ლევან ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლევან.

ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) († 1709) — ქართლის მეფის ვახტანგ V-ის შვილი. ვახტანგ VI-ის მამა და სულხან-საბა ორბელიანის მამიდაშვილი. ცოლად ჰყავდა ქაიხოსრო I გურიელის ასული თუთა. ძმის, გიორგი XI-ის ირანში გაწვევის დროს, 1675-1677 და 1703, იყო ქართლის გამგებელი (ჯანიშინი). 1678 ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შაჰ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირმანის ნაიბად. შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო. 1708 წელს უგზავნის რომის პაპს კლემენს XI-ს წერილს, სადაც უცხადებს მას საკუთარ მორჩილებას, რასაც მოგვიანებით მისი ვაჟნი, ქაიხოსრო და ვახტანგი (ვახტანგ VI) გაიმეორებენ. ლევან ბატონიშვილი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, იყო სულხან-საბა ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია "ვედრება" იოანე ნათლისმცემლის, პეტრეს, პავლესა და სხვათა წმინდანებისადმი.

ვიკიციტატა
„სეხნია, გვარეულებითა ჱსეიძე, ერთი თავადთაგანი საქართველოჲსა, რომელიცა იყო ქრისტესით მეათჩვიდმეტესა ასწლეულსა საუკუნესა შინა და მოუთხრობს იგი ვახტანგ შაჰნავაზ ქართლის მეფისა და ძისა მისისა გიორგი მეფისა და მათ ჟამისა შემთხვეულებათა, რომელიცა გიორგი მეფისათვის მოთხრობასა შინა ცხად ჰყოფს. „ოდეს ყეენმან შაჰსულთან უსეინ გიორგი მეფე ჩაიყვანა ისპაანს და შემდგომად უბოძა გიორგი მეფეს ქართლის სამაგიეროდ ქერმანი და იმის ნაიბად პირველად გაგზავნა ლეონ ბატონისშვილი, ძმა გიორგის მეფისა.“ ვინაიდგან მას ჟამსა ავღნები, ბულუჭნი და სხვანი მის მხრისანი აწუხებდეს ქირმანის ქვეყანასა, ლეონ დასაფარავად მათდა განწესებულ იყო. (სწერს სეხნია) „ოდეს ჩავედით ქირმანს მოერთო ამბავი ბატონისშვილს ლეონს, ბულუჭთა ხანი მირხოსროვ დიდის ჯარით მოხდომია, ბანდრის ადგილები მოურბევიათ, ურიცხვი საქონელი და ტყვე მოაქვსთო ორის ათასის კაცით წინდაწინ ორი თავისი სარდალი გამოუგზავნია, თითონ უკან მოდისო. მაშინვე ბატონისშვილი ლევან წაბრძანდა მცირედის ჯარითა, ექვსასიოდ თათარი ახლდა და ორმოცი ქართველი, გვისრა ღამემან და მოვადეგით, სადა ბულუჭნი ჩამომხდარ იყვნეს ადგილსა კლდოვანსა და გარე აქლემნი შემოეწვინათ, და თითონ კლდე იყო მაღალი ამაზედ. იდგნენ. რა შემოვადეგით გარე და დავაწყევით რაზმი ღამე იყო, რაშეიტყვეს მისვლა ჩვენი არად გვახსენეს და არც დაიძრნენ, თავად ჯარის სიმციროსათვის და მერმე მრავალჯერ ამოეწყვიტათ და გაექციათ ყიზილბაშნი, რიჟრაჟსა ოდენ ჟამსა გამოხდა ხმა მათ ყარაულთაგან, უხმეს ჩვენ ყარაულთა. „თქვენ საბრალოდ აშენებულნო, ვის მოუცთუნებითხართო, თუ კიდევ მამადალიხან მოსულაო სამჯერ ჩვენგან გაქცეული წამოსულაო, ჯარი მისი ამოგვიწყვეტიაო, ნაქონები გაგვიყვიაო. იშალლა! კიდევ აგრე იქნება თუ გათენდაო.“ მისცა პასუხი ჩვენმა ყარაულმა გინებით. „მოვიდა რისხვა ღვთისა თქვენზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარნი კაცის-მჭამელნიო.“ შექნეს თურმე დიდი ურვა ბურლუჭთა, ეს კი არ იცოდნენ ორმოციოდე კაცი ქართველი გვახლდა, თითო ქათმის შეჭმაც კი არ შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ყარაულმან კარგი ტყუილი გამოიყვანა, შეგვექმნა ჩვენ აქ სიცილი.“ გაიმარჯვა მაშინ ლეონმან, თუმცა ორას კაცამდის ლევანსაც მოუკვდა, მაგრამ ბულუჭნი ასე ამოსწყვიტეს.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 55-56)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქავთარია მ., ლევანი-ქართლის ჯანიშინი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXV, № 4, 1960;