სოფელში იდგა XIX საუკუნეში აგებული ტაძარი. ამჟამად მისგან შემორჩენილია მხოლოდ ცოკოლი, დასავლეთის კედელი და იატაკის ფილები, ასევე სამრეკლო. ჭალის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებული იყო ნატეხი ქვით, მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე. შენობას ჰქონდა გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აბსიდი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. კარი თაღოვანია. ტიმპანზე რელიეფია მოცემული. ამავე კედელზე, შესასვლელის სიმეტრიულად მიდგმულია ბაზალტის კარგად გათლილი კვადრებით ნაგები სამრეკლო. ის სამსართულიანია. თითოეული სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღოვანი ფანჩატურია. ყოველი მომდევნო სართული მოცულობებში მცირდება. სამრეკლო თუნუქის წაწვეტებული სახურავით მთავრდება. პირველი სართულის სვეტები მასიურ, სწორკუთხა ბაზისებზეა აღმართული. თითოეული სვეტი კაპიტელებით ბოლოვდება, რომლებსაც ეყრდნობა სართულის თაღები. სამრეკლოს სვეტები სხვადასხვა სახის დეკორატიული დეტალებითაა შემკული. სამრეკლოს ნაგებობა საქართველოსთვის იშვიათობას წარმოადგენს, ის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოში უცხო სტილის შემოტანის მცდელობისა. 1828 წლისთვის სამრევლოში 40 კომლი შედიოდა.[2] წმინდა მიქაელის საყდარი 1920-იან წლებში დაანგრიეს. ნაეკლესიარს და სამრეკლოს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[3]