ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
SZSM-Chkhorotsqu-ka.svg

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი  დროშა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ჩხოროწყუ

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

სიმჭიდროვე

48.6 [1] კაცი/კმ²

ფართობი

619.4 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 22 309 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.6%
რუსები 0.4%
აფხაზები 0.1%
უკრაინელები 0.1%[2]

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. 1917 წლამდე ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ ზუგდიდის მაზრაშია, 1930-1963 წწ. დამოუკიდებელი რაიონი იყო, 1963-1964 წწ. შედიოდა ცხაკაიის რაიონში, 1965 წლიდან გამოიყო დღევანდელი საზღვრებით.

აღმოსავლეთით ესაზღვრება მარტვილის, დასავლეთით წალენჯიხის, სამხრეთ-დასავლეთით ზუგდიდის, ჩრდილოეთით მესტიის და ლენტეხის, სამხრეთით სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტები. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ჩხოროწყუ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფართობია – 619.4 კმ².

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია, ვრცელდება ზღვის დონიდან 200 მეტრიდან 3000 მეტრ სიმაღლემდე. რელიეფი მრავალფეროვანია. ტერიტორიის სამხრეთი ნახევარი კოლხეთის ბარის ფარგლებშია (100-150 მ-ზე), წარმოადგენს სუსტად დანაწევრებულ ვაკესა და მთისწინეთს. ვაკე აგებულია მეოთხეული (რიყნარი, ქვიშები, თიხები) და მესამეული (ოლიგოცენური და ნეოგენური) დანალექი წყებებით — თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, კონგლომერატებით, მერგელებით. მთისწინეთის ზონა ძირითადად აგებულია ცარცული კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით.

ჩრდილოეთ ნახევარში მთაგორიანი რელიეფია. ჩრდილოეთით აღმართულია ეგრისის ქედი, რომლის სამხრეთი კალთა აგებულია შუაიურული პორფირიტებით და მათი ფუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ფიქლებით, ქვიშაქვებით, თხემური ნაწილი — ქვედაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით. იგი დანაწევრებულია მდინარე ხობისწყლისა და მისი შენაკადების ღრმა ეროზიული ხეობებით. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილია მთა ომაჭირხოლე (3166 მ). მუნიციპალიტეტში ვრცელდება მიგარიის კირქვული მასივი, სადაც მრავალი მღვიმეა წარმოდგენილი. აღსანიშნავია გარახის, ნაზოდელავოს, სავეკუოს, ყალიჩონის კლასტოკარსტული მღვიმეები და კარსტული მღვიმე შურუბუმუ (მყუდრო ადგილი). მღვიმეები გამოყენებულია ტურისტული თვალისაზრისით.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით. სოფელ მუხურში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი დოლომიტის, კირქვისა და ანდეზიტ-ბაზალტის საბადო. ნიადაგის მოსაკირიანებლად გამოიყენება სოფელ თაიას აგრომადნები, ე.წ. ტკილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება საშენი ინერტული მასალები (ქვიშა, ღორღი, ფლეთილი სამშენებლო ქვა). ლუგელას ხეობაში მდებარეობს „ლუგელას“ მინერალური წყლის გამოსასვლელი ადგილი, მინერალური წყალი გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებით.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეთა ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე ხობისწყლის ზემო და ნაწილობრივ შუა დინება. ხობისწყალი სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 150 კმ. გამოიყენება სარწყავად. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი ჩხოროწყუ. მისი ყველაზე დიდი შენაკადია ოჩხომური, რომელიც ჩამოედინება ეგრისის ქედის სამხრეთ კალთიდან. სიგრძე 47 კმ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალომთიან ზონაში წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მაღალმთიან ზონაში – გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს სამკურნალო მინერალური წყალი „ლუგელა“, რომელიც სოფელ მუხურიდან 4 კილომეტრში მდებარეობს.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ბარში იცის რბილი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული ნალექების მაქსიმუმით შემოდგომა-ზამთარში, მთისიწნეთში – ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული, დაბალმთიან ზონაში – ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, საშუალმთიან ზონაში იცის შედარებით ხანგრძლივი ცივი ზამთარი და გრილი მოკლე ზაფხული. ეგრისის ქედის მაღალმთიან ზონაში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მკაცრი ჰავაა. ბარში იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5°C საშუალმთიან ზონაში –4°C, შესაბამისად, ივლისის საშუალო ტემპერატურა 23-12°C, ბარში წელიწადში საშუალოდ 1400-1600 მმ ნალექი მოდის. იგი სიმაღლის მიხედვით მატულობს და 2600 მმ აღწევს.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალფეროვანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული ნიადაგები. გაბატონებულია წითელმიწები და ყვითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიური ნიადაგები, მცირე რაოდენობით არის გაეწრებული ნიადაგები. წითელმიწებსა და ყვითელმიწა ნიადაგებზე გავრცელებულია ჩაისა და თხილის კულტურა. ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე წარმოდგენილია მარცვლეული და პარკოსანი კულტურები, ძირითადად სიმინდი, სოიო, ლობიო და სხვა. დიდი ფართობი უკავია მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგების ნაირსახეობებს: ტყის ყომრალ და კორდიან-კარბონატულ, საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალ, ტყის ზედა სარტყლის გაეწრებულ ტყის ყომრალ, მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან და მთის მდელოს პრიმიტულ, მცირე სისქის კორდიან-ტორფიან ნიადაგებს.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეთა საფარისათვის დამახასიათებელია ვერტიკალური სარტყლიანობა. აღსანიშნავია ბზისა და წაბლის კორომების ფართო გავრცელება, დიდი ფართობი უკავია წიფლის ტყეს, მდინარე ხობისწყლის ზემო წელში ფართოდ არის წარმოდგენილი წიწვოვანი მცენარეები და ალპური ზონა, დამახასიათებელია ენდემური მცენარეების ფართო გავრცელება.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყეში ბინადრობს დათვი, მგელი, ფოცხვერი, გვხვდება გარეული ღორი, ტურა, მელა და სხვა. მდ. ხობისწყალში ძირითადად ბინადრობს კალმახი.

