ძველი ეგვიპტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგვიპტე
Hiero O49.png
All Gizah Pyramids.jpg

პირამიდები ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის სიმბოლოა

ოფიც. ენა ეგვიპტური, კოპტური
დედაქალაქები მემფისი, ქაირო, თებე, ალექსანდრია
სისტემა აბსოლუტური მონარქია
მეთაური ფარაონი
ფართობი  ?? ??? კმ²
მოსახლეობა სხვადასხვა დროს ??-მდე
სამეფო დაარსდა დაახ. ძვ. წ. 4000 წ.
არსებობა შეწყვიტა ძვ. წ. 525 წელს.
პირველი ფარაონი მითოლოგიის თანახმად ღვთაება რა
ბოლო მეფე კლეოპატრა VII

ძველი ეგვიპტე (ეგვიპტურად: Hiero O49.png „კემე“ – შავი ქვეყანა) — უძველესი ცივილიზაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ნილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს[1], პირველი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის პოლიტიკური გაერთიანებით, რომელიც მომდევნო სამი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა.[2] მისი ისტორია ითვლის რამდენიმე სტაბილური „სამეფოს“ სერიას, რომლებსაც შედარებითი არასტაბილურობის პერიოდები აცალკევებს (ცნობილი როგორც „გარდამავალი პერიოდები“). ძველმა ეგვიპტემ განვითარების პიკს ახალი სამეფოს პერიოდში მიაღწია, რომლის შემდეგაც ის ხანგრძლივი დაცემის პერიოდში გადადის. გვიანდელ პერიოდში ეგვიპტე თანმიმდევრობით დაპყრობილი ჰყავდა რამდენიმე უცხო სახელმწიფოს. ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ. წ. 31 წელს, როდესაც ეგვიპტე ადრეულმა რომის იმპერიამ დაიპყრო და საკუთარ პროვინციად აქცია.[3]

ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.[4][5]

ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტიანი მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით.[6] ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.

სექციების სია

სახელწოდება

ძველი ეგვიპტის რუკა. ნაჩვენებია დინასტიის პერიოდის მთავარი ქალაქები და ადგილები.

ძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი. ეს სახელი ქალაქს ბერძნებმა უწოდეს, თავად ეგვიპტელები კი მას ჰიკუპტას უწოდებდნენ (ჰეტ-კა-პტაჰ; ქართულად ნიშნავს კა-პტას სახლს). ბერძნებმა მოგვიანებით ჰიკუპტა, ან ჰიკვიპტა მთელ ქვეყანას უწოდეს. თავად ეგვიპტელები კი თავიანთ ქვეყანას შავ ქვეყანას, ანუ კემეს ეძახდნენ.

გეოგრაფიული მდებარეობა

ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები.

ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში იღვრება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.

ისტორია

ძველი ეგვიპტის დინასტიები
წინადინასტიური ეგვიპტე
ადრედინასტიური პერიოდი
ადრეული დინასტიური პერიოდი
ძველი სამეფო
პირველი შუალედური პერიოდი
შუა სამეფო
მეორე შუალედური პერიოდი
ახალი სამეფო
მესამე შუალედური პერიოდი
პირველი სპარსული პერიოდი
გვიანდელი პერიოდი
მეორე სპარსული პერიოდი
პტოლემეების დინასტია
ეგვიპტე ძვ.წ. XV საუკუნეში, თუტმოს III-ის დროს

ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[7] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. I ათასწლეულებში.

პერიოდები ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I - II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X); შუა სამეფო (XI-XII); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII); ახალი სამეფო (XVIII-XX); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII, ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).

გვიანდელი პალეოლოთის პერიოდისთვის ჩრდილოეთ აფრიკის მშრალი კლიმატი თანდათან უფრო ცხელი ხდება, რამაც მოსახლეობა აიძულა ნილოსის ხეობის გასწვრივ მოეყარა თავი, და მას შემდეგ რაც თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ადამიანი ამ რეგიონში დასახლდა შუა პლეისტოცენში დაახ. 120 ათასი წლის წინ, ნილოსი ძველი ეგვიპტის სიცოცხლის წყარო იყო.[8] ნილოსის ნაყოფიერი დაბლობი ადამიანებს დასახლებული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და უფრო კომპლექსური, ცენტრალიზებული საზოგადეობის განვითარების საშუალებას აძლევდა, რაც ადამიანის ცივილიზაციის ისტორიის ქვაკუთხედი გახდა.[9]

წინადინასტიური პერიოდი

წინადინასტიურ და ადრედინასტიურ დროებში ეგვიპტური კლიმატი გაცილებით ნაკლებად მკაცრი იყო, ვიდრე დღეს არის. რეგიონის დიდი ნაწილი დაფარული იყო სავანით, სადაც მრავალრიცხოვანი ბალახმძოვი ჩლიქოსანი ბინადრობდა. ფლორა და ფაუნა გაცილებით მრავალფეროვანი იყო, ხოლო ნილოსი გაცილებით უხვი რაოდენობით წყალს აწოდებდა ვრცელ რეგიონს. ამგვარად ნადირობა ეგვიპტელებისთვის ჩვეული საქმიანობა უნდა ყოფილიყო და ასევე ეს უნდა ყოფილიყო პერიოდი, როდესაც მრავალი ცხოველის მოშინაურება მოხდა.[10]

ტიპიური ჭურჭელი წინადინასტიური პერიოდისთვის

დაახ. ძვ. წ. 5500 წლისთვის ნილოსის ხეობაში მცხოვრები მცირე ტომები აყალიბებენ მყარ სასოფლო-სამეურნეო მართვისა და მეცხოველეობის კულტურათა სერიას, რაც აისახა მათ თიხისა და პირად ნივთებში, როგორიცაა სავარცხლები, სამაჯურები და ყელსაბამები. ამ ადრეულ კულტურათაგან უდიდესი იყო ზემო ეგვიპტეში ბადარი, განთქმული მაღალი ხარისხის კერამიკით, ქვის ინსტრუმენტებითა და სპილენძის ნაკეთობებით.[11]

ჩრდილოეთ ეგვიპტეში ბადარის შემდეგ მოდიოდა ამრატიული და გერციული კულტურები[12], რომელთაც რამდენიმე ტექნოლოგიური გაუმჯობესება ეკუთვნით. გერციულ კულტურის პერიოდში არსებობს ქანაანთან და ბიბლოსის ნაპირთან კონტაქტის მიმანიშნებელი წყაროები.[13]

სამხრეთ ეგვიპტეში, ნაქადას კულტურა, ბადარის მსგავსად, ნილოსის გასწვრივ იწყებს გავრცელებას დაახ. ძვ. წ. 4000 წლისთვის. უკვე ნაქადა I-ის პერიოდში ეგვიპტელებს ობსიდიანი შემოჰქონდათ ეთიოპიიდან, რასაც დანის პირის სალესად იყენებდნენ.[14] დაახ. ათასი წლის პერიოდში ნაქადას კულტურა მცირე ფერმერული თემური წყობილებიდან ძლიერ ცივილიზაციაში გადაიაზარდა, რომლის ლიდერები სრულიად აკონტროლებდნენ ნილოსის ხეობის ხალხებსა და რესურსებს.[15] ხელისუფლების ცენტრის ჰიერაკონპოლისში, შემდეგ კი აბიდოსში დაფუძნებით, ნაქადა III-ის ლიდერები საკუთარ ძალაუფლებას ნილოსის დელტის ჩრდილოეთისკენაც ავრცელებდნენ.[16] ისინი ასევე ვაჭრობდნენ ნუბიასთან სამხრეთით, დასავლეთის უდაბნოს (ლიბიის უდაბნო) ოაზისებთან და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კულტურებთან.[16]

ნაქადას კულტურა ქმნიდა მატერიალური საქონლის მრავალ სახეობას, რაც აისახა მმართველი ელიტის სიმდიდრესა და ძლიერებაზე. მათ შორის იყო მოხატული ჭურჭლები, მაღალი ხარისხის დეკორატიული ქვის ვაზები, კოსმეტიკური პალეტები, ოქროს, სპილოს ძვლისა და ძვირფასი ქვის სამკაულები. მათ ასევე განავითარეს კერამიკის მოხატვის განსაკუთრებული წესი, ცნობილი როგორც ეგვიპტური ფაიენცი, რომელიც ორმაულ პერიოდშიც გამოიყენებოდა ფიგურების, ამულეტებისა და დეკორატიული თასების მოხატვისას.[17] წინადინასტიური პერიოდის ბოლო ფაზაში ნაქადის კულტურამ დაიწყო დაწერილი სიმბოლოების გამოყენება, რომელიც მოგვიანებით ძველეგვიპტური ენის დამწერლობისთვის იეროგლიფების სრულ სისტემაში განვითარდა.[18]

ადრედინასტიური პერიოდი

ნარმერის ფილა აღწერს ორი მიწის გაერთიანებას.

ძვ. წ. მესამე საუკუნეში ეგვიპტელმა ქურუმმა მანეფონმა ფარაონების გრძელი სია მენესიდან საკუთარ დრომდე 30 დინასტიად დააჯგუფა, სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება.[19] მისი ოფიციალური ისტორიის დასაწყისად მან აირჩია მეფე სახელად "მენი" (ან მენესი ბერძნულად), რომელიც იმ დროს მიიჩნეოდა ორი სამეფოს (ქვედა და ზედა ეგვიპტის) გამაერთიანებლად (დაახ. ძვ. წ. 3200 წ.).[20] გაერთიანებულ სახელმწიფოში გარდაქმნა სინამდვილეში გაცილებით ხანგრძლივი პროცესი იყო, ვიდრე ამას ძველი ეგვიპტელები აღწერენ და არ არსებობს დღეისთვის მოღწეული წყარო მენესის არსებობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარის რწმენით მითიური მენესი შეიძლება ყოფილიყო ფარაონი ნარმერი, რომელიც ნარმერის ფილაზე აღწერილია სამეფო რეგალიით გაერთიანების სიმბოლურ აქტში.[21]

ადრედინასტიურ პერიოდში, დაახ. ძვ. წ. 3150 წ., პირველმა დინასტიურმა ფარაონებმა საკუთარი ძალაუფლება დაამყარეს ქვემო ეგვიპტეში დედაქალაქის მემფისში დაფუძნებით, საიდანაც მათ შეეძლოთ სამუშაო ძალისა და სოფლის მეურნეობის კონტროლო ნაყოფიერი დელტის რეგიონსა და ხელსაყრელ, ასევე კრიტიკულ, სავაჭრო გზებზე ლევანტისკენ. ფარაონების მზარდი ძლიერება და სიმდიდრე ადრედინასტიურ პერიოდში გამოიხატება მათ რთულ მასტაბა აკლდამებსა და აბიდოსის საკულტო ნაგებობებში, რომლებსაც გარდაცვლილი ფარაონების სადიდებლად იყენებდნენ.[22] ფარაონების მიერ განვითარებული ძლიერი სამეფო ინსტიტუტი ემსახურებოდა მიწაზე, მუშახელსა და რესურსებზე სახელმწიფო კონტოლის ლეგიტიმიზაციას, რაც ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობასა და ძლიერებას უზრუნველყოფდა.[23]

ძველი სამეფო

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეგვიპტის ძველი სამეფო.

ძველი სამეფოს პერიოდში მოხდა საოცარი დაწინაურება არქიტექტურაში, ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში, რასაც ხელს უმართავდა მზარდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა, რაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა კარგად განვითარებულმა ცენტრალურმა ადმინისტრაციამ.[24] ვეზირის ზედამხედველობით სახელმწიფო მოხელეები აგროვებდნენ გადასახადებს, კოორდინირებას უწევდნენ საირიგაციო პროექტებს მოსავლის გაზრდისთვის, გაჰყავდათ გლეხები სამშენებლო სამუშაოებზე და განავითარეს სისხლის სამართლის კოდექსის სისტემა, რაც მშვიდობასა და წესრიგს უზრუნველყოფდა.[25] პროდუქტიული და სტაბილური ეკონომოკის მოწეული ზედმეტი რესურსებით სახელმწიფოს საშუალება ეძლეოდა კოლოსალური მონუმენტების მშენებლობა დაეფინანსებინა. დიოსერის, ხუფუსა და მათი მემკვიდრეების მიერ აგებული პირამიდები ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოებია, რაც ამავე დროს იმ ფარაონების სიძლიერის მაჩვენებელია, რომლებიც ამ კულტურას მართავდნენ.

