დვაბზუ
სოფელი | |
---|---|
დვაბზუ | |
შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | დვაბზუ |
კოორდინატები | 41°56′11″ ჩ. გ. 42°03′27″ ა. გ. / 41.93639° ჩ. გ. 42.05750° ა. გ. |
ფართობი | 6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1171[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 195,2 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 %, რუსები 0,5 %, სომხები 0,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დვაბზუ — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დვაზბუ, გაღმა დვაბზუ).
მდებარეობს მდინარე ნატანების მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 130 მ-ზე, ოზურგეთიდან 5 კმ-ში. სოფელში არის საჯარო სკოლა,[2] საბავშვო ბაღი, საექიმო ამბულატორია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, თხილისა და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები. სოფელში არის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, მეორე მსოფლიო ომიდან შინმოუსვლელთა მემორიალი, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკო მარის მოსაზრებით სახელწოდება დვაბზუ ნაწარმოება ისევე, როგორც ტუაფსე (დო აბზე). ორივე შემთხვევაში „დო“ და „ტუ“ ადგილის აღმნიშვნელი მეგრული თავსართებია. ხალხური ვერსიის მიხედვით დვაბზუ აღნიშნავს, ნოყო, ჭაობიან ადგილს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ცენტრში დგას წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც V-VI სს აშენდა. დვაბზუს ეკლესია მოხსენიებულია XVI საუკუნის საბუთში. დვაბზუ წარმოადგენდა გურიაში ვაჭრობის ერთადერთ ადგილს 1830-იან წლებში. ბაზრის ადგილს ხალხი დღესაც უწოდებს ნაქალაქარს. დვაბზუში ცხოვრობდნენ ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები: თუმანიშვილი, მელიქიშვილი, ბაგდოშვილი, ზალინაშვილი და სხვ. 1830-იან წლებში დვაბზუში სულ 8 კომლი კათოლიკე ცხოვრობდა. 1838 წელს ხელისუფლებამ ბაზარი დახურა და ოზურგეთში გადაიტანა.
„გურიაში, დაბა დვაბზუს, არის ბაზარი და სწარმოებს ყოველკვირეულად ვაჭრობა, რომელზედაც მოდიან იმერლები, გურულები, ქობულეთელი თურქები და სხვა მოსაზღვრე ხალხნი“
| |
1879 წელს სოფელში გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა. 1897 წელს იდგა მისი ორკლასიანად გადაკეთების საკითხი, მაგრამ სოფლის კრებამ უარი თქვა გადასახადების გამო.[3] 1890-იან წლებში სოფელში დავით მამულაიშვილის მიერ შეწირულ მიწაზე გაიხსნა გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალის“ აბრეშუმის ძაფსახვევი სახელოსნო და სკოლა.[4] 1902 წლისთვის დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა ხუთი სოფელი, მოსახლეობის რაოდენობა იყო 3527. 1905 წელს დვაბზუ გადაწვა ოზურგეთის მაზრის უფროსის, ლაზარენკოს რაზმმა ნასაკირალის ბრძოლაში დამარცხებისა და ოზურგეთისკენ უკანდახევის დროს. კაზაკებმა გადაწვეს სოფლის კანცელარია, სკოლა, დუქნები, სახლები და „შუამავალის“ სახელოსნო.[5] 1908 წელს დვაბზუს საზოგადოების ხუთი სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 3917 ადამიანს.[6] 1910 წელს სოფელში იყო ერთი სახელმწიფო ორკლასიანი და ერთი სამრევლო სკოლა. მოსახლეობა მისდევდა მემცენარეობას. გავრცელებული კულტურები იყო სიმინდი და ღომი, შედარებით ნაკლებად — მევენახეობა, მებაღეობა და მებოსტნეობა.
საბჭოთა პერიოდში „ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე აშენდა საკონსერვო ქარხანა. 1957-1959 წლებში აშენდა რვაწლიანი სკოლის შენობა.[7] 1976 წლამდე მოქმედებდა 25 საწოლიანი საავადმყოფო. 1980 წლიდან დვაბზუში ამოქმედდა ოზურგეთის ტროლეიბუსის დეპო, ფუნქციონირებდა ტროლეიბუსის ხაზის N1 მარშრუტის ბოლო გაჩერება, რომელიც 2006 წლამდე მოქმედებდა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1561 | ||
2014 | 1171 | 572 | 599 |
ეკლესიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ცენტრში, სასაფლაოზე, დგას 1874 წლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ეკლესია აშენებულია V-VI საუკუნეების ნაეკლესიარის ადგილზე. ნაგებია ნატეხი ლოდებითა და უხეში რიყის ქვით. ეკლესიას ჩამონგრეული აქვს კამარა და კონქის მცირე ნაწილი, თუმცა იკითხება შეკიდული თაღებისა და გვერდითა მინაშენების კვალი. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონია, სამივე სხვადასხვა დონეზე. შემორჩენილია აღმოსავლეთის სარკმელი, დასავლეთის სარკმელი კი ამოქოლილია. ეკლესიასთან დგას ორი სამსართულიანი კოშკი. როგორც ჩანს, ერთი სამრეკლოს ფუნქციას ასრულებდა, ხოლო მეორე, აივნიანი - საბრძოლო კოშკის ფუნქციას.
სოფელში ასევე დგას ე.წ. უსახელო ბაზილიკა. ესაა IV–V საუკუნის ნაეკლესიარი გალავნით. ტაძარი იყო ღვთისმშობლის სახელობის. აქ აღმოჩენილი ბოლნური ჯვარი ამჟამად ინახება დვაბზუს წმ. გიორგის ტაძარში.[8]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლალიონი (1866-1918) — მწერალი
- სამუელ ჩხიკვიშვილი (1874-1969) — სახალხო მომღერალი
- კიკია მამულაიშვილი (1881-1914) — ფირალი
- ალექსანდრე ღლონტი (1912-1999) — მწერალი
- თეიმურაზ მაღლაფერიძე (1936-1994) — მწერალი, სცენარისტი
- კონსტანტინე ბერიძე (1958-2013) — პარლამენტის წევრი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 490.
- გოგუაძე დ., „მასალები დვაბზუს ისტორიიდან“ // „ალიონი“ : გაზეთი, 2017, № 15, გვ. 7.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ გაზეთი „ივერია“, N164, გვ. 3 12 აგვისტო 1897
- ↑ ხვადაგიანი ი, „სავაჭრო ამხანაგობა — შუამავალი // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 108-117, ISBN 978-9941-0-8204-7.
- ↑ გურიის ამბები // ივერია : გაზეთი, 3 ნოემბერი, 1905, № 196, გვ. 2-3.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 501.
- ↑ სიმონიშვილი ლ., ძვირფასი საჩუქარი მოსწავლეებს // ლენინის დროშა : გაზეთი, 1959.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16237
|