ვარშავის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალაქის სიმბოლო - ვარშაველი სირინოზი 1659 წლის ნახატი

ვარშავის ისტორიაპოლონეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოიცავს პოლონეთის დედაქალაქის, ვარშავის, ისტორიას დაარსებიდან დღემდე და აღწერს მის 1400-წლოვან განვითარებას სოფლების მცირე ჯგუფიდან თანამედროვე ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქამდე. ვარშავის ისტორია იწყება IX სუაკუნიდან. ამ პერიოდისაა ძველ ვარშავაში აღმოჩენილი გამაგრებული ნაგებობის ნაშთები. ვარშავის ისტორიაში გამორჩეული მოვლენებია:

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ვარშავის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ჯერ კიდევ ლუჟიცის კულტურას ეკუთვნის, მაგრამ პირველი გამაგრებული დასახლებები გაჩნდა გაცილებით გვიან — ბრუდნოში IX-X საუკუნეებში, კამიონეკში XI საუკუნეში და უიაზდუვში XII-XIII საუკუნეებში. ბრუდნო იყო პატარა დასახლება დღევანდელი ვარშავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ის განადგურდა 1040 წელს მიეცლავის, მაზოვიის ერთ-ერთი თავადის, აჯანყების შემდეგ. ასევე მცირე დასახლებები იყო სოლეცი, გოცლავი და კამიონი. ეს უკანასკნელი გაჩნდა დაახლოებით 1065 წელს დღევანდელ რკინიგზის სადგურ Warszawa Wschodnia-სთან. უიაზდუვი კი შეიქმნა 1250 წელს დღევანდელ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ადგილსამყოფელთან. 1262 წელს ის ლიტვის დიდმა მთავარმა მინდაუგასმა დაარბია.

გალავნის (1350 წ.) ნაშთები

1281 წელს მაზოვიის ჰერცოგმა ბოლესლავ II-მ გააშენა პატარა დასახლება მეთევზეთა სოფელ Warszowa-სთან, უიაზდუვიდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით, ხოლო უიაზდუვში კი ააგო ციხე ახლანდელი უიაზდუვის სასახლის ადგილას. მანვე ააშენა აქ სამეფო სასახლე. ასე გაჩნდა დასახლება ძველი ვარშავა, რომელიც უკვე XIV საუკუნის დასაწყისში მაზოვიის ჰერცოგების ერთ-ერთი რეზიდენცია გახდა, თუმცა მათ მთავარ რეზიდენციად მაინც პლოცკი რჩებოდა. ამ დროს ძველ ვარშავაში რამდენიმე შენობა აშენდა, მათ შორის ვარშავის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, რომელიც ბოლესლავის ძმამ და მემკვიდრემ, კონრად II-მ ააშენა. XIV საუკუნეში ვარშავის ეკონომიკა დამყარებული იყო ხელოსნობასა და ვაჭრობაზე. ამ დროს ვარშავაში დაახლოებით 4500 ადამიანი ცხოვრობდა. 1334 წელს ვარშავამ ქალაქის უფლებები მოიპოვა და მასში დასახლდნენ ვაჭრები ქალაქ ტორუნიდან. ძველ ვარშავას 1350 და 1380 წლებში გალავანი შემოარტყეს. 1339 წელს ვარშავის საკათედრო ტაძარში გაიმართა სასამართლო პროცესი კაზიმირ III-სა და ტევტონთა ორდენს შორის. 1356 წელს ვარშავაში ავგუსტინელთა ორდენის მონასტერი დაარსდა. გალავნის შიგნით მიგრანტების, განსაკუთრებით ებრაელების დასახლება მკაცრად შეზღუდული იყო. ამიტომ ახალი დასახლებები ჩნდებოდა გალავნის გარეთ, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთით. სწორედ ამ ნაწილს ახალი ქალაქი ეწოდა და მან 1408 წელს ასევე მიიღო ქალაქის უფლებები. ამ წლიდან ორივე ქალაქს საკუთარი მმართველობა გააჩნდა.

მაზოვიის დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ანას ეკლესიის ინტერიერი

ვარშავამ განსაკუთრებით აღმავლობა განიცადა მეფე იანუშ I-ის დროს. ამ უკანასკნელმა 1413 წელს მაზოვიის სამთავროს დედაქალაქი ჩერსკიდან ძველ ვარშავაში გადაიტანა. სწორედ ამ დროს აშენდა ძველსა და ახალ ქალაქში გოტიკური შენობების უმეტესობა, მათ შორის ვარშავის წმინდა ანას ეკლესია (1454 წ). შენობების დიდი ნაწილი დაიწვა 1515 წელს მოსკოვის დიდი სამთავროსა და ლიეტუვის დიდ სამთავროს შორის ომის დროს[1]

მზარდი სოციალური უთანასწორობის გამო 1525 წელს ვარშავაში მოხდა ღარიბთა აჯანყება მდიდრების წინააღმდეგ. შედეგად შეიქმნა მოქალაქეთა წარმომადგენლობითი ორგანოები, რომლებიც ქალაქის მართვაში ჩაერთნენ.[2]1526 წელს არსებობა შეწყვიტა მაზოვიის საჰერცოგომ და ის პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა. ჭორების თანახმად მაზოვიის უკანასკნელი ჰერცოგები სტანისლავ I და იანუშ III პოლონეთის დედოფლის, ბონა სფორცასა და მეფე სიგიზმუნდ I-ის ბრძანებით მოწამლეს. სიგიზმუნდ I 1548 წელს გარდაიცვალა და მისი მეუღლე, ბონა სფორცა საცხოვრებლად კრაკოვის ვაველის სასახლიდან უიაზდუვის სასახლეში გადავიდა. მისი შვილი, სიგიზმუნდ II ავგუსტი მაინც კრაკოვიდან მართავდა ქვეყანას. მაზოვიის პოლონეთის სამეფოსთან შეერთებამ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი. ეს, უპირველესად, მოსახლეობის ზრდაზე აისახა — ვარშავის მცხოვრებთა რიცხვი 20 000-ს გაუტოლდა.

რეჩ-პოსპოლიტას თანადედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარშავა XVI საუკუნის ბოლოს

1569 წელს გაფორმდა ლუბლინის უნია, რომლის თანახმადაც შეიქმნა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა. უნიით დადგინდა მეფეების სეიმის მიერ არჩევის წესი და ვარშავა პოლონეთის სეიმის ადგილსამყოფელი გახდა. იტალიელმა არქიტექტორის, ჯოვანი დი კვადროს ხელმძღვანელობით რენესანსის სტილში რესტავრაცია ჩაუტარდა ვარშავის სამეფო სასახლეს. რეჩ-პოსპოლიტას მეფეთა პირველი არჩევნები 1573 წელს ვარშავის უბან კამიონეკში გაიმართა და მეფედ ანრი III ვალუა აირჩიეს. შემდეგი არჩევნები შედგა 1575 წელს ვოლაში და მეფედ არჩეულ იქნა სტეფანე ბატორი. 1576 წელს აშენდა პირველი მუდმივი ხიდი მდინარე ვისლაზე, რომელმაც ვარშავა დაუკავშირა მარჯვენა სანაპიროზე გაჩენილ ახალ დასახლება პრაგას.