ცენტრალური ადმინისტრაციის მზარდი მნიშვნელობის პარალელურად განვითარდა განათლებულ მწერალთა და სახელმწიფო მოხელეთა ახალი კლასი, რომელთაც ფარაონები მათი სამსახურისთვის მამულებს ჩუქნიდა. ფარაონები მამულებს ჩუქნიდნენ მათი სიკვდილისშემდგომ კულტებსა და ადგილობრივ ტაძრებს, რათა უზრუნველეყოთ ამ საკულტო კერების საარსებო წყარო. ძველი სამეფოს დასასრულს, ამგვარი ფეოდალური პრაქტიკის ხუთმა საუკუნემ ნელ-ნელა საფუძველი გამაცალა ფარაონების ეკონომიკურ ძალაუფლებას, რომლებსად უკვე აღარ ძალუძდათ ძლიერი ცენტრალიზებული ადმინისტრაციის მხარდაჭერა.[26] ფარაონების ძლიერების დაკნინების პარალელურად, რეგიონულმა მმართველებმა, რომელთაც ნომარქებს უწოდებენ, ფარაონს უზენაესობას ეცილებოდნენ. ამან, ძვ. წ. 2200 და 2150 წლებს შორის მომხდარ მკაცრ უწყლობასთან ერთად[27], ქვეყანა 140-წლიანი შიმშილისა და არეულობის პერიოდში შეიყვანა, რასაც პირველი შუა პერიოდი ქვია.[28]

პირველი გარდამავალი პერიოდი

ძველი სამეფოს ბოლოს ეგვიპტის ცენტრალური მთავრობის დაშლის შემდეგ, ადმინისტრაციას უკვე აღარ ძალუძდა ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერა ან რეგულირება. რეგიონულ მმართველებს აღარ ჰქონდათ კრიზისის პერიოდში მეფის მხარდაჭერის იმედი, რასაც შედეგად საკვების ნაკლებობა და პოლიტიკური უთანხმოება მოჰყვა. დაიწყო შიმშილობა და მცირე მასშტაბის სამოქალაქო ომები. თუმცა მიუხედავად რთული პრობლემებისა, ადგილობრივი ლიდერები, რომლებიც ფარაონს აღარ ემორჩილებოდნენ, მათ ახლადნაპოვნ დამოუკიდებლობას იყენებდნენ პროვინციული კულტურული აღმავლობისთვის. საკუთარ რესურსებზე ადგილობრივი კონტროლის მოპოვებით პროვინციები ეკონომიკურად გამდიდრდა, ფაქტი, რომელიც აისახა ყველა სოციალური კლასის გაუმჯობესებულ დაკრძალვის ცერემონიებში.[29] შემოქმედებითმა თავისუფლებამ საშუალება მისცა პროვინციელ ხელოსნებს ადგილობრივი კულტურული მოტივები გამოეყენებინათ საკუთარ ნახელავში, რაც ადრე მხოლოდ ძველი სამეფოს კარის პრივილეგია იყო. მწერლებმა კი განავითარეს სალიტერატურო სტილი, სადაც ამ პერიოდის ოტპიმიზმი და ორიგინალობა გამოხატეს.[30]

ფარაონის გავლენის სფეროდან თავდაღწეულმა ადგილობრივმა მმართველებმა დაიწყეს ერთმანეთთან ტერიტორიული კონტროლისა და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ქიშპობა. ძვ. წ. 2160 წლისთვის ჰერაკლეოპოლისის მმართველები აკონტროლებდნენ ქვემო ეგვიპტეს, ხოლო მათი მოქიშპე კლანი თებედან, ინტეფის ოჯახი, ზემო ეგვიპტეზე პატონობდა. ინტეფის ძალაუფლების ზრდამ და მათი გავლენის ჩრდილოეთისკენ გავრცელებამ ამ ორ კლანს შორის შეჯახება გარდაუვალი გახადა. ძვ. წ. 2055 წლისთვის თებეს ჯარები მენტუჰოტეპ II-ის მეთაურობით საბოლოოდ ამარცხებენ ჰერაკლეოპოლიტელ მმართველებს, აერთიანებენ ორივე მიწას და დასაბამს უდებენ ეკონომიკური და კულტურული აღორძინების პერიოდს, რომელიც ცნობილია როგორც შუა სამეფო.[31]

შუა სამეფო

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შუა სამეფო (ეგვიპტე).
ამენემჰატ III, შუა სამეფოს ბოლო დიდი მმართველი

შუა სამეფოს ფარაონებმა ქვეყნის სტაბილურობა და ძლიერება აღადგინეს, რამაც სტიმული მისცა ხელოვნების, ლიტერატურისა და მონუმენტური სამშენებლო პროექტების წამოწყებას.[32] მენტუჰოტეპ II და მისი მე-11 დინასტიის მემკვიდრეები ქვეყანას თებედან მართავდნენ, მაგრამ ვეზირმა ამენემჰეტ I-მა მე-12 დინასტიის დასაწყისში გამეფებისას დაახ. ძვ. წ. 1985 წელს, ქვეყნის დედაქალაქი იტიტავიში გადაიტანა, რომელიც ფაიუმის ოაზისში მდებარეობდა.[33] იტიტავიდან, მე-12 დინასტიის ფარაონებმა წამოიწყეს შორს გამიზნული საირიგაციო სისტემის მშენებლობა, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდას უზრუნველყოფდა. ამასთან, ფარაონის ჯარებმა ნუბიელებს წაართვეს ოქროს საბადოებით მდიდარი ტერიტორიები, ხოლო პარალელურად მუშახელი აღმოსავლეთ დელტაზე აგებდა დამცავ სტრუქტურას, სახელად "მმართველის კედელი", გარე მტრისგან თავის დასაცავად.[34]

სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოების დამყარებითა და ვრცელი სასოფლო-სამეურნეო და მინერალური სიმდიდრით, ქვეყნის მოსახლეობა, ხელოვნება და რელიგია კვლავ აყვავდა. ძველი სამეფოს ღმერთების მიმართ ელიტისტური დამოკიდებულების ნაცვლად, შუა სამეფოში განვითარდა საიქიოს ე. წ. დემოკრატიზებული მოდელი, სადაც ყველა ადამიანს გააჩნდა სული და სიკვიდლის შემდეგ ყველას შეეძლო საიქიო განსასვენებელში მოხვედრა.[35] შუა სამეფოს ლიტერატურაში თემები უფრო დაიხვეწა, პერსონაჟები აღწერილია უფრო დამაჯერებელი, მრავალფეროვანი სტილით,[30], ხოლო რელიეფური და პორტრეტული ქანდაკებები ამ პერიოდში ხაზს უსვამს ინდივიდუალურ დეტალებს, რამაც ტექნიკური დახვეწის ახალ სიმაღლეებს მიაღწია.[36]

შუა სამეფოს ბოლო დიდი მმართველი ამენემჰეტ III აზიელ ჩამოსულებს დელტის რეგიონში დასახლების უფლებას აძლევდა, რათა საკმარისი მუშახელი ჰყოლოდა მაღაროებისა და სამშენებლო კამპანიებისთვის. თუმცა ეს ამბიციური პროექტები, რასაც თან დაერთო ნილოსისგან მკვეთრად შემცირებული წყალმომარაგება მისი მმართველობის გვიანდელ პერიოდში, ეკონომიკას მძიმედ დააწვა და დაკნინების პერიოდის დაწყებას შეუწყო ხელი, რაც შემდეგ მე-13 და მე-14 დინასტიების მეორე შუა პერიოდში გადაიზარდა. ამ დაკნინების პერიოდში უცხოელმა აზიურმა მოსახლეებმა დელტის რეგიონის კონტროლი ჩაიგდეს ხელთ და საბოლოოდ ეგვიპტის მმართველობაში მოვიდნენ, როგორც ჰიქსოსები.[37]

მეორე გარდამავალი პერიოდი და ჰიქსოსი

დაახ. ძვ. წ. 1650 წელს შუა სამეფოს ფარაონთა ძალაუფლება შესუსტდა. აღმოსავლეთ დელტაზე ქალაქ ავარისში მცხოვრებმა აზიელმა იმიგრანტებმა ხელთ იგდეს რეგიონი და ცენტრალურ მთავრობას თებესკენ დაახევინეს, ფარაონები კი ვასალებად აქციეს და ხარკი დაუწესეს.[38] ჰიქსოსებმა ("უცხოელი მმართველები") მმართველობის ეგვიპტური მოდელი გადმოიღეს და თავი ფარაონებად გამოაცხადეს, რითაც საკუთარ შუა ბრინჯაოს ხანის კულტურაში ეგვიპტური ელემენტები შემოიღეს.[39]

უკან დახევის შემდეგ თებეელი მეფეები ჩრდილოეთით ჰიქსოსისა და სამხრეთით მათ ნუბიელ მოკავშირეებს შორის მოექცნენ. დაახლოებით ასწლიანი უმოქმედობის შემდეგ ძვ. წ. 1555 წელს თებეელებმა საკმარისი ძალები მოიკრიბეს ჰიქსოსელებთან შესაწინააღმდეგებლად სამხედრო კამპანიაში, რომელიც 30 წელზე მეტს გაგრძელდა.[38] ფარაონებმა სექენენრე ტაო II-მ და კამოსემ ბოლოსდაბოლოს შეძლეს ნუბიელების დამარცხება, თუმცა მხოლოდ კამოსეს მემკვიდრემ, აჰმოსე I-მა, შეძლო რამდენიმე წარმატებული კამპანიის შედეგად ჰიქსოსების ეგვიპტიდან საბოლოოდ განდევნა. მას შემდეგ აღმოცენებულ ახალ სამეფოში სამხედრო ძლიერება ფარაონების მთავარი პრიორიტეტი გახდა ეგვიპტის საზღვრების გაფართოებასა და ახლო აღმოსავლეთზე მისი ძლიერების განსამტკიცებლად.[40]

ძველი ეგვიპტის მმართველობაში მყოფი მაქსიმალური ტერიტორია (ძვ. წ. XV ს.)

ახალი სამეფო

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ახალი სამეფო.

ახალი სამეფოს ფარაონებმა მანამდე არნახული ძლიერების პერიოდი დაამყარეს საკუთარი საზღვრებისა და მეზობლებთან დიპლომატიური ურთიერთობების გამყარებით. თუტმოს I-ისა და მისი შვილიშვილი თუტმოს III-ის მიერ წარმოებულმა სამხედრო კამპანიებმა ფარაონების გავლენა სირიასა და ნუბიაზე გაავრცელა, გაამყარა რა მათი ლოიალობა და ხელმისაწვდომი გახადა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსები, როგორიცაა ბრინჯაო და ხე-ტყე.[41] ახალი სამეფოს ფარაონებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი სამშენებლო კამპანია ღმერთი ამუნის სადიდებლად, რომლის მზარდი კულტი კარნაკს ეფუძნებოდა. მათ ასევე ააგეს საკუთარი მიღწევების, როგორც რეალური ისე წარმოსახვითი, სადიდებელი მონუმენტები. ქალი ფარაონი ჰატშეფსუტი ამგვარ პროპაგანდას იყენებდა ტახტზე საკუთარი უფლების ლეგიტიმიზებისთვის.[42] მისი წარმატებული მმართველობის პერიოდში განხორციელდა სავაჭრო ექსპედიციები პუნტის მიწაზე, ელეგანტური უკვდავების ტაძარი, კოლოსალურ ობელისკთა წყვილი და კარნაკის კაპელა. მიუხედავად ამ მიღწევებისა, მისმა ძმისშვილმა-შვილობილმა თუთმოს III-მ საკუთარი მმართველობის პერიოდში ჰატშეფსუტის მემკვიდრეობის თითქმის სრულიად წაშლა სცადა, სავარაუდოდ საკუთარი ტახტის უზურპაციისთვის.[43]

რამზეს II-ის ოთხი კოლოსალური ქანდაკება აბუ სიმბელის ტაძრის შესასვლელთან.

