პაატა ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაატა ბატონიშვილი, ბაგრატიონი (დ. დაახლოებით 1720 — გ. 1765, თბილისი) — ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო ვაჟი. იზრდებოდა და განათლება მიიღო რუსეთში, სადაც ჩავიდა მამასთან ერთად 1725. შეისწავლა სამხედრო საქმე, კერძოდ, არტილერია, მაგრამ არ უმსახურია.

მამის გარდაცვალების (1737) შემდეგ ჩავარდა მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში. 1740 მთავრობამ დაუნიშნა წლიურად 300 მანეთი. 1745 თხოვა გაეშვათ საქართველოში ან განეწესებინათ შესაფერის სამსახურში.

1749 წლის იანვარში რუსეთიდან გაიქცა, რიგიდან ის მიტავისა და მემელეს გავლით კენიგსბერგში ჩავიდა, პრუსიის მეფეს ფრიდრიხ II-ს სთხოვა ქვეშევრდომობა და სამსახურში მიღება. თხოვნა უშედეგოდ დარჩა და პაატა ბატონიშვილი ვარშავაში გაემგზავრა, შემდეგ კამენეცისა და ბუქარესტის გავლით კონსტანტინოპოლში ჩავიდა (1749 წლის აგვისტო). 1752 არზრუმის გზით თბილისში ჩამოვიდა ერეკლე II-თან, რომელმაც არტილერიის საქმის მოწყობა დაავალა.

1765 წელს პაატა ბატონიშვილმა მოაწყო შეთქმულება ერეკლე II-ის წინააღმდეგ, შეთქმულების განმჟღავნების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]