ვახანის ციხე
ვახანის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახანის ციხე წყაროებში პირველად დამოწმებულია 1650–1652 წლებში იმერეთში რუსი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლიევის, ანგარიშებში. ციხეს მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა და კონტროლს უწევდა მესხეთიდან იმერეთში მიმავალ უკიდურეს აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში მიმავალ უკიდურეს სამხრეთ გზებს.
ციხის უძველეს სამშენებლო ფენებში შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების ხანის წყობის ფრაგმენტები. ციხის ერთი ზურგის კედელი სწორ ხაზს მისდევს, დანარჩენები კუთხეებმომრგვალებულ წაგრძელებულ სწორკუთხედს ქმნის. ზურგის კედელს გარედან მცირედ შვერილი ბურჯები აქვს, შიგნიდან ზედ მიდგმულია გეგმით კვადრატული კოშკი — დონჟონი. ნაგებია ტლანქად დამუშავებული, დიდი კვადრული ლოდებით. სათოფურები არა აქვს, რაც იმას მოწმობს, რომ აშენებულია ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებამდე, XV–XVI საუკუნეებამდე. გალავნის შიგნით, ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში, უხეში ქვით ნაშენი პატარა ერთნავიანი სამლოცველოა.
ვახანის ციხე თავდაპირველად იმერეთის სამეფოში შედიოდა. შემორჩენილია იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის 1658–1660 წლების სიგელი, სადაც მეფე ციხის მფლობელობას უახლებს ომადმანიძეთა საგვარეულოს ერთ-ერთ წარმომადგენელს. მოგვიანებით ვახანს აბაშიძეები ფლობდნენ. XVIII საუკუნის 30–50-იან წლებში ვახანის ციხე ქართლის სააბაშიძეოს კუთვნილებაში გადავიდა და ქართლის სამეფოს საზღვრებში მოექცა. 1779 წელს ქართლის სააბაშიძეო დაიშალა, ხოლო ვახანის ციხე აბაშიძეთა საერთო საკუთრებად ჩაითვალა.
1785 წლის 27 ოქტომბერს ვახანის ციხეს ალყა შემოარტყა ავარიის გამგებელმა ომარ-ხანმა. ციხის დაცვას ხელმძღვანელობდა ქაიხოსრო აბაშიძე. ორჯერ უშედეგო იერიშის შემდეგ, 1785 წლის 31 ოქტომბერს ომარ-ხანმა მოტყუებით ჩაიგდო ხელში ციხე და გადაწვა. ლეკებმა იქ თავშეფარებული 700 კაციდან ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს.
1804 წლის 25 აპრილს ვახანის ციხის მიდამოებში „ელაზნაურში“, მოხდა შეხვედრა კავკასიის მთავარრწმუნებულ პავლე ციციანოვსა და იმერეთის უკანასკნელი მეფეს სოლომონ II-ს შორის იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელიც „ელაზნაურის შეთანხმების“ სახელწოდებით არის ცნობილი. ციხე საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ფუნქციონირებდა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხე მდებარეობს ამავე სახელწოდების მთის მისადგომთან, მაღალ ბორცვზე. ვახანის ციხე კლდოვან კონცხზე დაშენებული, ზურგის მხრიდან შედარებით სწორი, ხოლო დანარჩენი მხარეებიდან ოვალური ტერიტორიის შემომფარგლავი სხვადასხვა ზომის, მრგვალბურჯებიანი, ძალიან მაღალი ზღუდით არის გარედან შემოფარგლული. ციხის ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ნანგრევებად ქცეული დარბაზული ეკლესიის ნაწილობრივ დაცულ ჩრდილოეთის კედელს კედლის თაღის ფრაგმენტები და ორსაფეხურიანი პილასტრი აქვს შემორჩენილი. იქვე, მიწაზე გდია კარის არქიტრავის ქვა ზედ ორმაგი ხაზის ამოღარვით გამოყვანილი ტიმპანისებრი თაღით, რომელშიც ჯვარია ამოკვეთილი. ციხის ნაგებობათაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი და შედარებით უკეთ დაცული ზღუდეზე მიდგმული დიდი ზომის, გეგმით კვადრატული დონჟონი, მთავარი კოშკია, რომელსაც ციხის ეზოს შუა, სამხრეთის მხარე უკავია. კოშკის სწორკუთხა შესასვლელი მაღალი ჩაკირული სართულის ზემოთაა განთავსებული, მიუდგომელ სიმაღლეზე, სადაც ჩანს, მისადგმელი კიბით ხდებოდა ასვლა. უხეშად დამუშავებული, კუთხემოგლუვებული და ზედაპირამობურცული მოზრდილი კვადრების მჭიდრო წყობით ნაშენი მაღალი კედლები და განსაკუთრებით შემტკიცებული, შედარებით მსხვილი ქვებით ამოყვანილი კუთხეები ციხის ამგებ-დამგეგმავთა სამხედრო და სამშენებლო საქმეში დიდ დახელოვნებაზე მეტყველებს. ქვის ასეთივე წყობაა გამოყენებული ციხე-სიმაგრის ძირითად კედელ-ბურჯებზე, მხოლოდ ცალკეულ ნაწილებში შეინიშნება წვრილი და დაუმუშავებელი ფლეთილი ქვით შესრულებული შემდგომი აღდგენები, რაც ციხის ძირითადი სტრუქტურის ადრეულობაზე მიუთითებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე თ., ბერიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 220.
- ვეფხვაძე ი., ხარაგაული, ქუთაისი, 2002 წ., გვ. 144-146
- ვეფხვაძე ი., ხარაგაული, ქუთაისი, 2010 წ., გვ. 70
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16172