დაახ. ძვ. წ. 1350 წელს ახალი სამეფოს სტაბილურობას საფუძველი შეურყია ამენჰოტეპ IV-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მის მიერ გატარებულმა რადიკალური და ქაოტური რეფორმების სერიამ. საკუთარი სახელის ახენატენით შეცვლით მან მანამდე ნაკლებად ცნობილი მზის ღმერთი ატენი უზენაეს ღვთაებად შერაცხა, აკრძალა დანარჩენი ღვთაებების მსახურება და ქურუმებზე გაილაშქრა.[44] დედაქალაქის ახალ ქალაქ ახეტატენში (თანამედროვე ამარნა) გადატანით მან საგარეო საქმეები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და საკუთარი თავი ახალ რელიგიას და არტისტულ სტილს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ატენის კულტი სწრაფად დაივიწყეს, ხოლო მისმა შემდგომმა ფარაონებმა ტუტანხამონმა, აიმ და ჰორემჰებმა სრულიად წაშალეს მისი მკრეხელობის ხსენება, რომელიც ამჟამად ამარნას პერიოდით არის ცნობილი.[45]

დაახ. ძვ. წ. 1279 წელს, რამზეს II, ასევე ცნობილი როგორც რამზეს დიდი, ადის ტახტზე და უფრო მეტი ტაძრების და ობელისკების მშენებლობას იწყებს. ფარაონების ისტორიაში მას ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა.[46] გამჭრიახი სამხედრო მმართველი რამზეს II მის არმიას უძღოდა ჰიტიტთა წინააღმდეგ ბრძოლაში კადეშთან და საბოლოოდ დათანხმდა ისტორიაში პირველ საზავო ხელშეკრულებაზე ძვ. წ. 1258 წელს.[47]

თუმცა ეგვიპტის სიმდიდრე მაცდური სამიზნე გახდა უცხოელი დამპყრობლებისთვის, განსაკუთრებით ძველი ლიბიელებისა და ზღვის ხალხისთვის. თავდაპირველად ეგვიპტელთა სამხედო ძალები წარმატებით უმკლავდებოდნენ შემოსევებს, თუმცა საბოლოოდ ეგვიპტემ სირიასა და პალესტინაზე გავლენა დაკარგა. გარე საფრთხის გავლენას განსაკუთრებით ამძაფრებდა საშინაო პრობლემები — კორუფცია, აკლდამების ძარცვა და სამოქალაქო არეულობა. ამუნის ტაძრის უმაღლესი ქურუმები თებეში ვრცელ მამულებსა და უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობდნენ და მათმა მზარდმა ძალაუფლებამ ქვეყანა მესამე გარდამავალ პერიოდში შეიყვანა.[48]

დაახ. ძვ. წ. 730 წელს ლიბიელები დასავლეთიდან ქვეყნის ერთიანობას ძირს უთხრიან.

მესამე გარდამავალი პერიოდი

ძვ. წ. 1078 წელს რამზეს XI-ის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილზე განმგებლობას სმენედესი იგდებს ხელთ, რომელსაც ქალაქ ტანისიდან მართავს. სამხრეთს განაგებდა თებეს ამუნის უმაღლეს ქურუმთა საბჭო, რომელიც სმენდესს მხოლოდ ნომინალურად ცნობდა.[49] ამ პერიოდში დასავლეთ დელტაზე ლიბიელები იწყებენ ჩასახლებას, ხოლო ამ ახალმოსახლეთა მმართველები საკუთარი ავტონომიის გაფართოებას იწყებენ. ძვ. წ. 945 წელს ლიბიელმა მეფისწულებმა შოშენქ I-ის მეთაურობით დელტა დაიპყრეს და ე. წ. ლიბიური ან ბუბასტიტთა დინასტია დაამყარეს, რომელიც შემდგომი 200 წელი განაგებდა. შოშენქმა სამხრეთ ეგვიპტეზეც მოიპოვა გავლენა საკუთარი ოჯახის წევრების მნიშვნელოვან რელიგიურ თანამდებობებზე დანიშვნით. ლიბიელთა ბატონობა შესუსტდა დელტაზე ლეონტოპოლისის მოპაექრე დინასტიის გაძლიერებითა და სამხრეთიდან კუშიტების შემოტევით. ძვ. წ. 727 წლისთვის კუშიტთა მეფე პიემ ჩრდილოეთისკენ გამოილაშქრა და ჯერ თებე ჩაიგდო ხელთ, შემდეგ კი მთელი დელტა.[50]

ეგვიპტის უსაზღვრო პრესტიჟი მნიშვნელოვნად შეილახა მესამე გარდამავალი პერიოდის ბოლოსთვის. მისი საგარეო მოკავშირეები ასირიის გავლენის სფეროში მოექცნენ და ძვ. წ. 700 წლისთვის ომი ამ ორ ქვეყანას შორის გარდაუვალი გახდა. ძვ. წ. 671-667 წლებს შორის ასირიელები ეგვიპტეში შეიჭრნენ. კუშიტი მეფეების ტაჰარქასა და მისი მემკვიდრე ტანუტამუნის მმართველობის პერიოდი ასირიელებთან ომებს დაეთმო. ნუბიელმა მმართველებმა რამდენიმე გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.[51] თუმცა, საბოლოოდ, ასირიელებმა კუშიტებს ნიბიისკენ დაახევინეს, დაიპყრეს მემფისი და თებეს ტაძრები გაძარცვეს.[52]

გვიანი პერიოდი

ასირიელებს ეგვიპტის მუდმივად დაპყრობის გეგმა არ ჰქონიათ და ქვეყნის კონტოლი ვასალთა კლანს დაუთმეს, რომლებიც ოცდამეექვსე დინასტიის საისელი მეფეების სახელით გახდნენ ცნობილი. ძვ. წ. 653 წლისთვის საისელმა მეფე ფსამტიკ I-მა ბერძენი მეკობრეების დახმარებით, რომლებიც ეგვიპტის პირველი ფლოტის ჩამოსაყალიბებლად დაიქირავა, ასირიელების განდევნა შეძლო. ბერძენთა გავლენა მნიშვნელოვნად გაფართოვდა დელტაზე ქალაქ ნაუკრატისის დაარსების შემდეგ. საისელი მეფეები ახალი დედაქალაქი საისიდან მართავდნენ ქვეყანას, რომელმაც მოკლე, თუმცა ნაყოფიერი კულტურული და ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი განიცადა. ძვ. წ. 525 წელს გაძლიერებულმა სპარსელებმა კამბისეს II-ის მეთაურობით ეგვიპტეზე გამოილაშქრეს და საბოლოოდ პალესიუმთან ბრძოლაში ფსამტიკ III შეიპყრეს. კამბისეს II-მ ფორმალურად ფარაონის ტიტული შეითავსა, თუმცა ეგვიპტეს საკუთარი დედაქალაქი სუსადან განაგებდა. ძვ. წ. V საუკუნე სპარსელებთა წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყებით აღინიშნა, თუმცა ეგვიპტელებმა მათი ქვეყნიდან სამუდამოდ განდევნა ვერ მოახერხეს.[53]

სპარსეთის მიერ ანექსიის შემდეგ ეგვიპტე კვიპროსსა და ფინიკიასთან ერთად აქამენიდთა იმპერიის მეექვსე სატრაპის ნაწილი გახდა. სპარსელთა მმართველობის პირველი პერიოდი, ცნობილი როგორც ოცდამეშვიდე დინასტია, ძვ. წ. 402 წელს დასრულდა. ძვ. წ. 380-343 წლებში ქვეყანას ეგვიპტის დინასტიური სამეფო სახლის ბოლო, ოცდამეათე დინასტია განაგებს, რომელიც ნექტანებო II-ის მმართველობით დასრულდა. სპარსელთა მმართველობა მოკლე ხნით აღდგა ოცდამეთერთმეტე დინასტიით, რომელიც ძვ. წ. 343 წელს დაიწყო, თუმცა ორ წელიწადში სპარსეთის მმართველმა მაზაკესმა ეგვიპტე ალექსანდრე დიდს დაუთმო უბრძოლველად.[54]

პტოლემეების დინასტია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პტოლემეების დინასტია.

ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე დიდმა ეგვიპტე სპარსელთაგან მცირე წინააღმდეგობით დაიპყრო და ეგვიპტელთა მიერ მხსნელის სახით იქნა მიღებული. ალექსანდრეს მემკვიდრეების, პტოლემეების, მიერ დაწესებული ადმინისტრაცია ეგვიპტურ მოდელს ემყარებოდა და ახალი დედაქალაქი ალექსანდრიიდან იმართებოდა. ქალაქი ბერძნული მმართველობის ძლიერების და პრესტიჟის მაგალითი უნდა გამხდარიყო და ამიტომ განათლებისა და კულტურის კერა გახდა, ცენტრით განთქმულ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში.[55] ალექსანდრიის შუქურა გზას უნათებდა ქალაქში სავაჭროდ მომავალ მრავალ ხომალდს. პტოლემეებმა ვაჭრობა და მომგებიანი წარმოება გააჩაღეს რეგიონში პაპირუსის მანუფაქტურების წახალისებით, რაც მთავარ პრიორიტეტად მიიჩნეოდა.[56]

ეგვიპტური კულტურა ბერძნული კულტურით არ ჩანაცვლებულა, ვინაიდან პტოლემეები ცდილობდნენ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრაციდიები დაიცვათ, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის გული უნდა მოეგოთ. მათ ახალი ტაძრები ააგეს ეგვიპტურ სტილში, ხელს უწყობდნენ ტრადიციულ კულტებს და საკუთარ თავს ფარაონების სახით წარმოაჩენდნენ. ზოგიერთი ტრადიცია ერთმანეთს შეეწყა, ვინაიდან ბერძნული და ეგვიპტური ღმერთები სინკრეტიზებულ იქნა კომპოზიტ ღვთაებებში, როგორიცაა სერაფისი, ხოლო კლასიკური ბერძნული ქანდაკების ფორმები გავლენას ახდენს ტრადიციულ ეგვიპტურ მოტივებზე.

ეგვიპტელების გულის მოგების მცდელობის მიუხედავად პტოლემეებს გამუდმებით უწევდათ ადგილობრივთა აჯანყებებისა და შინა წინააღმდეგობების მოგერიება, რომლებიც მომძლავრდა პტოლემეოს IV-ის გარდაცვალების შემდეგ.[57] პარალელურად, ვინაიდან ძველი რომი ძლიერ იყო დამოკიდებული ეგვიპტიდან ხორბლის იმპორტზე, რომალები დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. განუწყვეტელი აჯანყებები, ამბიციური პოლიტიკოსები და ძლიერი სირიელი ოპონენტები სიტუაციას უკიდურესად ძაბავდნენ, რამაც რომი აიძულა ჯარები გაეგზავნა ამ ქვეყნის საკუთარ პროვინციად შემოსამტკიცებლად.[58]

რომაელთა გავლენა

ფაიუმის პორტრეტები ეგვიპტური და რომაული კულტურების თანხვერდის თვალსაჩინო ნიმუშია.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რომაული ეგვიპტის ისტორია.

