გურიის საერისთავო
გურიის საერისთავო — საერისთავო შუა საუკუნეების საქართველოს სამეფოში. მოიცავდა ტერიტორიას სამხრეთით - მდ. ჭოროხიდან, ჩრდილოეთით - რიონამდე[1]. XIII საუკუნეში გურიის მმართველებმა ერისთავთ-ერისთავის ტიტული მიიღეს, ხოლო XV საუკუნის II ნახევრიდან დამოუკიდებელი სამთავროს მთავრები გახდნენ და გურიელებად იწოდებოდნენ.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გურიის, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის არსებობა ნავარაუდებია VIII საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც სავარაუდოდ ჩვენამდე მოუღწეველ წყაროებს ეყრდნობოდა, აფხაზთა მეფე ლეონ II-მ გურია აფხაზეთის სამეფოს ერთ-ერთ საერისთავოდ აქცია. თუმცა მკლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ „გურიის საერისთავო“ ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა. არაფერია ცნობილი გურიის საეროსთავოს შესახებ 1222 წლამდე[1]
გურიის მმართველი პირველად 1226 წელს იხსენიება „გურიელის“ სახელით. როგორც ჩანს ეს ტერმინი თავიდან გარკვეული თანამდებობის აღმნიშვნელი იყო და ასევე აღნიშნავდა კონკრეტული ტერიტორიის მფლობელს[1]. ტერიტორიულად გურიის საერისთავო, სავარაუდოდ, მდინარე რიონიდან ჭოროხამდე ვრცელდებოდა. გურიის ბოლო მთავრების მტკიცებით გურიის უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო რკინის პალო[2]. 1240-1242 წლებში ასევე იხსენიება გურიის გამგებელი გურიელი. ამ დროს გურიელი ოდიშის ერისთავთ-ერისთავის ხელქვეითი ფეოდალი იყო.
1280-იან წლებში გურია საქართველოს სამეფოსგან დამოუკიდებლობას აცხადებს, მაგრამ დაახლ. 1330 წელს იძულებული ხდება გიორგი V ბრწყინვალეს დაემორჩილოს[1]. კირილ თუმანოვის თანახმად, არა უადრეს 1352 წლიდან, გურია დადიანთა უმცროსი შტოს სამფლობელოს წარმოადგენდა[3]. მას შემდეგ, რაც ტახტზე ბაგრატ V ავიდა, აჯანყდა სვანები. ბაგრატმა აჯანყებულები დაამარცხა (1367 წ.) და სვანთა ერისთავს გურია გადასცა. სწორედ ამ დროიდან გურიის საერისთავოს ვარდანისძეები ეუფლებიან[1]. 1372 წელს ტრაპიზონელი ისტორიკოსის მიქაელ პანარეტოსის ცნობით გურიელები პატივს მიაგებდენ ტრაპიზონის იმპერატორს.[4]
წყაროებში გურიელებიდან ერისთავებად იხსენიებიან:
- სიმონ I გურიელი — XIV საუკუნის შუა წლები; მოიხსენიება როგორც „ერისთავთერისთავი, მსახურთუხუცესი, სვანთა ერისთავი სუიმეონ გურიელი“. მისი მსახურთუხუცესობის პერიოდი სავარაუდოდ მოდის დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის მეფობის დროზე.
- გიორგი II დადიანი — 1345-1384
- კახაბერ I გურიელი — იხსენიება 1352 წელს, ლიხაურის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში, ასევე შემოქმედისა და ჯუმათის ხატების და ექადიის ტაძრის წარწერებში; იხსენიებოდა ერისთავთერისთავად, სვანთა ერისთავად
- გიორგი გურიელი (ლომკაცი) — XV საუკუნის შუა წლები; მოხსენიებულია ჯუმათის მთავარანგელოზის ხატის წარწერაზე.
- მამია გურიელი (ლიპარიტ I დადიანის უმცროსი ძე[3]) — გურიის უკანასკნელი ერისთავი და პირველი მთავარი[3]. იხსენიება 1460 წელს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბახტაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- სოსელია, ო., „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან “ // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 115-141.;
- ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003;
- ხიდურელი ზ., სამეფო დომენის საკითხისათვის XI–XV სს. საქართველოში, «საისტორიო კრებული », VII, თბ., 1977;
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Anthony Bryer, David Winfield, „The Byzantine Monuments and Topography of the Pontos“, Washington, D.C.: Dumbarton Oaks Research Library and Collection, 1985, გვ. 344
- ↑ Church, Kenneth (2001). From dynastic principality to imperial district: the incorporation of Guria into the Russian Empire to 1856 (Ph.D.). University of Michigan. pp. 123–124.
- ↑ 3.0 3.1 3.2 კირილ თუმანოვი, „The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia“, გვ. 186-187, შენიშვნები ბაგრატ VI-ზე
- ↑ მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონის ქრონიკა“ XIV საუკუნე
|