ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, XV საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი. ფანასკერტელთა სახლის უფროსი. ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოსა და საციციანოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. XV საუკუნის 60-იან წლებში იგი ფანასკერტიდან (ტაო) შიდა ქართლში გადასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და ეკვდერის მიშენება. ავტორია ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა „სამკურნალო წიგნი—კარაბადინი“. წიგნში განხილულია თეორიული და პრაქტიკული მედიცინის საკითხები. მისი აზრით, ავადმყოფის განსაკურნავად საჭიროა, ზუსტ ცოდნაზე აგებული მკურნალობის რაციონალური მეთოდების გამოყენება. იგი უარყოფს ფსიქიკური დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლენად მიიჩნევს.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი და მისი "სამკურნალო წიგნი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველი ქართული მედიცინის ისტორიაში. ის ჯერჯერობით ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა "სამკურნალო წიგნზე" და ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს. შემონახულია აგრეთვე მისი პორტრეტი, რომელიც ფრესკის სახით დაცულია ყინწვისის ტაძარში.

ეს წიგნი, როგორც ჩანს, 300 წლის წინ გატანილი იყო საქართველოდან და მხოლოდ შემთხვევის წყალობით მოაღწია ჩვენამდე. აღსანიშნავია, რომ ერთმორწმუნე რუსეთში გატანილი ქართული ეროვნული ძეგლები კარგ თავშესაფარს პოულობდა. ასეთი თავშესაფარი უპოვნია, როგორც ჩანს, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის "სამკურნალო წიგნს".

გორკის სახელმწიფო არქივში ფანასკერტელ-ციციშვილის წიგნის ხელნაწერის მოხვედრის ისტორია მეცნიერებს შემდეგნაირად აქვთ წარმოდგენილი: ამ საკითხს შუქს ჰფენს ხელნაწერის 62-63 ფურცლების შორის ჩადებული ერთი ფურცელ-ქაღალდი, რომელშიც ვახტანგ VI-ის ხელით ჩაწერილი ყოფილა შემდეგი სიტყვები:

"ქ. ჩვენ ქაართველოს გამგებელმან ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ თვითეულად ფურცლად მოშორებული კარაბადინი ესე შევაწყობინე და შევაკვერევინე საჴსრად და სასარგებლოდ კაცთათვის და საჴსრად ყოველთა, ქ~კს ტჟზ".

ვახტანგის აღნიშნული ჩანაწერი ამ ხელნაწერის შეკრებასთან, განახლებასთან და აკინძვასთან დაკავშირებული ანდერძია.

როგორც ხელნაწერის გარეგნული შესწავლით ირკვევა, ვახტანგს ძეგლის მიმართ შემდეგი სამუშაოები ჩაუტარებია:

  1. 1. ფურცელ-ფურცელ დაშლილი კარაბადინი აუწყვია, შეუკრავს და აუკინძავს ძვირფას ყდაში.
  2. 2. ფურცელთა დაკლებულობა გამოურკვევია და აღუნიშნავს საკუთარი ხელით სათანადო ადგილას შემდეგი სიტყვებით ["აქ ფურცელი აკლია ერთი"; "აქაც აკლია და ა. შ (სულ 17 ადგილას)].
  3. 3. შეკრული ხელნაწერისათვის მიუცია ახალი პაგინაცია
  4. 4. აშიებზე ზოგან მოუთავსებია შენიშვნები და განმარტებანი.

მაშასადამე, როგორც ირკვევა, ვახტანგს დიდი მონდომებით ჩაუტარებია ხელნაწერის აღდგენის სამუშაოები და, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, რუსეთში მისი გატანაც ვახტანგის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული: "კარაბადინის ეს ძვირფასი ხელნაწერი თავის დროზე ვახტანგის საკუთრება უნდაყოფილიყო და რუსეთშიაც ის მის მიერ უნდა იყოს გატანილი სამეფო სახლის ევაკუაციის გამო 1724 წელს, ხოლო ვახტანგის სიკვდილის შემდეგ (1737 წ.) ის მისი მემკვიდრეთა ხელში გადასულა და კერძოდ ეს ხელნაწერი გახტანგის უფროს ვაჟს, ბაქარს მიუღია. XVIII საუკუნის მეორე ნახევრისათვის კარაბადინი უკვე ბაქარის შვილიშვილის, გიორგი ალექსანდრეს ძის ხელში ყოფილა. როგორც ცნობილია, გიორგი ალექსანდრეს ძე სოფ. ლისკოვოში ცხოვრობდა. ხოლო 1852 წლის შემდეგ, როდესაც ეს უკანასკნელი უძეოდ გარდაიცვალა, საფიქრებელია ამ ხელნაწერის სხვა პირთა ხელში და კერძოდ აღნიშნულ არქივის განკარგულებაში გადასვლა." [1]

როგორც ირკვევა, ვახტანგ VI-მ დიდი ღვაწლი დასდო ქართულ მედიცინასაც, მან შეკრიბა, ტექსტის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა და შთამომავლობას შემოუნახა არა მარტო ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის "სამკურნალო წიგნი", ქანანელის "უსწორო კარაბადინიც" მისი ზრუნვის წყალობით შერჩა ქართულ კულტურას.

