შინაარსზე გადასვლა

ღვთაებრივი კომედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Comencia la Comedia, 1472

ღვთაებრივი კომედია — იტალიელი მწერლის დანტე ალიგიერის პოემა.

თავად დანტე სიტყვა „კომედიას“ პოემის აღსანიშნავად მხოლოდ ორჯერ იყენებს — ჯოჯოხეთის XVI და XIX ქებებში.[1] ასევე ცნობილია დანტეს წერილი, რომლითაც იგი ქალაქ ვერონას მმართველს მიმართავს. მასში ვკითხულობთ:

წიგნის სათაურია: „აქა კომედია დანტე ალიგიერისა, ფლორენციელისა დაბადებით, მაგრამ არა ზნით." ამის გასაგებად საცოდნელია, რომ კომედია მომდინარეობს სიტყვიდან „კომოს“ – „სოფელი“ და „ოდა“, რაც არის „სიმღერა“, საიდანაც კომედია „სოფლურ სიმღერას“ უნდა ნიშნავდეს. კომედია არის პოეტური თხრობის გვარი, სხვა დანარჩენებისგან განსხვავებული. ტრაგედიისგან საგნით განსხვავდება: მართლაც, ტრაგედია თავიდან მშვიდი და განსაცვიფრებელია, ბოლოსკენ კი სულისშემძვრელი და საშინელი. [...] კომედია კი თავიდან საქმეთა სიძნელეს გვთავაზობს, მაგრამ მისი საგანი, საბოლოოდ ბედნიერად სრულდება.[1]

სათაურს „კომედია“ ვხვდებით პოემის პირველსავე ბეჭდურ გამოცემაში, რომელიც 1472 წლით თარიღდება. ამ სიტყვით თავიდანვე მოიხსენიებდნენ ნაწარმოებს კომენტატორები და სავარაუდოდ, თავად დანტეც.[1]

ეპითეტი „ღვთაებრივი“,პირველად გვხვდება ჯოვანი ბოკაჩოს ბიოგრაფიულ ნარკვევში „დანტეს სახოტბო მცირე ტრაქტატი“. ეპითეტი საბოლოოდ 1555 წელს დამკვიდრდა, როცა გაბრიელე ჯოლიტომ გამოსცა პოემა და პირველად წაუმძღვარა ორსიტყვიანი სათაური: La divina comedia.[1]

ეს არის შუა საუკუნეების თეოლოგიური თვალთახედვით აღქმული სულის სამი მდგომარეობა: ყოფნა, განწმენდა, და განახლება, რომელთაც შეესატყვისება სამი სამყარო: ჯოჯოხეთი, სალხინებელი, და სამოთხე. საინტერესოა, თავად დანტე როგორ განმარტავს კომედიას: „კომედია ერთგვარი სახეობაა პოეტური თხრობისა, რომელიც სხვა დანარჩენთაგან განსხვავებულია. ტრაგედიისგან იგი განხვავდება მასალითაც, სადაც ტრაგედია დასაწყისში გაოცების მომგვრელია და წყნარი, ხოლო დასასრულში მწუხარების მომგვრელი და საშინელი; ხოლო კომედია ძრწოლის მომგვრელი ამბით იწყება და სვებედნიერად თავდება. ტრაგედიას პათეტიკური ტონი აქვს, ხოლო კომედიას — დაბალი და უპრეტენზიო. აქედან ნათელია, თუ რად ეწოდება ამ ქმნილებას კომედია, რადგან თუ ჩვენ თვით მასალას დავაკვირდებით, დასაწყისში იგი საშინელია და ძრწოლის მომგვრელი, სახელდობრ ჯოჯოხეთში, დასასრულში კი საამური, ლხენის მომგვრელი, სახელდობრ სამოთხეში. თუ ტონს, მეტყველებისას დავაკვირდებით, იგი მოკრძალებულია და დაბალი. აქ ნახმარია ენა ხალხური, როგორითაც დედაკაცები ბაზარზე ესიტყვებიან ხოლმე ერთმანეთს“.

„ღვთაებრივი კომედია“ მეტისმეტად სიმეტრიულად არის აგებული. იგი იყოფა 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი 33 სიმღერისგან (ლექსისაგან) შედგება და თითოეული მთავრდება სიტყვით Stelle, იგივე ვარსკვლავები. ამრიგად ვიღებთ 99 ლექსს, რომელნიც შესავალ ლექსთან ერთად ჯამურ 100 ლექსს ქმნის. პოემა დაწერილია სამხაზოვანი ტერცინებით (იგივე სტროფები). რიცხვებისადმი ამდაგვარი მიდრეკილება შესაძლოა დანტეს მიერ მათთვის მისტიკურობის მინიჭებით აიხსნას: რიცხვი 3 ქრისტიანული იდეის – სამების გამოხატულება, 33 იესო ქრისტეს მიწაზე ყოფნის წელთა რაოდენობა და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 ღვთაებრივი კომედია, ნოდარ ლადარია — ილიაუნის გზამკვლევი, 2018