დეკანოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეკანოზი (გვიანლათინური decanus< decem „ათი“) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიაში მეორე ხარისხის მღვდლის საპატიო წოდება. შეესაბამება რუსული ეკლესიის პროტოიერეის, ბერძნული ეკლესიის პროტოპრესვიტერს. დეკანოზი შეიძლება იყოს საეკლესიო ოლქის ზედამხედველი და რამდენიმე ტაძრის წინამძღვარი.

საქართველოში დეკანოზის წოდება XIX საუკუნიდან მოყოლებული ეძლევათ მხოლოდ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, როგორც საპატიო ტიტული დამსახურების და ერთგული მსახურებისთვის. ქართულ მონასტრებში დეკანოზი იყო მღვდლებისა და მგალობლების უფროსი; მონასტრის წინამძღვრის შემდეგ მეორე პირი, მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამრევლო — „სადეკანოზო“ ებარა.

აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სახელწოდება „დეკანოზი“ გავრცელდა ხატის მსახურზე, რომელიც სახატო რიტუალს (დროშებისა და ხატების გამოსვენება, დალოცვა, მსხვერპლის შეწირვის წესი) ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]