ხელნაწერის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი დიდტანიანია: მასში ასამდე რვეული ან 684 ფურცელია აღრიცხული; 36X23; წიგნი აკინძულია და ჩასმულია ტყავგადაკრულ მაგარ ხის ყდაში. რვეულთა სათვალავი აქ აღნიშნულია პირველი ფურცლის r-სა და ბოლო ფურცლის V-ს ქვედა აშიებზე, მაგრამ გზადაგზა გადამწერს შეშლია, გადამხტარა და რამდენიმე რიგითი სათვალავი სრულიად გამოუტოვებია. ამის გამო ხელნაწერში დღეს მე-8 და 68-74-ე რვეულები არ ჩანს, თუმცა მითითებულ ადგილებში ტექსტის ნაკლოვანება არ აღინიშნება. რვეულები აქაც, ჩვეულებრივ, რვაფურცლიანია მაგრამ ზოგიერთი მათგანი ნაკლულია და ფურცელთა რაოდენობა დღეს ჩვეულებრივ უფრო მცირეა. მაგალითად: მე-4, 36, 40, 79, 84, 92-ე და 98-ე რვეულები მხოლოდ ექვს-ექვს ფურცლიანია: 43-ე, 58, 64, 76-ე რვეულებში შვიდ-შვიდი ფურცელია: 42-ე და 87-ე რვეულები ხუთ-ხუთ ფურცლიანია, მაგრამ 82-ე და 99-ე რვეულებში, მხოლოდ ოთხ-ოთხი ფურცელია. ამასთან ერთად, აქ საწინააღმდეგო მოვლენაც შეინიშნება. ზოგიერთ რვეულში თავდაპირველად ფურცელთა რაოდენობა რვაზე მეტიც ყოფილა. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ დღეს მე-10, 31-ე, 37-ე და 53-ე რვეულებში რვა-რვა ფურცელია, მაშინ, როდესაც მათ ფარგლებში ვახტანგს ორი და მეტი ფურცლის დანაკლისი აქვს აღნუსხული (და იქ, ტექსტი მართლაც ნაკლულია). გარდა ამისა, 51-ე რვეულში დღეს ათი ფურცელია, თუმცა იქ სამი ფურცლის ნაკლოვანებაა აღნიშნული.[2]

საყურადღებოა, რომ ხელნაწერში ზემოაღნიშნული ჩვეულებრივი სათვალავის გვერდით, ფურცელთა სათვალავიც მოიპოვება. როგორც ჩანს, ხელნაწერის "ფურცელ-ფურცელ" დაშლისა და ზოგიერთი ფურცლის დაკარგვის გამო თავდაპირველი ჩვეულებრივი სათვალავი მოთხოვნილებებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა და ფურცელთა აღნუსხვაც აუცილებელი გამხდარა. თავის დროზე ესეც ვახტანგს გაუკეთებია. ფურცელთა სათვალავი მას ქართული ანბანით აქვს აღნიშნული, ყოველი ფურცლის პირისა და ზურგის მხარის ქვედა აშიაზე, მაგრამ ამ წესს ის მხოლოდ "141"-მდე იცავს.აქედან მოკიდებული კი სათვალავი მხოლოდ პირის მხარეს მოსდევს და ზურგზე არ მეორდება. უფრო გვიან ფურცელთა სათვალავი ციფრებითაც გაუმეორებია. ეს უკანასკნელი კი დასმულია ყოველი ფურცლის პირის მხარეზე, ზედა აშისს მარჯვენა კუთხეში ხელის მიხედვით შესაძლებელია ის ალ. ხახანაშვილსაც ეკუთვნოდეს. XVIII საუკუნის დამდეგს ის უკვე ძლიერ დაზიანებული, ფურცელ-ფურცელ დაშლილი ყოფილა, ალაგ-ალაგ ცალკეული ფურცლები და რვეულებიც ჰკლებია. მხოლოდ ვახტანგის საგანგებო ღონისძიებათა შედეგად შესაძლებლობის ფარგლებში მას ადრინდელი სახე მიუღია. ვახტანგის შემდეგაც განუცდია მას დაზიანება. ამჟამად ორივე ყდა გატეხილია. ზედას ქვემო ნაწილიც მოტეხილი და დაკარგული აქვს, გარეკანზე გადაკრული ტყავიც კიდეებზე გახეულ-გაცვეთილია, ხოლო წიგნის ყუის ნაწილში ის სრულიად მოგლეჯილია. ხელნაწერი ახლა თავნაკლულია, ის მეოთხე რვეულით იწყება. ამ რვეულის მხოლოდ ექვსი ფურცელია შემონახული. ამგვარად, მას აქ სამი რვეული მთლიანად და მომდევნოს ორი ფურცელი (ე.ი. სულ 26 ფურცელი) აკლია. განსაკუთრებით დაზიანებულია ხელნაწერის თავი და ბოლო. (2 - 27; 663 - 684 ფურცლები). ფურცლები აქ თითქმის მთლიანად ლაქმოდებულია, მრავალი მათგანი დაფლეთილი და ამოცვენილია. ხელნაწერის მთელ სიგრძეზე მრავალი ფურცლის აშია და ძირია შეკეთებული. წიგნში შესამჩნევია სხვა დაზიანებებიც, მაგალითად 63-68 ფურცლები ნაპერწკლითაა გამომწვარი. სინოტივის ნაკვალევიც ბევრგან ტვალსაჩინოა. განსაკუთრებით, თავსა და ბოლოში და საერთოდ მისი აკინძულობა საგრძნობლად დაზიანებულია. წიგნი მოსქო თეთრ ქაღალდზეა დაწერილი. დიდად საყურადღებოა, რომ ხელნაწერის მთელ სიგრძეზე ქაღალდის ჭვირნიშანი არსად არ ჩანს. ეს გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ქაღალდი ევროპული არ არის. შესაძლებელია ის ადგილობრივ, საქართველოშიც, იყოს დამზადებული.[3]