1596 წელს მეფე სიგიზმუნდ III ვაზამ თავისი რეზიდენცია ვარშავაში გადაიტანა და ამით ის რეჩ-პოსპოლიტას თანადედაქალაქად აქცია. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ვარშავის მდებარეობა იყო. ის თანაბრად იყო დაშორებული კრაკოვიდან და ვილნიუსიდან, ამასთან ის ახლოს მდებარეობდა გდანსკთან, რომელიც შვედეთთან ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო და რუსეთის სამეფოს საზღვართანაც. გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო კრაკოვში ვაველის სამეფო სასახლეში გაჩენილმა ხანძარმა. მეფის არქიტექტორმა, სანტა გუჩიმ, დაიწყო ვარშავის სამეფო სასახლის რეკონსტრუქცია ბაროკოს სტილში. მეფე სასახლეში მხოლოდ დროებით რჩებოდა, საბოლოოდ ახალ სასახლეში ბინა მან 1611 წელს, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, დაიდო. ვარშავის გადაქცევამ პოლონეთის მთავარ ქალაქად კიდევ უფრო გაზარდა მისი მოსახლეობა. ამ დროისთვის გალავანს შიგნით იდგა 169 სახლი, ახალ ქალაქში — 204, ხოლო გარეუბნებში — 320.[2]

1603 წელს ყინვამ დაანგრია ვისლაზე გადებული ხიდი და 1775 წლამდე ვისლაზე მუდმივი ხიდი აღარ აშენებულა. მომდევნო წლებში ქალაქის ტერიტორია ფართოვდებოდა. იქმნებოდა კერძო გარეუბნები, რომლებსაც იქ დასახლებული თავადაზნაურობა საკუთარი კანონებით მართავდა. ასეთ უბნებში სახლდებოდნენ ხელოსნები და ვაჭრებიც. ერთ-ერთი ასეთი გარეუბანი იყო პრაგა, რომელსაც ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1648 წელს. ვითარდებოდა გოტიკური არქიტექტურა. 1607 წლის ხანძრის შემდეგ შენობებათა უმრავლესობა რენესანსის სტილში აღადგინეს. ამ დოისთვის ქალაქის მოსახლეობა 50000 უტოლდებოდა. კრაკოვის გარეუბნის გასწვრივ ვარშავის სამეფო გზაზე გაჩნდა მდიდრული სასახლეები. 1637 წელს მეფე ვლადისლავ IV-მ ჩამოაყალიბა პირველი თეატრი ვარშავაში, ხოლო 1644 წელს ციხის მოედანზე დადგა სიგიზმუნდის სვეტი, პირველი საერო ძეგლი ქალაქში. 1661 წელს გაჩნდა პირველი ბეჭდური გაზეთი „პოლონეთის მერკური".

1655-1657 წლებში ჩრდილოეთის ომის დროს ქალაქი ძლიერ დაზარალდა. ვარშავა სამჯერ მოექცა შვედეთის, ბრანდენბურგის საკურფიურსტოს და ტრანსილვანიის სამთავროს სამხედრო ძალების ალყის ქვეშ. ომის დროს, ძირითადად შვედებმა, მოიპარეს უამრავი წიგნი, ქანდაკება, ნახატი და ხელოვნების სხვა ნიმუში.[3] განადგურდა და გაიძარცვა ვარშავის მდიდრული სასახლეები. 23 ივნისი, შვედეთის ჯარის მიერ ქალაქის დატოვების დღე, დღესასწაულად იქცა.

ვარშავისა და მის შემოგარენის ხელახლა აყვავება უკავშირდება მეცენატსა და ხელოვნების მოყვარულ იან III სობესკის. ამ დროს გაბატონდა ბაროკოს არქიტექტურა. იან სობესკი ყურადღებას აქცევდა ვარშავის სამხრეთ გარეუბნების განვითარებას და 1677 წელს ვილანუვში, ვარშავიდან სამხრეთით 10 კილომეტრით დაშორებულ სოფელში, დაიწყო ვერსალის მსგავსი, ფრანგული ბაღებით გაშენებული სასახლის მშენებლობა. მან ვარშავაში ჩაიყვანა იმ დროისთვის ცნობილი არქიტექტორები: ტილმან ვან გამერენი და ანდრეას შლუტერი. ამ დროს აშენდა ასევე ოსტროგსკისა და კრაშინსკის სასახლეები.

იან III სობესკის გარდაცვალების შემდეგ პოლონეთმა დასუსტება დაიწყო. 1697 წელს მეფედ აირჩიეს ავგუსტ II ძლიერი, რომელიც პოლონეთზე მეტ ყურადღებას საკუთარ მშობლიურ მხარე საქსონიას აქცევდა. პოლონეთის თავადაზნაურობა იბრძოდა პოლონეთისთვის ადრინდელი ძალის დასაბრუნებლად. ამასობაში მეზობელი ქვეყნები, რუსეთის იმპერია პეტრე დიდისა და შვედეთი კარლ XII-ის მეთაურობით, ცდილობდნენ პოლონეთის ხარჯზე გაეზარდათ საკუთარი ტერიტორიები. 1700 წელს ჩრდილოეთის ომი დაიწყო. ავგუსტ II-მ რუსეთის იმპერიის მხარე დაიჭირა. პოლონეთი ბრძოლების ასპარეზი გახდა. ვარშავა რამდენიმეჯერ მოექცა ალყაში და რამდეჯმერმე მოუწია სერიოზული კონტრიბუციის გადახადა.[4] პირველად ის 1702 წელს შვედეთის არმიამ აიღო. შვედების გავლენით, პოლონეთის არისტოკრატიამ გადააყენა მეფე ავგუსტი და მის ნაცვლად შვედების მხარდამჭერი სტანისლავ ლეშჩინსკი აირჩია[5] თუმცა საქსონიის საკურფიურსტოს არმიის დახმარებით 1704 წლის 1 სექტემბერს, 5 დღიანი საარეტილერიო შეტევის შემდეგ. ავგუსტ II-მ ვარშავა დაიბრუნა. 1705 წლის 31 ივლისს ავგუსტ II-ის 10000 კაციანი ჯარი 2000 კაციან შვედურ ჯართან დამარცხდა. ამის შემდეგ, ოქტომბერში, სტანისლავ ლეშჩინსკი ოფიციალურად ეკურთხა მეფედ. 1707 წელს, ავგუსტუს II-სა და კარლ XII-ეს შორის დადებული ზავის თანახმად ვარშავა ორი თვით რუსულმა ჯარმა დაიკავა. ლეშჩინსკიმ იმეფა 1709 წლამდე, სანამ რუსეთმა შვედეთი პოლტავის ბრძოლაში არ დაამარცხა და არ აიძულა ის, დაეტოვებინა პოლონეთი. ამის შემდეგ ავგუსტ II კვლავ გახდა პოლონეთის მეფე. 1713 წლის შემდეგ რუსებისა და საქსონელების ჯარი მუდმივად იდგა ვარშავაში, რაც მძიმე ტვირთი იყო მოსახლეობისთვის. ამას თან დაერთო 1708 წელს გავრცელებული ეპიდემია და 1713 წლის წყალდიდობა. ავგუსტ II 1733 წელს გარდაიცვალა. მისი სიკდვილის შემდეგ პოლონეთის თავადაზნაურობამ კვლავ სტანისლავ ლეშჩინსკი აირჩია მეფედ. ეს არ შეესაბამებოდა რუსეთისა და ავსტრიის ინტერესებს. რუსეთის ჩარევის შედეგად ერთ თვეში მეფედ ავგუსტ III საქსონიელი აირჩიეს. მეზობელი სახელმწიფოების სხვადასხვა განსხვავებულმა პოლიტიკურმა ინტერესებმა გამოიწვია ომი პოლონეთის მემკვიდრეობისთვის. ამ ომში პოლონეთი და ვარშავა კვლავ ბრძოლის ველად იქცა.

