მალაიები
მალაიები — ავსტრონეზიულ ენაზე მოსაუბრე ეთნიკური ჯგუფი. ისინი განსახლებულნი არიან მალაკის ნახევარკუნძულზე, კალიმანტანზე, აღმოსავლეთ სუმატრაზე და მათ ირგვლივ არსებულ კუნძულებზე. სიტყვა მალაი ხშირად იხმარება ყველა ამ ტერიტორიაზე განსახლებული ხალხის აღსანიშნავად, რომლებიც ერთად ქმნიან კულტურულ მალაიზიას, მაგრამ კულტურულ მალაიზიას არასოდეს არ ჰქონია პოლიტიკური ერთიანობა და დღეს „მალაიზია“ ეწოდება მხოლოდ მალაკის ნახევარკუნძულის მალაიზიის (დასავლეთ მალაიზია) და კალიმანტანის ორი შტატის სარავაკის და საბას (აღმოსავლეთ მალაიზია) ფედერაციულ სახელმწიფო ერთეულს. [1]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იანი წლების დასაწყისსში მალაიზიაში 8 მილიონზე მეტი მალაი ცხოვრობდა, მათი 90% დასავლეთ მალაიზიაში იყო თავმოყრილი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 48 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე. მოსახლეობის ზრდის სიჩქარე 2.4% (2.8% აღმოსავლეთ მალაიზიაში). მალაიები მალაკის ნახევარკუნძულზე უმეტესად მდინარის ხეობებში და დელტა რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ბრინჯის მოყვანაა შესაძლებელი. ქალაქებში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ინდოელები და ჩინელები. მალაიები კონცენტრირებულნი არიან ნახევრკუნძულის აღმოსავლეთ სანაპირო შტატებში: კელანტანში, ტერენგანუში და პეჰენგში.[1] 2015 წელს მალაიების რაოდენობა მალაიზიაში 15 მილიონია, რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% პროცენტია.[2]
დასახლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაიების დასახლებები უმეტესად გაშენებულია მდინარის შესართავებთან ან პლიაჟის გაყოლებებზე. ტრადიციული სოფლები, კამპონგები, შედგება რამდენიმე უმეტესად ხიმინჯებით აშენებული სახლიდან. სახლებთან, როგორც წესი გაშენებულია პატარა ბოსტნეულის ბაღები, ხოლო ბრინჯის პლანტაციები სოფლის საზღვრებს გარეთ გვხვდება. ქალაქები უმეტესად იმიგრანტებითაა დასახლებული და ასრულებენ ფინანსურ, სავაჭრო და სანტრანსპორტო დანიშნულებებს. ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დაიწყო მასობრივი ურბანიზაცია და დღეს ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი სწრაფად მატულობს. [1]
ეკონომიკური მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაიზიის ეკონომიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე სწრაფად ზრდადი იყო 1970-იან და 1980-იან წლებში. მალაიები უმეტესად დაკავებულნი არიან ბრინჯის წარმოებით და თევზჭერით. ასევე ხშირია კაუჩუკის წარმოებაც. მალაიები ნაკლებად არიან ჩართულნი კალას წარმოებაში, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი რიცხვი გაიზარდა ფაბრიკებში და სხვა თანამედროვე საქმიანობებში, განსაკუთრებით დასავლეთ მალაიზიაში. ისინი ჩაერთნენ ლოჯისტიკაში, ვაჭრობაში, სამთავრობო და პროფესიონალურ საქმიანობებში. მიუხედავად ამ წინსვლებისა მალაიზიაში მალაიების საშუალო შემოსავალი სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით ბევრად დაბალია, ამის მიზეზს წარმოადგენს მალაების ძირითადი საქმიანობის ბრინჯის წარმოების დაბალი ეკონომიკური სარგებელი. [1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროტო-მალაიები ავსტრონეზიული წარმომავლობის ხალხი იყვნენ და ნავარაუდებია, რომ მათი მიგრაცია მალაის არქიპელაგისკენ რამდენიმე ტალღად მოხდა ძვ. წ. 2500-დან ძვ. წ. 1500-მდე. ყველაზე მიღებული მოდელის თანახმად