ლეღვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეღვი
Feigenstrauch.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: თუთისებრნი
გვარი: ფიკუსი
სახეობა: ლეღვი
ლათინური სახელი
Ficus carica

ლეღვი (Ficus carica) — სუბტროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი ხეა. სიმაღლე 4-12 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მომწვანო-ნაცრისფერია, შებუსვილი ან შიშველი, შეიცავს რძეწვენს. ლეღვი ერთ- ან ორსახლიანი მცენარეა. ერთსქესიანი ყვავილები მოთავსებულია ძალზე გამსცვილებულ ყვავილსაჯდომის ღრუში. ყვავილსაჯდომის კედლები გამოფენილია. მრავალი წვრილი ბუტკოიანი (მდედრობითი) ყვავილით, მტვრიანიანი (მამრობითი) ყვავილები კი მის ზედა ნაწილშია მოქცეული. ყვევილები იმტვერება პატარა კრაზანის — პლასტოფაგას მეშვეობით. ნამდვილი ნაყოფი პაწაწინა კაკლუჭაა. ნაყოფედი (ცრუ ნაყოფი), რომელიც საჭმელად იხმარება, ზოგჯერ პართენოკარპულად (გაუნაყოფიერებლად) ვითარდება. ლეღვი ნიადაგისადმი დიდ მომთხოვნელობას არ იჩენს — კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორდიან, კირნარ ადგილებს, ხარობს ხრიოკებზე, ჩამონაზვავებზე, ზოგჯერ შენობების ნანგრევებზე და კლდეებზეც კი. ღრმა ნიადაგზე და ზომიერად ტენიან პირობებში საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს, დაბალი ტემპერატურისადმი კი უფრო მგრძნობიარეა და 12-14 °C-ზე უკვე ნაწილობრივ ზიანდება. ცოცხლობს 100-200 წელს.

ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ხშირად გაველურებულია. ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არინახება, ჯიშისა და სიმწიფის კვალობაზე იგი შეიცავს (%-ობით): 12-23 შაქარს, 0,5-4,2 პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4-7,4 უჯრედისს: 1-მდე მჟავებს, მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით.

ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). მშრალი ლეღვის კალორიულობა მაღალია და 50-77% შაქარს შეიცავს. საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში. უცხოური ჯიშებიდან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს თათრულს ლეღვს, ჩაფლას, შაქარა ლეღვს ჩიტა ლეღვს, დიდ ლეღვს, ოქრო ლეღვს, ღვინა ლეღვს, ტაბაკა ლეღვს, შავ ლეღვს და სხვა. ლეღვს ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენითა და ფესვის ამონაყარით. ლეღვის მავნებლებია ფქვილისებრი ცრუფარიანა, ლეღვის ფარიანა, ფსილა, ალურა, ცილაჭამია და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეღვი&oldid=2624412“-დან