მიუხედავად პოლიტიკური სისუსტისა, საქსონიელთა მმართველობისას ვარშავა ეკონომიკურად განვითარდა. ამ დროს ვარშავაში ჩავიდნენ საქსონიელი არქიტექტორები, რომლებმაც ვარშავაში დრეზდენის მსგავსი განაშენიანება შექმნეს. 1713 წლიდან დაიწყო ქალაქში საქსონური ღერძის შექმნა. მისი შემადგენელი ნაწილები იყო საქსონური სასახლე და საქსონური ბაღი. საქსონური ბაღი 1727 წელს საჯარო გახდა და ეს იყო ერთ-ერთი პირველი საჯარო ბაღი ევროპაში. 1740 წელს სტანისლავ კონარსკიმ დააარსა სასწავლებელი წარჩინებულთა ვაჟებისთვის. 1747 წელს გაიხსნა პირველი საჯარო ბიბლიოთეკა პოლონეთში, რომელიც დააარსეს ძმებმა იუზეფ ანჯეი და ანჯეი სტანისლავ ზალუსკიმ. 1780 წლის ბოლოსთვის ბიბლიოთეკაში ინახებოდა 400 000 ექსპონატი[6]. 1748 წელს გაიხსნა ვარშავის ოპერა.

ვარშავის რუკა, 1762 წელი

1764 წელს პოლონეთის ახალ მეფედ აირჩიეს სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი. ამ დროს ვარშავა კლასიცისტური არქიტექტურის ერთ-ერთ ნიმუშად იქცა. სტანისლავ პონიატოვსკიც ვარშავას სამხრეთის მიმართულებით ავითარებდა. მან გააშენა ქუჩა ნოვი სვიატი, ლაზიენკის პარკი, ზარაფხანა და დიდი თეატრი. ვარშავის მოსახლეობის რაოდენობამ 150 000-ს მიაღწია. 1765 წელს ვარშავაში შეიქმნა პირველი საჯარო სკოლა. 1770 წელს ქუჩებს სახელები ეწოდათ, სახლები კი დაინომრა. 1775 წელს კვლავ აიგო ხიდი მდინარე ვისლაზე. პოლიტიკური აქტიურობის ზრდა, პროგრესული იდეები, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები — ყოველივე ეს აისახა ქალაქზე. მისმა არქიტექტურამ დაიწყო იმ დროის ტენდენციებისა და მისწრაფებების ასახვა. ვარშავა ადრეულ კაპიტალისტურ ქალაქად იქცა. ვითარდებოდა მრეწველობა, იზრდებოდა მუშათა რიცხვი, მატულობდნენ ვაჭრები და ფინანსისტები. მაღალი იყო გლეხების მიგრაცია სოფლებიდან. განვითარდა უძრავი ქონების ბაზარი. შენდებოდა წარჩინებულთა კლასის სასახლეები, საშუალო კლასი აშენებდა საკუთარ სახლებს, რაც თვალსაჩინოს ხდიდა სოციალურ უთანასწორობას. სტანისლავ პონიატოვსკიმ შეცვალა ვარშავის სამეფო სასახლის ინტერიერი და მანვე ვარშავა კულტურისა და ხელოვნების ცენტრად აქცია [7] ვარშავას „აღმოსავლეთის პარიზი“ შეარქვეს.[8]

ვარშავა, 1770 წლის ნახატი, ბერნარდო ბელოტო

1772 წლიდან, პოლონეთის პირველი დანაწილების შემდეგ, პოლონეთი, პრაქტიკულად, რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო. 1788 წელს შეიკრიბა ე.წ. ოთხწლიანი სეიმი, რომელმაც დაიწყო მსჯელობა პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორებასა და დამოუკიდებლობის აღდგენაზე. 1789 წელს, სეიმის მიმდინარეობისას, ჩატარდა ე.წ. შავი პროცესია, სადაც დემონსტრანტები ითხოდნენ პოლიტიკური უფლებების მინიჭებას. 1791 წლის 21 აპრილს სეიმმა საბოლოოდ გააუქმა ქალაქის დასახლებების განცალკევებული მმართველობა და ქალაქი ერთიანი ადმინისტრაციის ქვეშ მოაქცია. ამიტომაც 21 აპრილს ვარშავის დღე აღინიშნება. ყველასთვის მოულოდნელად, იმავე წლის 3 მაისს სეიმმა მიიღო პოლონეთის კონსტიტუცია. ეს იყო პირველი კონსტიტუცია იყო ევროპაში და მეორე კონსტიტუცია მსოფლიოში აშშ-ის კონსტიტუციის შემდეგ. მას ოფიციალურად „მთავრობის აქტი" ერქვა. კონსტიტუციამ მხოლოდ ერთ წელიწადს იმოქმედა. 1792 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დასრულდა და რუსეთის იმპერიამ პოლონეთისთვისაც მიიცალა. 1793 წელს მოხდა პოლონეთის მეორე დანაწილება.

პრაგის შტურმი, 1810 წლის ნახატი

ეს გახდა საფუძველი შეიარაღებული გამოსვლისა, რომელიც მეწაღე იან კილინსკიმ დაიწყო და მიმდინარეობდა მიმდინარეობდა 1794 წლის 17-19 აპრილს. ეს გამოსვლა საერთოპოლონურ კოშჩიუშკოს აჯანყებაში გადაიზარდა. აჯაყების მიმდინარეობისას 1794 წლის 4 ნოემბერს ვარშავის აღმოსავლეთ უბან პრაგაში სადაც გაიმართა ბრძოლა, სადაცგ რუსებმა სრულად დაამარცხეს პოლონელები. პოლონელთა ჯარის მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ალყის გარღვევა, უკან დახევა და ხიდის გადაკვეთა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, გენერალ ალექსანდრე სუვოროვის მიერ გაცემული ბრძანების მიუხედავად, რუსებმა გადაწვეს ვარშავი. ეს იყო შურისძიება 1794 წლის გაზაფხულზე რუსული გარნიზონის ნახევრის, დაახ. 2000 კაცის განადგურების გამო[9] თითქმის მთელი ქალაქი დაიწვა, პრაგას ყველა მცხოვრები მოკლეს. დახოცილთა საერთო რიცხვი უცნობია, სავარაუდოდ, ის 20000-ს უტოლდება.[10] ბრიტანეთის ელჩი, უილიამ გარდინერი წერდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომ შტურმი პრაგის დამცავი ხაზებზე გამოირჩეოდა სრულიად ზედმეტი ბარბაროსობით.[11]კოშჩიუშკოს აჯანყების მარცხის შემდეგ, 1795 წელს მოხდა პოლონეთის მესამე დანაწილება და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა საბოლოოდ დაიშალა. სახელმწიფოს ტერიტორია გაიყვეს რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ. ვარშავა მოხვდა პრუსიის კუთვნილ ნაწილში და 1798 წლიდან გახდა სამხრეთ პრუსიის ცენტრი.