პროტო-მალაიების მიგრაცია მოხდა იუნანიდან მდინარე მეკონგის გამოყენებით. არსებობს ძველი ჩინელი და ინდოელი მოგზაურების ჩანაწერები, მათგან უძველესი დაახლოებით ძვ. წ. 600 წლის, სადაც საუბარია მიწათმოქმედებასა და მეტალის წარმოებაზე მალაიების სოფლებში. მალაიების პირველი ისტორიულად არსებული პოლიტიკური ერთეული არის მალაკას სასულთნო (1402-1511), თუმცა შრივიჯაიას იმპერიის ისტორიულ წყაროებში დაახლოებით 700 წლისთვის არის „მალაიას“ ხსენება, რაც ნიშნავს რომ ამ დროისთვის მალაიებს უკვე ჰქონდათ შესამჩნევი პოლიტიკური ერთეული. მალაკას სასულთნო, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა სრულიად დამოკიდებული იყო მის უნარზე ეკონტროლებია მალაკის სრუტე, გახდა ისლამის ცენტრი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, საიდანაც რელიგიამ ფეხი მოიკიდა მთელ რეგიონში. რელიაგიას ავრცელებდნენ სწავლულები და სუფები. 1500-დან 1800 წლებამდე მინანგკაბაუები, ბუგისები და აცენისები, დღევანდელ ინდონეზიაში მცხოვრები ეთნოლინგვისტური ჯგუფები, ცდილობდნენ მალაკის ნახევარკუნძულზე კონტროლის დამყარებას, ხოლო ნიდერლანდები და სხვა ევროპული კოლონიური სახელმწიფოები მალაკის სრუტეზე მონოპოლიის მოპოვებისთვის იბრძოდნენ. 1786 წელს ბრიტანელებმა დააარსეს პინანგი, შექმნეს სინგაპური და დაიპყრეს ქალაქი მალაკა, რათა შეექმნათ სრუტის დასახლებები, სტრეიტს სეტელმენტსი. შემდეგ ჩაერივნენ ნახევარკუნძულის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაში და შექმნეს ფედერაციული მალაიების შტატები, რომელიც 1909 წელს შეუერთეს არაფედერაციულ შტატებს და შექმნეს ბრიტანეთის მალაია. კალას, კაუჩუკის და პალმის ზეთის წარმოებისთვის ბრიტანეთის მალაიამ დაიწყო ჩინელების და ინდოელების ჩამოსახლება, ამან გამოიწვია პლურალური საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ეთნიკური მალაიების რიცხვი მოსახლეობის ნახევარს გაუტოლდა. მეორე მსოფლიო ომში მალაიზია იაპონიას ჰყავდა დაპყრობილი. ოკუპაცია იაპონიის დამარცხებასთან ერთად დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო 12 წლიანი ომი, რომლის შედეგადაც მალაიზიამ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოკლეხნიანმა ომმა ინდონეზიასთან კალიმანტანზე ტერიტორიული დავები მოაგრვარა. ეთნიკურმა დაძაბულობამ მალაიებსა და ჩინელებს შორის გამოიწვია სამოქალაქო არეულობა, რასაც 1969-1972 წლებში ხელისუფლების ცენტრალიზება მოჰყვა, მაგრამ კრიზისის დასრულებიდან დღემდე მალაიზიაში ჩამოყალიბდა მყარი პარლამენტი ხშირი კოალიციებითა და მრავალფეროვანი შემადგენლობებით.[1]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაიური ენა ეკუთვნის მალაიურ-პოლინეზიური ენების ოჯახს, რომელიც თავად ავსტრონეზიული ენების ქვეჯგუფს წარმოადგენს. მალაიური იმდენადვე ჰგავს ინდონეზიურს, რამდენადაც ბრიტანული ამერიკულ ინგლისურს, განსხვავებიბი ჩნდება იმის გამო რომ ინდონეზიური ენის ლექსიკონი და სინტაქსი განიცდის ნიდერლანდური ენის ძლიერ გავლენას მასთან დიდი ხნის განვმალობაში კონტაქტის შედეგად, ხოლო მალაიური ენა ინგლისური ენის გავლენის ქვეშაა. მალაიური იწერება ლათინური ალფაბეტითაც (რუმი) და ინდური ხელწერიდან გამომდინარე ალფაბეტითაც (ჯავი).[1]
