ომი მანტუის მემკვიდრეობისათვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომი მანტუის მემკვიდრეობისათვის
ოცდაათწლიანი ომის ნაწილი

მანტუის ალყა (1630). მათეუს მერიანის გრავიურა, 1630. პალაცო დ'არკო, მანტუა.
თარიღი 1628–1631
მდებარეობა ჩრდილოეთი იტალია
შედეგი კარლო I გონზაგა-ნევერელის მანტუის ჰერცოგად აღიარება
მხარეები
მანტუის საჰერცოგო,
საფრანგეთის სამეფო,
ვენეციის რესპუბლიკა
სავოიის საჰერცოგო,
გუასტალის საჰერცოგო,
საღვთო რომის იმპერია,
ესპანეთის სამეფო
მეთაურები
კარლო I გონზაგა,
ლუი XIII,
კარდინალი რიშელიე,
ანრი დე მონმორანსი
კარლო ემანუელე I სავოიელი,
ფერანტე II გონძაგა,
რამბოლდო კოლატო,
ამბროზიო სპინოლა,
გონსალეს დე კორდოვა

ომი მანტუის მემკვიდრეობისათვის — ომი მანტუის საჰერცოგოს მემკვიდრეობისთვის 1628-1631 წლებში, ოცდაათწლიანი ომის ნაწილი.

გონძაგას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის პირდაპირი მემკვიდრის გარეშე გარდაცვალების შემდეგ საჰერცოგოს ტახტისთვის ატეხილ დავაში საფრანგეთის სამეფოსა და ჰაბსბურგთა (საღვთო რომის იმპერია და ესპანეთი) ჩარევამ მანტუის მემკვიდრეობის კრიზისი საერთოევროპული კონფლიქტის ნაწილად აქცია, რომელშიც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ჩრდილოეთ იტალიაში ჰეგემონიისთვის ეცილებოდნენ. ჰაბსბურგთა ჯარების მიერ მანტუის აღების მიუხედავად, საფრანგეთის სამხედრო და დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად საჰერცოგოს ტახტის საკითხი ფრანგების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა ახალი ჰერცოგის მხრიდან სხვა პრეტენდენტების სასარგებლოდ გარკვეული ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ. ამასთანავე, ზავის პირობების საწინააღმდეგოდ, საფრანგეთმა დროებით ჩრდილოეთ იტალიის ორ სტრატეგიულ სიმაგრეში გარნიზონების ჩაყენებაც მოახერხა.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალია XVII საუკუნის პირველ წლებში.

მანტუის საჰერცოგოს, ჩრდილოეთ იტალიის ერთი-ერთ პატარა სახელმწიფოს, გონძაგას დინასტია XV საუკუნიდან მართავდა. 1533 წელს მანტუელი გონძაგების სამფლობელოებს დაემატა ასევე მონფერატოს საჰერცოგო — ფერედიკო II გონძაგას ცოლის, მარგერიტა პალეოლოგინას მზითვი. მანტუა და მონფერატო მდინარე პოს ნაპირებზე მდებარე კარგად გამაგრებულ ქალაქებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ესპანელ ჰაბსბურგთა კუთვნილ მილანის საჰერცოგოს ორი მხრიდან ესაზღვრებოდნენ. 1613-1617 წლებში საფრანგეთის მხარდაჭერით მონფერატოს ხელში ჩაგდებას ცდილობდა სავოიის საჰერცოგო, რომელსაც ზურგს ესპანეთი უმაგრებდა.

1627 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა მანტუის ჰერცოგი ვინჩენცო II გონძაგა, რომელსაც ძე არ ჰყოლია. მამრობითი ხაზით პირდაპირი მემკვიდრის გარეშე იყვნენ გარდაცვლილი ასევე მისი ძმები და წინამორბედები — ფრანჩესკო IV (გ. 1612) და ფერდინადო (გ. 1626). მანტუისა და მონფერატოს მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ გონძაგასთან ნათესაურ კავშირში მყოფი საგვარეულოები. ძირითადი პრეტენდენტები იყვნენ: ნევერის ჰერცოგი კარლო I გონძაგა, სავოიის ჰერცოგი კარლო ემანუელე I და გუასტალის ჰერცოგი ფერანტე II. კარლო ნევერელი გონძაგას დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი იყო; მისმა შვილმა სწორედ ვინჩენცო II-ის გარდაცვალების დღეს იქორწინა ამ უკანასკნელის ძმის, ფრანჩესკო IV-ის ქალიშვილ მარიაზე. სავოიის ჰერცოგი კარლო ემანუელე კი ფრანჩესკოს IV-ის სიმამრი და, ამგვარად, დედის მხრიდან მარიას პაპა იყო. ის თავის პრეტენზიას ასაბუთებდა იმ ფაქტით, რომ გონძაგას საგვარეულოს მონფერატოს საჰერცოგო სავოიელებთან დინასტიური ქორწინების გზით ჰქონდათ მიღებული და ახლა ეს პატარა სახელმწიფო მდედრობითი ხაზით კვლავ სავოიის სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ფერანტე გუასტალელი გონზაგების შორეული ბიძაშვილი იყო.