ვარშავის საჰერცოგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1806 წელს ნაპოლეონმა ვარშავა აიღო და 1807 წელს დადებული ტილზიტის ზავის პირობების მიხედვით ფრანგული პროტექტორატის ქვეშ შექმნა ვარშავის საჰერცოგო. მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია და 12 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეიკრიბა პოლონეთის სეიმი. საჰერცოგოს ტერიტორიაზე ამოქმედდა ნაპოლეონის კოდექსი, ევროპის ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო სამართლებრივი კოდექსი. ამ კოდექსს ემყარება პოლონეთის დღემდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. პოლონეთის ბოლო მეფის მემკვიდრემ, გენერალმა იოზეფ პონიატოვსკიმ აღადგინა 200 ათასიანი არმია. 1809 წელს რაშინის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ საჰერცოგომ შეიერთა ქალაქი კრაკოვი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც პოლონეთის მესამე დანაწილების შემდეგ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული. პონიატოვსკის არმია მონაწილეობდა ნაპოლეონის რუსულ კამპანიაში 1812 წელს და ლაიფციგის ბრძოლაში 1813 წელს, სადაც მდინარე ელზასში დაიღუპა თავად პონიატოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ პონიატოვკი ჰერცოგი არ ყოფილა, ის საჰერცოგოს სიმბოლოდ იქცა. 1814-1815 წლებში ვარშავაში დაიდგა დანიელი კლასიცისტი მოქანდაკის ბელტერ ტორვალდსენის მიერ გენერალ პონიატოვსკის პატივსაცემად შექმნილი ძეგლი.

რუსეთის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარშავის საჰერცოგომ იარსება 1813 წლამდე. 1815 წელს ვენის კონგრესმა ვარშავის საჰერცოგოს ნაცვლად შექმნა პოლონეთის სამეფო, იგივე „რუსეთის პოლონეთი" შექმნა და ის რუსეთის იმპერიას გადასცა. ამ პერიოდში რუსეთის იმპერატორი იყო ლიბერალური შეხედულებების ალესანდრე I, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ვარშავის განვითარებაში. 1816 წელს დაფუძნდა ვარშავის უნივერსიტეტი, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ვარშავის საფონდო ბირჟა. 1825 წელს დაიწყო ვარშავის დიდი თეატრის მშენებლობა არქიტექტორ ანტონიო კორაცის ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდში ვარშავაში მოღვაწეობდა ახალგაზრდა ფრიდერიკ შოპენი. ქალაქში მოხდა ინდუსტრიალიზაცია, გაჩნდა ახალი ფაბრიკები, შეიცვალა ქალაქის რატუშის ადგილმდებარეობა. ადრე რატუშა ძველი ვარშავის პატარა შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ქალაქის მასშტაბების ზრდის გამო მას უფრო დიდი შენობა სჭირდებოდა. 1818 წელს რატუშა გადავიდა იაბლონოვსკის სასახლეში, სადაც ის მდებარეობდა მეორე მსოფლიო ომამდე.

არსენალის შტურმი 1830 წელს

ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე კონსერვატორი ნიკოლოზ I. ნიკოლოზის დროს გახშირდა სეიმის უგულვებელყოფისა და პოლონეთის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები, რამაც 1830 წელს ნოემბრის აჯანყება გამოიწვია. 30 ნოემბერს აჯანყებულები თავს დაესხნენ არსენალსა და ბელვედერს, სადაც იყო კონსტანტინ პავლოვიჩის, პოლონეთის ფაქტობრივი მმართველის რეზიდენცია. აჯანყება თავიდან წარმატებული იყო, რუსული ჯარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ვარშავა და მისი შემოგარენი. მთავარი ბრძოლა 1831 წლის 25 თებერვალს გაიმართა გრახოვთან, რომელიც იმ დროს ვარშავის მეზობელი სოფელი იყო, დღეს კი მისი ერთ-ერთი უბანია. აჯანყება დამარცხდა პოლონელ გენერალთა შეუთანხმებლობის გამო. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაახლოებით 30 000 ვარშაველი ემიგრაციაში წავიდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. მათ შორის იყვნენ ფრიდერიკ შოპენი და ადამ მიცკევიჩი. მარცხმა პოლონეთის სამეფოს ავტონომია კიდევ უფრო შეამცირა. დამყარდა სამხედრო მმართველობა და დაიწყო რეპრესიები. 1832 წელს იმპერატორმა დაითხოვა სეიმი, დაშალა პოლონეთის არმია და დაიხურა უნივერსიტეტი. ახალი ქალაქის ჩრდილოეთით არსებული ფერმების ტერიტორიაზე გაშენდა ციტადელი საპატიმროთი პოლიტიკური პატიმრებისთვის.

მართლმადიდებლურად გადაკეთებული ეკლესია ვარშავაში

1845 წელს ვარშავა სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდა ვენას. ეს იყო პოლონეთის სამეფოში პირველი, ხოლო რუსეთის იმპერიაში მეორე სარკინიგზო ხაზი. 1862 წელს ამოქმედდა ვარშავა-სანქტ-პეტერბურგის რკინიგზა. ქალაქის განვითრება ხდებოდა პოლონელთა ეროვნული იდენტობასთან ინტენსიური ბრძოლის პარალელურად. რუსული მმართველობა ხურავდა პოლონურ სკოლებს და მათ ნაცვლად აშენებდა მართლმადიდებლურ ტაძრებს. ეს პოლონელთა წინაარმდეგობას იწვევდა. 1861 წლის 27 თებერვალს გაიმართა საპროტესტო დემონსტრაცია, რომელსაც ქალაქის მმართველობამ ცეცხლი გაუხსნა და 5 ადამიანი დაიღუპა. 1863 წლის 2 იანვარს ახალი პარტიზანული ხასიათის აჯანყება დაიწყო, რომელიც იანვრის აჯანყების სახელითაა ცნობილი. აჯანყებისას შეიქმნა იატაკქვეშა ეროვნული მთავრობა [12] აჯანყების დამარცხებამ პოლონეთის ავტონომიის საბოლოო გაუქმება გამოიწვია. პოლონეთის სამეფო ჩამოყალიბდა ვისლისპირეთის სამეფისნაცვლოს სახით. ვარშავა აღმოჩნდა სიდიდით მესამე ქალაქი რუსეთის იმპერიაში მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. რუსეთთან საზღვრისა და სავაჭრო ბარიერების მოშლამ ეკონომიკური ბუმი და ვაჭრობის ზრდა გამოიწვია, რაც პირველ მსოფლიო ომამდე გაგრძელდა. ქალაქის ეკონომიკური ცენტრი „სამეფო გზისა“ მის გასწვრივ ვითარდებოდა. აქ გაჩნდა სავაჭრო და კულტურული შენობები. 1864 წელს აიგო პირველი რკინის ხიდი ქვის საფუძველზე, ხოლო 1874 და 1908 წლებში - ორი საკრინიგზო ხიდი. 1862 წელს ხელახლა გაიხსნა ვარშავის უნივერსიტეტი, ხოლო 1898 წელს გაიხსნა ტექნიკური უნივერსიტეტი. განსაკუთრებით აღმავლობას განიცდიდა პრაგა. ვითარდებოდა კულტურა და მეცნიერებაც. ამ პერიოდში ვარშავაში მოღვაწე მწერლები იყვნენ ბოლესლავ პრუსი, ჯოზეფ კონრადი და ჰენრიკ სენკევიჩი. ეს უკანასკნელი ვარშავის კათედრალშია დაკრძალული.

