ნასაკირალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ნასაკირალი
Nasakirali Monument.jpg
ნასაკირალის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ძიმითი
ფართობი 1,66 კმ²
ცენტრის სიმაღლე 105
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
მოსახლეობა 137 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 82 კაცი/კმ²

ნასაკირალი — სოფელი და კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძიმითის თემში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასაკირალი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ქვემო წელში, მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 105 მ., ოზურგეთიდან 8 კმ. ზამთარი თბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,3°. ზაფხული ცხელია და ტენიანი, საშუალო ტემპერატურა 21,8°. ნალექების წლიური რაოდენობაა 1880 მ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობაა 75%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1800-1900 საათი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ნასაკირალი. განთქმული იყო ნასაკირალის ძელქვის ტყე, ნასაკირალის ტერიტორია დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1905 წელს ნასაკირალის ტყეში გაიმართა ნასაკირალის ბრძოლა, ადგილობრივი გლეხების შეტაკება კაზაკებისა და მილიციის რაზმების წინააღმდეგ. სოფელში დგას ბრძოლის აღსანიშნავი ობელისკი, რომელიც 1955 წლის 12 ნოემბერს აღიმართა. 1965 წელს კი ცხავათის მთაზე გაიხსნა 1905 წლის გამოსვლების ისტორიის მუზეუმი. მუზეუმი ამჟამად დანგრეულია.

ნასაკირალის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისტორიულად ძიმითელ მემამულე მესუ გოგელიას ეკუთვნოდა გაშენდა ნასაკირალის სამკურნალო წყლების კურორტი. გადმოცემის თანახმად გლეხმა ნახა, რომ პირუტყვი ხარბად სვამდა მლაშე წყალს. მან წყალი გასასინჯად მიუტანა დვაბზუელ მღვდელ მჟავანაძეს, რომელმაც გაგზავნა წყალი შესაფასებლად ოდესის ლაბორატორიაში. კურორტის მოწყობა 1927-29 წლებში დაიწყო. 1929 წელს გაიჩეხა ტყეები, ნასაკირალის ტყის ნაწილი მოექცა დვაბზუს სასოფლო საბჭოს დაქვემდებარებაში, ნაწილი სოფელ ნასაკირალის სახელით ძიმითის საბჭოში, ხოლო ქვედა ნასაკირალი შეუერთდა სოფელ მელექედურს. 1933 წლიდან დაიწყო ნასაკირალის, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტის განვითარება. 1952 წელს ნასაკირალში 2500 ადამიანი მკურნალობდა, 1953 წელს კი 4138. 1950-იან წლებში აშენდა 40 ადგილიანი სასტუმრო.[1] 1970 წლისთვის კურორტი წელიწადში 3200 დამსვენებელს იღებდა. მოქმედებდა სამი ჭაბურღილი. ორი მათგანის წყალი გამოსადეგი იყო აბაზანებისთვის, ხოლო ერთისა — სასმელად.

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცლებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8-7,8 გ/დმ3. წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ). სეზონი იწყებოდა 20 ივნისიდან. ამჟამად ნასაკირალის საკურორტო ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 146
2014[2] Decrease2.svg 137 70 67

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლენინის დროშა“ N31, გვ. 3, — 1958 წ.
  2. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.