ბაგრატ V დიდი
ბაგრატ V | |
---|---|
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1360 |
მმართ. დასასრული: | 1393 |
წინამორბედი: | დავით IX |
მემკვიდრე: | გიორგი VII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1393 |
მეუღლე: |
ელენე ანა კომნენოსი |
შვილები: |
1.გიორგი VII 2.კონსტანტინე I 3.დავითი 4.ულუმპია |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დავით IX |
ბაგრატ V დიდი (გ. 1393) — საქართველოს მეფე 1360–1393 წლებში, დავით IX-ის ძე.

ქართული საისტორიო მწერლობა ბაგრატ V-ს „დიდის“ სახელით იხსენიებს. ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიქაელ პანარეტოსი, რომელიც პირადად იცნობდა ბაგრატ V-ს, მას „გამოჩენილ სარდალს“ უწოდებს. სომხურ მწერლობაშიც ბაგრატ V „ძლევამოსილისა და ძლიერის“ სახელითაა მოხსენიებული. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ საქართველო თუმცა ეკონომიურად დაქვეითებული იყო და სამეფოს დაშლის ტენდენცია თანდათანობით თავს იჩენდა, ბაგრატ V-ის ხელისუფლება მაინც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. მისი სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (ტრაპიზონის იმპერიასთან) მაკრიალის ხეობას გასდევდა, მაკრიალი, გონია, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი საქართველოს ეკუთვნოდა. ქ. ანისი და მისი ოლქი წინანდებურად ბაგრატ V-ის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ბაგრატ V-ის ხელისუფლებას ცნობდნენ დვალეთი და ოსეთი.
ბაგრატ V-ის მეფობის დასაწყისში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1366 წელს მისი მსხვერპლი გახდა დედოფალი ელენე, რომლისაგანაც მეფეს ორი ძე გიორგი და კონსტანტინე ჰყავდა. 1367 წლის ივნისში ბაგრატ V დაქორწინდა ტრაპიზონის იმპერატორის, იოანე-ალექსი III-ის ასულ ანაზე, რომლისაგანაც შეეძინა მესამე ვაჟი დავითი. 1367 წელსვე მან ჩაახშო სვანთა აჯანყება.
ბაგრატ V-ის მეფობის ბოლო წლებში საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს: 1386 წელს თემურლენგი დიდძალი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა და, მიუხედავად ქართველთა მედგარი წინააღმდეგობისა, აიღო თბილისი. მტერმა დაატყვევა ბაგრატ V, მისი მეუღლე ანა და შვილი დავითი. თემურლენგმა ბაგრატ V-ს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ბაგრატ მეფე დიდხანს უარზე იყო, ბოლოს დათანხმდა, რომ ტყვეობიდან თავი დაეღწია და დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩასდგომოდა, მაგრამ განთავისუფლების შემდეგ მალე გარდაიცვალა. მის შემდეგ საქართველოს მეფე გახდა მისი უფროსი ვაჟი, გიორგი VII.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაგრატი პირველად დაქორწინებული იყო დედოფალ ელენეზე. ისტორიულ წყაროებში მისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ არის. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ის შეიძლება ყოფილიყო ტრაპიზონის იმპერატორის, ბასილის ასული, ელენა დიდი კომნენოსი.[1] 1366 წელს ელენეს გარდაცვალების შემდეგ ბაგრატმა ცოლად შეირთო ანა კომნენოსი, ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი III-ის ასული.
ბაგრატ V-ის შვილები:
- გიორგი VII — ბაგრატის პირველი ვაჟი ელენესაგან.
- კონსტანტინე I — გაურკვეველია კონსტანტინეს დედის ვინაობა. კირილ თუმანოვი მიიჩნევს, რომ მისი სახელი რომის იმპერატორს, კონსტანტინეს უკავშირდება და ის ანა კომნენოსის ვაჟია.[2]
- დავითი — ბაგრატის ვაჟი ანასაგან. ნახსენებია მიქაელ პანარეტოსის ისტორიაში.
- ულუმპია — ბაგრატის ქალიშვილი ანასაგან.
- თამარი (?) — ნახსენებია მხოლოდ ბეთანიის 1704 წლის საბუთში, რომლის მიხედვითაც დაქორწინებული იყო ელეს ორბელი-ბარათაშვილზე.[2]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 129-130.
- ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966;
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ კრისტოფერ ბაიერსი, „საქართველო : ბაგრატიონების დინასტია“
- ↑ 2.0 2.1 კირილ თუმანოვი - მეთხუთმეტე საუკუნის ბაგრატიონები (ფორდჰემის უნივერსიტეტი, ტრადიციო, ნაწ. 7, გვ. 169-221)
წინამორბედი: დავით IX |
საქართველოს მეფე 1360 - 1393 |
შემდეგი: გიორგი VII |
|