სოფიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურიელი.
სოფიო წულუკიძე
გურიის სამთავროს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე
მმართ. დასაწყისი: 1826
მმართ. დასასრული: 1 ოქტომბერი, 1828
წინამორბედი: მამია V გურიელი
მემკვიდრე: სამთავრო გაუქმდა
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1829
გარდ. ადგილი: ტრაპიზონი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: მამია V გურიელი
შვილები: დავითი, ეკატერინე, ტერეზია, კოჭიბროლა, სოფიო
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი წულუკიძე

სოფიო წულუკიძე (გ. 7 სექტემბერი, 1829, აქჩააბათი) — გურიის სამთავროს მმართველი 1826–1828 წლებში, მამია V გურიელის მეუღლე, გიორგი წულუკიძის ასული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 1814 ცოლად გაჰყვა გურიის მთავარს, მამია V გურიელს. ჰყავდა ხუთი შვილი, ერთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. 1826 წლის 21 ნოემბერს ქმრის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს, გურიის სამთავროს მდივანბეგმა გიორგი ნაკაშიძის და სახლთუხუცეს დავით მაჭუტაძის დახმარებით შეკრიბა გურიის თავადაზნაურობა და მისი და მისი ვაჟის, დავით გურიელის ერთგულებაზე დააფიცა. დაფიცებაზე უარი განაცხადა ერისთავმა და მისმა სახლიშვილებმა, რომლებიც ამისთვის რუსეთის იმპერიისგან ნებართვას ელოდნენ. საქართველოს მთავარმართებელმა ალექსი ერმოლოვმა დაფიცების აქტი უკანონოდ სცნო და უსაყვედურა სოფიოს. ერმოლოვმა 1827 წლის 3 იანვარს შექმნა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭო, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ სოფიო დანიშნა. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, დავით გურიელის სრულწლოვანებმდე შეიქმნა. საბჭოს ადგილსამყოფელად განისაზღვრა ნაგომარი. ერმოლოვი დაპირდა სოფიოს, რომ მას აარჩევინებდა საბჭოს წევრებს, მაგრამ სინამდვილეში ერმოლოვმა თავად დანიშნა საბჭოში ექვსივე წევრი: ვახტანგ ერისთავი, დავით მაჭუტაძე, სვიმონ გუგუნავა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ერისთავი, გიორგი თავდგირიძე. საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, სოფიოს მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე კი რუსეთის მხარდამჭერი იყო. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. 1827 წლის თებერვალში მან თავადებისა და სამღვდელოების ნაწილთან ერთად (მიტროპოლიტი ნიკოლოზ ჯუმათელი, დავით ვახტანგის ძე გურიელი, გიორგი ლევანის ძე გურიელი, სვიმონ და გიგო ერისთავები, ნარიმან მაჭუტაძე, ბიჭია შალიკაშვილი, გუგუნავებისა და ნაკაშიძეების სახლები) ოფიციალურად მოითხოვა ამ საბჭოს გაუქმება. ერმოლოვს სამთავროს გაუქმება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ საბჭო არ გააუქმა.

ალიანსი ოსმალეთთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-თურქეთის 1828–1829 ომის დროს სოფიო შეეცადა აღედგინა სამთავრო. მან ჯერ კიდევ 1827 წლიდან დაიწყო ურთიერთობის დაჭერა ქვემო გურიისა და აჭარის ბეგებთან, ფოთის ფაშასთან. რუსეთის ჯარის კავკასიის ფრონტის მარჯვენა ფრთის მმართველმა, გენერალ-მაიორმა კარლ ჰესემ სოფიოს 1828 წლის აპრილში წინადადება მისცა, მძევლად ჩაებარებინა დავით მაჭუტაძე და შეეწყვიტა ოსმალეთთან ურთიერთობა. მაგრამ სოფიო აპირებდა დავით მაჭუტაძესთან დაქორწინებას და სამთავრო ტახტის აღდგენას. მაჭუტაძემ ფარულად მოიარა ფოთი, ბათუმი, ტრაპიზონი და ბოლოს მოახერხა, რომ სულთანს სოფიოსთვის მფარველობის ფირმანი გამოეგზავნა. 9 მაისს ჰესემ კვლავ მორჩილებისკენ მოუწოდა სოფიოს. 1 ივნისს სოფიომ მიიღო ტრაპიზონის ფაშას მიერ გაგზავნილი მოხელე, გურიის ოსმალეთის ქვეშევრდომობაში შესვლის დამადაასტურებელი სიგელი და ოსმალეთის სულთნის საჩუქრები. გურიაში ანტიოსმალური განწყობა იმდენად დიდი იყო, რომ სოფიომ ხალხის მიმხრობა ვერ მოახერხა. რუსეთის მომხრე თავად-აზნაურებმა ოჯახები იმერეთში გახიზნეს, ლაშქარი შეკრიბეს და ჩოხატაურში რუსეთის ჯარს შეუერთდნენ. დავით მაჭუტაძემ სოფიოსთვის მხოლოდ 500 მოლაშქრე შეაგროვა.

