ნესტორ კონტრიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესტორ კონტრიძე
პროვინცია გურია
ეპარქია გურია-სამეგრელოს ეპარქია
ეკლესია ლიხაურის ეკლესია
ინთრონიზაცია 23 აპრილი, 1889
პირადი მონაცემები
საერო სახელი ნესტორ კონტრიძე
დაბადების თარიღი 1854
დაბადების ადგილი ლიხაური, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1932
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი ლიხაური
საქმიანობა მღვდელი, მგალობელი

ნესტორ კონტრიძე (დ. 1854, ლიხაური — გ. 1932) — ქართველი სასულიერო პირი, მგალობელი და ლოტბარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორ კონტრიძე დაიბადა სოფლის მღვდლის, ეგნატე კონტრიძის (გ. 1892) ოჯახში 1854 წელს.[1] კონტრიძეები გურიაში სამღვდელო გვარიშვილებად იყვნენ ცნობილნი. ხიტილაური, ლიხაურის, ქაქუთისა და აჭის ტაძრებში კონტრიძეთა გვარის მრავალი სასულიერო პირი მსახურობდა. ნესტორ ჰყავდა უფროსი ძმა სიმონი, უმცროსი ძმა ანტონი და და ელენე, რომელიც შემდგომში მონაზვნად აღიკვეცა. ის მელქისედეკ ნაკაშიძესთან ერთად ბავშვობაში იმ ცხრა ყმაწვილში აღმოჩნდა, რომელიც ბერმა ბენედიქტე ბარკალაიამ ათონის მთაზე გაგზავნა საეკლესიო გალობის შესასწავლად.

1878 წელს [მელქისედეკ ნაკაშიძესთან, მაქსიმე ჩხატარაშვილთან და ივანე ხავთასთან ერთად იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელიც თბილისში გურიიდან მიიწვიეს ძველ საგალობელთა ნოტებზე ჩასაწერად. ჯგუფმა 2 სექტემბერს ანჩისხატის ტაძარში იგალობა, მეორე დღეს კი — ორბელიანთა ეკლესიაში. კონტრიძეს თბილისში გასამრჯელოდ ერთი თუმანი დაუნიშნეს და საცხოვრებელი მისცეს, მოგვიანებით კი ხუთი მანეთი დაუმატეს.[2] 1878 წლის 5 ოქტომბრიდან 1882 წლის 10 დეკემბრამდე ამზადებდა მედავითნეებს და საეკლესიო გალობის მასწავლებლებს თბილისის ეკლესიებისთვის ანჩისხატის ეკლესიაში. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძესთან ერთად ეხმარებოდა ფილიმონ ქორიძეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანაში. 1882-83 წლებში საეკლესიო გალობას ასწავლიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, 1885-89 წლებში კი — თბილისის სასულიერო სემინარიაში.

ცოლი და მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც საცხოვრებლად დაბრუნდა მშობლიურ ლიხაურში ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ახლომდებარე სენაკში. 1889 წლის 28 მარტს ხელდასმულ იქნა დიაკვნად, იმავე წლის 23 აპრილს კი მღვდლად და გამწესებულ იქნა ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იმავე წლის 27 სექტემბერს აირჩიეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლების მმართველობის დეპუტატად. ამავე თანამდებობაზე განმეორებით აირჩიეს 1894 წელს 1911 წლამდე.

იყო ლიხაურის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი, ეხმარებოდა მოსახლეობას, შესწირა თანხა მდინარე აჭისწყალზე რკინის ხიდის მშენებლობას. მან ლიხაურის მოსახლეობას გაუუქმა საეკლესიო გადასახადი, დრამის ფული, რაც კომლზე ორ მანეთს შეადგენდა და მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას, რის გამოც სხვა სოფლების მღვდლები გაუნაწყენდნენ.[3]მან მოუარა და შეინახა XI საუკუნის ლიხაურის სახარება, რომელიც 1890 წლის 21 მარტს შეაკაზმინა. სახარება დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდშია დაცული.

1924 წელს დაარბიეს და გაძარცვეს ლიხაურის ეკლესია. ნესტორ კონტრიძე საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. 1932 წელს სოფლის ცენტრში მჯდარ კონტრიძეს კომკავშირელმა მეგრელაძემ თავში მათხარი დაჰკრა. დაჭრილი მღვდელი ძმის, ანტონის ოჯახში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. დაკრძალეს ტაძრის ეზოში. საფლავს წარწერა არ აქვს.

ჰქონდა უბადლო ხმა, განსაკუთრებით — ბანი. ავტორია სიმღერებისა „აჭისწყალო ანკარაო“ და „ოთხი ნანა“. გარდაიცვალა 1932 წელს. იმავე წელს გარდაიცვალნენ მომღერლები სამუელ ჩავლეიშვილი და გიორგი ბაბილოძე. ამასთან დაკავშირებით არტემ ერქომაიშვილმა შექმნა სიმღერა „დავკარგეთ სამი მომლხენი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავბერიძე ი., XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2010. — გვ. 97-108, ISBN 978-9941-9120-7-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თავბერიძე, 2010, გვ. 98
  2. კარბელაშვილი პ., „ქართული საერო და სასულიერო კილოები“ გვ. 93 — ტფილისი, 1898
  3. *ერქომაიშვილი, ა. „ჩემი წინაპარი“, ჟურნალი „მნათობი“, N1-2, 2000 წ., გვ. 141