ალექსანდრე V

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე V
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1720
მმართ. დასასრული: 1752
წინამორბედი: გიორგი VII
მემკვიდრე: სოლომონ I
გარდ. თარიღი: 1752
მეუღლე: თამარ აბაშიძე
შვილები: იოსები, სოლომონი, არჩილი
მამა: გიორგი VI
დედა: როდამი


ალექსანდრე V (დ. დაახლოებით 1703/1704 — გ. მარტი, 1752) — იმერეთის მეფე 1720-1741, 1741–1746, 1749–1752. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება გამუდმებული შინაფეოდალური ომებით დასუსტებული იყო. 1721-1728 წლებში სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1734 წელს ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა დამყარდა.

ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720-1730 წლებში ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ (1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 წელს ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა დამყარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. 1749 წელს ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.

ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962;
  • ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, [ნაწ.] 2, ზ. ჭიჭინაძის გამოც., ტფ., 1913;
  • ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურჯანაძე შ., ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკა როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო, «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1959, ტ. 1
  • გრიგოლია კ., ქსე, ტ. 1, გვ. 293, თბ., 1975
წინამორბედი:
გიორგი VI
იმერეთის მეფე
1720 - 1752
შემდეგი:
სოლომონ I