ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | |
![]() | |
ადმინისტრაციული ცენტრი | |
---|---|
რეგიონი | |
სიმჭიდროვე |
136,2 კაცი/კმ² |
მერი |
კახაბერ მახათაძე |
ფართობი |
423 კმ² |
მოსახლეობის რაოდენობა |
|
ეროვნება |
ქართველები 99,5 % |
ოფიციალური საიტი | |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი.
ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია — 423 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 17,3 ჰა დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, 3600 ჰა - მრავალწლიანი ნარგავებით. გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება ძვირფასი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, კოპიტი, კაკლის ხე და სხვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა, ბუჯა და მათი შენაკადები. მდინარეები საზრდოობენ წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით. სოფელ შროშაში არის მარმარილოს კარიერი.
დაბლობში ნიადაგი ალუვიულია, შემაღლებულ ადგილებში სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია. დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი შედარებით ცივია, ზაფხული მშრალი. წლის საშუალო ტემპერატურაა 14 გრ. ცელსიუსით. იანვარის ტემპერატურაა 3,7-4,3 გრ. აგვისტოში კი 24 გრ. ნალექების რაოდენობა 1190 მმ. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 75 539 |
2002 | 75 077 ![]() |
2014 | 57 628 ![]() |
ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, რომელიც 29 წევრისგან შედგება. საკრებულოში მოქმედებს ორი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ზესტაფონის აღმშენებლობისთვის" და ფრაქცია "მაჟორიტარი"[1] ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედებს 5 კომისია: ეკონომიკურ და აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისია, ინფრასტრუქტურის კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია, სოციალურ საკითხთა კომისია[2] 2011 წელს საკრებულომ გამოაცხადა კონკურსი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბის შექმნაზე.[3]
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 57 628 კაცს შეადგენს (2014 წელი); სიმჭიდროვე — 136,2 კაცი კვ. კმ-ზე (2014 წელი). მუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში შექმნილია მმართველობის 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[4]:
- ქალაქი — 1 ზესტაფონი;
- დაბა — 1: შორაპანი;
- თემი — 13: ბოსლევი, დილიკაური, ილემი, კვალითი, კლდეეთი, მეორე სვირი, როდინაული, სანახშირე, ქვედა საზანო, ქვედა საქარა, შროშა, ცხრაწყარო, ძირულა.
- სოფელი — 4: ზედა საქარა, ზოვრეთი, პირველი სვირი, ფუთი.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა, რომელზეც წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80 % მოდის. მის განვითარებას ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. ვენახებს 5000 ჰა ფართობი უჭირავთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ვაზის შესაბამისი ჯიშებიდან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) დგება კონტროლირებადი ღვინო სვირი. მუნიციპალიტეტში ღვინის ორი ქარხანა მოქმედებს. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი, მოჰყავთ აგრეთვე საკვები და ბოსტნეული კულტურები. მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობასაც, საძოვრებს უჭირავთ 8,8 ჰა, არის 10 000 სულზე მეტი ძროხა და 5000 სულზე მეტი ღორი.
მრეწველობის მთავარი დარგებია შავი მეტალურგია, ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობა. სამრეწველო საწარმოებიდან უმნიშვნელოვანესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მნიშვნელოვანი საწარმოები იყო: „საქკაბელი“ ზესტაფონში და „ელექტროელემენტი“ შორაპანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მძლავრი გამანაწილებელი ცენტრი. სოფელ შროშაში განვითარებულია მეთუნეობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული, ზესტაფონი-ხარაგაული, ზესტაფონი-ჭიათურა და ზესტაფონი-ბაღდათი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი ხაშური-სამტრედია, ასევე რკინიგზის მონაკვეთი საჩხერის მიმართულებით.
განათლება და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლაა[5], 2 პროფესიული სასწავლებელი, 42 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება გაზეთი "ზესტაფონის მოამბე". მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება მარგვეთისა და უბისის ეპარქიას.
ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 23 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი[6]. მათ შორის უპირველესად აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე, იგივე "სარაპანისი" დაბა შორაპანში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყო შუა საუკუნეების ნაქალაქარი. სოფლებში, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობენ, შემორჩენილია უამრავი ისტორიული ძეგლი, მათ შორის:
- თამარ მეფის ხიდი ჭალატყეში
- შიმშილაქედის ციხე სოფელ შიმშილაქედში
- XVIII საუკუნის ტაძარი ზოვრეთში
- საზანოს ციხე, "კვინწიხის გორა" და რამდენიმე ეკლესია ქვედა საზანოში.
ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:
საერო ხასიათის -
- ნაპურადევის ციხე სოფელ მეორე სვირში
- მწყერის ციხე სოფელ ალავერდთან
- "ციხიათას გორა" სოფელ როდინაულის ტერიტორიაზე
- თვრინის ციხე
- ციხის ნანგრევები შროშაში
- "დამწვარი ციხე" დილიკაურში
- V საუკუნის ციხე დილიკაურში
- სამეთვალყურეო კოშკისა და ციხის ნანგრევები გაღმა ბოსლევში
სასულიერო ხასიათის -
მუნიციპალიტეტში მრავლადაა განვითარებული შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნეში აგებული მცირე ტაძრები სოფლებში: ალავერდი, არგვეთა, აჯამეთი, დიდი განთიადი, დილიკაური, ზედა საქარა, თვრინი, მეორე სვირი, სანახშირე, საღვინე, ფუთი, ქვედა კვალითი, ქვედა საქარა, შროშა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
- ოფიციალური საიტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის არაოფიციალური გვერდი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების საკონტაქტო ინფორმაცია[მკვდარი ბმული]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები[მკვდარი ბმული]
- ↑ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები[მკვდარი ბმული]
- ↑ "ზესტაფონის მოამბე", N7 (7920), 17 ივნისი, 2011 წ.
- ↑ ტერიტორიული მართვის ორგანოები[მკვდარი ბმული]
- ↑ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები[მკვდარი ბმული]
- ↑ ზესტაფონის რაიონის ისტორიული ძეგლები[მკვდარი ბმული]
|