შინაარსზე გადასვლა

გიორგი II (კახეთის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი II.
გიორგი II
ავგიორგი
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1511
მმართ. დასასრული: 1513
წინამორბედი: ალექსანდრე I
მემკვიდრე: ლევანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1469
გარდ. თარიღი: 1513
გარდ. ადგილი: ქსნის ციხე (მტვერის ციხე, მტკვრის ციხე)
შვილები: ლევანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე I
დედა: დედოფალი ანა

გიორგი II, ავგიორგი (დ. 1469 — გ. 1513) — კახეთის მეფე 1511-1513 წლებში, ალექსანდრე I-ისა და დედოფალ ანას ძე.

ჯერ კიდევ გამეფებამდე უთანხმოება ჰქონდა მამასთან და უმცროს ძმასთან, დიმიტრისთან, რომელსაც თავის მეტოქედ თვლიდა. გიორგი არ იზიარებდა მამისა და ძმის პოზიციას — ქართლის სამეფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ და თავის მომხრეებთან ერთად რამდენიმეჯერ ილაშქრა კიდეც ქართლში. 1511 წელს თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ ალექსანდრე I-სა და დიმიტრის. მამა მოკლა, ძმას კი თვალები დასთხარა და ოჯახითურთ კახეთიდან გააძევა. ამის გამო მას ავგიორგი უწოდეს და ასეთი ზედწოდებით შევიდა კიდეც საქართველოს ისტორიაში.

ქართლისადმი დამოკიდებულება ავგიორგის გამეფების შემდეგაც არ შეუცვლია და კვლავ აგრძელებდა მეზობელი სამეფოს რბევას. გიორგის წინააღმდეგ ბრძოლა ითავა ქართლის მეფე დავით X-ის ძმამ ბაგრატმა. 1512 წელს გიორგიმ ალყა შემოარტყა ბაგრატის რეზიდენციას, ქსნის ციხეს, მაგრამ სამი თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო, თუმცა ქართლის რბევას შემდეგაც განაგრძობდა.

1513 წელს კახეთის მეფე ქართლში მორიგი „გმირული“ ლაშქრობიდან ბრუნდებოდა. ჯარის ძირითადი ნაწილი წინ გაუშვა, თავად კი მცირე ამალით უკან მიჰყვებოდა და ნადირობით იქცევდა თავს. ძალისის ხევში (მცხეთის მახლობლად) მას ბაგრატი ჩაუსაფრდა. ამჯერად არ გაუმართლა ავ-გიორგის და ქართლის მეფის ძმას ტყვედ ჩაუვარდა. დატყვევებული გიორგი ქსნის (მტვერის) ციხეში გამოკეტეს, სადაც მალევე სიცოცხლეს გამოასალმეს.

წინამორბედი:
ალექსანდრე I
კახეთის მეფე
1511 - 1513
შემდეგი:
ლევანი