გიორგი II გურიელი
გიორგი II გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1566, 1587 |
მმართ. დასასრული: | 1583, 1600 |
წინამორბედი: | როსტომ გურიელი |
მემკვიდრე: | ვახტანგ I გურიელი, მამია II გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1600 |
მეუღლე: | ელენე, მუსადია |
შვილები: | მამია II გურიელი, ვახტანგ II გურიელი, მალაქია II |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | როსტომ გურიელი |
დედა: | თინათინი |
გიორგი II გურიელი (გ. 1600) — გურიის მთავარი 1566-1583, 1587-1600, როსტომ გურიელის ძე. მის დროს გურიის სამთავრომ შემოიერთა საჯავახოს ნაწილი, ე. წ. გურიის საჯავახო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცოლად ჰყავდა ლევან I დადიანის ასული, მაგრამ რადგან ლევან დადიანის ძე გიორგიმ გაუშვა საკუთარი ცოლი, რომელიც გიორგი გურიელის და იყო, გურიელმაც გაუშვა მეუღლე. 1568 წელს გურიელმა მხარი დაუჭია იმერეთის მერე გიორგის დადიანის წინააღმდეგ. დადიანმა ოსმალები დაიხმარა დაიბრუნა სამთავრო ხელისუფლება გურიელიც დაამარცხა და მიიმხრო. გიორგი მეფე შეეცადა მათ შორის შუღლის ჩამოგდებას და დაიმოყვრა გიორგი გურიელი. ამის შემდეგ მათ მალევე ოდიშის სამთავროს დაიკავეს. ლევან დადიანი სტამბოლში გადაიხვეწა, რათა დახმარება ეთხოვა სულთნისათვის. არზრუმ-ტრაპიზონის საფაშოების ლაშქრით ლევან დადიანმა გურიელის დაშინება შეძლო, 10 ათასი დრაჰკანი გადაახდევინა და მარტივად შემოიმტკიცა ოდიში. გურიელმა და დადიანმა შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს.
ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ 1572 წელს გიორგი გურიელი მამია IV დადიანს დაუმოყვრდა და მას თავისი და შერთო ცოლად. გურიელმა და მამია დადიანმა გააძევეს გიორგი III დადიანი.
1578 იმერეთის მეფის გიორგი II-ის ხელშეწყობით გიორგი დადიანი შეურიგდა გიორგი გურიელს, გადაუხადა მას 10 000 დრაჰკანი, დაუთმო ხობი და ტახტი დაიბრუნა. მამია დადიანს მისცეს ჭილაძის მამულები საუფლისწულოდ.
ამის შემდეგ მან დაამარცხა ბათულია დადიანი, რომელიც საჯავახოდან აუჯანყდა დადიანებს. გიორგი II-მ იმერეთის მეფე გიორგის დავალებით დაამარცხა დადიანი და საჯავახო თავად დაიკავა. ამ დროს, 1578 წელს, მოიხსენიება სამთავროს ცენტრი ოზურგეთი პირველად წყაროებში, კერძოდ ახალი ქართლის ცხოვრებაში „მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭია დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო“.[1]
ირან-ოსმალეთის 1578-1590 ომის დროს გიორგი II გურიელი იძულებული გახდა ოსმალეთს დამორჩილებოდა 1582 წელს ის მონაწილეობდა ოსმალეთის ლაშქრობაში ქართლზე. მუხრანის ბრძოლაში ქართლის ლაშქარმა დაამარცხა ოსმალები. 1583 მამია IV დადიანი მოყვრობის მიუხედავად თავს დაესხა გურიელს და დაამარცხა ის. დამარცხებული გიორგი II გურიელი სტამბოლს გაიქცა. გამარჯვებულმა დადიანმა გურიელის გვარიდან გამოძებნა ვინმე ვახტანგი და გურიელად დასვა ის. გიორგი გურიელი 1587 წელს ოსმალთა ჯარის შემწეობით კვლავ გაბატონდა. გურიელმა ეს არ იკმარა და თავს დაესხა იმერეთის მეფეს, განდევნა იგი და ტახტზე თავისი სასურველი კანდიდატურა — ბაგრატ თეიმურაზის ძე დასვა, მაგრამ იმერეთის ამბებში ქართლის მეფე სიმონ I ჩაერია, რომელმაც ბაგრატი დაატყვევა.
გიორგი გურიელი, მისი ცოლი ელენე და შვილი მამია მოხსენიებულნი არიან შემოქმედის ეკლესიის ვერცხლის ჯვარზე არსებულ წარწერაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.
- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 26.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართლის ცხოვრება, წიგნი II — თბილისი, 1959