მიხეილ თამარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიხეილ თამარაშვილი
Mikheil Tamarashvili.jpg
დაბ. თარიღი სექტემბერი, 1858
დაბ. ადგილი ახალციხე
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი, 1911(1911-09-16)
გარდ. ადგილი სანტა-მარინელა
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Italy (1861-1946).svg იტალიის სამეფო
ეროვნება ქართველები[1]
ალმა-მატერი Pontifical University of Saint Thomas Aquinas
სამეცნიერო ხარისხი Doctor of Divinity

მიხეილ თამარაშვილი , ერისკაცობაში ალექსანდრე პეტრეს ძე თამარაშვილი (იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი) (დ. სექტემბერი, 1858, ახალციხე — გ. 16 სექტემბერი, 1911, სოფ. სანტა-მარინელა, იტალია) — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარაშვილების (ასევე – თამარაძეები) სამკვიდრო თავიდანვე მესხეთი ყოფილა. გადმოცემით, რაბათელი თამარაშვილები ჯავახეთის სოფელ თოკიდან, თამარაძეების გვარიდან გამოსულან და ახალციხის რაბათში დასახლებულან, სადაც კათოლიკე მისიონერებს ისინი კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოუქცევიათ.

მიხეილ თამარაშვილის პაპის მამა სოლომონი, ისევე როგორც მისი წინაპრები, საღვინე რუმბების მოკუპრვა–დამზადებით ირჩენდა თავს. XVIII საუკუნეში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მასიური გამაჰმადიანების გამო მხარეში მეღვინეობა დაეცა, შედეგად რუმბების საჭიროებამაც იკლო. მხარის სხვა ვაჭარ–ხელოსანთა ჯგუფთან ერთად სოლომონ თამარაშვილი იმერეთის მეფე სოლომონ II-ს ეახლა და იმერეთში ვაჭრობის უფლება მოიპოვა. ამის შემდეგ სოლომონი ახალციხეში დამზადებულ ტიკებს ბაღდათის ბაზარზე ყიდდა.

წინაპრების საქმიანობას აგრძელებდა მიხეილის მამაც, პეტრე თამარაშვილი. მისი დამზადებული რუმბები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში იყიდებოდა. ამიტომ მას ქუთაისში ბინაც კი შეუძენია და მთელი ოჯახით გადასახლებაც კი დააპირა, მაგრამ საბოლოოდ, ახალციხეში მშობლიური სახლი ვერ მიუტოვებია.

მიხელის დედა გაიანე ბათმანაშვილი სოფ. არლიდან იყო. იგი ქართული წერა-კითხვის შენანიშნავი მცოდნე ყოფილა, ზეპირად სცოდნია ხალხური ვეფხისტყაოსანი და კატეხიზმო, შვილებს საქართველოს და ქართული ენის სიყვარულით ზრდიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1858 წელს ახალციხეში, რაბათის უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში. მის მშობლებს 10 შვილი ჰყავდათ, ორი ქალიშვილი და რვა ვაჟი, რომელთაგან ალექსანდრე (შემდგომში – მიხეილი) მეცხრე ყოფილა. დაწყებითი სასულიერო განათლება მ. თამარაშვილმა მიიღო ახალციხეში, „ქვემო ეკლესიის" სამრევლო სკოლაში, სადაც მას მეურვეობდა პედაგოგი ივანე გვარამაძე.

14 წლის იყო მიხეილი, როდესაც მამა გარდაეცვალა. უმამოდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად მან სწავლას თავი მიანება და ხარაზს მიებარა ხელობის შესასწავლად. 1874 წელს მიხეილი და მისი ძმა გრიგოლი საცხოვრებლად ქუთაისში, თავის ძმასთან, სოლომონთან გადავიდნენ. მიხეილი ქუთაისში ძმის დუქანში წუღებს კერავდა. თავისუფალ დროს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში დადიოდა და ასომთავრულ და ხუცურ დამწერლობას სწავლობდა. 1876 წელს ძმები ქუთაისიდან ხაშურში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ ფეხსაცმლის სახელოსნო გახსნეს, მცირე თანხა დააგროვეს და მშობლიურ ახალციხეში დაბრუნდნენ.

განათლება და სასულიერო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალციხეში დაბრუნებული თამარაშვილი ივანე გვარამაძის რჩევით, 1878 წელს სტამბოლში გაემგზავრა პეტრე ხარისჭირაშვილის]მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში. თამარაშვილი სტამბოლში აღიკვეცა ბერად. სწავლობდა ქართულს, ლათინურსა და ფრანგულ ენებს. იქიდან ქართველ კათოლიკეთა ძმობის დაფინანსებით გაემგზავრა ესპანეთში, სადაც სასულიერო სემინარიაში დაჰყო სამი წელიწადი. შემდეგ დაბრუნდა სტამბოლში, სადაც მღვდლად ეკურთხა. სტამბოლიდან იგი გაემგზავრა პარიზში, სადაც 1888 წელს დაამთავრა წმინდა ლაზარეს სასულიერო სასწავლებელი, გაეცნო პარიზის სამეცნიერო ცხოვრებას, მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში.

სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1888 წელს მიხეილ თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, მალე კი თბილისში, სადაც კათოლიკეთა მიძინების ტაძრის მღვდლად იქნა გამწესებული. მისი პროქართული ქადაგებები მიუღებელი იყო თბილისის კათოლიკური უწყების ხელმძღვანელი პრელატი ორლოვსკისთვის. თამარაშვილი იძულებული გახდა თბილისიდან ახალციხეში გადასულიყო, მალე კი ქვეყნიდან წავიდა. 1889 წელს თამარაშვილი კვლავ ჩავიდა სტამბოლში. 1891 წელს ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ქართველ კათოლიკეთა შევიწროების შესახებ. 1891 წელს იგი გაემგზავრა რომში და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. მალე დაინიშნა ამავე აკადემიის პროფესორად. ამ ხნის განმავლობაში აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე, ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში თამარაშვილმა გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. აქედან თამარაშვილმა მოასწრო საქართველო-ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება და გამოცემა „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ (1902, თბილისი), „პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას“ (თბ., 1904), ხოლო მისმა წიგნმა „საქართველოს ეკლესიის ისტორია“ (1910, რომი; 1995, თბილისი) ფრანგულ ენაზე დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. ორივე მონოგრაფია, რომლებიც შედგება ევროპის არქივებში ავტორის მიერ მოძიებული და ზედმიწევნით შესწავლილი უაღრესად საყურადღებო პირველწყაროებისგან, დღემდე წარმოადგენს სამაგიდო წიგნებს მკვლევართათვის.

თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა 18 სექტემბერს სანტა-მარინელას ეკლესიაში, თუმცა დღემდე უცნობი მიზეზების გამო, მალევე მისი ცხედარი ქ. ჩივიტავეკიას წმინდა მარინის პანსიონში გადაასვენეს. 1978 წელს იტალიის ქ. ჩივიტავეკიადან მიხეილ თამარაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში, დაკრძალეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თამარაშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 164, თბ., 1994
  • ლომსაძე შ., „მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი“, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1984
  • ყიფიძე გ., მღვდელი მიქელ თამარაშვილი // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 3-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]