კონსტანტინე II (ქართლის მეფე)
კონსტანტინე II | |
---|---|
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1478 / 1479 |
მმართ. დასასრული: | 1505 |
წინამორბედი: | ალექსანდრე II |
მემკვიდრე: | დავით X |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1447 |
გარდ. თარიღი: | 1505 |
შვილები: |
1.დავითი, 2. გიორგი, 3. ბაგრატი, 4. მელქისედეკ II |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დიმიტრი |
დედა: | გულშარი |
ხელმოწერა: | |
კონსტანტინე II (გ. 1505) — ქართლის მეფე 1478/1479-1505 წწ., ალექსანდრე I დიდის ძის დიმიტრი ბატონიშვილის ვაჟი. 1465 წელს ბიძასთან, მეფე გიორგი VIII-თან, ერთად ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს. ტყვეობიდან გამოქცეული კონსტანტინე II ქუთაისში გამაგრდა, მაგრამ ხელისუფლებას ვერ დაეუფლა და 1466 წელს საქართველოს მეფედ თავი გამოაცხადა ბაგრატ VI-მ. ამავე დროს ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII, რომელმაც ბაგრატ VI-თან ბრძოლა წააგო, კახეთში გადავიდა და საფუძველი დაუდო კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. 1468 წელს კონსტანტინე II იძულებული გახდა ეცნო ბაგრატ VI-ის მეფობა. თუმცა თავის თავს მაინც მეფეს უწოდებდა 1466 წლიდან ჩანს, ამას ქართლ-იმერეთში ბაგრატ VI-ის მეფობის დროს (1466-1478 წწ.) სამეფოს გარკვეულ ტერიტორიაზე ძალაუფლება ჰქონდა, ე.ი. ეს იყო ორმეფობის დრო. 1478 წელს, როდესაც ბაგრატი გარდაიცვალა კონსტანტინე II-მ სძლია ბაგრატ VI-ის ძეს ალექსანდრეს და ქართლ-იმერეთის ტახტს დაეპატრონა. 1483 წელს კონსტანტინე II არადეთთან დაამარცხა ყვარყვარე II-მ, ამით ისარგებლა ალექსანდრე II-მ და 1484 წელს თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. 1487 წელს კონსტანტინე II-მ ქუთაისიდან განდევნა, მაგრამ ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა იმერეთი, რომელსაც კვლავ ალექსანდრე II დაეუფლა (1489 წ.). 1490-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე II-მ ცნო ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად საქართველოს დაშლის ფაქტი, თუმცა ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ერთიანი სამეფოს აღსადგენად და ოსმალეთ-ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მიზნის მისაღწევად 1492-1496 წლებს შუა მან ხუცესი ნილოსი გაგზავნა დესპანად კაიროში ეგვიპტის მამლუქ სულთან აშრაფ სეიფ ალ-დინ კაიტბეისთან, აგრეთვე რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან. მაგრამ კონსტანტინე II-ის ცდას შედეგი არ მოჰყოლია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 642.
წინამორბედი: ალექსანდრე II |
ქართლის მეფე 1478 - 1505 |
შემდეგი: დავით X |