ეგვიპტე რომის იმპერიის პროვინცია ძვ. წ. 30 წელს გახდა, ოქტავიანეს (მოგვიანებით იმპერატორი ავგუსტუსი) მიერ მარკუს ანტონიუსისა და პტოლემეური დედოფალი კლეოპატრა VII-ის დამარცხებით აქციუმის ბრძოლაში. რომაელები ძლიერ იყვნენ დამოკიდებული ეგვიპტიდან ხორბლის იმპორტზე, რის გამოც რომაულ არმიას მკაცრი სადამსჯელო კამპანიის ჩატარება მოუხდა, იმპერატორის მიერ დანიშნული პრეფექტის კონტროლით. მათ გაამკაცრეს გადასახადებების შეგროვება და ჩააცხრეს ბანდიტების შემოტევები, რაც იმ პერიოდის უმძიმესი პრობლემა იყო.[59] ალექსანდრია აღმოსავლეთთან ვაჭრობის მზარდი მნიშვნელობის ცენტრი გახდა, ვინაიდან ეგზოტიკური ფუფუნების საგნებზე რომში დიდი მოთხოვნა იყო.[60]

მიუხედავად იმისა, რომ რომაელები ეგვიპტელთა მიმართ გაცილებით მტრულად იყვნენ განწყობილი, ვიდრე ბერძნები, ზოგიერთი ტრადიცია, როგორიცაა მუმიფიცირება და ტრადიციული ღვთისმსახურება, შენარჩუნებულ იქნა.[61] ფაიუმის პორტრეტის ხელოვნება აყვავდა, ხოლო ზოგიერთი რომაელი იმპერატორი საკუთარ თავს ფარაონის სახითაც კი გამოსახავდა, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც ეს პტოლემეების პერიოდში ხდებოდა. რომაელი იმპერატორები ეგვიპტის გარეთ ცხოვრობდნენ და ეგვიპტური მეფეების ცერემონიულ ფუნქციებს არ ატარებდნენ. ადგილობრივი ადმინისტრაცია რომაულ სტილს მოერგო და ეგვიპტელებისთვის ხელმიუწვდომი გახდა.[61]

ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის შუა წლებიდან ალექსანდრიაში ფეხს ქრისტიანობა იკიდებს, როგორც ახალი კულტი. თუმცა ეს არაკომპრომისული რელიგია იყო, რომელიც კერპთაყვანისმცემელთა მოქცევას ცდილობდა, რაც პოპულარულ რელიგიურ ტრადიციებს საფრთხეს უქმნიდა. შედეგად დაიწყო ქრისტიანობაზე მოქცეულთა დევნა, რამაც კულმინაციას 303 წელს დაწყებულ დიოკლეტიანეს დიდ წმენდაში მიაღწია, თუმცა საბოლოოდ ქრისტიანობამ გაიმარჯვა.[62] 391 წელს ქრისტიანმა იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა შემოიღო კანონმდებლობა, რომელიც კერპთაყვანისმცემლობას კრძალავდა და დახურა ტაძრები.[63] ალექსანდრია დიდი კერპთსაწინააღმდეგო არეულობების სცენა გახდა, რომლის დროსაც მრავალი საზოგადო და კერძო რელიგიური საკულტო შენობა თუ ნივთი განადგურდა.[64] შედეგად, ეგვიპტის კერპთმსახურების კულტურა დროთა განმავლობაში დაკნინდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მშობლიურ ენაზე აგრძელებდა ლაპარაკს, იეროგლიფების დამწერლობის წაკითხვის უნარი თანდათან გაქრა. ეგვიპტური ტაძრის ქურუმთა როლიც დაკნინდა. ეს ტაძრები ხშირად ეკლესიებად იქცა ან სრულიად მიტოვებულ იქნა უდაბნოში.[65]

მმართველობა და ეკონომიკა

სასამართლო სისტემა

სასამართლო-იურიდიული სისტემის მეთაური ოფიციალურად ფარაონი იყო, რომელიც აწესებდა კანონებს, განაგებდა მართლმსაჯულებას და კანონსა და წესრიგს იცავდა, კონცეფცია, რომელსაც ძველი ეგვიპტელები მა'ატს უწოდებდნენ.[66] მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპტის სამართლებრივი კოდექსის დოკუმენტური მასალა დღემდე არ შემორჩენილა, სასამართლო დოკუმენტებში ნაჩვენებია, რომ ეგვიპტური კანონები ეფუძნებოდა ზოგად მოსაზრებებს ჭეშმარიტებასა და მცდარზე და მნიშვნელობას ანიჭებდა შეთანხმების მიღწევასა და კონფლიქტების გადაჭრას, დოგმატურ კოდექსებზე მკაცრად დაყრდნობის ნაცვლად.[67] ადგილობრივი საბჭოს უხუცესები, ცნობილი როგორც "კენბეტები" ახალ სამეფოში, პასუხისმგებელი იყვნენ სასამართლო სამსჯავრის გამოტანაზე, რომლებიც მოიცავდა მცირე მნიშვნელობის უთანხმოებებსა და საჩივრებს.[66] უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც მოიცავდა მკვლელობას, მნიშვნელოვან სამამულო გარიგებებს და აკლდამების ძარცვას, იხილავდა "დიდი კენბეტი", რომელსაც ვეზირი ან თავად ფარაონი განაგებდა. მოსარჩლეები და მომჩივანები საკუთარ თავს წარადგენდნენ და ვალდებული იყვნენ ფიცი დაედოთ სიმართლეზე. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო ასრულებდა, როგორც განმსჯელის, ისე მოსამართლის როლს, და შეეძლო მსჯავრდებული ცემით ეწამებინა აღიარების მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სერიოზული იყო საქმე, სასამართლოს მწერლები საჩივრებს, ჩვენებებსა და განაჩენს დეტალურად იწერდნენ სამომავლო საქმეების სამაგალითოდ.[68]

მცირე დანაშაულისთვის სასჯელი მოიცავდა ჯარიმის დაწესებას, ცემას, სახეზე დაღდასმას, ან განდევნას. სერიოზული დანაშაული (მაგ. მკვლელობა ან სარკოფაგის გაძარცვა) ისჯებოდა ეგზეკუციით, რომელიც გამოიხატებოდა სხეულის ნაწილების მოჭრით, დახრჩობით ან მსჯავრდებულის კოცონზე დაწვით. სასჯელი შეიძლება გავრცელებულიყო დამნაშავის ოჯახზეც.[66] ახალ სამეფოში სასამართლო სისტემაში დიდ როლს თამაშობდა ორაკული. პროცედურა მოიცავდა ღმერთისთვის "ჰო" ან "არა" კითხვის დასმას განხილვის საკითხის სიმართლის ან მცდარობის დასადგენად. ღმერთი, ქურუმთა მეშვეობით, მართლმსაჯულებას გამოხატავდა ერთის ან მეორის არჩევით, როგოც წესი პაპირუსის ნაჭერზე ან ოსტრაკონზე დაწერილ პასუხთაგან ერთ-ერთის არჩევით.[69]

ადმინისტრაცია და კომერცია

ფარაონს ჩვეულებისამებრ გამოხატავდნენ სამეფო და ძლიერების სიმბოლოებით.

ფარაონი ქვეყნის აბსოლუტური მონარქი იყო და, სულ მცირე თეორიულად მაინც, ქვეყანასა და მის რესურსებს სრულად განაგებდა. მეფე უზენაესი სამხედრო მბრძანებელი და მთავრობის მეთაური იყო, რომელიც ბიუროკრატიული კორპუსის ოფიცრებს ეყრდნობოდა საშინაო საქმეების განხორციელებაში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო მისი მოადგილე, ვეზირი, რომელიც მეფის წარმომადგენლის როლს ასრულებდა და კოორდინირებას უწევდა მიწის კვლევას, ხაზინას, სამშენებლო პროექტებს, სასამართლო სისტემას და არქივებს.[66] რეგიონულ დონეზე ქვეყანა დაყოფილი იყო 42 ადმინისტრაციულ შენაერთად, რომელთაც ნომები ეწოდებოდა. თითოეულ მათგანს ნომარქი განაგებდა, რომელიც თავის მხრივ ვეზირს ექვემდებარებოდა. ტაძრები ეკონომიკის ხერხემალს ქმნიდა. ეს იყო არა მხოლოდ ლოცვის, არამედ ერის სიმდიდრის შეგროვებისა და შენახვის ადგილი და ქმნიდა ხაზინებისა და ბეღლების სისტემას. ამ სისტემას ზედამხედველთა საბჭო განაგებდა და ისინი იყვნენ მარცვლეულისა და საქონლის გამანაწილებლები.[70]

ეკონომიკის დიდ ნაწილი ცენტრალიზებული და მკაცრად კონტროლირებადი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპტელები მონეტებს გვიან პერიოდამდე არ იყენებდნენ, მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული ტიპის ფულისა და ბარტერის სისტემა,[71] ხორბლის სტანდატული ტომრებითა და დებენით, რომელიც დაახ. 91 გრამს სპილენძს ან ვერცხლს იწონიდა, და საერთო საზომი მნიშვნელობა ჰქონდა.[72] მუშებს გასამრჯელოს მარცვლეულით უხდიდნენ; მარტივი მუშახელი დაახ. 5½ ტომარა (200 კგ) ხორბალს გამოიმუშავებდა თვეში, ხოლო მთავარი მუშის ჯამაგირი 7½ ტომარას (250 კგ) აღწევდა. ფასები ფიქსირებული იყო მთელ ქვეყანაში და ჩამოწერილი იყო სიებით ვაჭრობის ხელშესაწყობოად; მაგალითად ერთი პერანგი ხუთი სპილენძის დებენი ღირდა, ხოლო ძროხა — 140 დებენი.[72] მარცვლეულის გაცვლა შესაძლებელი იყო სხვა საქონელზე, ფიქსირებული ფასების სიის მიხედვით.[72] ძვ. წ. V საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეში უცხოეთიდან შემოიღეს მონეტების სახის ფულადი სისტემა. თავდაპირველად მონეტებს იყენებდნენ ძვირფასი ლითონის სტანდარტიზებული ნაჭრების სახით ფულის ნაცვლად, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში საერთაშორისო ვაჭრობა უკვე მონეტებზე იყო დამოკიდებული.[73]

საგარეო ვაჭრობა

ძველი ეგვიპტელები უცხო ქვეყნებთან ვაჭრობდნენ იშვიათი, ეგზოტიკური საქონლის შემოსატანად, რომელიც ეგვიპტეში არ მოიძებნებოდა. წინადინასტიურ პერიოდში მათ ვაჭრობა დაამყარეს ნუბიასთან ოქროსა და ნელსაცხებლების შემოსატანად. ისინი ასევე ვაჭრობდნენ პალესტინასთან, რაც დასტურდება პალესტინური სტილის ზეთის ლარნაკებით, რომლებიც პირველი დინასტიის ფარაონების აკლდამებში იპოვეს.[74] ეგვიპტური კოლონია დაფუძნებული სამხრეთ ქანაანში თარიღით ოდნავ უსწრებს პირველ დინასტიას.[75] ნარმერი ეგვიპტურ თიხის ჭურჭელს ამზადებინებდა ქანაანში და შემდეგ უკან ეგვიპტეში აგზავნიდა.[76]

სულ მცირე მეორე დინასტიისთვის ძველი ეგვიპტელების ვაჭრობა ბიბლოსთან ხარისხიანი ხე-ტყის მასალის შემოტანის საშუალებას იძლეოდა, რაც იშვიათი იყო ეგვიპტეში. მეხუთე დინასტიისთვის პუნტების მიწასთან ვაჭრობით შემოდიოდა ოქრო, არომატული რეზინი, აბანოზი, სპილოს ძვალი და გარეული ცხოველები, როგორიცაა მაიმუნები და მაკაკები.[77] ეგვიპტე ანატოლიასთან ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული კალის მნიშვნელოვანი მარაგისა და სპილენძის დანამატის შემოტანაში. ძველი ეგვიპტელები ერთობ აფასებდნენ ცისფერ ქვას lapis lazuli, რომელიც შორეული ავღანეთიდან შემოჰქონდათ. ეგვიპტის ხემლთაშუაზღვის სავაჭრო პარტნიორთა შორის იყვნენ საბერძნეთი და კრეტა, საიდანაც სხვა საქონელთან ერთად ზეთისხილის ზეთიც შემოჰქონდათ.[78] ფუფუნების საგნებისა და ხე-ტყის იმპორტის სანაცვლოდ ეგვიპტელებს გაჰქონდათ მარცვლეული, ოქრო, სელი და პაპირუსი, სხვა მზა ნაწარმთან ერთად (მათ შორის მინა და ქვის ნაკეთობები).[79]

სოფლის მეურნეობა

აკლადამის რელიეფზე გამოსახულია ყანაში მომუშავე მუშები.

ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების ერთობლიობამ დიდი წვლილი გაიღო ძველი ეგვიპტის კულტურის წარმატებაში, რომელთაგან უმთავრესი მდ. ნილოსის ყოველწიური წყალდიდობებით გამდიდრებული ნაყოფიერი მიწა იყო. შედეგად ძველ ეგვიპტელებს შესაძლებლობა ჰქონდათ უხვი საკვები ეწარმოებინათ, რისი წყალობითაც მოსახლეობას მეტი დროის დათმობა შეეძლოთ კულტურული, ტექნოლოგიური და არტისტული მისწრაფებების დაკმაყოფილებისთვის. მიწის მართვა მნიშვნელოვანი იყო ძველ ეგვიპტეში, ვინაიდან გადასახადები ადამიანის კუთვნილებაში არსებული მიწის ოდენობით იზომებოდა.[80]

მიწის დამუშავება ეგვიპტეში დამოკიდებული იყო მდინარე ნილოსის ციკლზე. ეგვიპტელები ცნობდნენ სამ სეზონს: "ახეტს" (წყალდიდობა), "პერეტს" (მოსავლის მოყვანა), და "შემუს" (მოსავლის აღება). წყალდიდობის სეზონი გრძელდებოდა ივნისიდან სექტემბრამდე, რომელიც მდინარის ნაპირებზე მინერალებით მდიდარ სილას ლექდა, რაც იდეალური იყო მარცვლეულის მოსაყვანად. წყლის დაწევის შემდეგ მოსავლის მოყვანის სეზონი გრძელდებოდა ოქტომბრიდან თებერვლამდე. ფერმერები ხნავდნენ და თესდნენ ველებზე, რომლებიც არხებით ირწყვებოდა. ეგვიპტეში წვიმა იშვიათი იყო, ამიტომ ფერმერები ძირითადად ნილოსის წყალზე იყვნენ დამოკიდებული.[81] მარტიდან მაისამდე ფერმერები მოსავალს იღებდნენ. ხორბალს შემდეგ ფქვავდნენ, ხდიდნენ ლუდისთვის ან ინახავდნენ მომავლისთვის.[82]

ძველ ეგვიპტელებს ასლი და ჭვავი მოჰყავდათ, სხვა რამდენიმე მარცვლეულთან ერთად, რაც ორი ძირითადი საკვების შესაქმნელად გამოიყენებოდა — პურისა და ლუდისთვის.[83] ისლის მცენარე, მოჭრილი ყვავილობამდე, მოჰყავდათ ქსოვილის ძაფის დასახვევად. ამ ძაფით სელს ქსოვდნენ და ტანსაცმელს კერავდნენ. ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი პაპირუსისგან საწერ ქაღალდს ამზადებდნენ. ხილი და ბოსტნეული მოჰყავდათ საბაღე ნაკვეთებზე, შემაღლებულ ადგილებზე, საცხოვრებელ მიდამოებთან ახლოს და ისინი ხელით ირწყვებოდა. ბოსტნეულთა შორის იყო ნიორი, ნესვი, ყაბახი, სალათი და სხვა, ყურძენთან ერთად, რომლისგანაც ღვინოს ამზადებდნენ.[84]

სენედიემი მიწას ხნავს წყვილი ხარის მეშვეობით, რომლებსაც ასევე ტვირთსაზიდად და საკვებად იყენებდნენ.

ცხოველები

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ბალანსი ადამიანებსა და ცხოველებს შორის კოსმიური წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, შესაბამისად, ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ერთი მთლიანის ნაწილად ითვლებოდა.[85] ცხოველები, როგორც შინაური, ისე გარეული, სულიერების, თანაარსებობისა და არსებობის კრიტიკული წყარო იყო ძველი ეგვიპტელებისთვის. მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელი იყო; ადმინისტრაცია გადასახადს კრეფდა მსხვილფეხა საქონელზე რეგულარული აღწერებისას, ხოლო პირუტყვის რაოდენობა მათი მფლობელის პრესტიჟსა და მნიშვნელობაზე მიუთითებდა. მსხვილფეხა საქონელთან ერთად ძველ ეგვიპტელებს მოშინაურებული ჰყავდათ ცხვარი, თხა და ღორი. ფრინველი, როგორიცაა იხვი, ბატი და მტრედი, დამწყვდეული ჰყავდათ, სადაც მათ მოსასუქებლად დაძალებით ცომით კვებავდნენ.[86] ნილოსში უხვად იყო თევზი. ფუტკარი მიშინაურებული იყო სულ მცირე ძველი სამეფოს დროიდან და მათგან თაფლი და სანთელი მზადდებოდა.[87]

ძველი ეგვიპტელები სახედარსა და ხარს ტვირთსაზიდად იყენებდნენ. მათვე იყენებდნენ მინდვრების სახნავ-სათესად. მოსუქებული ხარის დაკვლა ღვთაებისთვის შეწირვის რიტუალის ცენტრალური ნაწილი იყო.[86] ცხენი ეგვიპტელების ყოფა-ცხოვრების ნაწილი მეორე გარდამავალ პერიოდში ჰიქსოსთა მიერ გახდა. აქლემი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამეფოს დროიდან ცნობილი იყო, ტვირთმზიდად გვიანდელ პერიოდამდე არ გამოუყენებიათ. არსებობს წყაროები, რომლებიც მიუთითებს მცირე ხნით სპილოების გამოყენებაზე გვიან პერიოდში, თუმცა ეს პრაქტიკა მალევე მიივიწყეს მათთვის საჭირო საბალახოების არქონის გამო.[86] ძაღლები, კატები და მაიმუნები გავრცელებული შინაური ცხოველები იყო, ხოლო უფრო ეგზოტიკური ცხოველები შემოყვანილი აფრიკის გულიდან, როგორიცაა ლომები, არისტოკრატიულ ოჯახებში ჰყავდათ გასართობად. ჰეროდოტეს აღწერით ეგვიპტელები ერთადერთი ხალხი იყო, რომელთაც შინაური ცხოველები საკუთარ სახლში ეჭირათ.[85] წინადინასტიურ და გვიან პერიოდებში ცხოველის ფორმის ღვთაებების თაყვანისცემა განსაკუთრებით პოპულარული იყო, მაგ. კატა ქალღმერთი ბასტეტი და იბისი ღმერთი თოთი, და ამ ცხოველებს დიდი რაოდენობით ამრავლებდნენ რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის.[88]

ბუნებრივი რესურსები

ეგვიპტე მდიდარია სამშენებლო და დეკორატიული ქვით, სპილენძისა და ტყვიის მადნებით, ოქროთი და ნახევრადძვირფასი ქვებით. ეს ბუნებრივი რესურსები ძველ ეგვიპტელებს საშუალებას აძლევდა მონუმენტები, საკულტო ნაგებობები, ხელსაწყოები და სამკაული შეექმნათ.[89] ბალზამირებისთვის იყენებდნენ ვადი ნატრუნის მარილებს, რომელიც ასევე გამოიყენებოდა სალესი გიფსის დასამზადებლად.[90] მადნეულით მდიდარი ქვის ფორმირებები შორეულ ვადის რეგიონში იყო არაბეთის უდაბნოში და სინაიზე, რაც ვრცელ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ექსპედიციებს მოითხოვდა ამ ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად. ვრცელი ოქროს საბადოები იყო ნუბიაში — ერთ-ერთი უპირველესი დღეისთვის ცნობილი რუკა იყო ამ რეგიონის ოქროს საბადოს აღწერით. ვადი ჰამამატი გრანიტისა და ოქროს მნიშვნელოვანი წყარო იყო. კრემნი პირველი მინერალი იყო, რომელსაც ხელსაწყოების საკეთებლად აგროვებდნენ და ამ მასალით დამზადებული ხელის წერაქვები ნილოსის ხეობაში ადამიანის დასახლების ყველაზე ადრეული მიმანიშნებელი საბუთებია. მინერალის პირს ფრთხილად ამუშავებდნენ საშუალო სიმაგრის ბასრი ხელსაწყოების (მაგ. ისრების და დანების) დასამზადებლად, ამ მიზნისთვის სპილენძის ადაპტირების შემდეგაც.[91]

ეგვიპტელები ტყვიის მადნის გალენიტს გებელ როსადან ბადეების, მცირე ხელსაწყოებისა და ფიგურების დასამზადებლად იყენებდნენ. სპილენძი ყველაზე მნიშვნელოვანი ლითონი იყო ხელსაწყოებისთვის და საწვავ მაღაროებში იდნობოდა სინაიზე მოპოვებული მალაქიტის მადნიდან.[92] მუშები ოქროს აგროვებდნენ ალუვიული დეპოზიტების დანალექებიდან შეგროვებული მარცვლების გარეცხვით ან უფრო შრომატევადი ოქროს შემცველი კვარციტის დაქუცმაცებისა და რეცხვის პროცესით. რკინის დეპოზიტები, მოპოვებული ზემო ეგვიპტეში, გვიან პერიოდში იქნა ათვისებული.[93] მაღალი ხარისხის სამშენებლო ქვები უხვად იყო ეგვიპტეში; ძველი ეგვიპტელები კირქვას მთელი ნილოსის ხეობის გასწვრივ ამზადებდნენ, გრანიტს ასუანიდან, ხოლო ბაზალტსა და ქვიშაქვას ვადისიდან აღმოსავლეთის უდაბნოში. დეკორატიული ქვების დეპოზიტები აღმოსავლეთის უდაბნოში იყო გავრცელებული და ათვისებული იყო უკვე პირველი დინასტიის პერიოდში. პტოლემეურ და რომაულ პერიოდებში მაღაროელი მუშები ზურმუხტის დეპოზიტებს ამუშავებდნენ ვადი სიკაიტში, ხოლო ამეთვისტოს ვადი ელ-ჰუდიში.[94]

საზოგადოებრივი ფორმაცია

ფარაონები

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფარაონი.
ძველი ეგვიპტელი ფარაონი

ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.

ქურუმები

ძველი ეგვიპტელი უმაღლესი ქურუმი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ქურუმი.

ადამიანებს, რომლებიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდნენ, ქურუმები ერქვათ. ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლენიან სოციალურ ფენას. ზოგჯერ ისინი დინასტიებსაც აფუძნებდნენ. მოგვიანებით ქურუმობას მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო.

ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სათავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი.

მოხელეები და ნომარქები

ფარაონი ეგვიპტეს მართავდა თავისი ოჯახის წევრების დახმარებით. დიდგვაროვნებიდან ერთ-ერთს ფარაონი ვეზირის თანამდებობაზე ნიშნავდა. ვეზირები სიდიდით მეორე ადგილზე იდგნენ. მათ ემორჩილებოდნენ მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები - მოხელეები. ვეზირს შეეძლო მოხელე გაეთავისუფლებინა ან მის მაგივრად სხვა დაენიშნა.

ნომარქი იყო ერთ-ერთი თანამდებობა. ნომარქს ფარაონი ნიშნავდა. მას ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა, მოსახლეობის აღრიცხვა და გადასახადების აკრეფვა.

მოხელეებსა და ნომარქებს თავდაპირველად სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ მათი რაოდენობის გაზრდის შემდეგ ეს გაჭირდა. ფარაონი მათ უყოფდა მიწებს, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ, გათავისუფების შემთხვევაში ამ მიწას კარგავდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაწ მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა.

მეთემეები და მონები

ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები ანუ მეთემეები შეადგენდნენ.ისინი ამუშავებდნენ ფარაონის, ნომარქის, ტაძრებისა და მოხელეთა კუთვნილ მიწებს, იშვიათად საკუთარსაც. ზოგჯერ მათ სახელმწიფო სამუშაოებზეც ანაწილებდნენ.

ფარაონები ხშირად აწყობდნენ ლაშქრობებს მეზობელ კუთხეებში. ამ დროს იგი თითოეული თემიდან მეომრებს ითხოვდა. ამ ლაშქრობების სიხშირის გამო ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო მონები, რომლებიც უუფლებონი იყვნენ. მათ სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამუშაოზე აგზავნიდა.

დამწერლობა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეგვიპტური იეროგლიფები.

ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ყველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია.

იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა: hietes - საღვთო, lyphe - ამოკვეთა, ამოჭრა. იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩნდება ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზოგიც მის ნაწილს (ძირს) და, ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც (ეგვიპტურში 30-მდე თანხმოვანია)

ძველი ეგვიპტური იეროგლიფი
  • ra
    Z1
      —   - მზე
  • pr
    Z1
      —   - სახლი
  • sw t
    Z1
      —   - ლერწამი
  • Dw
    Z1
      —   -მთა
  • nTr Z1
      —   - ღმერთი (სინამდვილეში სიმბოლო გავს დროშას)
  • G53 Z1
      —   - სული
  • G27 Z1
      —   - ფლამინგო

იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ. ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ. დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობას აზუსტებს.

ფუნჯით წერა პაპირუსზე, ან იშვიათად, ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა, იეროგლიფების გამოყვანას კი დიდი დრო სჭირდებოდა. პირველი დინასტიის ხანაში (დაახლ. ძვ. წ. XXX საუკუნე) იეროგლიფიკის პარალელურად განვითარდა იერატიკული დამწერლობა, იეროგლიფურის კურსივული ფორმა. პირველ ხანებში იგი იხმარებოდა როგორც საღვთო შინაარსის ტექსტების, ისე საქმიანი ქაღალდების შესადგენად. ძვ. წ. VII საუკუნიდან, დემოტიკური დამწერლობის (იერატიკული დამწერლობის გაკრული ხელი) შემუშავების შემდეგ, იერატიკული დამწერლობა მხოლოდ რელიგიური ტექსტების შესადგენად გამოიყენებოდა. ძვ. წ. XII საუკუნიდან ეს დამწერლობა ისე დაშორდა პროტოტიპს - იეროგლიფურს, რომ ძნელად გასარჩევი გახდა. თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად - მარჯვნიდან მარცხნივ. იარსება დაახლოებით 3 ათას წელიწადს (III საუკუნემდე)

წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ”ქაღალდზე” იწერებოდა. იგი პაპირუსისგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო. ეს ”ქაღალდი” ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ ”ოსტრაკონს” - ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ.

1798 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა, რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე ეწერა: ბერძნულსა და ეგვიპტურზე. 26 წლის შემდეგ (1824 წ.) ამ წექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები.

მითოლოგია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეგვიპტური მითოლოგია.
ქალღმერთი ისიდა

ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. წ. VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე.

ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ძვ. წ. XXVI - XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ძვ. წ. XXI - XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ძვ. წ. XVI საუკუნის შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.

მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.

ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ძვ. წ. 485 - ძვ. წ. 424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ძვ. წ. V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ძვ. წ. I - [[ძვ. წ. II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.

მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი. 23 000 წლის წინ. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

ღმერთები

ოსირისი

ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებრივსა და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან - ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი - მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი - ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა.

დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერესებს.

ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.

ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა.

სეხტი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეხტის ბოროტება და ბოღმაა.

ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა. - ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და, გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ-ი - ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნეთა ალქიმიაში ანხ-ი უკვდავების სიმბოლო იყო).

ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროებით, საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი ისიდა - ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.

ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს - რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვალებისგან - ადამიანები.

უმთავრესი ღმერთები

საიქიო სამყაროს ღმერთი „ანუბისი“

პტახი ერთერთი უმთავრესი ღმერთია და იწოდება ჭეშმარიტების მეუფედ, სამართლიანობის ღვთაებად. ამბობენ, რომ პტახი ერთდროულად იყო მზეც (რა) და მთვარეც (თოტი). ითვლებოდა ხელოვნების მფარველად. იგი ენეადების (9 ღმერთის) თავში დგას. მისი ენით (სიტყვით) და გულით შეიქმნა ყველა და ყველაფერი- ღმერთებიც და დანაღცენი სხვა არსებებიც. იგია მთელი სამყაროს შემოქმედი.

ხორი (ოსირისის ვაჟი) ძველ ეგვიპტელთა ასევე ერთი მთავარი ღმერთია. მისი გამოხატულებაა ღვთაებრივი არწივი. იბრძვის მამის მკვლელ სეხტის წინააღმდეგ. ითვლება რას და თოტის თანამგზავრად. ზოგჯერ მზის დისკოს სიმბოლოთიც გამოსახავდნენ. იგი ეგვიპტის ფარაონთა ყველა დინასტიის მამამთავარი და ფუძემდებელია. ხორის სახელი ყველა ფარაონის სახელში ფიგურირებს. მისი მეუღლე და მდედრული წყვილია ჰათხორი - სიყვარულის, მხიარულების, ცეკვისა და მუსიკის ქალღმერთი (ბერძენთა აფროდიტე).

საიქიო სამყაროს ღმერთია ანუბისი. იგი გამოისახებოდა ტურისთავიან ადამიანად. ჭირისუფლები ანუბისს ევედრებოდნენ, რომ საიქიოში მიცვალებულისთვის მფარველობა არ მოეკლო.

სებეკი, რომელსაც ხშირად ნიანგის სახით გამოსახავდნენ, ერთერთი მთავარი ღმერთი იყო ეგვიპტურ პანთეონში. მას შესთხოვდნენ სხვადასხვა სენისგან განკურნებას და ცხოვრების მძიმე წუთებში თანადგომას. მისი ცოლი და მდედრული განსახიერებაა ქალღმერთი სებეკეთი, რომელიც ლომისთავიან ქალაქ გამოისახებოდა

გაღმერთებული ცხოველები

ძველ ეგვიპტურ რელიგიში გაღვთაებრივებული ცხოველების სიმრავლე, შესაძლოა, იქაური ფაუნის სიმწირით იყოს გამოწვეული.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი ცხოველი იყო შავი ხარი - აპისი. მემფისის ტაძარში მუდამ ჰყავდათ ცოცხალი ხარი - ღვთაებრივი ხარის მიწიერი განსახიერება. როგორც თეთრი, ისე შავი ხარი წმინდა ცხოველად ითვლებოდა და მისი მკვლელი უმკაცრესაც ისჯებოდა. მკვდარი ხარისთვის ქვის უზარმაზარ სარკოფაგს აგებდნენ. თაყვანს ცემდნენ წმინდა ძროხასაც (”წიგნი ძროხისა”). ძველი ეგვიპტელები ცარგვალს ძოხის სახითაც გამოხატავდნენ, რომელსაც ტანზე ვარსკვლავები ასხდა.

გავრცელებული იყო ნიანგის კულტიც. ტაძრებში, გარდა აპისებიდა, ცოცხალი ნიანგებიც ჰყავდათ. მათ ქურუმები კვებავდნენ. სიკვდილის შემდეგ ნიანგს დააბალზამებდნენ და სარკოფაგში ჩაასვენებდნენ. საკულტო ცხოველებად მიიჩნევდნენ ცხვარსა და ლომსაც, აგრეთვე შავ ძაღლს, ტურას და ა.შ.

კულტურა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ძველი ეგვიპტის კულტურა.

ყოველდღიური ცხოვრება

მდაბიო ძველეგვიპტელთა საქმიანობის ამსახველი ქანდაკებები.
ძველ ეგვიპტელთათვის დამახასიათებელი იყო მდიდარი კულტურული ტრადიციები, რომლებსაც თან სდევდა საზეიმო ცერემონიები, ნადიმები, ცეკვა და მუსიკა.

ძველ ეგვიპტელთა უმრავლესობა ფერმერი იყო. მათი საცხოვრებელი ნაგებობები გამიჯნული იყო ერთმანეთისგან ოჯახების მიხედვით და ტალახის აგურით იყო ნაგები, რაც ცხელი დღის განმავლობაში მის სიგრილეს განაპირობებდა. ყოველ სახლს სამზარეულო ჰქონდა ღია სახურავით. აქ იყო საფქვავი ქვა ხორბლისთვის და მცირე ღუმელი პურის საცხობად.[95] კედლები თეთრად იყო შებათქაშებული და სავარაუდოდ დაფარული იყო შეღებილი სელის ფარდებით. იატაკზე ლერწმით ნაქსოვი ფარდაგები ეფინა, ხოლო ავეჯს წარმოადგენდა ხის სამფეხა სკამები, იატაკიდან აწეული საწოლი და ინდივიდუალური მაგიდები.[96]

ძველი ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰიგიენასა და ესთეტიკას. მათი უმრავლესობა ნილოსში იბანდა ტანს და ცხოველური ცხიმისა და ცარცისგან შექმნილ რბილ საპონს იყენებდა. მამაკაცები მთელ ტანს იპარსავდნენ სისუფთავისთვის, ხოლო უსიამოვნო სუნისა და კანის დასაამებლად არომატულ ნელსაცხებლებსა და ზეთებს იყენებდნენ.[97] ტანსაცმელი უბრალო სელისგან იქმნებოდა, რაც ძირითადად თეთრი ფერის იყო. მაღალი წრის მამაკაცებიც და ქალებიც პარიკებს და სამკაულებს ატარებდნენ და სახეს კოსმეტიკით იფარავდნენ. ბავშვები 12 წლამდე ტანსაცმლის გარეშე დადიოდნენ. ამ ასაკში ბიჭებს წინადაცვეთის რიტუალს უტარებდნენ და თავს პარსავდნენ. ბავშვების მოვლა დედებს ევალებოდა, მამებს კი — ოჯახში სარჩოს შემოტანა.[98]

ძირითადი საკვები იყო პური და ლუდი, რასაც ემატებოდა ბოსტნეული, ძირითადად ხახვი და ნიორი, და ხილი — ლეღვი და ჩირი. ღვინო და ხორცეული ძირითადად დღესასწაულების დღეებში იყო მასებისთვის, ხოლო მაღალი წრისთვის კი უფრო რეგულარულად. თევზი, ფრინველი და ხორცეული მარილდებოდა და შრებოდა, შემდეგ კი წვნიანად კეთდებოდა ან იწვებოდა.[99] მუსიკა და ცეკვა პოპულარული გართობის საშუალება იყო მათთვის, ვისაც ამისთვის ხელი მიუწვდებოდა. ადრეულ ინსტრუმენტთა შორის იყო ფლეიტა და ფანდური, მოგვიანებით დამუშავდა საყვირის, ობოისა და დუდუკის მსგავსი საკრავებიც. ახალ სამეფოში ეგვიპტელები უკვე მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან შემოტანილ საკრავებსაც იყენებდნენ.[100] სისტრუმი ჟანჟრარა მუსიკალური ინსტრუმენტი იყო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რელიგიური ცერემონიებისთვის.

დასვენების ჟამს ძველეგვიპტელები სხვადასხვა თამაშით ირთობდნენ თავს. სანეტი, დაფის თამაში იყო, რომელზეც ქვები კამათელზე ამოსული ნიშნის მიხედვით გადაადგილდებოდა და განსაკუთრებით პოპულარული იყო ადრეულ ხანებში; კიდევ ერთი მსგავსი თამაში იყო მეჰენი, რომელსაც მრგვალი სათამაშო დაფა ჰქონდა. ბურთით თამაში პოპულარული იყო ბავშვებში. ბენი ჰასანის აკლდამაში ასევე აღწერილია ორთაბრძოლის ტრადიცია.[101] მდიდარი ძველეგვიპტელები თავს ირთობდნენ ნადირობითა და ნაოსნობით.

მუშათა სოფლის დიერ ელ-მადინა გათხრებში აღმოჩენილ იქნა ძველი მსოფლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დეტალური დოკუმენტური მასალა, რომელიც თითქმის ოთხას წელიწადს მოიცავს. არ არსებობს სხვა არქეოლოგიური ძეგლი, სადაც უფრო უკეთ შეიძლება თემთა ორგანიზაციის, სოციალური ურთიერთობების, შრომისა და ცხოვრების პირობების დეტალების შესწავლა.[102]

არქიტექტურა

ობელისკი ეგვიპტური იეროგლიფებით

ეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. მათი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით არის აშენებული, რაც უდავოდ მოწმობს იმას, რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ როგორც არქიტექტურას, ასევე მათემატიკას. ეგვიპტელთა მიერ აშენებული ნაგებობების მსგავსი ნაგებობების აშენებაც კი დღევანდელი ტექნიკით ძნელად მისაღწევია.

