ლუარსაბ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლუარსაბი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლუარსაბ I
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1527
მმართ. დასასრული: 1556
წინამორბედი: გიორგი IX
მემკვიდრე: სიმონ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1502
გარდ. თარიღი: 1556
გარდ. ადგილი: გარისი
მეუღლე: თამარ ბაგრატიონი
შვილები: 1.სიმონ I
2. დავით XI
3.ვახტანგი
4.ალექსანდრე
5.ლევანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით X
დედა: თამარ ჯაყელი
ხელმოწერა: Luarsab I signature.svg


ლუარსაბ I (დ. 1502 — გ. 1556) — ქართლის მეფე 1527—1556 წლებში, დავით X-ის ძე (წყაროებში გვხვდება მისი მეფობის სხვა თარიღებიც: 1530—1556, 1534—1558 და სხვ.), 1522 წელს თავი ისახელა ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1526 წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან. 1535, როდესაც ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო შეიერთა, ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. ლუარსაბ I ცდილობდა სპასეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. 30-იან წლებში ქართლ-იმერეთის კავშირი გაფართოვდა ლუარსაბ I-ისა და კახეთის მეფის ლევანის შეკავშირებით. ამას წინ აღუდგა ირანის შაჰი თამაზ I, რომელმაც პირადად ოთხი დიდი ლაშქრობა (1541, 1547, 1551, 1554) მოაწყო საქართველოში. 1541 წელს შაჰის პირველი ლაშქრობის შედეგად ლუარსაბ I-მა თბილისი დაკარგა, კახეთი მტერს დამორჩილდა და ქართული სამეფოთა კავშირს გამოეთიშა. 1545 წელს ლუარსაბ I თავისი ლაშქრით დაეხმარა ბაგრატ III-ს შემოსეულ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი სოხოისტას ბრძოლაში დამარცხდა და სამცხე-საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის ხელისუფლება აღადგინეს. პაპი პავლე III 1545 წლის 17 ივნისს უგზავნის ლუარსაბს წერილს, გამოხატავს რა მზადყოფნას, რომ ელჩები გამოგზავნოს, ულოცავს ლუარსაბს ლევანთან ერთად მიღწეულ კავშირს და იმასაც, რომ რომ ლუარსაბმა სცნო და აღიარა პაპი, გზავნის რა მოგვიანებით (1546) საქართველოში ელჩებს ერთიანობის ნიშნად. მანამდე კი ლუარსაბ I უგზავნის პავლე III-ს ელჩებს, უცხადებს რა მას მორჩილებას და მზადყოფნას, კათოლიკე მისიონარებთან ერთად ეკლესიათა ერთიანობის მისაღწევად.

ირან-ოსმალეთის ომის (1514—1555) უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ორივე აგრესორი განსაკუთრებული ენერგიით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ლუარსაბ I მტკიცედ ადგა თავიდანვე აღებულ პოლიტიკურ კურსს და დაიმორჩილა სამცხე-ჯავახეთი, კოლა-არტაანი. 1551 თამაზ I-ის მე-3 შემოსევის შედეგად ლუარსაბ I იძულებული გახდა დაეტოვებინა სამცხე-საათაბაგოს შემოერთებული ტერიტორიები. 1554 წელს თამაზ I-ის მე-4 შემოსევის დროს ლუარსაბ I იმერეთში გადავიდა. შაჰის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ბაგრატ III-მ არ გასცა ქართლის მეფე. 1554—1555, ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკების დროს, ლუარსაბ I ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა ზავის დადებისათვის, რადგან ორ აგრესორს შორის ომი უადვილებდა ქართველებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. 1555 ირან-ოსმალეთის ამასიის ზავის შემდეგაც ლუარსაბ I განაგრძობდა ბრძოლას: დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. 1556 ყიზილბაშთა წინააღმდეგ გმირულ ბრძოლაში ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაიჭრა. ლუარსაბ I მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა — მცირე რაზმებს პირდაპირ ესხმოდა თავს და ანადგურებდა, დიდ ლაშქართან ბრძოლას თავს არიდებდა, მოხერხებულად იყენებდა ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს, უსაფრდებოდა მტერს, ღამით აწყობდა თავდასხმებს. ამით აიძულებდა მტერს საომარი ოპერაციები შეეწყვიტა და ციხესიმაგრეებში ჩაკეტილიყო. ლუარსაბ I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები, მათ შორის თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს; უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა „ქართველობა“ — ქართული სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობილება, ქართული კულტურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუხუა ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 301, თბ., 1983

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუარსაბ I
დაიბადა: 1502 გარდაიცვალა: 1556
წინამორბედი:
გიორგი IX
   ქართლის მეფე   
1527–1556
შემდეგი:
სიმონ I