აქლემი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აქლემი
07. Camel Profile, near Silverton, NSW, 07.07.2007.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: აქლემისებრნი
ლათინური სახელი
Camelus
Dromedary Range.png

აქლემი (Camelus), მცოხნელი ძუძუმწოვრების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა.

ცნობილია აქლემის ორი სახეობა:

ველურად მარტო ორკუზიანი აქლემია შემორჩენილი (სინძიანის უდაბნოებსა და სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში). აქლემი მხოლოდ უდაბნოსა და მშრალი სტეპის ზონებშია გავრცელებული. იმ მცენარეებით იკვებება, რომლებსაც სხვა მცოხნელები არ ჭამენ. სვამს ცოტა წყალს, ზოგჯერ მლაშესაც. დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება. აქლემის კუზში გროვდება სამარაგო ცხიმი (100 კგ-მდე და მეტიც), რასაც ცხოველი საკვების ნაკლებობისას იყენებს. სხეულის ნაწილები, რითაც წოლის დროს მიწას ეხება, დაფარული აქვს სქელი კორძებით. ამის გამო აქლემს შეუძლია გავარვარებულ (70 °C-მდე) ნიადაგზე უვნებლად წოლა. სხეული ეყრდნობა ფართო რბილ თათებს, რაც ქვიშაზე სიარულს უადვილებს. ბევრ ადგილას აქლემი მოშინაურებულია (დაახლოებით 5000 წლის წინ) და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველად. ზრდასრული აქლემის მასა 500-800 კგ-ია. ერთკუზიანი აქლემის მაკეობა გრძელდება 13 თვე, ორკუზიანისა - 14. შობს ერთ კოზაკს. აქლემი ძლიერი სასაპალნე და შესაბმელი ცხოველია. შეუძლია ზურგით ატაროს საკუთარის წონის 50%-მდე ტვირთი, თოხარიკით გადის დღეში 100 კმ-მდე (საათში 10-12 კმ). ცოცხლობს 35-40 წელს. სამუშაოდ იყენებენ 4-25 წლის ასაკში. იძლევა რძეს, ხორცს, მატყლს. ერთკუზიანი აქლემი წელიწადში იწველის 4,5% ცხიმიანობის 2000 ლ-მდე რძეს. ორკუზიანი - 5,4 ცხიმიანობის 750 ლ-მდე რძეს. რძისაგან ამზადებენ კუმისს, კარაქს, ყველს. ორკუზიანი აქლემის ნაპარსის კანძი 5-10 კგ-მდეა (ზოგისა 13 კგმდე), ერთკუზიანისა 2-4 კგ-მდე. ორკუზიანი აქლემის მატყლი უფრო მაღალხარისხოვანია. აქლემის ხორცის კვებითი ღირებულება ძროხის ხორცისას არ ჩამოუვარდება და ზოგან საკვებადაც იყენებენ.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აქლემის ღირებულების აბსოლუტური რეკორდი დამყარდა, იუწყება გაზეთი ”ალ-იტიჰადი”.

არაბი მომთაბარეები აქლემის სილამაზეს სრულყოფილად მიიჩნევენ. შუა საუკუნეებამდე არაბები აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმ იშვიათი პოეტების შემოქმედებით, რომლებიც აქლემებს ხოტბას არ ასხამდნენ.

ათ მილიონ დირჰამად (2,7 მლნ დოლარი) შეაფასეს ”მაჯაჰიმის” (შავი) ჯიშის აქლემი აქლემების სილამაზის ფესტივალზე, რომელიც ამ კვირას აბუ-დაბის საემიროს დასავლეთ რაიონში, ქალაქ ზაიდში დასრულდა.

აქლემი იყიდა დუბაის საემიროს პრინცმა შეიჰმა დამდან ბენ მუჰამედ ალ მაკტუმმა.

”მაჯაჰიმის” ჯიშის აქლემები სინამდვილეში შავი ფერისანი არ არიან. მათ აქვთ ძალიან ლამაზი მუქი ყავისფერი შეფერილობა და გამოირჩევიან განსაკუთრებული გრაციით, ამაყად მოღერებული თავით, კისრის, ზურგის სილამაზით, წინა ფეხების სიმსუბუქით, რომელთაც აქ ”ხელებს” უწოდებენ, და უკანა კიდურების ძალით.

ეს ცხოველები არ მონაწილეობენ აქლემების ტრადიციულ გარბენში და მათ ამრავლებენ შალის, რძისა და ხორცის მისაღებად. სილამაზის კონურსებში ისინი მონაწილეობენ ცალკე, ღია ფერის აქლემებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მათ სილამაზით ვერ შეედრებიან.

აქლემების სილამაზის ყოველწლიურ ფესტივალში ქალაქ ზაიდში მონაწილეობს ღია და მუქი ფერის ათი ათასზე მეტი აქლემი. მათ ერთობლივ ღირებულებას სპეციალისტები ერთ მილიარდ დირჰამად (270 მილიონი დოლარი) აფასებენ. გამოფენაში, რომელიც 10 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მონაწილეობს სამი ათასი მეცხოველე ყველა არაბული ნავთობმომპოვებელი მონარქიიდან.

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა პრიზებისთვის 35 მილიონი დირჰამი და ასი ავტომობილი გამოყო. აბუ-დაბის საემიროს პრინცმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანმა გამოფენის დათვალიერებისას მის ბიუჯეტს საკუთარი ხარჯიდან დაუმატა თანხა, რათა პრიზიორების რიცხვი გაეორმაგებინა.

უნდა ითქვას, რომ საემიროებში პრიზები ყველაზე ძვირფასი არ არის. მეზობელ კატარში, მაგალითად, აქლემების შეჯიბრის გამარჯვებულებს ასაჩუქრებენ ოქროს შაშხანებით და ”ლანკრუზერებით”, რაც ბუნებრივია, რადგან ყველაზე ჯიშიანი აქლემების პატრონები არიან უმდიდრესი შეიხები, რომელთა გაკვირვებად უბრალო ”აუდით” და მათი კონკურსზე მიტყუება ძნელია.

ახლაც, 25 წლის დუბაის პრინცს შეიხ ჰამდანს ჰყავს აქლემი, რომლის სილამაზითაც გამოფენაზე თავის მოწონება შეუძლია. (www.newsgeorgia.ge)