ეგვიპტელებს ჰქონდათ სპეციალური ქვის სამტეხლოები, სადაც მზადდებოდა სკულპტურული ნაკეთობები. ზოგჯერ მთლიანად კლდეში აქანდაკებდნენ ფარაონების, ან ღმერთების გამოსახულებებს. ამისი კარგი მაგალითია დიდი სფინქსი, რომლის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრს აღემატება. სფინქსი არის ფარაონის თავიანი და ლომის ტანიანი ფიგურა, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და სიძლიერის სიმბოლოა.

ეგვიპტელები ხშირად აშენებდნენ მაღალ სვეტებს - ობელისკებს. ობელისკების სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრამდეც აღწევდა. ისინი ერთი მთლიანი გამოკვეთილი ქვა იყო და არა ცალ-ცალკე ქვებით აშენებული. 20 მეტრიანი ობელისკების აღმართვა ძნელი საქმე იქნებოდა. მათ სავარაუდოდ დახრილი სიბრტყის დახმარებით აღმართავდნენ. ობელისკებზე ეგვიპტური იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ფარაონი ან რომელიმე ღვთაების სადიდებელი სიტყვები, ზოგჯერ კი დიდგვაროვანის (ფარაონი, ნომარქი) მთელი ისტორია იყო მოთხრობილი.

ხეფრენის პირამიდა და დიდი სფინქსი

ეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მაინც პირამიდებია. მათი მშენებლობა ძვ. წ. XXVII საუკუნეში დაიწყეს. თავდაპირველად პირამიდის ფორმა საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორმა და მოპირკეთებულმა კედლებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვნოდა. მისი სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდიდიან თავისი სიდიდით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ძვ. წ. XXVI საუკუნეშია აგებული. მისი სიმაღლე 147 მეტრამდე იყო, დღეს კი 136 მეტრია დარჩენილი. გვერდების სიგრძე 233 მეტრია.მის მშენებლობაზე დაახლოებით 2300000 ლოდი დაიხარჯა. თითოეული ლოდი ორ ტონაზე მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების შესაწებლებად არავითარ დუღაბს არ იყენებდნენ. პირამიდის მშენებლობა დაახლოებით ოცი წელი გაგრძელდა. ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

დიდი პირამიდა

ხეოფსის პირამიდა

ქრისტიანული რწმენით მაცხოვრის მოვლინებამდე დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ადრე სახელგანთქმულმა ბერძენმა მათემატიკოსმა ფილონ ბიზანტიელმა დაწერა მცირე რიტორიკური ტრაქტატი, რომელსაც ”დე სეპტუმ ორბის სპექტაკლეს”, ანუ ”სამყაროს შვიდი საოცრება” უწოდა. სამწუხაროდ, ამ ტრაქტატში შესული შვიდი საოცრებიდან სამი (სემირამიდას დაკიდებული ბაღები, როდოსის კოლოსი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში) უკვალოდაა გამქრალი. სამის — ალექსანდრიის შუქურის, მაუზოლუსის აკლდამისა (ჰალიკარნასში)[103] და არტემიდას ტაძრისა (ეფესო), მხოლოდ უმნიშვნელო ნამსხვრევებია დარჩენილი. რაც შეეხება ხეოფსის (ხუფუს) დიდ პირამიდას, ის ერთადერთია ფილონ ბიზანტიელისეული სამყაროს საოცრებათაგან, რომელმაც დღემდე მეტ-ნაკლებად პირვანდელი სახით მოაღწია.

სივრცე, რომელიც ამ უზარმაზარ ძეგლს უჭირავს, ერთად დაიტევს რომის წმინდა პეტრეს ტაძარი, უესტმინსტერის სააბატოს, ფლორენციისა და მილანის უდიდეს ტაძრებს.

ხეოფსის პირამიდა 2 300 000 ქვის ბლოკითაა ნაგები და სიმაღლით 146 მეტრია. თითოეული ბლოკის წონა რამდენიმე ათეული ტონაა, ზოგიერთის კი 200 ტონასაც აღწევს. ხეფრენის (ხაფრა) პირამიდის სიმაღლე 143.5 მეტრია, მიკერინისა (მენკაურა) — 65.5 მ. ხეოფსის დიდი პირამიდის არქიტექტორია ხემიუნი.

პირამიდებზე, ისევე როგორც ეგვიპტური კულტურის სხვა სიმბოლოებზე, მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთ-ერთი ვერსიით, პირამიდა მთის სახეხატებაც არის, სიმბოლო დასაბამიერ და ქაოსურ წყალთან ამოზიდული იმ პირველი ბორცვისა, რომლითაც დაიწყო სიცოცხლე დედამიწაზე.

ხეფრენის პირამიდა (ძვ. წ. 2520 -ძვ. წ. 2494 წწ.) უფრო პატარაა, ვიდრე ხეოფსისა, მაგრამ უფრო მაღალი ჩანს, რადგან ოდნავ ამაღლებულ ადგილზეა აღმართული. მის წვერზე ახლაც არის შემორჩენილი თეთრი კირქვის ფილები, რომლითაც პირამიდა ერთ დროს იყო მოპირკეთებული.

პირამიდებთან სიახლოვე მარადიული სიცოცხლის კარიბჭესთან დგომასაც ნიშნავდა. ხეოფსის პირამიდის ირგვლივ ფარაონის წარჩინებული და დიდგვაროვანი მსახურები განისვენებენ.

პირამიდების ტექსტები

1880 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა გასტონ კამილ შარლ მასპერომ საკარაში აღმოაჩინა ძველი ეგვიპტის რელიგიური და ლიტერატურული ძეგლი - ”პირამიდების ტექსტები”. შესრულებული მწვანე[104] ფერის იეროგლიფებით ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში.

”პირამიდების ტექსტებში” შესულია ღმერთებისადმი მიძღვნილი ჰიმნები, მითების ნაწყვეტები, მაგიური ფორმულები. ტექსტები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. უძველესი ნაწილი წინადინასტიურ ხანას ეკუთვნის და საფიქრებელია, რომ, ვიდრე პირამიდების კედლებზე მიაწერდნენ, ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას.

მესამე დინასტიის ფარაონმა ჯოსერმა (ძვ. წ. 2630 - ძვ. წ. 2611 წწ.) გადაწყვიტა, ძველი სამაროვნის საძირკველზე თავისთვის ახალი სარკოფაგი აეგო. მთელი სამაროვანი კომპლექსი, რომელიც არქიტექტორმა იმჰოტეპმა შექმნა, იმ დროის ეგვიპტის ხუროთმოძღვრებაში ნამდვილი რევოლუციური გადატრიალება იყო.

კომპლექსის შუაში იდგა ჯოსერის საფეხუროვანი (ტერასული) პირამიდა - ცნობილი ეგვიპტის პირველი პირამიდის სახელით. მის ირგვლივ განლაგებულ ნაგებობებში საიუბილეო დღესასწაულები იმართებოდა.

იმჰოტები იყო ის არქიტექტორი, ვინც პირველი პირამიდა ააგო და მშენებლობის პრაქტიკაში სრულიად ახალი მასალა გამოიყენა. მისი ტერასული პირამიდა მთლიანად ქვით ნაგები პირველი კოლოსალური ძეგლია. ლერწმის, ხის და ნილოსის თიხის ახალი სამშენებლო მასალით შეცვლა თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა, რადგან წინა ”ენა” არქიტექტურისა დაცული იყო.

IV, V და VI დინასტიების ხანაში აყვავებას იწყებს ახალი სწილის არქიტექტურა. ამ პერიოდში აიგო სამი პირამიდა. პირველი მემფისის სამხრეთით, მენდუმის რაიონში აღიმართა. ორი სხვა - ერთი ცნობილი, როგორც ორმაგი დახრილობისა და მეორე - ”წითელი პირამიდა”, მდებარეობს დაჰშურში, დედაქალაქიდან 16 კმ-ის დაშორებით. წითელი პირამიდა ხეოფსის დიდი პირამიდის პროტოტიპად გამოიყენეს. ხეოფსი იყო სნოფრუს ვაჟი და მემკვიდრე გიზაში. მისი დროიდან სამეფო სამარხებმა ჩრდილოეთით - გიზისა და აბუ როშისკენ გადაინაცვლა.

V დინასტიის უკანასკნელმა ფარაონმა უნისმა (ძვ. წ. 2355 - ძვ. წ. 2325 წწ.) ისევ საკარა ირჩია. მისი პირამიდა იმ ეპოქიდან დღემდე შემონახული ერთერთი ამგვარი უნიკალური ძეგლია. იგი ქვითაა ნაგები. სამარხი დარბაზების კედლებზე წარწერილია პირამიდების ტექსტები, რომლებიც ეგვიპტელთა რწმენით გარდაცვლილ ფარაონს საიქიოში სჭირდებოდა.

სფინქსი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სფინქსი.
სფინქსი

არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა ”სფინქსი” ეგვიპტური წარმოშობის არ უნდა იყოს. ეგვიპტეში მას ”შესეფ-ანხ”-ის ეძახიან, რაც ნიშნავს ”ცოცხალ ხატს” და რაც, რა თქმა უნდა, ღმერთის ამ მბრძანებლის ცოცხალ სახებას გულისხმობდა. ღმერთს ხშირად ადამიანის ტანითა და წმინდა ცხოველის თავით გამოსახავდნენ. ფარაონი ან მბრძანებელი, რომელიც ღმერთის მიწიერ ნაცვლად და მის ძედ მოიაზრდებოდა, უკუმიმდევრობით იყო გამოსახული - ადამიანის-მბრძანებლის თავით და ცხოველის ტანით. ამ ნახევრად ადამიანის, ნახევრად ცხოველის ფიგურებში ჩაქსოვილია ის ღრმა აზრი, რომ არსი ღმერთისა და კაცისა ერთია, ხოლო განსხვავება მათს საპირისპიროობშია.

მსგავსი კოლოსალური ფიგურა აღმოჩენილია ნიმრუდში (ძვ. კალხა) ოსტინ ჰენრი ლეიარდის მიერ 1845 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად; ფრთიანი გველი - ამერიკელ ინდიელთა საცხოვრებელ ტერიტორიებზე; ადამიანი-ხარი - სირიაში, კრეტასა და მესოპოტამიაში, ხოლო შივას სპილოსთავა ვაჟი - ინდოეთში.

სარიტუალო წეს-ჩვეულებები

სულის მოსახსენიებელი სარიტუალო წესები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ძველ ეგვიპტელთა რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში.

გარდაცვლილს ჭირისუფლები ტაძარში მიასვენებდნენ. იქ გვამს აბალზამებდნენ. მიცვალებულს ამოაცლიდნენ ყველა შინაგან ორგანოს, მათ შორის გულსაც, რომელსაც განსაკუთრებულ ჭურჭელში დებდნენ და გვამთან ერთად ინახავდნენ. გულს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა გარდაცვლილის საიქიო ცხოვრებაში. ეგვიპტელთა რწმენით, მიცვალებული გაცოცხლდებოდა, თუ მისი სხეული, ანუ სახ-ი, დაცული იქნებოდა.

ბევრჯერ სარკოფაგებში გარდაცვლილის ქანდაკებებიც აღმოუჩენიათ. ამ ფიგურებს ეგვიპტელები საგანგებოდ ატანდნენ მიცვალებულს, რათა გვამის განადგურების შემთხვევაში სულს თავშესაფარი მათში ეპოვა. გარდაცვლილს ატანდნენ სხვა სსპეციალურად შექმნილ ფიგურებსაც, რომლებიც მას იმ ქვეყნად მონებად და მსახურებად ეყოლებოდა. სარკოფაგის ახლოს სამარხში აწყობდნენ საომარ და შრომის იარაღებს, ჭურჭელს და ათას წვრილმანს, რაც სიცოცხლეში სჭირდებოდა ადამიანს.

ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს: მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭირვების ჟამს შველასაც სთხოვდნენ და წერილსაც კი უტოვებდნენ საჩინო ადგილას, რათა სარკოფაგიდან და სხეულიდან გამოსულ და კვლავ მობრუნებულ სულს იგი შეემჩნია და წაეკითხა.

