შინაარსზე გადასვლა

განთიადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
განთიადი

ჭანიეთურის მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი კონჭკათი
კოორდინატები 41°58′47″ ჩ. გ. 41°55′57″ ა. გ. / 41.97972° ჩ. გ. 41.93250° ა. გ. / 41.97972; 41.93250
ადრეული სახელები ჭანიეთური
ფართობი 0,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 373[1] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 746 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
განთიადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
განთიადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
განთიადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
განთიადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

განთიადი (ჭანიეთური, მონასტერი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კონჭკათის თემში (სოფლები: განთიადი, კონჭკათი). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 80 მ., ოზურგეთიდან 20 კმ., კონჭკათიდან 3 კმ.

გურიის სამთავროს ძველ საბუთებში ჭანიეთური ცალკე სოფლადაა მითითებული. საბჭოთა პერიოდში ის სამ ნაწილად გაიყო: ნაწილი შევიდა გურიანთის შემადგენლობაში, ნაწილს ეწოდა განთიადი და შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში[2], ხოლო ნაწილი ჭანიეთურის სახელით დარჩა ცალკე სოფლად განახლების სასოფლო საბჭოში. ჭანიეთურში იყო განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია-მონასტერი, რომელიც მოექცა სოფელ განთიადის ტერიტორიაზე. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 343
2014 373 190 183
ჭანიეთურის ეკლესია რეკონსტრუქციამდე

ჭანიეთურის მონასტერი მდებარეობს მაღალ გორაზე, რომელიც მონასტრის გორის სახლითაა ცნობილი. გორაზე რამდენიმე გზა ადის, რომელთაგან ყველაზე მოსახერხებელია სამხრეთ-აღმოსავლეთის გზა. მონასტრის მთავარი ეზო 500 მ² ფართობისაა და შემოზღუდულია ქვის გალავნით. გორაზე ცაცხვისა და მუხის კორომია.

ტაძარი სავარაუდოდ X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად ეს ეკლესია მაღალ გორაზე იდგა, მაგრამ იქ მოსახლეობა უგზოობის გამო ვერ ადიოდა, ამიტომ ტაძარი დაშალეს და გზასთან ახლოს ჩაიტანეს. ჭანიეთურის მონასტერი ხუროთმოძღვრებით დგას შემოქმედის, ჯუმათისა და ლიხაურის ტაძრების გვერდით. ცენტრალური შენობისთვის სამხრეთიდან მოგვიანებით მიუშენებიათ მცირე ნაგებობა. იგი ბერების საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. დასავლეთიდან გვიან ფეოდალურ ხანაში მიშენებული ჰქონდა სტოა. ტაძარიცა და სტოაც მოხატული იყო. გადმოცემის თანახმად, მონასტრის ქვეშ დიდი ოთახები იყო. 1963 წელს ტაძარი მოინახულა და აღწერა ხელოვნებათმცოდნე კ. მელითაურმა. 2013-14 წლებში განხორციელდა ეკლესიის რეკონსტრუქცია.

ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ფერის თლილი ქვის კვადრებით. ტაძარი დარბაზულია, წყობა სწორკუთხაა. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთით ტაძარს დიდი კარიბჭე აქვს. კარიბჭის თაღები მრგვალ მასიურ სვეტს ეყრდნობა. დასავლეთ მინაშენზე, სვეტის თავზე გამოყენებულია ტიმპანის ქვა, სადაც ცენტრში წარმოდგენილია წრეში ჩახაზული ჯვარი. კარიბჭის კედლებზე მოჩუქურთმებული ქვებია გამოყენებული. სამხრეთით კარის თავზე ჩუქურთმიანი თაღი გადის. ჩრდილოეთიდან ტაძარს მცირე ზომის სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომლის შესასვლელი დასავლეთიდანაა. ტაძარს დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით გაჭრილი აქვს თაღოვანი სარკმლები, რომელიც ასევე მოჩუქურთმებულია. ტაძარს გარშემო გალავანი შემოუყვება.[3]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 680.
  • ტუღუში კ., სირაძე დ., „დავიცვათ და შევისწავლოთ კულტურის ძეგლები“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1961, № 135, გვ. 3.
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ლომინაძე ვ., „სოფლის ახალი სახელწოდება“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1937, № 52, გვ. 4.
  3. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9899