განსაკუთრებით აყვავდა ქალაქი რუსი გენერლის, სოკრატეს სტარენკევიჩის მმართველობისას 1875-1892 წლებში. ამ დროს მოეწყო კონკა, გარე განათება, ბუნებრივი აირით მომარაგება. 1881 წელს გაკეთდა წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, რაზეც ინგლისელი ინჟინრები მამა-შვილი ლინლები მუშაობდნენ. სტარენკევიჩმა დააარსა ბრუდნოს სასაფლაო, რომელიც დღემდე ყველაზე დიდი სასაფლაოა ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ სტარენკევიჩი დამპყრობელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო, მისი სახელი ვარშაველებმა ქალაქის ერთ-ერთ მოედანს უწოდეს. 1900 წელს აშენდა ვარშავის ეროვნული ფილარმონია, სადაც იგნაცი იან პადერევსკი მოღვაწეობდა. 1904 წელს აშენდა პირველი ელექტრო სადგური და ქუჩებში ელექტრო განათება დამონტაჟდა. 1908 წელს ამოძრავდა პირველი ტრამვაი, 1914 წელს კი ქალაქის მესამე ხიდი გაიხსნა. 1897 წელს ვარშავის მოსახლეობის 56%-ს პოლონელები, 35,8%-ს ებრაელები და 4,9%-ს რუსები შეადგენდნენ.[13] 1905 წელს ვარშავაში სოციალური გამოსვლები დაიწყო. გამოსვლებს წინ უძღოდა რუსეთის დამარცხება იაპონიასთან ომში და სისხლიანი კვირა სანქტ-პეტერბურგში. აქციების თანაორგანიზატორი იყო როზა ლუქსემბურგი, რომელიც ვარშავაში გაიზარდა.

გერმანული ავიაციის მიერ ქალაქის დაბომბვა პირველი მსოფლიო ომის დროს

პირველი მსოფლიო ომი და მეორე რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, 1915 წელს ვარშავა გერმანიის იმპერიამ აიღო და დაარბია. რუსებმა უკან დახევისას მოშალეს ხიდები და თან წაიღეს იარაღი და აღჭურვილობა, რამაც ქალაქის დაცვა გაართულა. შეიქმნა გერმანიისა და ავსტრიის სატელიტი პოლონეთის სამეფო. გერმანიას პოლონელთა მხარდაჭერა სჭირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ პოლონელთა მიმართ ლიოალური პოლიტიკა გატარდა: აღდგა სწავლება პოლონურ ენაზე, ხელახლა გაიხსნა ვარშავის ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკონომიკის სკოლა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტი. სასიკეთო ცვლილებებიდან უმთავრესი კი ვარშავის ტერიტორიის გაფართოება იყო, რასაც რუსული ადმინისტრაცია ეწინააღმდეგებოდა. 1916 წლის აპრილში ვარშავას 115 კმ² ფართობის მქონე ტერიტორია დაემატა. ამ დროს მოსახლეობა ერთ მილიონს შეადგენდა. ომის დასრულების შემდეგ, 1918 წლის 8 ნოემბერს გერმანულმა შენაერთებმა დატოვეს ქალაქი. ძალაუფლება ხელში მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ აიღო. ეს დღე - 1918 წლის 11 ნოემბერი - პოლონეთის დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. ვარშავა კი პირველად გახდა დამოუკიდებელი პოლონეთის დედაქალაქი.

პოლონეთის მეორე რესპუბლიის პირველი წლები რთული გამოდგა. მიზეზები ბევრი იყო, მათ შორის ჰიპერინფლაცია და პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი 1920 წელს. ბრძოლებს, რომლებიც 13-16 აგვისტოს ვარშავასთან იმართებოდა და სადაც პოლონელებმა მარშალ პილსუდსკის მეთაურობით რუსები მოიგერიეს ვისლას სასწაული ეწოდა. ამ ომში გამარჯვებით პოლონეთმა რევოლუციის ექსპორტის იდეა შეაჩერა. ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა 24 წლით აირიდეს თავიდან კომუნისტური მმართველობა, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც ქუჩებში რევოლუციური ციებ-ცხელება იყო, გადაურჩნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მიუხედავად ამისა, „ვისლას სასწაულის“ სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა მაშინდელ ევროპულ პოლიტიკაში სათანადოდ ვერ იქნა გააზრებული.[14] ამ დღის სახსოვრად 15 აგვისტო პოლუნური არმიის დღედ გამოცხადდა. ომმა წაახალისა პოლონელებსა და რუსებს შორის ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირება, რასაც მოყვა ვარშავაში ყველა მართლმადიდებლური ტაძრის, გარდა ორისა, დანგრევა.

ვარშავის თეატრალური მოედანი 1925 წელს. მარცხნივ იაბლონოვსკის სასახლე, პოლონეთის პრეზიდენტების რეზიდენცია 1918-1939 წლებში

1922 წლის 16 დეკემბერს ზახეტას გალერეაში ფსიქიკური პრობლემების მქონე მხატვარმა ელიგიუშ ნივიადომსკიმ, რომელიც მემარჯვენე მიმართულების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიას მიეკუთვნებოდა, მოკლა პოლონეთის პრეზიდენტი გაბრიელ ნარუტოვიჩი, რომელიც მხოლოდ 5 დღის არჩეული იყო. 1926 წელს, როცა პრეზიდენტ სტანისლავ ვოიცეხოვსკის არც არმისაა და არც ქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა აღარ აღმოაჩნდა, მოხდა მაისის გადატრიალება. ქუჩაში მიმდინარე შეტაკებებში 400-მდე ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა სეირის მაცქერალი იყო.[15] პოლონეთის ერთპიროვნული მმართველი შემდგომი 13 წლის მანძილზე გახდა იუზეფ პილსუდსკი ისე, რომ მას პრეზიდენტის პოსტი არ დაუკავებია.

1925 წელს ვარშავის მოსახლეობა 1 მილიონი ადამიანი იყო. მსოფლიო ომებს შორის ვარშავამ კვლავ სამშენებლო და კულტურული ბუმი განიცადა. 5 წელიწადში ქალაქის სიმდიდრე გაორმაგდა. აშენდა სეიმის ახალი შენობა და შოპენის სახელობის აეროპორტი. მოეწყო ავტობუსებისა და ტროლეიბუსების ქსელი, დაიგეგმა მეტროს მშენებლობა, მოეწყო რადიოსადგური. ამ დროს მოღვაწეობდა ნობელიანტი პოეტი ჩესლავ მილოში. 1939 წლისთვის ვარშავის მოსახლეობამ 1 350 000-ს მიაღწია. 1934 წელს ქალაქის მერად დანიშნეს სტეფან სტაჟინსკი. ის ეფექტიანი ჩინოვნიკი იყო: ებრძოდა ბიუროკრატიასა და კორუფციას, სტაბილური გახადა ქალაქის ბიუჯეტი. თუმცა პოლონელებმა ის ყველაზე მეტად მესამე რაიხის წინააღმდეგ ომში გმირული ბრძოლისთვის შეიყვარეს.[16]

მეორე მსოფლიო ომის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწყვეტი ჯულიენ ბრაიანის ფილმიდან „Siege“ 1939 წელს ვარშავის ბრძოლის შესახებ