მიცვალებულთა წიგნი

”მიცვალებულთა წიგნი”. ფრაგმენტი

ძველ ეგვიპტელს სწამდა, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდა. საჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო სამსჯავროზე წარსადგომად. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ”მიცვალებულთა წიგნი”. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება, რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით, სულს სამჯავროზე დაეხმარებოდა.

ყველა მოვალე იყო, დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, როგორც წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამჯავროზე მიცვალებულის სული ამ ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისთვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო სამჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმენი. რათა გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მიცვალებულის სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვამდა.

ორი მაატის - ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზში, სადაც განსასჯელს მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადგენლობით სუფევდა დიადი ღმერთის - რას მეთაურობით. იქ იყვნენ თოტი, ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზის ქურუმები და ქვესკნელის მეუფე ოსირისი. მათთან ერთად სამსჯავროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ რომელიმე შეცოდებას განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც ამტკიცებდა თავის უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას, რითაც ერთგვარად მათ გულს იგებდა.

ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე მას ბუმბული არ უნდა გადაეწონებინა. განკითხვის დასასრულს თოტი და ანუბისი იწყებდნენ გულის აწონას. თუ დაიმსახურებდა, მიცვალებულისთვის საიქიოს კარი ღია იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ”სულთა მსვლეპი” იქვე შესანსლავდა ცოდვილ და უბედურ სულს.

ფოტო გალერეა

პირამიდები

ახალი სამეფო

წმინდა ცხოველები

ლიტერატურა

  • (კლეიტონი, პიტერ ა.) Clayton, Peter A. (1994). Chronicle of the Pharaohs. London, England: Thames and Hudson. ISBN 0-500-05074-0. 
  • (მანუელიანი, პიტერ დერ) Manuelian, Peter Der (1998). Egypt: The World of the Pharaohs. Bonner Straße, Cologne Germany: Könemann Verlagsgesellschaft mbH. ISBN 3-89508-913-3.
  • (ოუკსი, ლორნა) Oakes, Lorna (2003). Ancient Egypt: An Illustrated Reference to the Myths, Religions, Pyramids and Temples of the Land of the Pharaohs. New York, New York: Barnes & Noble. ISBN 0-7607-4943-4. 
  • (ჩერნი, ჯ.) Cerny, J (1975). Egypt from the Death of Ramesses III to the End of the Twenty-First Dynasty' in The Middle East and the Aegean Region c.1380–1000 BC. Cambridge, UK: Cambridge University Press. ISBN 0-521-08691-4. 
  • (შოუ, იან) Shaw, Ian (2003). The Oxford History of Ancient Egypt. Oxford, England: Oxford University Press. ISBN 0-500-05074-0. 
  • (ჯეიმზი, ტ. გ. ჰ.) James, T.G.H. (2005). The British Museum Concise Introduction to Ancient Egypt. Ann Arbor, Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-03137-6. 
  • (ჰაიესი, ვ. კ.) Hayes, W. C. (October 1964). „Most Ancient Egypt: Chapter III. The Neolithic and Chalcolithic Communities of Northern Egypt“. JNES 23: გვ. 217–272. 

სქოლიო

  1. მხოლოდ ძვ. წ. 664 წლის შემდეგ შეიძლება თარიღების ზუსტი ასახვა. იხ. ეგვიპტური მითოლოგია დეტალებისთვის. Chronology. Digital Egypt for Universities, University College London. წაკითხვის თარიღი: 25 მარტი 2008.
  2. დოდსონი (2004) გვ. 46
  3. კლეიტონი (1994) გვ. 217
  4. ჯეიმზი (2005) გვ. 8
  5. მანუელიანი (1998) გვ. 6–7
  6. კლეიტონი (1994) გვ. 153
  7. ერთი და იმავე საგვარეულოს მეფეები, რომლებიც თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს ტახტზე ნათესაობისა და მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე
  8. შოუ (2002) გვ. 17
  9. შოუ (2002) გვ. 17, 67–69
  10. (1992) (ინგლ.) Choice Cuts: Meat Production in Ancient Egypt. კემბრიჯის უნივერსიტეტი, გვ. 5. ISBN 9789068317459. OCLC 60255819. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი 2009.  თარგი:Lccn
  11. ჰაიესი (1964) გვ. 220
  12. ჩილდი, ვ. გორდონ (1953), (ინგლ) "New light on the most ancient Near East" (Praeger Publications)
  13. (ინგლ.) პატაი, რაფაელ (1998), "ნოეს შვილები: ებრაელთა ზღვაოსნობა უძველეს დროში" (Princeton Uni Press)
  14. ბარბარა გ. ასტონი, ჯეიმზ ა. ჰარელი, იან შოუ (2000). "ქვა," ძველი ეგვიპტის მასალებსა და ტექნოლოგიაში, კემბრიჯი, 5–77, გვ. 46–47. ასევე იხ.: ბარბარა გ. ასტონი (1994). "ძველეგვიპტური ქვის ჭურჭლები," Studien zur Archäologie und Geschichte Altägyptens 5, ჰაიდელბერგი, გვ. 23–26.
  15. ნაქადას პერიოდის ქრონოლოგია. Digital Egypt for Universities, University College London. წაკითხვის თარიღი: 9 მარტი 2008.
  16. 16.0 16.1 შოუ (2002) გვ. 61
  17. ფაიენცი სხვადასხვა პერიოდში. Digital Egypt for Universities, University College London. წაკითხვის თარიღი: 9 მარტი 2008.
  18. ალენი (2000) გვ. 1
  19. კლეიტონი (1994) გვ. 6
  20. შოუ (2002) გვ. 78–80
  21. კლეიტონი (1994) გვ. 12–13
  22. შოუ (2002) გვ. 70
  23. ადრედინასტიური ეგვიპტე. Digital Egypt for Universities, University College London. წაკითხვის თარიღი: 9 მარტი 2008.
  24. ჯეიმზი (2005) გვ. 40
  25. შოუ (2002) გვ. 102
  26. შოუ (2002) გვ. 116–7
  27. ფექრი ჰასანი. ძველი სამეფოს დაცემა. BBC. წაკითხვის თარიღი: 10 მარტი 2008.
  28. კლეიტონი (1994) გვ. 69
  29. შოუ (2002) გვ. 120
  30. 30.0 30.1 შოუ (2002) გვ. 146
  31. კლეიტონი (1994) გვ. 29
  32. შოუ (2002) გვ. 148
  33. კლეიტონი (1994) გვ. 79
  34. შოუ (2002) გვ. 158
  35. შოუ (2002) გვ. 179–82
  36. Robins (1997) p. 90
  37. შოუ (2002) გვ. 188
  38. 38.0 38.1 რიჰოლტი (1997) გვ. 310
  39. შოუ (2002) გვ. 189
  40. შოუ (2002) გვ. 224
  41. ჯეიმზი (2005) გვ. 48
  42. ჰატშეფსუტი. Digital Egypt for Universities, University College London. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი 2007.
  43. Clayton (1994) p. 108
  44. ალდრედ (1988) გვ. 259
  45. კლაინი (2001) გვ. 273
  46. მის ორ მთავარ ცოლთან და ვრცელ ჰარემთან, რამზეს II-ს 100-ზე მეტი შვილი გაუჩნდა. კლეიტონი (1994) გვ. 146
  47. ტილდესლი (2001) გვ. 76–7
  48. James (2005) p. 54
  49. ჩერნი (1975) გვ. 645
  50. შოუ (2002) გვ. 345
  51. "The Kushite Conquest of Egypt", Ancient~Sudan: Nubia.
  52. შოუ (2002) გვ. 358
  53. შოუ (2002) გვ. 383
  54. შოუ (2002) გვ. 385
  55. შოუ (2002) გვ. 405
  56. შოუ (2002) გვ. 411
  57. შოუ (2002) გვ. 418
  58. James (2005) p. 62
  59. ჯეიმზი (2005) გვ. 63
  60. შოუ (2002) გვ. 426
  61. 61.0 61.1 შოუ (2002) გვ. 422
  62. შოუ (2003) გვ. 431
  63. "ეკლესია უძველეს საზოგადოებაში", ჰენრი ჩადუიკი, გვ. 373, ოქსფორდის უნივერსიტეტის სტამბა, 2001, ISBN 0-19-924695-5
  64. "რომის იმპერიის გაქრისტიანება ახ. წ. 100–400", რამზი მაკმულენი, გვ. 63, იელის უნივერსიტეტის სტამბა, 1984, ISBN 0-300-03216-1
  65. შოუ (2002) გვ. 445
  66. 66.0 66.1 66.2 66.3 მანუელიანი (1998) გვ. 358
  67. ჯანეტ ჰ. ჯონსონი. ქალთა ლეგალური უფლებები ძველი ეგვიპტეში. ჩიკაგოს უნივერსიტეტი. წაკითხვის თარიღი: 9 მარტი 2008.
  68. ოუკსი (2003) გვ. 472
  69. მაკდოუველი (1999) გვ. 168
  70. მანუელიანი (1998) გვ. 363
  71. მესკელი (2004) გვ. 23
  72. 72.0 72.1 72.2 მანუელიანი (1998) გვ. 372
  73. ვალბანკი (1984) გვ. 125
  74. შოუ (2002) გვ. 72
  75. ნაომი პორატი და ედუინ ვან დენ ბრინკი (რედ.), "ეგვიპტური კოლონია სამხრეთ პალესტინაში გვიანდელი წინადინასტიურიდან ადრე დინასტიურ პერიოდამდე," ნაშრომში ნილოსის დელტა გარდამავალ პერიოდში: ძვ. წ. IV-III ათასწლეულები (1992), გვ. 433–440 (ინგლ.).
  76. ნაომი პორატი, "ეგვიპტური მეჭურჭლეობის ადგილობრივი ინდუსტრია სამხრეთ პალესტინაში ადრეული ბრინჯაოს I პერიოდში," ნაშრომში Bulletin of the Egyptological, Seminar 8 (1986/1987), გვ. 109–129.
  77. შოუ (2002) გვ. 322
  78. მანუელიანი (1998) გვ. 145
  79. ჰარისი (1990) გვ. 13
  80. მანუელიანი (1998) გვ. 361
  81. ნიკოლსონი (2000) გვ. 514
  82. ნიკოლსონი (2000) გვ. 506
  83. ნიკოლსონი (2000) გვ. 510
  84. ნიკოლსონი (2000) გვ. 577 და 630
  85. 85.0 85.1 სტრუჰალი (1989) გვ. 117
  86. 86.0 86.1 86.2 მანუელიანი (1998) გვ. 381
  87. Nicholson (2000) p. 409
  88. Oakes (2003) p. 229
  89. გრივზი (1929) გვ. 123
  90. ლუკასი (1962) გვ. 413
  91. ნიკოლსონი (2000) გვ. 28
  92. შეელი (1989) გვ. 14
  93. ნიკოლსონი (2000) გვ. 166
  94. ნიკოლსონი (2000) გვ. 51
  95. მანუელიანი (1998) გვ. 401
  96. მანუელიანი (1998) გვ. 403
  97. მანუელიანი (1998) გვ. 405
  98. მანუელიანი (1998) გვ. 406–7
  99. მანუელიანი (1998) გვ. 399–400
  100. მუსიკა ძველ ეგვიპტეში. Digital Egypt for Universities, University College London. წაკითხვის თარიღი: 9 მარტი 2008.
  101. მანუელიანი (1998) გვ. 126
  102. The Cambridge Ancient History: II Part I , The Middle East and the Aegean Region, c.1800-13380 B.C”, Edited I.E.S Edwards–C.JGadd–N.G.L Hammond-E.Sollberger, Cambridge at the University Press, p. 380, 1973, ISBN 0-521-08230-7
  103. მონუმენტური სამარხი ნაგებობა. სახელი ეწოდა ქ. ჰალიკარნასში აგებული კარიის მეფის მავსოლეს (ძვ. წ. IV საუკუნე შუა ხანებში) აკლდამის მიხედვით, ამ ტიპის ძეგლები გავრცელებული იყო ძველ რომსა და შუა საუკუნეების აღმოსავლეთში.
  104. მწვანე ფერი ეგვიპტეში განახლების ფერი იყო

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.