ევროპაში იმ დროს ოცდაათწლიანი ომი მიმდინარეობდა და თითოეულ პრეტენდენტს მხარდამჭერი ევროპის დიდ სახელმწიფოთა შორის ეგულებოდა. საფრანგეთი და ჰაბსბურგთა იმპერია იტალიაში ჰეგემონობისთვის ერთმანეთის ტრადიციული მეტოქეები იყვნენ და მანტუის მემკვიდრეობის კრიზისი ამ მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირების მორიგი ეპიზოდი იყო. კარლო I გონძაგა, როგორც ნევერისა და რეტელის ჰერცოგი, საფრანგეთის პერი იყო და ამიტომ მანტუის ტახტზე ბურბონთა ფავორიტად ითვლებოდა. ფერანტე გუასტალელს მხარს უჭერდა საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ II ჰაბსბურგი, რომელიც იმხანად მანტუის სამი უკანასკნელი ჰერცოგის დაზე — ელეონორაზე იყო დაქორწინებული. სავოიის ჰერცოგები საფრანგეთისა და ჰაბსბურგთა დაპირისპირების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდნენ.

ომის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლა სუზის უღელტეხილზე (1629). მხატვარი: კლოდ ლორენი, 1631. ლუვრის მუზეუმი.

ვინჩენცო II გონძაგას გარდაცვალებისთანავე (1627 წლის დეკემბერი) კარლო ნევერელმა სწრაფი მოქმედებით დაასწრო მეტოქეებს და ხელთ იგდო მანტუა და მონფერატო. საფრანგეთი იმ დროს ჰუგენოტებთან ბრძოლით იყო დაკავებული და მანტუისთვის არ ეცალა, იმპერატორი ფერდინანდ ჰაბსბურგი კი მზად იყო ნევერელი მანტუის ჰერცოგად ეღიარებინა იმ პირობით, თუ ის მონფერატოს მთავარ ქალაქ კაზალეში საიმპერიო ჯარის განთავსებას დათანხმდებოდა, გონზაგების ზოგიერთ სამფლობელოს კი სხვა პრეტენდენტებს გაუნაწილებდა. კარლომ კომპრომისზე უარი განაცხადა. ამავდროულად, სავოიის ჰერცოგი ესპანელ ჰაბსბურგთა კუთვნილი მილანის გუბერნატორ გონსალო დე კორდოვას ერთობლივ მოქმედებებზე შეუთანხმდა და მალევე დაიკავა მონფერატოში გონძაგების მემკვიდრეობის ის ნაწილი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა. მადრიდიდან მკაფიო ბრძანების არქონისა და რესურების უკმარისობის გამო კორდოვამ სავოიელებთან შეერთება 1628 წლის მარტამდე ვერ მოახერხა. ამასობაში, კარლო ნევერელმა კაზალისა და მანტუის დასაცავად 13 500 მოლაშქრე და დაქირავებული შეკრიბა და საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე მისი სამფლობელოდან კიდევ 6 600 კაცი გამოიხმო. ეს ჯარი სავოიელებმა დაამარცხეს ალპების გადალახვის მცდელობისას 1628 წლის აგვისტოში, ხოლო კორდოვამ 10 000-იანი არმიით კაზალეს ალყა შემოარტყა.

ამ მოვლენებმა საფრანგეთის მთავარ მინისტრს, კარდინალი რიშელიეს აქტიური მოქმედებისკენ უბიძგა. 1629 წლის თებერვალში საფრანგეთის 10 000-იანმა ჯარმა ბერნარ დე ნოარე დ'ეპერნონის სარდლობით დათოვლილი ალპები გადალახა და 9 მარტს სუზის უღელტეხილის დასაცავად მდგარი სავოიელები და ესპანელები დაამარცხა, თვის ბოლომდე აიძულა ისინი კაზალეს ალყა შეეწყვიტათ და სტრატეგიული ციხე-სიმაგრე პინეროლო დაიკავა. აპრილში დადებული სუზის ხელშეკრულებით სავოია საფრანგეთს დაუზავდა და კარლო ნევერელი მანტუის ჰერცოგად ცნო. ამით ფრანგებმა მათი მოკლევადიანი სტრატეგიული ამოცანა შესრულებულად ჩათვალეს და უკან გაბრუნდნენ. ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მის ავტორიტეტს ჩრდილოეთ იტალიაში საფრთხე ემუქრებოდა და მანტუის წინააღმდეგ პარმის, ტოსკანის, მოდენისა და ლუკის ვასალური სამთავროებიდან დამატებითი ძალები გაგზავნა. 1629 წლის სექტემბერში მილანის ახალი გუბერნატორის, გენერალ ამბროზიო სპინოლას მეთაურობით ესპანელებმა კაზალის ალყა განაახლეს. სავოიელები კვლავ ესპანელების მხარეს დადგნენ.

