გიორგი X

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი X
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1600
მმართ. დასასრული: 1606
წინამორბედი: დავით XI
მემკვიდრე: ლუარსაბ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1560
გარდ. თარიღი: 1606 წლის 7 სექტემბერი
შვილები: 1.ლუარსაბ II
2.დავითი
3.თინათინი (გულჩარა)
4.ელენე (ლელა)
5.ხორეშანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: სიმონ I


გიორგი X (დ. 1560-1565 შორის — გ. 1606) — ქართლის მეფე 1600-1606 წლებში. სიმონ I-ის ძე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფლისწულობაში ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის 1598-1599 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. 1599 სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან გორის დაცვა. ნახიდურის ბრძოლაში (1599) ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X უკან გაბრუნებულ ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ვერ მიეწია და ქართლში დაბრუნდა. 1601 ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე. ირან-ოსმალეთის 1602-1612 ომში იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე. 1603-1604 მონაწილეობდა ერევნის აღებაში. 1604 აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. აბას I-მა გიორგი X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა — საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრეთით. გიორგი X-ის დროს, 1604-1605, საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტიკურ ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რითაც რუსეთ-ქართლის კავშირი და რუსეთის მფარველობა განმტკიცებული უნდა ყოფილიყო გიორგი X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის დაქორწინებით. მაგრამ რუსეთის საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული წყაროების მიხედვით გიორგი მეფეს ორი ქალიშვილი ჰყავდა. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობით, ერთს რქმევია თინათინი, მეორეს — ხორეშანი. ფარსადან გორგიჯანიძე ორ დას გვისახელებს, რომელტაგან ერთს რქმევია ლელა, მეორეს ხორეშანი. ორ დას ელენესა და ხორეშანს ასახელებენ ანტონ კათალიკოსი და იოანე ბატონიშვილი. კორნელი კეკელიძემ დაასაბუთა, რომ ლუარსაბის დები არიან ელენე და ხორეშანი. ლელა ელენეს მეორე სახელია, რომელიც მისთვის შემდეგ შეურქმევიათ. კორნელი კეკელიძის აზრით, ლელა-ელენე უფროსი და ყოფილა. იგი გიორგი მეფის ასულია, რომელსაც რუსი ელჩები თხოულობდნე ბორის გოდუნოვის ძის თევდორესათვის. ეს ქორწინება არ შედგა. ლელა-ელენე თვით შაჰ-აბასს უთხოვია ცოლად და „ფათმან სულთან ბეგუმი“ დაურქმევია. შემდეგ ლელა შაჰ-აბასს ფეიქარ-ხანისათვის მიუცია. ეს მომხდარა მას შემდეგ, რაც შაჰმა ლუარსაბ მეფე გუდაბყალის ციხეში მოაშთობინა (1622), რადგანაც ამ აქტის შემდეგ შაჰი უკვე აღარ ენდობოდა ლელას. პარიზის ქრონიკა გვაუწყებს: „მეფე ლუარსაბ გულაბის ციხეში მშვილდის საბლით დაარჩვეს და ლუარსაბ მეფის და ფათმან სულთან ბეგუმ ქ. ენის სახლით გამოიყვანეს და ფეიქარ-ხანს მისცეს“. არჩილი და იოსებ თბილელი ადასტურებენ, რომ ფეიქარ-ხანის ცოლი ლელა ლუარსაბის და იყო. შემდეგ გიორგი სააკაძემ სცადა ელენე-ლელა წაერთმია ფეიქარ-ხანისათვის და ზურაბ ერისთავისატვის შეერთო, სპარსეთში განწირული მისი მეუღლის ნაცვლად, მაგრამ ბერი ეგნატაშვილის სიტყვით: „იგრძნა ფეიქარ ხან და წარვიდა გაქცეული და სდივეს ბარდამდი და ვერ მიეწივნენ“.

მკვლევარმა ლალი ძოწენიძემ მიაკვლია ვინმე ელენე ხანუმის სამიჯნურო ეპისტოლეებს და ამ ეპისტოლეების ანალიზის შედეგად გამოთქვა მოსაზრება, რომ ეპისტოლეების ავტორი ელენე ხანუმი იყო ლუარსაბის და და ელენე-ლელა, რომელიც ირანიდან სამიჯნურო ბარათებს უგზავნის ზურაბ ერისთავს.

