მამუკა ბარათაშვილი
მამუკა ბარათაშვილი | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი |
პერიოდი | XVIII საუკუნე |
ნათესავ(ებ)ი | თომა ბარათაშვილი |
მამუკა ავთანდილის ძე ბარათაშვილი — XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1724 წელს რუსეთში გახიზნულ ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში. ერთხანს ასტრახანში იყო. 1728 წელს რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში მონაწილეობდა. 1730-იან წლებში ბარათაშვილი მოსკოვში იყო, სადაც 1731 წელს დაწერა პოეტური ტრაქტატი „ლექსის სწავლის წიგნი“ („ჭაშნიკი“). ეს თხზულება ქართული ლექსის შესწავლის პირველი ცდაა. ავტორი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, არკვევს ქართული ლექსის საზომებსა და აგებულებას. ბარათაშვილი ეხება პოეზიის დიდაქტიკურ ფუნქციასაც, განსაზღვრავს მის თემატიკას. მგოსნის ესთეტიკური შეხედულებანი პოეზიისუტილიტარისტული ხასიათის აღიარებითაა გაპირობებული.
1732 წელს ბარათაშვილმა ვახტანგ VI-ის ბრძანებით საგმირო-სათავგადასავლო თხზულების „რუსუდანიანის“ (XVII ს.) II თავი გალექსა, რომელსაც „ჯიმშედიანი“ ეწოდა. ბარათაშვილმა განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები — 1734 დაწერა 63-სტროფიანი ოდა „ქება მეფისა ბაქარისა“. მის კალამს ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „იამბიკო“. 1736 წელს ქართველი თავადაზნაურობის დავალებით, ბარათაშვილი პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ანას ეახლა და ვახტანგ VI-ის სამშობლოში დაბრუნება სთხოვა. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737) შემდეგ ბარათაშვილი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. ბარათაშვილი ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მისი შემოქმედება განმსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქაძე გ., მამუკა ბარათაშვილი, თბ., 1958;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 199.