ანთიმოზ ივერიელი

ანთიმოზ (ანთიმ) ივერიელი (დ. 1650 ან 1660 — გ. 12 სექტემბერი, 1716) — ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე. 1708-1716 წლებში იყო ვლახეთის მიტროპოლიტი. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანთიმოზ ივერიელი, ერისკაცობაში ანდრია, 1650 ან 1660 წელს დაიბადა სამცხე-საათაბაგოში. მამას – ივანე (იონა), დედას მარიამი რქმევია, გვარი არაა ცნობილი. ახალგაზრდა ანდრია თურქებმა მოიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს. ის იქ შეიძინა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. იერუსალიმში კარგი განათლება მიიღო. პატრიარქთან ოცდასამი წელი გაატარა, იყო მისი თანაშემწე და აქვე დაირქვა ახალი სახელი – ანთიმოზი. დაახლოებით 1690 წელს უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ ბუქარესტში მიიწვია და თავის სამსახურში ჩააყენა. აქ ისწავლა ანთიმოზმა რუმინული და საეკლესიო სლავური.
ვლახეთში ჩასვლისთანავე ანთიმოზი სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმეს. ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელ ქვეყანაში არნახული გაქანება პოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია. შეძლო ვლახეთი გადაექცია მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა. 1691 წელს ანთიმოზმა ბუქარესტში დაარსა სტამბა და იმავე წელს დაბეჭდა ძველბერძნულიდან ახალ ბერძნულ ენაზე გადმოთარგმნილი პირველი წიგნი „შეგონებანი ბასილი მაკედონელისა თავისი ძის ლეონისადმი“.
1694 წელს ანთიმოზ ივერიელი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მან აღადგინა ნახევრად დანგრეული მონასტერი და დაარსა სტამბა. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა“. მას ხელს აწერდა იპოდიაკონი მიხეილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხაი იშტვანოვიჩი.
1705 წელს ანთიმოზი რიმნიკის ეპისკოპოსად აკურთხეს. პირველ რიგში აქაც სტამბა გახსნა და წამოიწყო რუმინეთის ისტორიაში უდიდესი საქმე. მანამდე მართლმადიდებლურ რუმინეთში საეკლესიო მსახურება წარმოებდა ან ბერძნულზე ან სლავურზე, რაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილისათვის გაუგებარი იყო. ანთიმოზის ხელმძღვანელობით ითარგმნა და დაიბეჭდა სასულიერო წიგნები რუმინულ ენაზე. ამის შემდეგ რუმინელებს შეეძლოთ საეკლესიო მსახურება მშობლიურ ენაზე ჩაეტარებინათ.
ანთიმოზ ივერიელი ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს დაეხმარა სტამბის გამართვისა და წიგნების დაბეჭდვის საქმეში. ვახტანგს გაუგზავნა სტამბის დაარსებისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა, აახლა ასოთამწყობი მ. იშტანოვიჩი. შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და პირველი წიგნიც – „სახარება“ დაიბეჭდა.
1708 წელს ანთიმოზ ივერიელი უნგრეთ–ვლახეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. მისი ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია–მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თავად ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მან ტიპიკონიც შეუდგინა „ყოველთა წმიდათა“ მონასტერს. იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს და მონასტერი ბერძნული ეკლესიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.

მიტროპოლიტად დადგინების დღიდან აქტიური ბრძოლა დაიწყო თურქთაგან ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის. 1714 წელს თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინკოვიანუ, ხოლო 1716 წელს უკანასკნელი ვლახი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი და სამეფო ტახტზე აიყვანეს მათი ერთგული ნიკოლო მავროკორდატი. თურქეთ-ავსტრიის ომის დაწყების შემდეგ ანთიმოზ ივერიელმა, ისევე როგორც რუსეთ-თურქეთის ომში, ანტითურქული პოზიცია დაიკავა. ნიკოლო მავროკორდატის მითითებით ანთიმოზ ივერიელი მიტროპოლიტობიდან გადააყენეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს სინის მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში.
ანთიმოზ ივერიელს გადასახლების ადგილამდე არ მიუღწევია. 1716 წლის 12 სექტემბერს თურქმა იანიჩარებმა იგი ხმლებით აჩეხეს (ალბათ ფარული ბრძანება ჰქონდათ) და მდინარე დაუჩიაში გადააგეს. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2002 წლიდან საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი.
- 2017 წლამდე სსიპ ქალაქ თბილისის 166-ე საჯარო სკოლა ანთიმოზ ივერიელის სახელს ატარებდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანთიმოზ ივერიელი — ქართველები უცოხეთში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ წმიდა ანთიმოზ ივერიელი. orthodoxy.ge