გიორგი III გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი III.
გიორგი III გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1664
მმართ. დასასრული: 1684
წინამორბედი: დემეტრე გურიელი
მემკვიდრე: მალაქია II გურიელი
გარდ. თარიღი: 1684
გარდ. ადგილი: როკითი
მეუღლე: დარეჯანი (ბაგრატ IV-ის ასული),
თამარ მუხრანბატონი,
შოშიტა II-ის დისშვილი
შვილები: ქაიხოსრო II გურიელი, მამია III გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: ქაიხოსრო I გურიელი
დედა: ხვარამზე


გიორგი III გურიელი (გ. 1684) — გურიის მთავარი 1664-1684, იმერეთის მეფე 1681-1683, ქაიხოსრო I გურიელის ძე.

აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ შინაომებში. სამთავრო შეინარჩუნა ოსმალეთის მოხარკეობის ფასად.

იმერეთის მეფე ბაგრატ მეოთხემ მას თავისი ასული დარეჯანი მისცა ცოლად, მაგრამ გიორგი გურიელს, ლევან III დადიანის ნაცოლარის, ბაგრატ IV-ის ცოლის თამარის ხელში ჩაგდება სურდა. ის დაუკავშირდა ახალციხის ფაშას და ბაგრატის ცოლის წართმევაში დახმარება სთხოვა. 1672 წელს გურიელი იმერეთში შეიჭრა. გურიელმა და ახალციხის ფაშამ უსინათლო ბაგრატ მეფე დაამარცხეს და ტყვედ ჩაიგდეს. დედოფალი თამარი კვარის ციხეში გახიზნა, რომლის აღებაც თურქებმა ვერ შეძლეს.[1]იმერეთში ლაშქრობის შემდეგ ახალციხის ფაშა თურქთა ჯარით გიორგი გურიელთან ერთად ოდიშის სამთავროს შეესია და აიკლო. თურქთა წასვლის შემდეგ (1672 წ.) ბაგრატ მეფემ იმავე წელს შურისძიების გამო გაილაშქრა გურიელის წინააღმდეგ. დაამარცხა, ააოხრა გურია და ალაფით ქუთაისში დაბრუნდა. ამის შემდეგ მან კვლავ გადაწყვიტა, შემოემტკიცებინა გიორგი გურიელი და მას 1674 წელს თავისი ქალიშვილი, თამარის შვილი, დარეჯანი მისცა ცოლად. 1677 წელს გიორგი გურიელი და მაქსიმე ჯუმათელი გორში მყოფ კაპუცინელ მისიონრებს, მკურნალობისა და ქირურგიის მცდონე პატრებს სთოხვდნენ გურიაში ჩასვლას და ჰპირდებოდნენ მათ თეატინელების დანატოვას მამულებს, ეკლესიას, საქონელსა და ერთ სოფელს, სადაც 20 მოსახლე იყო.[2] 1678 წელს იმერეთში არჩილ II-ის გამეფების შემდეგ ბაგრატი სწორედ გურიელს შეეკედლა. ბაგრატ მეფემ და გურიელმა დახმარებისათვის ოსმალეთის სულთანს მიმართეს და არზრუმის ფაშას დახმარებით გაიმარჯვეს.

1681 წელს გურიელმა ისარგებლა იმით, რომ ახლად გარდაცვლილი იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის შვილი ქართლში იყო მძევლად და დაიპყრო იმერეთის ტახტი. გაუშვა თავისი კანონიერი ცოლი, ასული ბაგრატ მეფისა და თამარისა — დარეჯანი და ცოლად შეირთო თავისი სიდედრი დედოფალი თამარი. გიორგი III გურიელი მფარველობდა სამცხიდან გურიაში დევნილ თავდგირიძეებს. მისცა მათ მამულები ქვემო გურიაში და სოფელი აცანა.

ვიკიციტატა
„გურიელმან სწვალა ღმერთი და ჰგმო თავისი რჯული და ნაქორწილევი ცოლი გაუშვა და თავისი სიდედრი ცოლად შეირთო[3]

იგი ცდილობდა ოდიშის სამთავროს დაკავებასაც. ლევან III დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო, მისი ერთადერთი კანონიერი ვაჟი მანუჩარი კი გურიელს ჰყავდა მძევლად. ოდიშს ფაქტობრივად ჩიქოვანები განაგებდნენ. გურილმა დროებით მაინც მოახერხა ოდიშის დაუფლება. 1682 წელს ის იმერეთისა და ოდიშის მფლობელად იხსენიება. 1683 სულთანის ბრძანებით მეფობიდან გადააყენეს. მეფობის დაკარგვის შემდეგ გიორგი III გურიელი სათავეში ჩაუდგა დასავლეთ საქართველოს მთავართა და მსხვილ ფეოდალთა კოალიციას იმერეთის მეფის ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ, მას მიემხრნენ რაჭის ერისთავი შოშიტა III, ოდიშის ფაქტობრივი მმართველი გიორგი ლიპარტიანი, ჩიჯავაძეები, ლეჩხუმელი ფეოდალები და სხვები. როკითის ბრძოლაში კოალიცია დამარცხდა, ხოლო გიორგი გურიელი დაიღუპა. მისი მმართველობის დროს სამთავრო ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 840
  2. მ. თამარაშვილი, „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ გვ. 166 — ტფილისი, 1902
  3. ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ს. კაკაბაძის გამოცემა, თბ., 1926