1939 წლის სექტემბერში დაიწყო შეჭრა პოლონეთში, რაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს წარმოადგენდა. ქალაქის დაბომბვა პირველ სექტემბერს დაიწყო. სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის უმრავლესობა მარშალ ედვარდ რიც-შმიგლისთან ერთად რუმინეთში გაიქცა და თან წაიღო ძირითადი საბრძოლო აღჭურვილობა. ქალაქის მერმა სტარჟინსკიმ, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, მთელი ძალაუფლება ხელში აიღო, რათა ქაოსი თავიდან აეცილებინა. მან შექმნა სამოქალაქო გვარდია და მუდმივად გამოდიოდა რადიოში ხალხის გამამხნევებელი სიტყვით. 8 სექტემბერს გერმანულმა სატანკო დივიზიამ ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შეუტია, თუმცა ქალაქის გარნიზონმა, რომელშიც საკმაოდ მრავლად იყვნენ მოხალისე სამოქალაქო პირები, ის ოხოტასთან შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ვარშავის მდგომარეობა უიმედო იყო, გერმანელები ადრე თუ გვიან, აიღებდნენ მას, მით უმეტეს, რომ 17 სექტემბერს პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილი საბჭოთა კავშირმა დაიპყრო. მალე მესამე რაიხის არმიამ ქალაქს ალყა შემოარტყა, ქალაქის გარეუბნები სასტიკი ბრძოლების ასპარეზად იქცა. ქალაქი დააზარალა როგორც საარტილერიო, ისე საჰაერო შეტევებმა. დაიღუპა 31 ათასი კაცი, მათგან 25 ათასი სამოქალაქო პირი, დაინგრა ქალაქის განაშენიანების 10 პროცენტი.[4] 1939 წლის 28 სექტემბერს ვარშავამ კაპიტულაცია გამოაცხადა. გესტაპომ დააპატიმრა ქალაქის მერი სტაჟინსკი, რომელიც დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს. თავდაპირველად ქალაქის მოსახლეობამ დამპყრობლებს წინააღმდეგობა გაუწია. წინააღმდეგობა სხვადასხვა ფორმებს იღებდა, დაწყებული საიდუმლო შეკრებებით და დასრულებული საბოტაჟით. შეიქმნა პოლონეთის იატაკქვეშა სახელმწიფო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლონდონში ემიგრირებული მთავრობა და პოლონეთის სახალხო არმია.

გერმანელებს ვარშავის განადგურება ომის დაწყებამდე ჰქონდათ დაგეგმილი. 1939 წლის 20 ივნისს ადოლფ ჰიტლერი სტუმრობდა ვიურცბურგის არქიტექტურულ ბიუროს, სადაც მისი ყურადღება მიიქცია არქიტექტურულმა პროექტმა „ახალი გერმანული ქალაქი — ვარშავა“.[17] ამის შემდეგ მან დაამტკიცა პაბსტის გეგმა — პროექტი, რომელიც გულისხმობდა ვარშავის გადაქცევას პროვინციულ გერმანულ ქალაქად. შესაბამისად, ვარშავის აღებისთანავე დაიწყო რეპრესიები და დაპატიმრებები. ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაუყოვნებლივ დაიხურა. ხალხმრავალ ადგილებში, მაგ რკინიგზის სადგურზე, ალყას შემოარტყამდნენ იმ მომენტისთვის იქ მყოფ ადამიანებს და ყველას იჭერდნენ. დაპატიმრებულებს გზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, იძულებით სამუშაოებზე ან სჯიდნენ სიკდვილით: თავდაპირველად ვარშავის მიმდებარე კამპინოსისა და კაბატის ტყეებში, მოგვიანებით კი საჯაროდ — ქალაქის ქუჩებში. 1943-1944 წლებში შეიქმნა ვარშავის საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც 200 ათასი პოლონელი მოკლეს გაზის კამერაში. ვარშავაში ამჟამად ამ მოვლენათა სახსოვრად უამრავი მონუმენტი დგას.

ვარშავის გეტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წლის ნოემბერში ვერმახტმა ქალაქის ებრაელი მოსახლეობა, რომელიც მთელი მოსახლეობის 30%-ს შეადგენდა, გეტოში შეასახლა.[18] ვარშავის გეტო 300 000 ებრაელით ევროპაში ყველაზე დიდი გეტო იყო.[19]გეტოში მოხვედრილი ებრაელები იხოცებოდნენ არა იმდენად სასჯელების, არამედ შიმშილის გამო. რაციონი ერთ პიროვნებაზე შეიცავდა მხოლოდ 183 კილოკალორიას. 1941 წელს ყველა ებრაელისთვის სავალდებულო გახდა გეტოში ცხოვრება, აიკრძალა გეტოს დატოვება და ვარშაველი ებრაელის დახმარება. ასეთი ქმედებები სიკვდილით ისჯებოდა. მიუხედავად ამისა, ფარულმა ორგანიზაცია „ჟეგოტამ“ ასეულობით ებრაელი გადაარჩინა.

1943 წელს ჰიტლერმა მიიღო გადაწყვეტილება ებრაელთა საკითხის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში გაცემული იყო ბრძანება გეტოს განადგურების შესახებ. 1943 წლის 18 აპრილს დაიწყო ვარშავის გეტოს აჯანყება, რომელსაც მორდეხაი ალენევიჩი და მარეკ ედელმანი ხელმძღვანელობდნენ. მიუხედავად ძალების აშკარა სიმცირისა, აჯანყებამ ერთი თვე გაძლო. აჯანყების დროს დახოცეს 7 ათასამდე ადამიანი, ხოლო ხანძრებში დაიწვა 6 ათასი. აჯანყებას შედეგად მოყვა შუცშტაფელის სადამსჯელო ღონისძიებები: 1943 წლის 16 მაისს გეტო გააუქმეს, ვარშავის დიდი სინაგოგა დაანგრიეს, გაანადგურეს მთელი კვარტალი, სადაც გეტო იყო მოწყობილი, ხოლო ებრაელები ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს და დახოცეს. აჯანყების ხელმძღვანელებმა თავი მოიკლეს, სხვები სიკვდილით დასაჯეს, გადარჩა მხოლოდ მარეკ ედელმანი.

გეტოს გადაწვისა და დანგრევის შესახებ ბრძანების შემსრულებელმა იორგენ შტროპმა ისე ზუსტად შეასრულა დავალება, რომ შენობებისგან კედლებიც არ დარჩა, ომის შემდეგ პოლონელებს ნანგრევები არც გაუწმენდიათ, არამედ მასზე პირდაპირ დააშენეს ახალი შენობები, რაც დღესდღეობით კარგად შესამჩნევია.

ვარშავის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანგრეული ვარშავა, 1945 წლის იანვარი

1944 წლის ივლისში წითელი არმია ვარშავას მიუახლოვდა. პოლონეთის ემიგრირებულმთა მთავრობამ იცოდა, რომ სტალინი არ იყო პოლონეთის დამოუკიდებლობის მომხრე, ამიტომ პოლონეთის სახალხო არმიას ბრძანება მისცა, ეცადათ, ვარშავაზე კონტროლო მანამ მოეპოვებინათ, სანამ მას წითელი არმია დაიკავებდა. ასე დაიწყო 1944 წლის 1 აგვისტოს აჯანყება, პირობითი სახელწოდებით „ქარიშხალი“ რომელსაც ხელმძღვანელობდა ტადეუშ კომოროვსკი. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ მოწყობილი ყველაზე დიდი აჯანყება. მასში ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა. აჯანყებულების განკარგულებაში იყო 16000 ადამიანი, მათგან 3500 იყო შეიარაღებული, ისიც მსუბუქად. აჯანყებულების შემადგენლობაში იყო აჯანყების დასაწყისი წარმატებული იყო, ვერმახტი იძულებული გახდა, დაეთმო ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი. მაგრამ აჯანყება მალე აღმოჩნდა კრიტიკულ სიტუაციაში. წითელი არმია, რომელიც ამ დროს ვისლას მარჯვენა სანაპიროზე, პრაგაში იდგა, აჯანყებას დახმარებას არ უწევდა. სტალინმა ვარშავასთან გაგზავნა ორი სატანკო დივიზია, რომელთაც არ ჰქონდათ ქალაქში ბრძოლის გამოცდილება. გამოუცდელი დივიზიების გაგზავნა შეგნებული ქმედება იყო, რათა საბჭოთა კავშირი მომავალში არ დაედანაშაულებიათ აჯანყების დაუხმარებლობაში. გარდა ამისა, წითელმა არმიამ არ მისცა მოკავშირეებს საკუთარი აეროდრომების გამოყენების უფლება, რაც საშუალებას მისცემდა დასავლეთის ქვეყნებს, მიეწოდებინათ სურსათი და იარაღი ვარშაველი ამბოხებულებისთვის. პოლონეთის სახალხო არმიამ 2 ოქტომბერს კაპიტულაცია გამოაცხადა. აჯანყება, ძირითადად ვაფენ-სს-მა ჩაახშო და მასში 170 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათგან 16 ათასი იყო სამოქალაქო პირი. ჰიტლერი არ დაკმაყოფილდა კაპიტულაციის პირობებით და სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარება ბრძანა. გერმანელებმა გეგმაზომიერად ააფეთქეს ვისლას მარცხენა ნაპირზე იმ დროს ჯერ კიდევ გადარჩენილი შენობები, დაწვეს ან გერმანიაში გაზიდეს სამუზეუმო და საბიბლიოთეკო კოლექციები. განადგურდა ქალაქის ფიზიკური კაპიტალის 85%, მათ შორის ძველი ვარშავა და ვარშავის სამეფო სასახლე.[20] 650 ათასი მოსახლე პრუშკუვის საკონცენტრაციო ბანაკებში ან იძულებით სამუშაოებზე გადაიყვანეს.