მსოფლიოში ცნობილია მუხურის გრძელხორთუმიანი ფუტკარი, რომელმაც მეფუტკრეთა მსოფლიო კონგრესებზე სამჯერ დაიმსახურა ოქროს მედალი. კომუნისტური მმართველობის წლებში სოფელ მუხურში გამოყვანილი დედა ფუტკარი მსოფლიოს 57 ქვეყანაში იგზავნებოდა. ამჟამად მეფუტკრეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია მუნიციპალიტეტში და მას დიდი პერსპექტივა აქვს. მუნიციპალიტეტის ნიადაგურ-კლიმატური პირობები ხელსაყრელი აღმოჩნდა კივის კულტურისათვის, განსაკუთრებით თხილის კულტურისათვის. დღეის მდგომარეობით მზადდება 4 ათას ტონამდე თხილი და 100 ტონამდე კივი. დამახასიათებელია თხილის მაღალხარისხოვნობა, რაც მასზე მოთხოვნილებას მნიშვნელოვნად ადიდებს.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზეთ «ცნობის ფურცლის» 1899 წლის 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში თავისებულად ახსნილია ჩხოროწყუს სახელწოდება. «იქ სადაც თავადი ნიკო დადიანი ცხოვრობს, ერთ ადგილას ახლო-მახლო გამოდის ცხრა წყარო, ცხრა მეგრულად «ჩხოროს» ნიშნავს, წყარო კი «წყუ»-ს, ანუ «ჩხოროწყუ».

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობინადრე უძველესმა ადამიანმა თანმიმდევრულად განვლო თითქმის ყველა საფეხური, რაც მსოფლიო ისტორიაშია ცნობილი. შორეული წინაპრის საცხოვრისი აღმოჩენილია «ყალიჩონა»-ს და ლეწურწუმეს გამოქვაბულებში. ნაპოვნია პირწამახული ქვები, სოფელ თაიაში ნაპოვნია ტიპიური ქვის ორმხრივ დამუშავებული ხელცული. II ჭოღის ტერიტორიაზე ხელნაჯახი. დასახელებული ქვის იარაღები პალეოლითის და ნეოლითის ხანისაა. სოფელ ოჩხომურში მდ. ოჩხომური ქვედა მარჯვენა ტერასების ზოლში შემთხვევით აღმოჩნდა გვიან-ბრინჯაო და ადრე-რკინის ხანის კოლხური ბრინჯაოს ნაკეთობათა განძი 140-მდე ბრინჯაოს ნივთით. განძი თარიღდება ძვ. წთ. აღ. I ათასწლეული დასაწყისით, რომელიც გამოიკვლია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ელგუჯა გოგაძე და ჯონი აფაქიძე).

სოფელ ჭოღაში 1972 წელს პროფესორ დავით ხახუტაიშვილის მეთაურობით დადასტურდა ქურა-სახელოსნოს ნაშთების, რკინის იარაღების, საშენი მასალების, რკინის მადანის, ნაღვენთების და წიდების არსებობა, რომლებიც ქრონოლოგიურად ძვ. წთ. აღ. VIII-IV საუკუნეებით თარიღდება.

