-ის შვილიშვილმა ბრჟეტისლავ I-მა, 1038 წელს მან პოლონურ მიწებს შეუტია, დაიპყრო და გაძარცვა ქალაქი კრაკოვი. მან პოლონეთიდან უკან პრაღაში დააბრუნა პრაღის ეპისკოპოსის წმინდა ვოიტეხის წმინდა ნაწილები.
1126 წელს ხლუმეცის ბრძოლაში პრჟემისლების წარმომადგენელმა ჰერცოგმა სობესლავ I-მა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ლოთარ III-ის ჯარი გაანადგურა, რითაც ბოჰემია კიდევ უფრო გააძლიერა.[3]

1198 წელს ბოჰემიის სამეფოს მეფე გახდა ოტოკარ I, მან არაერთი რეფორმა განახორციელა და სამეფო განავითარა. XIII საუკუნეში ბოჰემია ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო კონტინენტზე.
დინასტიის სიძლიერეს ხელი შეუწყო კუტნა-ჰორაში ვერცხლის მოპოვების დაწყებამ. პრჟემისლ II ვაცლავმა მოჭრა ახალი ფულის ერთეული პრაღის გროში, რომელიც მნიშვნელოვანი ვალუტა იყო ევროპაში საუკუნეების მანძილზე.
ტრაგიკული დასასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩეხი პრჟემისლების დინასტიას საკმაოდ მოულოდნელი და ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. 1305 წელს გარდაიცვალა ვაცლავ II, ხოლო ტახტზე მისი 15 წლის ვაჟი ვაცლავ III ავიდა. ახალგაზრდა მეფე 1305 წლის 21 ივნისს აკურთხეს, ხოლო 1306 წლის 4 აგვისტოს ის გაურკვეველ ვითარებაში დანით მოკლეს ოლომოუცში. ეს მკვლელობა დღემდე საიდუმლოებითაა მოცული, არ გამოუვლენიათ მკვლელი და ვინაიდან ვაცლავ III სამეფო გვარის ბოლო წარმომადგენელი იყო, პრჟემისლების ხანა დასრულდა. პრჟემისლების გვარის გაქრობით არამხოლოდ ამ ერთი გვარის ისტორია შეწყდა, მრავალი საუკუნის მანძილზე ჩეხებმა დაკარგეს საკუთარ ქვეყანაში მმართველობა, ბოჰემიის მართვაში საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლუქსემბურგები და ჰაბსბურგები.[1][3]

იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევროპის ისტორიულ სახელმწიფოთა გენეალოგიური ცხრილები
- პრჟემისლები. გენეალოგია
- პრჟემისლები დაარქივებული 2014-03-29 საიტზე Wayback Machine.
- ბოჰემია
- მორავია
- სილეზია დაარქივებული 2023-06-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Přemyslid Dynasty. Czech Republic Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2013-06-26
- ↑ Dotyk | Odkud přišli Přemyslovci? Analýza DNA byla pro vědce velkým překvapením cs. ციტირების თარიღი: 2023-05-13
- 1 2 House of Přemysl. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2013-06-26