ექადია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უბანი
ექადია
Ekadia Forest Park.jpg
ექადიის ტყე-პარკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
ქალაქი ოზურგეთი
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

ექადია — უბანი ქალაქ ოზურგეთში, მის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ბჟუჟის მარცხნივ. ექადია წარმოადგენს გორაკს, რომელიც ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილს გადაჰყურებს.

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად ექადიის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. ეს ტყე იყო ვაჟკაც ქადიას საყვარელი სანადირო და დასასვენებელი ადგილი. მტერს დიდძალი ჯილდო დაუწესებია მისი მოკვლისთვის. როცა ქადია დიდი მუხის ძირას ჩამომჯდარი ისვენებდა, მიპარვით მოკლეს. მკვლელმა მაღალი გორაკიდან დაიკიჟინა „ე ქადიაო“, ანუ „ნახეთ თქვენი ქადიაო.“ ხალხს ამ გორაკზე სამლოცველო აუშენებია და გორაკისთვის ექადია უწოდებია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ექადია მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: ბასრა, გოშველი, ანასეული, ჯაგვასოული, ვაშტიალი, ლაითური და სხვა. ექადიას ზემო და ქვემო ექადიად ჰყოფდა მდინარე შხვარაშხურა (შკვარაშკურა). ექადიის უბნებია სამჭადე, სამწვადე, ნაბაკები, მხატვრის ჭალა, სარძიკველაი, ბეგო, ნაბაჩვარი, ფიჩხისჯვარი, სპოტიეთი, ტოლაბაკური, ძღაბლოვანი. ექადიის ერთ-ერთი უბნის, გოშველის სახელწოდება ღორისა და შველისგან უნდა მომდინარეობდეს. ღორი და შველი ექადიის ტყეში ბევრი იყო. 1878 წლიდან ექადია შედიოდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში.[1]ხოლო 1897 წლიდან — დვაბზუს საზოგადოებაში. ამ დროს მისი მოსახლეობა იყო 70-მდე კომლი, ძირითადად გლეხობა. მოჰყავდათ სიმინდი და ჩხავერის ჯიშის ვაზი. 1908 წელს სოფელ ექადიაში ცხოვრობდა 950 ადამიანი.[2]

საბჭოთა პერიოდში ექადიაში არსებობდა გარეუბნის, შემდეგ კი ჩკალოვის სახელობის კოლმეურნეობა. 1930-იანი წლებიდან ის შეუერთდა ქალაქ ოზურგეთს. გარკვეული პერიოდის მანძილზე ექადია გაერთიანებული იყო მაკვანეთის სასოფლო საბჭოში. 1956 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა. 1977 წლიდან ექადიის კოლმეურნეობა შეუერთდა სოფელ მახარაძის კოლმეურნეობას.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 950
1911[4] Decrease2.svg 144

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექადიის ეკლესია

ექადიის წმინდა გიორგის ტაძარი IX-X საუკუნეებით თარიღდება.[5] ტაძარი მდებარეობდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესია დარბაზული ტიპის იყოდა თავისუფალ ჯვარს წარმოადგენდა. მისთვის მოგვიანებით მიუშენებიათ მკლავები. გვიანდელი გადაკეთებული იყო ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილიც. ტაძარზე აღმოჩენილია ასომთავრული წარწერა, რომელიც ცხადყოფს, რომ კახაბერ ვარდანისძე, გურიელად წოდებული, იყო ამ ტაძრის ამშენებელი. წარწერა ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

XVIII-XIX საუკუნეებისთვის ექადიის ეკლესიის სამრევლოში 70 კომლი შედიოდა. ძველი ეკლესიიდან დარჩენილი იყო მხოლოდ დასავლეთის კედელი, ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლის ნაწილები სარკმელებითურთ. ექადიაზე 1890-იან წლებში აიგო წმინდა გიორგის სახელობის თლილი ქვით ნაგები ახალი ტაძარი. რომელიც შემორჩენილი არ არის. ტაძარი იდგა გორაკზე, რომელსაც სამხრეთიდან მიშენებული ჰქონდა ქვის კიბე. კიბე ადიოდა ეკლესიის ქვითკირის გალავანში. ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმა ს. დუმბაძემ ააგებინა.

1997 წელს ძველი ტაძრების ადგილას აშენდა ჯვართამაღლების სახელობის ხის ეკლესია. 2014 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძარი.[6]

ტყე-პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაიგეგმა ექადიაზე ტყე-პარკის გაშენება. ტყე-პარკი 20 ჰა ფართობზე საბჭოთა საქართველოს 40 წლისთავის აღსანიშნავად უნდა გაშენებულიყო. დაგეგმილი იყო საზაფხულო თეატრის, ფანჩატურების, შადრევნების, სპორტული მოედნების, ზოოპარკის კუთხის და სხვა ატრაქციონების გაშენება.[7] 1971 წელს ტყე-პარკი საჰაერო-საბაგირო გზით დაუკავშირდა ქალაქის ცენტრს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მანანა ლომაძე, „გოშველი", გაზეთი „ალიონი", N15 გვ. 3 — 2012 წ.
  • გიტულიშვილი, „სოფელი ექადია", გაზეთი „ივერია", N211 გვ. 3 — 1897 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“ გვ. 78 — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год
  5. ა. ჭყონია, „ექადიის ქვა“ — ჟურნალი „დროშა“ N7, 1961 წ. გვ. 15
  6. შემოქმედის ეპარქიას კიდევ ერთი ტაძარი შეემატა
  7. „ლენინის დროშა“ N15, გვ. 2 — 1960 წ.