1945 წლის 17 იანვარს დაიწყო ვისლა-ოდერის ოპერაცია, რომლის შედეგად წითელმა არმიამ დაიკავა ვარშავის ნანგრევები და გაათავისუფლა ის გერმანული ოკუპაციისგან. 1939-1945 წლებში ჯამში 700 ათასი ვარშაველი დაიღუპა [21] და განადგურდა 45 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება [22]პოლონეთის სახალხო არმიის ცოცხლად გადარჩენილი ჯარისკაცები სსრკ-ის შინსახკომმა დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლა.

პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გათავისუფლებული ვარშავაში შეიქმნა ქალაქის საბჭო, რომელიც კომუნისტურმა პარტიამ დააკომპლექტა. მალე საბჭომ ვარშავის სრული აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. 1945 წლის 17 იანვარს დაარსდა ვარშავის აღდგენის ფონდი. 1945 წლის 1 თებერვალს გამოცხადდა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა. თუმცა ის იურიდიულად მხოლოდ 22 ივლისს შეიქმნა ლუბლინში.

1945 წლის თებერვალში ფონდმა რომან პიოტროვკის ხელმძღვანელობით პირველი აღდგენითი სამუშაოები წამოიწყო. ფონდში მომუშავე არქიტექტორებმა, რომლებიც გატაცებულები იყვნენ ფუნქციონალიზმით და მხარს კომუნისტური რეჟიმი უჭერდათ, გადაწყვიტეს ვარშავის თანამედროვე სტილში, ფართო სივრცეებით აღდგენა. შესაბამისად, მათ სურდათ დაენგრიათ გადარჩენილი შენობები, რომელთა აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. თუმცა ეს იდეები არ განხორციელდა. 1946-1953 წლებში ძველ ვარშავაში, ახალ ვარშავასა და კრაკოვის გარეუბანში ჩატარებული სამუშაოები შეფასდა ისტორიული რეკონსტრუქციის შედევრად და 1980 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად იქნა აღიარებული.[23] ეს სამუშაოები დღედმე მიიჩნევა უდიდეს დაგეგმილ რეკონსტრუქციად მსოფლიოში. ამავდროულად განაშენიანება აღდგა თეატრისა და ბანკის მოედნებზე, ვარშავის სამეფო გზასა და სენატორთა ქუჩაზე. რეკონსტრუქციისას აქტიურად იყენებდნენ იტალიელი მხატვრის, ბერნარდო ბელოტოს მიერ XVIII საუკუნეში შესრულებულ ვარშავის პეიზაჟებს. აღდგენილ სახლებში დაასახლეს არა ამ უბნების ისტორიული მოსახლეობა, არამედ „უბრალო ხალხი“, რომელთაც არ ჰქონდათ გამოცდილება ისტორიულ უბნებში ცხოვრებისა. რეკონსტრუქცია არ შეეხო მხოლოდ ვარშავის სამეფო სასახლეს, რომლის აღდგენა ძვირი და რთული იყო.

კულტურისა და მეცნიერების სასახლე, საბჭოთა დომინაციის სიმბოლო

ქალაქის ბევრი უბნის, მათ შორის ისტორიული უბნების არქიტექტურამ კი სოციალისტური რეალიზმის გავლენა განიცადა. ეს სტილი ვარშავაში 1949-1955 წლებში ბატონობდა და შეერია 30-იან წლებში ვარშავაში გაბატონებულ კლასიციზმს. ახალი ვარშავის სიმბოლოები გახდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გვირაბი, გვირაბი ძველი ქალაქის ქვეშ, დეკადის სტადიონი, კულტურისა და მეცნიერების სასახლე, იმ პერიოდის ევროპის სიმაღლით მეორე ნაგებობა, რომელიც პოლონეთში საბჭოთა კავშირის სიმბოლოდ იქცა. 1951 წელს ვარშავა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რათა საცხოვრისის მზარდი პრობლემა გადაჭრილიყო. 1957 წელს მას შეუერთდა ქალაქი რემბერტუვი. შეერთებულ ტერიტორიებზე შენდებოდა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი მასივები.

1955 წელს ვარშავაში საბჭოთა კავშირის დიქტატით გაფორმდა ვარშავის პაქტი. იმავე წელიწადს ქალაქში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი ჩატარდა. სტალინიზმის ეპოქა დასასრულს, 1956 წლის პოლონური ოქტომბრის შემდეგ პოლონეთის კომუნისტური პარტიის მდივნად ვლადისლავ გომულკა დანიშნეს. გომულკამ მხარი დაუჭირა ლიბერალიზაციას. გომულკა თავდაპირველად პოპულარობით სარგებლობდა, რადგან სტალინიზმის ხანაში ის პატიმარი იყო. ის ბევრ დაპირებას იძლეოდა, თუმცა მისი პოპულარობა მალე დაეცა. ამის შემდეგ მან დაიწყო რეჟიმის თანდათანობითი გამკაცრება. 1968 წელს გომულკამ აკრძალა ადამ მიცკევიჩის ანტირუსული სპექტაკლის დადგმა. ამ აკრძალვამ გამოიწვია 1968 წლის სტუდენტთა გამოსვლები. პროტესტი გასცდა ვარშავის ფარგლებს და მთელ ქვეყანას მოედო. სტუდენტური გამოსვლებს არ უჭერდა მხარს პროლეტარიატი. თუმცა 2 წლის შემდეგ, 1970 წლის დეკემბერში, როცა არმიამ ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს შჩეცინში, გდანსკსა და გდინიაში, ეს ორი სოციალური ფენა გაერთიანდა და თანამშრომლობა დაიწყო. ყველა ამ მიზეზის გამო დასრულდა გომულკას მმართველობა. ის ედვარდ გერეკმა შეცვალა.