ივლისში აჰმედ-ფაშას მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიაში შეიჭრა. 1828 წლის 15 ივლისს რუსეთის იმპერიამ მეგრელების და იმერლების სახალხო ლაშქრის დახმარებით ფოთი აიღო. 24 ივლისს რუსეთმა აიღო ახალქალაქი და ემზადებოდა ახალციხეზე შეტევისთვის, წარმატებებს აღწევდნენ ბალკანეთის ფრონტზეც. ამიტომ აჰმედ ფაშა უკან გაბრუნდა ახალციხის გასამაგრებლად. სოფიოს ჯარმა სვიმონ ერისთავის ციხე გადაწვა და ასკანის ციხეში შევიდა. სოფიო მიხვდა, რომ ოსმალეთი ომს აგებდა, ამიტომ მან 8 აგვისტოს მონანიების წერილები მისწერა ერმოლოვის ნაცვლად დანიშნულ ივანე პასკევიჩს. სოფიო პასკევიჩს პირდებოდა ლაშქრის გამოყვანას ქობულეთსა და ბათუმზე ერთობლივად ლაშქრობისთვის. პასკევიჩმა სოფიოს მისცა ორკვირიანი ვადა, მოითხოვა მძევლები და გურიაში გაგზავნა კარლ ჰესე ორი ბატალიონით.

სოფიომ მძევლების გაცემაზე უარი განახადა. 30 სექტემბერს კარლ ჰესსე ორი ბატალიონით გურიაში შევიდა. სოფიომ დატოვა ოზურგეთი და გადავიდა ლიხაურის ციხეში. ჰესემ დაიკავა ოზურგეთისა და ასკანის ციხეები. 1 ოქტომბერს სოფიო ოსმალეთში გაიქცა და სარდალ ოსმან-ბეგთან მივიდა. მან ლიხაურში დატოვა შვილები სოფიო და ტერეზია, ხოლო თან წაიყვანა დავითი და ეკატერინე. მასთან ერთად წავიდნენ დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. ჰესე დაედევნა გაქცეულებს და 15 ოქტომბერს შეკვეთილთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჩოლოქის გადაკვეთა ვერ გაბედა. სოფიო ტრაპიზონში ჩავიდა

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ხელისუფლებამ მოახდინა სოფიოს ქონების კონფისკაცია და გურიაში დააწესა დროებითი მმართველობა პოდპოლკოვნიკ კულიაბკოს ხელმძღვანელობით. 1829 წლის გაზაფხულზე სოფიომ ქვემო გურიიდან პროკლამაციები გაავრცელა. ის მოსახლეობას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა. პასკევიჩმა სოფიოს წერილი გაუგზავნა, ჰპირდებოდა მას შეწყალებას და შვილის, დავითისთვის ტიტულის შენარჩუნებას, თუ სოფიო უარს იტყოდა ოსმალეთთან ალიანსზე., წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასკევიჩი იმუქრებოდა დავითისთვის ტიტულის ჩამორთმევით. პასკევიჩის წერილები ოსმალეთის აგენტებმა ჩაიგდეს ხელთ და სოფიომდე მათ არ მიუღწევია. 1829 წლის 9 აგვისტოს ჰესემ დაიკავა კინტრიშის ხეობა. სოფიომ და მისმა ოჯახმა ძლივს გაასწრო ჰესეს. სოფიო 1829 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა აქჩააბათში. დაკრძალეს იქვე, ბერძნულ მონასტერში. სოფიოს საფლავი დაკარგულია. 1832 წლის 25 იანვარს ნიკოლოზ I-მა შეიწყალა ოსმალეთში გაქცეული გურული თავად აზნაურები. გურიაში სხვა თავად-აზნაურებთან ერთად დაბრუნდნენ დავით და ეკატერინე ბატონიშვილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]