ანტიკური ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ძირითადი წყარო სამარხთა ინვენტარია. აღსანიშნავია, დერგისებრი ფორმის დასაკრძალავი ურნები ს. ნაკიანიდან, რომელშიც მიცვალებულის ნეშტს კრემაციის შემდეგ ინახავდნენ. ლეახალეს უბანში ადამიანის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა მდიდარი მასალა: ბრინჯაოს სამაჯურები, სეგმენტური იარაღები, ოქროსა და ვერცხლის ყელსაბამები და ბეჭდები. არქეოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარი, მათ შორის აღმოჩენილია უცხოურიმასალებიც, ნაჯაგუს (გარახის) ციხის ქვემოთ, მდ. ოჩხომურის მარჯვენა ნაპირზე. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში მობინადრე მოსახლეობასთან უცხოელი ვაჭრები აღწევდნენ პატარა ნავების მეშვეობით, მდინარეების ოჩხომურისა და ხობისწყლის გავლით. არქანჯელო ლამბერტი «სამეგრელოს აღწერაში» წერს - «ტეხურას მოსდევს ხოფი (ხობისწყალი), ეს მდინარე მეტად მდიდარია ნაირნაირი თევზებით და ნავებით სავალია». მუხურისა და თაიას ტერიტორიაზე გადმოცემით, გადიოდა ე.წ. «პომპიაში შარა» ანუ «პომპეუსის გზა», რომელიც დაკავშირებულია პომპეუსის ლაშქრობასთან ძვ. წთ. აღ. 65 წელს. ადვილი შესაძლებელია პომპეუსი ტეხურის ან ხობისწყლის ხეობით დასახლებულ ტერიტორიაზე გავლით მიდიოდა, მეორე ვერსიის მიხედვით პომპეუსი ეგრისის გაქცეულ მეფეს ხსენებული ბილიკით მისდევდა, ეს კი მეტყველებს, რომ ძვ. წთ. აღ-თვის «პომპეის ბილიკი» ადგილობრივი მოსახლეობის დამაკავშირებელი გზა ყოფილა მეზობელ დასახლებულ პუნქტებთან.

თანდათანობით, როცა ჩხოროწყუში მოსახლეობა მომრავლდა იგი ადმინისტრაციულ ერთეულად იქცა და ეკლესიაც აიგო. 1909 წლის 8 სექტემბერს (ძველი სტილით) ეკლესია, მძვდელ-დიაკვნების გალობით ხატ-სანთლებითა და თორმეტი დადიანური ზარბაზნის გრიალში ადგილი «ჩხოროწყუ»-დ მონათლა და აქვე დაინიშნა ყოველწლიური ბაზრობა «იარმარკობა», რომელიც დიდძალ ხალხს იზიდავდა. ეს ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი ჩხოროწყუ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია.


მუნიციპალიტეტში არის 1 დაბა და 12 სოფელი. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან დაშორებულია 317 კმ-ით, 37კმ-ის მანძილზე მდებარეობს ქ. სენაკის აეროპორტი, 80 კილომეტრის მანძილზე ქ. ფოთის საზღვაო პორტი, 37 კილომეტრი მანძილზე ქ.ზუგდიდის რკინიგზის სადგური.

საავტომობილო გზების სიგრძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძე: სახელმწიფო მნიშვნელობის გზა - 60 კმ; აქედან 35,4 კმ-ზე ასფალტო-ბეტონის სამუშაოებია შესრულებული; ადგილობრივი მნიშვნელობის ხრეშოვანი გზების სიგრძეა - 245 კმ.

საკურორტო და ტურიზმის რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია უნიკალურ პირობებს იძლევა ტურიზმისა და საკურორტო მეუნროების განვითარებისათვის. სოფელი მუხური ბავშვთა კურორტის სახელწოდებით არის ცნობილი, ფუნქციონირებს პანსიონატი 80 ადგილზე, სამეგრელოს მთიანეთში შესაძლებელი სამთო და სპელეოტურიზმის განვითარება.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის მონაცემებით ამ რაიონში სულ 29,840 ადამიანი სახლობდა[1], თუმცა 1993 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ ის საგრძნობლად გაიზარდა ლტოლვილების ხარჯზე. ეროვნული შემადგენლობა:

  • ქართველი - 99,4%;
  • რუსი - 0,4%;
  • უკრაინელი - 0,1%;
  • აფხაზი - 0,1%.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 29 840
2002 29 443 Decrease2.svg
2014 22 309 Decrease2.svg

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რაიონშია დაბადებული მსახიობი აკაკი ხორავა.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]