ალექსანდრე სუვოროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი
საფოსტო მარკა სსრკ, ალექსანდრე სუვოროვი, 1980 (Michel 5009, Scott 4878)

ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი (რუს. Александр Васильевич Суворов; დ. 24 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი], 1730, მოსკოვი ― გ. 18 მაისი [ძვ. სტ. 6 მაისი], 1800, პეტერბურგი, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში) — რიმნიგის გრაფი (1789), იტალიის თავადი (1799), რუსი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი, გენერალისიმუსი (1799).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1742 წელს სუვოროვი ჩაირიცხა ლაიბგვარდიის სემიონოვსკოეს პოლკში რიგით ჯარისკაცად. 1748 კაპრალად დაიწყო სამსახური. 1754 მიიღო ოფიცრის ჩინი. 1756-1758 მსახურობდა სამხედრო კოლეგიაში, შვიდწლიანი ომის (1756-1763) დროს 1758-დან საშტაბო და სამეთაურო თანამდებობაზეა, მონაწილეობდა კუნერსდორფის ბრძოლაში (1759), ბერლინისა (1760) და კოლბერგის (1761) აღებაში. 1762 მიიღო პოლკოვნიკის ჩინი და დანიშნა ასტრახანის, ხოლო 1763 სუზდალის ქვეითი პოლკის მეთაურად. 1768-1772 წლებში კონფედერატების ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა პოლონეთში. 1770 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1772 მეთაურობდა სანქტ-პეტერბურგის დივიზიას. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1768-1774) მონაწილეობისა და ბრწყინვალედ ჩატარებული ბრძოლებისათვის 1774 გენერალ-პორუჩიკის ჩინი მიიღო. 1774 აგვისტოში იმპერატორ ეკატერინე II-ის ბრძანებით გაიგზავნა გლეხთა ომის ჩასახშობად, რომელსაც ე. პუგაჩოვი წინამძღოლობდა. სუვოროვს დიდი დამსახურება მიუძღვის რუსეთთან ყირიმის შემომტკიცების საქმეში. 1786 მან გენერალ-ანშეფის ჩინი მიიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1787-1791) დროს სუვოროვმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ფოქმანისდთან (ივლისი, 1789) და რიმნიკთან (სექტემბერი, 1789). 1790 წლის 11 (22) დეკემბერს სუცოროვმა შტურმით აიღო თურქთა ძლიერ გამაგრებული ციხესიმაგრე იზმაილი. 1791-1794 წლებში მეთაურობდა სხვადასხვა შენაერთს ფინეთში. 1794 თავისი ჯარით გაიგზავნა პოლონეთის აჯანყების (1794) ჩასახშობად. გამარჯვებულმა სუვოროვმა ჰუმანურობა გამოიჩინა "აჯანყებულთა" მიმართ (გაათავისუფლა ტყვეები, აკრძალა რეკვიზიცია და ა. შ.). ეკატერინე II-მ ფელდმარშლობა უბოძა. 1795-1796 სუვოროვი სარდლობდა უკრაინაში (ქ. ტულჩინში) დაბანაკებულ ჯარებს. ამ პერიოდში მან დაწერა თავისი ცნობილი წიგნი - "გამარჯვების მეცნიერება". იმპერატორ პავლე I-თან უთანხმოების გამო სუვოროვი არმიიდან დაითხოვეს და გაგზავნეს თავის მამულში, ნოვგოროდის გუბერნიის სოფ. კონჩანსკოეში. 1799 თებერვალში, როცა რუსეთი ჩაება მე-2 ანტიფრანგულ კოალიციაში (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ოსმალეთი, ორივე სიცილიის სამეფო) მოკავშირეთა თხოვნით პავლე I იძულებული გახდა სუვოროვი იტალიის ლაშქრობაში მყოფი რუსეთის ჯარის მთავარსარდლად დაენიშნა. მას დაუქვემდებარეს ავსტრიის ჯარიც. იტალიის ლაშქრობის (1799) ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ პავლე I-მა სუვოროვს უბრძანა ჯარის შვეიცარიაში გადაყვანა. 1799 წლის 31 აგვისტოს (11 სექტემბერი) დაიწყო ცნობილი სუვოროვის შვეიცარიის ლაშქრობა, რომელიც სამხედრო ხელოვნების უბადლო ნიმუში გახდა. რუსეთის არმიამ გამოიჩინა არნახული გმირობა (ამ ლაშქრობაში სუვოროვს ახლდა პეტრე ბაგრატიონი). სუვოროვს გენერალისიმუსის წოდება მიენიჭა. მალე პავლე I-მა გაწყვიტა კავშირი ავსტრიასთან და სუვოროვი რუსეთში გაიწვია. არმიიდან დათხოვილი სუვოროვი მალე გარდაიცვალა.

სუვოროვის მხედართმთავრული ნიჭი და მისი სამხედრო მემკვიდრეობა სათანადოდ შეფასდა - სამამულო ომის პერიოდში დაწესდა სუვოროვის I, II, III ხარისხის ორდენი. შეიქმნა სუვოროვის სასწავლებლები. სანქტ-პეტერბურგის და რიგ სხვა ქალაქებში არის სუვოროვის სახელობის მუზეუმები და ძეგლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]