მანტუის ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაზალეს ალყა (1630). მათეუს მერიანის გრავიურა, 1642. მშვიდობის სასახლის ბიბლიოთეკა, ჰააგა.

საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდმაც ჩათვალა, რომ ჩაურევლობა მის სახელსა და ინტერესებს ჩრდილოეთ იტალიაში ჩრდილს აყენებდა, ვინაიდან მანტუაცა და მონფერატოც საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. 1629 წლის ივნისში დანიასთან დაზავებამ ფერდინანდს საშუალება მისცა საიმპერიო არმიის ნაწილი იტალიაში გაეგზავნა. ყველაზე მოსახერხებელი გზა პროტესტანტების მიერ კონტროლირებად გრაუბიუნდენსა და ვალტელინის ხეობაზე გადიოდა. 1629 წლის აპრილში საიმპერიო ჯარმა გრაფ რამბოლდო კოლატოს სარდლობით ეს ტერიტორიები დაიკავა, ივლისში კი 30 000-მდე ჯარისკაცით უკვე მანტუის კედლებთან იყო. საიმპერიო სარდლობასა და კაზალესთან მდგომ ესპანელ მოკავშირეებს შორის ბოლომდე თანხმობა არ იყო. რიშელიეს ომში საფრანგეთის პირდაპირი ჩარევა არ სურდა და ვენეციის რესპუბლიკა დაარწმუნა ჰაბსბურგთა წინააღმდეგ გამოსულიყო. 1629 წლის ივლისში საიმპერიო არმიამ ვენეციელთა 7 000-იანი რაზმი უკუაგდო, მომდევნო წლის მაისში კი კიდევ ერთი, ამჯერად 17 000-იანი კონტიგენტი დაამარცხა.

ომის სასწორის ჰაბსბურგთა მხარეს გადახრამ ფრანგები აიძულა იტალიაში უფრო ენერგიულად ემოქმედათ. 1630 წლის თებერვალში საფრანგეთის 20 000-იანმა ჯარმა ჰერცოგ ანრი დე მონმორანსის სარდლობით ალპები გადაიარა, მარტში პინეროლო დაიკავა და ივლისში ავილიანასთან კარლო დორიას გაერთიანებული სავოიურ-ესპანური არმია დაამარცხა. ამასობაში, რეგიონში შავი ჭირის ინფექცია გავრცელდა, რომელმაც საფრანგეთის არმიის 2/3 გამოიყვანა მწყობრიდან და მისი შემდგომი წინსვლა შეაჩერა. ეპიდემიამ კაზალესთან მოალყე ესპანელებიც მნიშვნელოვნად დააზიანა, მაგრამ მისი შედეგები საიმპერიო ჯარის მიერ გარემოცული მანტუისთვის კატასტროფული იყო. როდესაც, 1630 წლის 16 ივლისს, ჰაბსბურგთა ჯარებმა ქალაქზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს, მას საომრად ვარგისი მხოლოდ 700-მდე ჯარისკაცი იცავდა. კარლო ნევერელი ციტადელში გამაგრდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ იძულებული გახდა წინააღმდეგობა შეეწყვიტა და რომში გადასახლებას დათანხმებულიყო. გამარჯვებულმა ჯარისკაცებმა იოჰან ფონ ალდრინგენისა და მატიას ჰალასის მეთაურობით მანტუა სასტიკად დაარბიეს და გაძარცვეს. ომმა და ეპიდემიამ ქალაქის მცხოვრებთა 2/3 იმსხვერპლა, მთლიანად საჰერცოგოს მოსახლეობა კი თითქმის განახევრდა.

