თხინვალის ადრინდელი სახელწოდებაა ახალსაყდარი. ახალსაყდარი შედიოდა ხვარბეთის სასოფლო საზოგადოების შემადგენლობაში. XIX საუკუნეში სოფელში აშენდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ხის ეკლესია. მისი მღვდელი იყო ილარიონ ქარცივაძე. 1910 წელს ტაძარი მოინახულა ეპიკოპოსმა ალექსანდრემ. ბოლო მღვდელი იყო რომანოზ ქინქლაძე, რომელიც 1924 წელს გადაასახლეს. ეკლესიის ფიცრებით ააშენეს სკოლა. 1930-იან წლებში სოფელს სახელი შეუცვალეს და ფართოდ გავრცელებული თხილის კულტურის გამო თხინვალი დაარქვეს. 1935 წელს შეიქმნა თხინვალის სასოფლო საბჭო, რომელიც მოცავდა სოფლებს თხინვალს, საღვთოს, მჭედუაურს, ჯაფარაულს და ზედუბანს.[3] საბჭოთა პერიოდში თხილი გაიჩეხა და ჩაი გაშენდა. 1946 წლისთვის თხინვალში იყო 109 ჰა ჩაის, 69 ჰა ციტრუსის და 18 ჰა ტუნგის პლანტაცია,[4] ხოლო 1977 წელს 116 ჰა ჩაისა და 36 ჰა ციტრუსის პლანტაცია.