ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი
ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი | |
---|---|
წოდებები
ცვაიბრიუხენის ჰერცოგინია | |
დაიბადა |
14 აპრილი, 1765 დარმშტადტი, ჰესენი |
გარდაიცვალა |
30 მარტი, 1796, (30 წლის) ვაინშტრასე, კურპფალცი |
საგვარეულო | ჰესენ-დარმშტადტი |
მეუღლე(ები) | მაქსიმილიანი, ცვაიბრიუხენის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
ლუდვიგ I, ბავარიის მეფე ავგუსტა, ლოიხტენბერგის ჰერცოგინია კაროლინა, ავსტრიის იმპერატრიცა |
მამა | გეორგ ვილჰელმი, ჰესენ-დარმშტადტის მთავარი |
დედა | მარია ლუიზა ალბერტინა ლაინინგენ-ფალკენბურგ-დაგსბურგელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი (გერმ. Auguste Wilhelmine von Hessen-Darmstadt; დ. 14 აპრილი, 1765, დარმშტადტი, ჰესენი, გერმანია — გ. 30 მარტი, 1796, ვაინშტრასე, კურპფალცი, გერმანია) — გერმანელი არისტოკრატი და ჰესენ-დარმშტადტის პრინცესა. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის პირველი ცოლი და მეფე ლუდვიგ I-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავგუსტა ვილჰელმინა დაიბადა 1765 წლის 14 აპრილს დარმშტადტში. იგი იყო მთავარ გეორგ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, გრაფინია მარია ლუიზა ალბერტინა ლაინინგენ-ფალკენბურგ-დაგსბურგელის მეოთხე ქალიშვილი და მეცხრე შვილი.
1785 წლის 30 სექტემბერს დარმშტადტში ავგუსტა ვილჰელმინა დააქორწინეს ცვაიბრიუხენის ჰერცოგ მაქსიმილიანზე (შემდეგში ბავარიის მეფე მაქსიმილიან I, თუმცა იგი მის გამეფებას ვერ მოესწრო).
ამ პერიოდში მაქსიმილიანი ფრანგულ არმიაში მსახურობდა, რის გამოც წყვილი სტრასბურგში დასახლდა, თუმცა ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე პარიზსაც. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას იგი საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტსაც შეხვდა და მასთან კერძო ვიზიტიც ჰქონდა.
1789 წელს საფრანგეთში დიდი რევოლუცია დაიწყო. სიტუაციის არევის გამო მაქსიმილიანმა ავგუსტა ვიქტორია სასწრაფოდ გააგზავნა მშობლებთან, დარმშტადტში. სულ მალე დაბრუნდა მაქსიმილიანიც, რის შემდეგაც ოთხი წელი ისინი ქალაქ მაინინგენში ცხოვრობდნენ. 1794 წლის დეკემბერში მაინინგენს ალყა ფრანგულმა ჯარებმა შემოარტყეს. ამ დროს ავგუსტა ვილჰელმინა და მისი ქმარ-შვილი ფრანგულმა არტილერიამ მშვიდობიანად გაიყვანა ქალაქიდან.
1795 წლის აპრილში ფრანგებმა დაიკავეს მაქსიმილიანის კუთვნილი ცვაიბრიუხენიც, რის გამოც წყვილს ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა გადასვლა. 1796 წლის მარტში ავგუსტას, რომელიც ყოველთვის უჩიოდა სუსტ ფილტვებს, ტუბერკულოზი დაუდგინდა. იგი იმავე წლის 30 მარტს, 31-ე დაბადების დღემდე სულ ორი კვირით ადრე გარდაიცვალა. მოგვიანებით იგი გადაასვენეს და დაკრძალეს დარმშტადტში, მისი ქმარი კი მეორედ დაქორწინდა კაროლინა ბადენელზე.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუდვიგ I (1786-1868), ბავარიის მეფე 1825-1848 წლებში. ცოლად შეირთო ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი, რომელთანაც შეეძინა ბავარიის მეფე მაქსიმილიან II და საბერძნეთის მეფე ოტონ I;
- ავგუსტა ამალია (1788-1851), ცოლად გაჰყვა ნაპოლეონის გერს, ლოიხტენბერგის ჰერცოგ ევგენი ბოარნეს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის შვედეთ-ნორვეგიის დედოფალი ჟოზეფინა, ბრაზილიის იმპერატრიცა ამალია და პორტუგალიის მეფე ავგუსტი;
- ამალია მარია (1790-1794), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კაროლინა ავგუსტა (1792-1873), ცოლად გაჰყვა ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- კარლ თეოდორი (1795-1875), ბავარიის პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Winkler, Wilhelm. "Die Mutter König Ludwig I. von Bayern nach ungedruckten Briefen", Die Wächter (1924).
- Hans Rall, Wittelsbacher Lebensbilder von Kaiser Ludwig bis zur Gegenwart (Munich: Wittelsbacher Ausgleichsfonds), 142.
- Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 70.
- Egon Caesar Corti, Ludwig I of Bavaria (London: Thornton Butterworth, 1938), 15.