ვახტანგ III გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ III.
ვახტანგ III გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1792
მმართ. დასასრული: 1797
წინამორბედი: სიმონ III გურიელი
მემკვიდრე: ქაიხოსრო ბატონიშვილი
გარდ. თარიღი: 1805
მეუღლე: ორბელიანი
შვილები: დავით გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი V გურიელი

ვახტანგ III გურიელი, (გ. 1805) გურიის მთავარი 1792-1797, გიორგი V გურიელის ვაჟი. ვახტანგის შვილიშვილი იყო პოეტი მამია გურიელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1787 წელს, ჯერ კიდევ ბატონიშვილობის დროს იმერეთის მეფე დავით II-ისგან მიიღო სიგელი საჯავახოს გურიის სამთავროსთვის დამტკიცების შესახებ.[1] 1788 წელს საბატონიშვილო მამული მიიღო მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს 500 კომლი ყმა-გლეხითა და აზნაურით. შემდეგ მიითვისა საჯუმათლოს ყმა-მამულიც და ეურჩებოდა ძმას - სიმონ III გურიელს. 1792 წელს სიმონ III გურიელის გარდაცვალების შემდეგ, როცა მისი მემკვიდრე მამია სამი წლის იყო, გურიელად დასვა სოლომონ II-მ. 1794 წელს სოლომონ II-ის წინააღმდეგ მებრძოლ დავით გიორგის ძეს მიემხრო. სოლომონ II-ის გამარჯვების შემდეგ ოსმალებს დაუახლოვდა. 1797 წელს ძმამ, ქაიხოსრომ, გადააყენა და კვლავ საბატონიშვილოზე დასვა. ვახტანგ III გურიელი განაგრძობდა ბრძოლას ხელისუფლებისათვის. მან თავის ცოლისძმას, დიმიტრი ორბელიანს სთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოს დედოფალ დარეჯანთან ეშუამდგომლა, რათა ამ უკანასკნელს სოლომონ II-ისთვის ვახტანგის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა, მაგრამ თხოვნამ შედეგი არ გამოიღო. ვახტანგი იყო მისი მცირეწლოვანი ძმის, ლევან გურიელის მეურვე, მაგრამ როდესაც ლევან გურიელი 18 წლის გახდა, ვახტანგმა მამულები არ დაუბრუნა, მეტიც, შეაგულიანა ლევანის აზნაური ბერეჟიანი, რომელმაც აჭარიდან რაზმი გადმოიყვანა და ლევანის მამულები ააოხრა, ხოლო თავად კი საჯავახოში შეკრიბა ლაშქარი და ლევანს დარჩენილი მამულები წაართვა. ლევანმა და ქაიხოსრომ მოილაპარაკეს და შეიპყრეს ვახტანგი, მაგრამ სოლომონ II-ის ჩარევით ქაიხოსრომ ვახტანგი გაათავისუფლა. ვახტანგმა ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილს, შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 წელს სელიმმა იგი შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და პავლე ციციანოვის თხოვნით გაათავისუფლა. ვახტანგმა 1804 წლის 3 იანვარს წერილი მისწერა ციციანოვს და სთხოვდა რუსეთის ქვეშევრდომობაში გურიის მიღებას, თანაც ეუბნებოდა, რომ მხარს უჭერდნენ გურიის საზღვაო ზოლის მეპატრონე ნაკაშიძეები. ვახტანგი ჯერ თბილისში ციციანოვს ეახლა, შემდეგ კი სოლომონ II-ს და 1805 წელს საბატონიშვილო მამულიც დაიბრუნა, მაგრამ მალე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]