რეგენსბურგისა და კარასკოს ხელშეკრულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაზალე წინააღმდეგობას განაგრძობდა, მაგრამ მანტუის დაცემამ ომი ფაქტობრივად დაასრულა. მოწინააღმდეგებს შორის შუამავლობა პაპის წარმომადგენელმა ჯულიო მაძარინომ (მომავალში ცნობილი კარდინალი მაზარინი) იკისრა. რეგენსბურგში, სადაც იმპერატორი ფერდინანდი გერმანიის მთავრებს ხვდებოდა, მოლაპარაკებებზე ფრანგი დიპლომატები ჩავიდნენ. შედეგად, 1630 წლის 4 სექტემბერს ესპანელებმა კაზალეს ალყა მოხსნეს. 13 ოქტომბერს ფრანგი დელეგატები საზავო პირობებს დათანხმდნენ. როდესაც იტალიაში სამშვიდობო შეთანხმების ამბავმა ჩააღწია, იქ მყოფი საფრანგეთის არმია უკვე მოძლიერებულიყო და კაზალისკენ მიიწევდა. რეგენსბურგის ზავი ფერდინანდის მიერ შეთავაზებულ კომპრომისს ეფუძნებოდა და, ამავდროულად, საფრანგეთს ავალდებულებდა იმპერატორის მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობა შეეწყვიტა. ამან რიშელიე უკმაყოფილო დატოვა. ამასობაში, ჩრდილოეთ გერმანიაში ომის განახლებამ აიძულა იმპერატორი იტალიიდან ჯარების დიდი ნაწილი გაეწვია. ამით ისარგებლა რიშელიემ, დაძლია შიდა ოპონენტების წინააღმდეგობა და 1630 წლის ნოემბერში დაარწმუნა მეფე ლუი XIII, რომ რეგენსბურგის ზავის პირობებზე უარი ეთქვა. მანტუიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა გერმანიაში შავი ჭირი შეიტანეს, რამაც იმპერიაში სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ფერდინანდს იტალიაში ომის განახლების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, ეპიდემიისგან დასუსტებულ ესპანელებს კი მისი დახმარების გარეშე ბრძოლა აღარ შეეძლოთ (ინფექციამ იმსხვერპლა ესპანელების სარდალი სპინოლაც). გარდა ამისა, ესპანეთს უფრო მნიშვნელოვან საფრთხედ ჰოლანდიელების მიერ ფლანდრიაში წამოწყებული შეტევა მიაჩნდა. ამიტომ ჰაბსბურგთა ორივე მთავრობა საფრანგეთის მიერ გადახედილ პირობებს დათანხმდა და 1631 წლის 19 სექტემბერს კარასკოს ზავს მოაწერა ხელი.

საზავო ხელშეკრულების თანახმად, კარლო ნევერელს შეუნარჩუნდა მანტუა და მონფერატოს დიდი ნაწილი, კაზალის ჩათვლით. სანაცვლოდ, მან სავოიას ტრინო და ალბა (ორივე მონფერატოში) დაუთმო, გუასტალას კი — ლუცარა და რეჯიოლო. საფრანგეთი დათანხმდა იტალიიდან ჯარების გაყვანას, თუმცა სავოიელებს საიდუმლო შეთანხმებით პინეროლოს ციხე-სიმაგრე დაათმობინა, ნევერელი კი კაზალეში ფრანგული გარნიზონის განთავსებაზე დაითანხმა. ეს კარასკო ზავის დარღვევა იყო, მაგრამ იმპერატორსა და ესპანეთის ხელისუფლებას აღარ შესწვდათ ძალა საფრანგეთის ამ ნაბიჯის წინ აღდგომოდნენ. ფრანგებმა მონაპოვარი მხოლოდ გარკვეული ხნით შეინარჩუნეს. კაზალედან მათი გარნიზონი 1651 წელს გააძევეს, პინეროლო კი სავოიამ 1696 წელს დაიბრუნა. საბოლოოდ, მანტუა ჰაბსბურგებმა ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს, 1707 წელს შეიერთეს და მას, ხანგამოშვებით, 1866 წლამდე ფლობდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wilson, Peter H. (2011). "Mantuan Succession, War of the (1628–1631)". In Martel, Gordon (ed.). The Encyclopedia of War. Blackwell Publishing. doi:10.1002/9781444338232.wbeow385. ISBN 9781444338232
  • Stradling, R. A. (2009). „Prelude to Disaster; The Precipitation of the War of the Mantuan Succession, 1627–29“. The Historical Journal. 33 (4): 769–785. doi:10.1017/S0018246X00013753.
  • PARROTT, D. (1997). „The Mantuan Succession, 1627-31: A Sovereignty Dispute in Early Modern Europe“. The English Historical Review. CXII (445): 20–65. doi:10.1093/ehr/CXII.445.20.