წიგნი დაწერილია in folio. თითოეულ გვერდზე (უმეტესად) 22 სტრიქონია. დაწერილია მხედრულით, შავი მელნით, სათაურები და ხშირად აბზაცის დასაწყისი სიტყვები - წითლით. ხელის მიხედვით ეს წიგნი რამდენიმე გადამწერის ნახელავი ჩანს. აქ სულ ცოტა ორი სხვადასხვა ხელი გამოირჩევა.

  • ა. მსხვილი, მომრგვალო ლამაზი ხელი (ამ ხელით დაწერილია: 1-24, 117-256, 259-268)
  • ბ. შედარებით წვრილი და საშუალო სილამაზის ხელი (ამ ხელით დაწერილია: 263-351, 445-დან ბოლომდე)

ხელნაწერი ორ ნაწილად არის წარმოდგებილი. პირველი ნაწილი, რომელიც 1959 წელს გამოიცა (ზ. ფანასკერტელ ციციშვილი, სამკურნალო წიგნი - კარაბადინი, გამომც. "საბჭოთა საქართველო", ტექსტი დაამუშავა, გამოკვლევები და ლექსიკონი დაურთო მ.შენგელაიამ) მოთავსებულია 1 - 174 ფურცელზე. 177-ე ფურცელზე თითქოს სრულიად ახალი სათაურით იწყება ტექსტის მეორე ნაწილი და, ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პირველი ნაწილი მექანიკურად იყოს აკინძული, შეერთებული მეორე ნაწილთან, როგორც სხვადასხვა კარაბადინების კრებული, მაგრამ თუ დავუკვირდებით, პირველი ნაწილი მეორესთან ორგანულადაა დაკავშირებული. ასე ფიქრობდა ალბათ ვახტანგიც, როდესაც ერთ წიგნად აკინძა ის და საერთო პაგინაცია გაუკეთა. თვით ხელნაწერის პირველ ნაწილსა და მეორე ნაწილში გადამწერების ხელთა მონაცვლებოა საერთოა, რაც იმას მიუთითებს, რომ გადამწერებმაც ის ერთ მთლიან წიგნად გადაწერეს. გარდა ამისა, სტილისტური და ლექსიკოლოგიური შესწავლა გვანიშნებს, რომ ორივე ნაწილის ავტორი ერთი და იგივე პიროვნებაა. შინაარსობრივადაც წიგნის მთლიანი არქიტექტონიკა ნაკლოვანი იქნებოდა პირველი ნაწილის გარეშე, რაგდან ის (I ნაწილი), მედიცინის ზოგად ნაწილს წარმოადგენს. აქ განხილულია დიაგნოსტიკის, ჰიგიენის ძირითადი საკითხები, აღწერილია სამკურნალწამლო საშუალებათა ძირითადი სახეები და მათი ტექნოლოგია. მეორე ნაწილი კი წარმოადგენს მედიცინის კერძო ნაწილს. ამიტომ არის ის წიგნში სრულიად ახალი სათაურით მკვეთრად განცალკევებული პირველისაგან. [4]

ხელნაწერის თარიღისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ფაბასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს იატორიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ.1;
  • მაკალათია ს., ძამის ხეობა; თბ., 1961;
  • შენგელია მ., ქსე, ტ. 4, გვ. 471, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზაზა ფანასკერტელი, სამკურნალო წიგნი - კარაბადინი", საქმედგამი, თბილისი, 1950, გვ. VI-VII
  2. სამკურნალო წიგნი კარაბადინი - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" 1978. გვ. 5-7
  3. სამკურნალო წიგნი კარაბადინი - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" 1978. გვ. 7-9
  4. სამკურნალო წიგნი კარაბადინი - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" 1978. გვ. 9