ზარაფხანა
ზარაფხანა — მონეტების, ორდენების, მედლებისა და სხვა სახელმწიფო ნიშნების დასამზადებელი სახელმწიფო საწარმო, რომელიც ფართოდ იყენებს მოოქროების, მოვერცხვლისა და საიუველირო მინანქრით ლითონის ნაკეთობათა დაფარვის ხერხებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მონეტას ჭრიდნენ ძვ. წ. VI საუკუნიდან. კოლხური თეთრი მოჭრილია საქართველოში, მაგრამ ზარაფხანის ადგილმდებარეობა უცნობია. 704 წელს არაბულ დრამაზე თბილისის ზარაფხანა პირველად აღინიშნა. IX საუკუნიდან თბილისში დროგამოშვებით იჭრებოდა ფული არაბი ხალიფას, ხოლო X საუკუნის II ნახევრიდან - თბილისის ამირას სახელით. XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან XV საუკუნის დასაწყისამდე მონეტებზე კვლავ გვხვდება თბილისის ზარაფხანის აღნიშვნა. 1603 წლიდან XVIII საუკუნის დასასრულამდე თბილისის ზარაფხანა სისტემატურად უშვებდა ვერცხლისა და სპილენძის ფულს. XVII საუკუნის ზარაფხანა მდებარეობდა კალაში, სიონის მახლობლად. დასტურლამალში შემონახულია ზარაფხანის წესდება.
ზარაფხანა ქალაქის რიგის დაწესებულებად ითვლებოდა, რის შესახებაც „დასტურლამალში“ ნათქვამია: „ზარაფხანის რიგი არის ქალაქის გარიგებაო“. ზარაფხანა სახლთუხუცესის სახელოში შედიოდა, რომელსაც მდივნებთან ერთად განაგებდა. „დასტურლამალის“ მიხედვით, ზარაფხანიდან სახლთუხუცესს წელიწადში 25 თუმანი, ხოლო მდივნებს წელიწადში 12 თუმანი და 5 მინალთუნი ეძლეოდათ.
ზარაფხანაში სხვადასხვა თანამდებობები იყო დაწესებული, მათ შორის აღსანიშნავია თავლიდარი, რომელიც წარმოადგენდა სხვადასხვა შემოსავლის მიმღებ, მიმბარებელ მოხელეს. 1787 წელს, თბილისის ზარაფხანის თავლიდარის თანამდებობას იკავებდა ნასყიდა ალადაღაშვილი. „დასტურლამალის“ მიხედვით, ზარაფხანაში დასახელებულია მოხელე „მაირიც“, რომელიც სპარსეთში გავრცელებული ანალოგიური მოხელის „მუაირის“ შესატყვისია. მას ეხებოდა ძვირფასი ლითონების სინჯის კონტროლი და სხვა უფლებამოსილებები.
ზარაფხანის ტექნიკური პერსონალიდან თბილისის ზარაფხანაში მუშაობდნენ შემდეგი სახელოსნოები და ხელოსნები: ა) „საბაქი“ ანუ სამსხმელო, სადაც ხელოსნები სხვადასხვა შემცველობის ოქრო-ვერცხლს ასუფთავებდნენ და აყენებდნენ ხალას ოქროდ და წმიდა ვერცხლად (მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში საბაქებად მუშაობდნენ ნაზარაშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები, რომლებიც პარალელურად ზარაფხანის ხელმძღვანელებად ანუ ზარაბბაშებად ითვლებოდნენ). ბ) „აჰანგარი“, სადაც ძვირფას ლითონს ეძლევა ძელაკების ფორმა. გ) „ჩარხქაშის” (მავთულქაში) სახელოსნო. ამ ეტაპზე ხელოსნები ოქროს და ვერცხლის ძელაკებს ატარებდნენ სპეციალურ ნასვრეტებიან ფოლადის ფირფიტაში (ადიდაში). დ) „ყათაი” (ყათაღი), სახელოსნო, სადაც მიღებული მოგრძო ფორმის ლითონის ძელაკი იჭრებოდა პატარა ნაჭრებად.; ე) „ქაჰლაქუ” (გალაქუ, გალაჰქუ). სახელოსნო, სადაც ზემოთხსენებული პატარა ნაჭრები ბრტყელდებოდა მონეტის ფორმებად ვ) „თახშქუნი“ (თასშქუნი), სადაც ხდება ნამზადის გადარჩევა. წუნდებულებს ხელმეორედ გადასადნობად გადადებდნენ.; ზ) „სიქაქუნი“, სადაც ხდება ფულის მოჭრა სიქების მეშვეობით. გარდა ზემოთაღნიშნულისა, „დასტურლამალი“ იცნობს სხვა ტერმინებსაც: ზარაფი, ფსუზასი, სუხტი, თავგარი, ფიშკარი, დამდამი, თარაზდარი.
თბილისის ზარაფხანაში სპეციალური მჟავების (მაგ. აზოტმჟავა) მეშვეობით შესაძლებელი იყო მადნებიდან მოტანილი ოქროიანი ვერცხლის დაყოფა ოქრო და ვერცხლად, ასევე მინარევებისგან გასუფთავება, რომელსაც „თეზაპჩები“ ასრულებდნენ.
1803-1833 წლებში თბილისის ზარაფხანა უშვებდა ე. წ. რუსულ-ქართულ ფულს. ეს ზარაფხანა მდებარეობდა როსტომ მეფის სასახლის ტერიტორიაზე.
თბილისის გარდა დროგამოშვებით ფული იჭრებოდა აგრეთვე დმანისში (XIII ს.), ახალციხეში (XIV ს. დასაწყისი), ანისში (XIV ს.), არტანუჯში (1520), ზაგემში (XVI-XVII სს.). სხვადასხვა დროს ზარაფხანები მოქმედებდნენ უფლისციხეში, ქუთაისში, ცხუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალიშვილი ლ., ზარაფხანის ამალა (ძველი თბილისის ზარაფხანის მოხელეთა ვინაობის საკითხისათვის), ჟურ. განთიადი, N 11-12, ქუთაისი, 2024, გვ. 151-161
- ღვაბერიძე ც., ქუთელია თ., ქსე, ტ. 4, გვ. 484, თბ., 1979
- კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969;
- Пахомов Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970;