განჯის ტრაქტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განჯის ტრაქტატირუსეთ-ირანის ხელშეკრულება, დაიდო 1735 წლის 21 მარტს ქ. განჯის მახლობლად. რუსეთის მთავრობა ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა და დაინტერესებული იყო ირანის მხარდაჭერით. განჯის ტრაქტატის თანახმად, რუსეთმა ირანს დაუბრუნა ბაქო და დერბენტი პროვინციებითურთ. გარდა ამისა ორივე მხარეს უნდა დაეცვა 1732 წლის რეშთის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთმა ირანს გილანი, მაზანდარანი და ასტრაბადი დაუბრუნა. მხარეები პირობას დებდნენ არ გაემართათ ცალმხრივი მოლაპარაკება ოსმალეთთან და მასთან ახალი ხელშეკრულება ერთობლივად დაედოთ. განჯის ტრაქტატის მეხუთე მუხლი ამტკიცებდა რეშთის ხელშეკრულების პირობას იმის შესახებ, რომ ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ირანი ქართლის სამეფოს კვლავ ვახტანგ VI-ს გადასცემდა; რუს ვაჭრებს ირანში თავისუფალი ვაჭრობის უფლება რჩებოდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]