1970 წლის 7 დეკემბერს გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა ვარშავაში ვიზიტისას ყველასთვის მოულოდნელად დაიჩოქა ვარშავის გეტოს მსხვერპლთა მემორიალის წინ, რამაც უკეთესობისკენ შეატრიალა გერმანიისა და პოლონეთის ურთიერთობები. გერეკის მმართველობა წინამორბედთან შედარებით უფრო რბილი იყო. ის დათანხმდა ვარშავის სამეფო სასახლის აღდგენას, რისი წინააღმდეგიც იყო გომულკა, მიაჩნდა რა სასახლე ფეოდალიზმისა და ბურჟუაზიის სიმბოლოდ. 1971 წელს შეიქმნა სასახლის აღდგენის კომისია სტანისლავ ლორენცის მეთაურობით და 1971-1974 წლებში განხორციელდა მისი რეკონსტრუქცია. გირეკის დროს აშენდა ვარშავის ცენტრალური სადგური. თუმცა ამ პერიოდის განვითარებას მყიფე საფუძველი ჰქონდა. გირეკი ბევრ საგარეო ვალს იღებდა და მათ ეფექტიანად ვერ განკარგავდა.

1975 წელს შეიქმნა ვარშავის სავოევოდო და ვარშავა მის ცენტრად გამოცხადდა. 1976 წელს ჩამოყალიბდა მშრომელთა დაცვის კომიტეტი, რომელიც შემდგომ მოძრაობა სოლიდარობაში გადაიზარდა. „სოლიდარობამ“ 1980 წლის 10 ნოემბერს ოფიციალურად რეგისტრაცია მოახერხა. კომუნიზმის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა 1979 წლის 2 ივნისს პაპ იოანე-პავლე II-ის ვიზიტმა და 1987 წელს მისმა მესამ დეფიალდების მოედანზე, რომელსაც მილიონი ვარშაველი დაესწრო. 1981 წლის 13 დეკემბერს გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქი სპეციალიზებულმა მოტორიზებულმა შენაერთებმა დაიკავეს. მიუხედავად ამისა, მოძრაობა „სოლიდარობის“ საქმიანობამ შედეგი მოიტანა და 1989 წლის აპრილში პოლონეთის საპრეზიდენტო სასახლეში შეიკრიბა პოლონეთის მრგვალი მაგიდა. მოლაპარაკებების შედეგად „სოლიდარობას“ მიეცა 4 ივნისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს იყო პირველი თავისუფალი არჩევნები ვარშავის პაქტის წევრ ქვეყანათა შორის. სეიმისა და საპრეზიდენტო არჩევნები მოიგეს მოძრაობა სოლიდარობამ და მისმა ლიდერმა, ლეხ ვალენსამ.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სეიმის გადაწყვეტილებით 1990 წლის 18 მაისს აღდგა ვარშავაში საქალაქო თვითმმართველობა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იმავე წლის 27 მაისს 50 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა ქალაქის საბჭოს არჩევნები. ქალაქის მერად აირჩიეს სტანისლავ ვუგანოვსკი. 1991 წლის 7 აპრილს, ნახევარი საუკუნის შემდეგ კვლავ გაიხსნა ვარშავის საფონდო ბირჟა, რომელიც მომდევნო წლებში ცენტრალური ევროპის ლიდერ საფონდო ბირჟად ჩამოყალიბდა. 1995 წელს გაიხსნა ვარშავის მეტროპოლიტენი, რომელიც 1983 წლიდან შენდებოდა. 1994 წელს ქალაქის ტერიტორია 11 რაიონად დაიყო. 2002 წელს განხორციელდა ადმინისტრაციული რეფორმა, ქალაქს შეუერთდა უკიდურესი აღმოსავლეთ გარეუბანი ვესოლა. ვარშავამ მაზოვიეცის სავოევოდოს შემადგენლობაში პოვიატის სტატუსი მიიღო. ხოლო ქალაქის 18 რაიონი თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბდა.

2004 წლიდან, პოლონეთის ვეროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ვარშავა განიცდის თავის ისტორიაში უდიდეს ეკონომიკურ აღმავლობას. ამჟამად ვარშავა ყალიბდება როგორც თანამედროვე მულტიკულტურული ქალაქი და ცენტრალური ევროპის კომერციული და კულტურული ცენტრი. აშენდა ახალი მაღლივი შენობები InterContinental (2003), Rondo 1 (2006) და Cosmopolitan Twarda (2010-2014). 2005 წელს გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ვარშავა იყო 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის, თანამასპინძელი ქალაქი. ვარშავის ეროვნულმა სტადიონმა უმასპინძმა ჩემპიონატის ხუთ შეხვედრას, მათ შორის ჩემპიონატის გახსნას. 2015 წელს ამოქმედდა ვარშავის მეტროპოლიტენის მე-2 ხაზი. 2019 წელს ვარშავის მოსახლეობამ 1,8 მილიონს მიაღწია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Davies, Norman (2005). God's Playground (en). Warsaw: Oxford University Press. ISBN 0199253390. 
  • Marian Marek Drozdowski; Andrzej Zahorski (2004). Historia Warszawy (History of Warsaw). Warsaw. ISBN 83-89632-04-7. 
  • Dobrosław Kobielski (1984). Widoki dawnej Warszawy (Views of Old Warsaw) (pl). Warsaw: Krajowa Agencja Wydawnicza. ISBN 83-03-00702-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dariusz Kaczmarczyk, Kościół Św. Anny, ვარშავა, 1984, გვ. 34.
  2. 2.0 2.1 Kobielski, 1984
  3. The Struggles for Poland (ინგლისური)
  4. 4.0 4.1 Drozdowski, 2004
  5. Baltic campaigns: AD 1700-1706 (ინგლისური)
  6. The Zaluski Collection in Warsaw (ინგლისური)
  7. Michał Rożek, Doris Ronowicz (1988). Cracow: a treasury of Polish culture and art. Interpress Publishers, გვ. 74. ISBN 83-22322-45-3. (ინგლისური)
  8. Cornelia Golna (2004). City of man's desire: a novel of Constantinople. Go-Bos Press, გვ. 318. ISBN 90-80411-44-2.  (ინგლისური)
  9. Madariaga: Catherine the Great: a Short History (Yale) გვ.175
  10. Adam Zamoyski: The Last King of Poland, London, 1992 გვ.429
  11. Rzeź Pragi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2011-06-11. (პოლონური)
  12. Augustin P. O'Brien Petersburg and Warsaw: Scenes Witnessed During a Residence in Poland and Russia in 1863-4
  13. Robert Blobaum, Feliks Dzierzynski and the SDKPIL a study of the origins of Polish Communism, გვ. 57
  14. "Vistula River Victory". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-12. ციტირების თარიღი: 2008-06-12.
  15. Andrzej Garlicki, Przewrót majowy. Warszawa: Czytelnik. 1979 წ. გვ 388. ISBN 83-07-00069-6.
  16. "Błotne kąpiele samorządu Warszawy". Robotnik: გვ. 2. 8 სექტემბერი, 1934.
  17. "Battle for Warsaw". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-15. ციტირების თარიღი: 2011-07-28.(ინგლისური)
  18. "Warsaw". United States Holocaust Memorial Museum
  19. Andrea Löw, Juden im Ghetto Litzmannstadt, Göttingen 2006, s. 7
  20. Warsaw Uprising of 1944 (ინგლისური)
  21. Marek Getter, Straty ludzkie i materialne w powstaniu warszawskim. Warsaw: Instytut Pamięci Narodowej. 2004. ISBN 83-03-00702-5
  22. Zespół Doradców Prezydenta miasta stołecznego Warszawy (2004). "Straty wojenne Warszawy 1939-1945. Raport
  23. Historic Centre of Warsaw