მამია IV გურიელი
მამია IV გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1726, 1758, 1771 |
მმართ. დასასრული: | 1756, 1765, 1776 |
წინამორბედი: | გიორგი IV გურიელი (1726), გიორგი V გურიელი (1758), გიორგი V გურიელი (1765) |
მემკვიდრე: | გიორგი V გურიელი (1756), გიორგი V გურიელი (1765), გიორგი V გურიელი (1776) |
გარდ. თარიღი: | 1784 |
მეუღლე: |
როდამი (-1770 ) თამარ თავდგირიძე |
შვილები: | დავითი, გიორგი, თამარი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | გიორგი IV გურიელი |
მამია IV გურიელი (გ. 1784) — გურიის მთავარი 1726-1756, 1758-1765, 1771-1776 წლებში, გიორგი IV გურიელის ძე. წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „დიდი“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად იძულებული იყო დამორჩილებოდა ოსმალეთის იმპერიას და მონაწილეობდა ოდიშის სამთავროსა და აფხაზეთზე ოსმალეთის ლაშქრობებში. 1732 წელს დაუმოყვრდა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს, ცოლად მოიყვანა მისი ქალიშვილი როდამი. როდამს მზითვად ალექსანდრე V-მ გაატანა საჯავახოს მხარე.[1]1734 წელს გურიელმა ალექსანდრეს მხარი დაუჭირა ჩიხორთან დადიანის წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მეფემ გაიმარჯვა. 1748 წელს აკრძალა ტყვის სყიდვა, რამაც ოსმალეთის უკმაყოფილება გამოიწვია. მამიამ დაიწყო მოკავშირეების ძიება და სამხედრო დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. ერეკლესთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გაგზავნილი ჰყავდა მისი ბიძა, შემოქმედელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი.
1752 წელს მხარი დაუჭირა სოლომონ I-ის საწინააღმდეგო აჯანყებას. 1756 წელს ახალციხის ფაშის დახმარებით გამარჯვებულმა სოლომონმა მამია IV გურიელი გადააყენა და მთავრად მისი ძმა გიორგი V გურიელი დასვა. მამია IV ჯერ რაჭის საერისთავოში გაიქცა, იქიდან კი ქართლში გადავიდა და ერეკლე II-ს ეახლა, მისი შუამდგომლობითა და ახალციხის ფაშის დახმარებით შეურიგდა სოლომონს და 1758 წელს ტახტი დაიბრუნა. მომდევნო ხანაში მამია IV გურიელი ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი სოლომონ I-ის მხარეზე გამოდიოდა. მონაწილეობდა 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში, 1759 წლის საეკლესიო კრებაში, რომელმაც აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა. 1758-1759 წლებში განაახლა შემოქმედში არსებული ქედის ეკლესია.[2]
1765 წელს ჰასან-ფაშამ ილაშქრა დასავლეთ საქართველოში, მამია IV გადააყენა და მთავრად გიორგი V გურიელი დასვა. 1770 წელს როდამის გარდაცვალების შემდეგ სოლომონ I-მა საჯავახო წაართვა გურიელს და უკან დაიბრუნა. 1771 წლის 4 იანვარს სოლომონმა ილაშქრა გურიაში გადააყენა გიორგი V და კვლავ მამია IV გაამთავრა. 1771 წლის ოქტომბერში რუსეთის კორპუსის გენერალ ალექსეი სუხოტინის ჩარევით მამიამ გურიაში დააბრუნა გიორგი V და მას საბატონიშვილო მისცა. 1775 წელს სოლომონმა ორჯერ ილაშქრა გურიაში მთავრის დასამორჩილებლად. სოლომონ I აპირებდა გურიის სამთავროს გაუქმებას, სოლომონმა მამიას ვაჟი დავითი ქუთაისში გაიწვია აღსაზრდელად, მაგრამ დააბრმავა და გურიაში შეჭრა გადაწყვიტა, მაგრამ მას წინ აღუდგნენ ადგილობრივი თავადები და ეპისკოპოსები.
1776 წელს მამია უკვე საბოლოოდ ტახტიდან გადააყენა გიორგი V გურიელმა. ის მოულოდნელად თავს დაესხა მთავარს და ცოლ-შვილითურთ ბაილეთის ციხეში დააპატიმრა და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მთავრის ტახტზე მდგომარეობა გაიმყარა.
ღრმად მოხუცებული მამია გურიელი დაავადდა, დაბრმავდა და ბერად აღიკვეცა. გარდაიცვალა 1784 წელს.
„ႭႳႡ. გურიელი მამია მიიცვალა თვესა ივლისსა.“
| |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 396.
- ჩხატარაიშვილი ქ. (1964). „გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან“, მაცნე, N4. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 118-133.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გვენეტაძე ე., გაგუა გ. „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 219 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ თაყაიშვილი, ე. (1907). არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, გვ. 36-37.