ლიხაურის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიხაურის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ლიხაურის ციხე ვიკისაწყობში

ლიხაურის ციხე, თამარის ციხე, ჭანიეთის ციხე – ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე გურიის სოფელ ლიხაურში. მდებარეობს ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით, ჭანიეთის საზღვარზე. მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად იხსენიება XVI საუკუნის მეორე ნახევაარში. ნაჩვენებია იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკაზე და ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე. ციხე იყო მთავრის საკუთრება. მეციხოვნეები იყვნენ აზნაური თაყაიშვილები. 1770 და 1774 წლებში ოსმალებმა აიღეს, მაგრამ ორივეჯერ მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. 1828 წელს ლიხაურის ციხეში იყო გამაგრებული სოფიო გურიელი, რომელიც გურიაში რუსეთის მმართველობის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძოდა. 1 ოქტომბერს ლიხაურის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა. ციხე მოინახულეს და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ (1833), დიმიტრი ბაქრაძემ (1873) და თედო სახოკიამ (1896). ციხეში რუსული სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. ოსმალეთთან 1877-1878 წლების ომის შემდეგ სამხედრო რაზმმა ციხე დაცალა, მაგრამ იქვე დატოვა ერთი ზარბაზანი. XIX საუკუნის ბოლოს ციხეს თავშესაფრად იყენებდნენ ფირალები.[1]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე დგას მთაზე. გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია რიყის, ბაზალტისა და ქვიშაქვის ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით. მაღალ გალავანში ჩართულია სამი სხვადასხვა ზომის და ფორმის კოშკი. ჩრდილოეთის კოშკი ოთხსართულიანია, სწორკუთხაა და შიგნიდანაა გალავანზე მიდგმული. მთავარი შესასვლელი ეზოს მხრიდან მესამე სართულზეა. მისი პირველი სართული ციხის მთავარი კარიბჭეა. კარი ქვებშია ამოკვეთილი, რომელსაც თავისი ორმაგი ჩამკეტი ფოსოები აქვს ამოჭრილი. პირველი სართული ქვის თაღოვანი გადახურვით სრულდება. კოშკის მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მეოთხე სართული - საბრძოლო. პირველ სართულზე, კარიბჭის დასავლეთ კედელში ვიწრო გამჭოლი ხვრელია გაკეთებული, რომელიც დამატებითი დამცავი ბარიერი უნდა ყოფილიყო. მეორე-მეოთხე სართულებზე კედლებში სათოფურებია დატანებული.

გალავნის დასავლეთ ნაწილში ოთხსართულიანი, საბრძოლო, ზურგიანი კოშკია. მისი ზურგი გალავნის გარეთ ექცევა. მისი პირველი სართული ყრუა და ამჟამად ნაშალითაა ამოვსებული. შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა. კარს შიდა მხრიდან ჩამკეტი ორმაგი ფოსოები აქვს. სართულშორისი გადახურვა პირველ სართულზე ქვითკირისაა, დანარჩენებზე ხის იყო. კედლებში ჩართულია სათოფურები. კოშკზე ეზოდან დამატებით კონტრფორსია მიდგმული.

გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდი ზომის ტრაპეციის ფორმის ოთხსართულიანი კოშკია. მას შესასვლელი მეორე სართულის დონეზე აქვს ჩრდილოეთიდან. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულისგან გამოყოფილი იყო ქვითკირის ჭერით. მეორე და მესამე სართული საცხოვრებელია. მეოთხე - საბრძოლო ბანი უნდა ყოფილიყო. ამ სართულებზე სართულშორისი გადახურვა ხის იყო. კედლებში დატანებულია მცირე ზომის თაღჩები და სათოფურები. შესასვლელის თავზე უნდა ყოფილიყო საბრძოლო-სათვალთვალო სივრცე. კოშკის ჩრდილოეთით, გალავანზე მიდგმული ნაგებობის ნაშთია. ამჟამად შემორჩენილია კედელზე მიდგმული ორთაღიანი კედლის ნაშთი.

ციხის სამხრეთ ნაწილში გალავანიდან მცირე დაშრებით ამოყვანილია კედლები, რომლებიც ქვითკირითვეა გადახურული. მისი დანიშნულება ამჟამად ბუნდოვანია. გალავანს ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკი შემოსდევს. ციხის ეზოში ჭაა. ციხე ვიზუალური დაკვირვებით გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ციხე არა მხოლოდ დამცავ ნაგებობად გამოიყენებოდა, არამედ საცხოვრებლადაც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაქრაძე, დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9987

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჭანიშვილი, რ., ალავიძე, ო., „გიორგი სალუქვაძე 100”, თბილისი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2014. — გვ. 15.