კორნალი კეკელიძის აზრით გიორგი მეფეს არ ყოლია და თინათინი. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის, ლუარსაბის და თინათინად მიუღიათ თეიმურაზის ასული თინათინი, რომელიც ცოლად ჰყოლია შაჰ-სეფი ყაენს, ხოლო შემდეგ მიუცია ლორისტანის ვალისათვის. მიხეილ საბინინს და ანტონ ფურცელაზის აზრით გიორგი მეფეს ყავდა სამი ქალიშვილი, რომელთაგან ერთს თინათინი ერქვა. ანტონ ფურცელაძის ცნობით, ეს თინათინი თავის ძმასთან — დავით ბატონიშვილთან ერთად გიორგი მეფეს გაუგზავნია ოსმალეთში დატყვევებულ სიმონ მეფის გამოსახსნელად. იქვე დარჩენილა და გარდაცვლილა[1]. ფურცელაძის ცნობას ადასტურებს რუსული დიპლომატიური საბუთები. მეფე გიორგი X ეუბნებოდა რუსეთის ელჩებს, რომ ოსმალეთის ტყვეობაში მყოფ მამაჩემთან იმყოფებიან ჩემი შვილებიო[2]. ამრიგად, ამ ცნობის მიხედვით, სტამბოლში ჩასულან გიორგი მეფის შვილები — დავითი და მისი და. დავითის შესახებ ცნობები მოიპოვება აღმოსავლურ და ევროპულ წყაროებში, მისი და თინათინი კი არსად ნახსენები არ არის.

მიხეილ სვანიძემ ყურადღება მიაქცია აღმოსავლური და ევროპული წყაროებში ცნობილ ქართველ დიპლომატ ქალს გულჩარას (ისკანდერ მუნში, ავგუსტინო ნანი, ანტონიო გოვეა, ჟ. ჰამერი), რომელიც მას სიმონ მეფის შვილიშვილად, გიორგი მეფის ასულად მიაჩნია. დავით ბატონიშვილთან ერთად გულჩარა უნდა იგულისხმებოდეს გიორგი მეფის სიტყვებში რუს ელჩებთან საუბრისას. იგი დავით ბატონიშვილთან ერთად ჩასულა სტამბოლში. ისკანდერ მუნშისა და ევროპული წყაროების ცნობით, იგი დაახლოვებია ახალგაზრდა სულთანის აჰმედ I-ის დედას, დაუმსახურებია მისი ნდობა და დიპლომატიური დავალებით ირანში გამგზავრებულა სიმონ მეფესთან ერთად. სულთანი სიმონ მეფის განთავისუფლების პირობად ირანტან ზავის დადებას მოითხოვდა. სიმონისა და გულჩარას მიზანი ირან-ოსმალეთის დაზავება იყო, მაგრამ რამდენი მე დღის შემდეგ სულტანმა გადაწყვეტილება შეცვალა, სიმონი უკან დააბრუნა და საპასუხისმგებლო მისია მთლიანად გულჩარას დაავალა. ეს მოხდა 1606 წლის გაზაფხულზე. შაჰმა პატივით მიიღო გულჩარა და 1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის პირობების აღდგენა მოითხოვა. პოზიციებს არც ოსმალეთი თმობდა, ამიტომ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ გულჩარა რამდენჯერმე გამგზავრებულა შაჰ-აბასთან მოსალაპარაკებლად. 1610 წელს, როცა ოსმალეთის ლაშქარმა შაჰ-აბასს ისევ შეუტია, შაჰმა კვლავ დაიწყო საზავო მოლაპარაკება. 1612 წლის 27 სექტემბერს ირანის დელეგაცია გულჩარას მონაწილეობით სტამბოლში ჩავიდა, რომლის დროსაც მან დიდი როლი ითამაშა ოსმალეთ-ირანის დაზავების საქმეში. ქართულ წყაროებში გულჩარას სახელით გიორგი მეფის ქალიშვილი არსად ჩანს, სავარაუდოდ გულჩარა იგივე თინათინია რომელსაც ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი იხსენიებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი X
დაიბადა: 1560-დან 1565-მდე გარდაიცვალა: 1606
წინამორბედი:
დავით XI
   ქართლის მეფე   
1600–1606
შემდეგი:
ლუარსაბ II
  1. ა. ფურცელაძე, ბრძოლა საქართველოს მოსასპობად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო, ტფ. 1892, გვ. 103
  2. С. Белокуров, СРК, I, გვ. 498