ქორწინება და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაი საზოგადოებაში დაოჯახება ყველა ზრდასრულის ვალდებულებაა. ისლამური კანონიდან გამომდინარე პოლიგამია დაშვებულია და კაცს ლეგალურად ოთხი ცოლის ყოლის უფლება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ოჯახების უმეტესომა მონოგამიური ხასიათისაა. წყვილები ქორწინდებიან რელიგიურ პირთან რეგისტრაციით, როგორც წესი ადგილობრივ იმამებთან. ქალებს დაქორწინებისთვის ოჯახის უფროსის თანხმობა სჭირდებათ. ქორწილები უმეტესად გარიგებებით ხდება. თავდაპირველად ოჯახებს შორის იწყება საჩუქრების მიმოცვლა, რის შემდეგაც მომავალ ცოლ-ქმარს ერთმანეთს გააცნობენ და მხოლოდ ორივეს თანხმობის შემთხვევაში იქმნება ოჯახი. მალაი საზოგადოებაში განქორწინება ძალიან ხშირი და მიღებული პრაქტიკაა. ინდივიდუალის ცხოვრებაში განქორწინება შეიძლება რამდენიმეჯერ მოხდეს[1]. 1958 წლის აღწერით შტატ კელანტანში ყოველი 100 ქორწინებიდან 79.5 განქორწინებით სრულდებოდა.[3] მალაი საზოგადოების დამახასიათებელი თვისებაა შვილად აყვანის სიხშშირე. უშვილო წყვილები ხშირად ნათესავების შვილებს ზრდიან. შვილად აყვანის მაღალი სიხშირე გარკვეულწილად გამომდინარეობს კამპონგებში გავრცელებული საჩუქრების მიმოცვლის და ნადიმობის აქტივობებიდან, რომელშიც უშვილო წყვილებს მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. მალაიები ბავშვებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. პატარებს თავისუფლად ზრდიან, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მათ ასწავლიან თავიანთი სქესისთვის განკუთვნილ ადგილს საზოგადოებაში. კარგი მანერების მქონე ბავშვი ავლენს ბუდი ბაჰასას, საუბარს და საქციელს სწორად აღზრდილისა, ხოლო ცუდი მანერებიანი კურან აჯას, ცოდნის ნაკლებობას.[1]
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაიები არიან ისლამის სუნიტური შტოს მიმდევრები. მათი რწმენა მოითხოვს ისლამის ხუთი ბურჯის შესრულებას და ასევე ყურადრებას აქცევს ღმერთში რწმენის სიწმინდეს და ლოცვისას გულში არსებულ მიზანს - ნიას (არაბული: نية). ზოგიერთ ქალაქში სუფიური საძმოები არსებობს. დასავლეთ მალაიზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მალაიებით დასახლებულ არეალებში ისლამური ცოდნა ისწავლება რელიგიურ სკოლებში ტოკ გურუების მეთეურობით. ბოლო დროს ნელ-ნელა გაძლიერდა მოძრაობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და უნივერსიტეტებში, რომ გაიწმინდოს ისლამი ადგილობრივი ელემენტებისგან. ამ მოძრაობას ეწოდება დაკვა, რომელიც გამომდინარეობს არაბული სიტყვიდან და ნიშნავს რელიგიისკენ დაბრუნებას. მალაიებს, ისევე როგორც ყველა სხვა მუსლიმებს, მოეთხოვებათ ჰაჯის, ანუ პილგრიმობის გავლა მექაში. ისლამურ ტრადიციებთან ერთად ასევე ცოცხლობს ანიმალისტური და ინდუისტური რწმენები. ამ რწმენების თანახმად არსებობენ ჰანტუ-ჰანტუ არსებები (სულები, მოჩვენებები, გობლინები და სხვა პრე-ისლამური არსებები), ბოროტი ძალებს წარმომადგენლები, რომლებიც ხალხმა ან უნდა დამარცხოს ან აირიდოს. ისინი ძალიან ჰგვანან მსგავსი ტიპის არსებებს სხვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კულტურებში.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Nash, M. (2011). Culture Summary: Malays. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from ehrafworldcultures.yale.edu
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
- ↑ https://books.google.ge/books?id=e4Yp2QJNVWgC&pg=PA168&lpg=PA168&dq=rate+of+divorce+in+kelantan&source=bl&ots=Fcs-7JoFGv&sig=_Q0nRs4e3DRJbt1ox_0wCFzvXOI&hl=en&sa=X&sqi=2&ved=0ahUKEwjIpcb_u9_NAhVGwBQKHTVPCwwQ6AEIJTAC#v=onepage&q=rate%20of%20divorce%20in%20kelantan&f=false