ახალციხის მუნიციპალიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალციხის მუნიციპალიტეტი
SJ-Akhaltsikhe-ka.svg

ახალციხის მუნიციპალიტეტი  დროშა ახალციხის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ახალციხე

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის მხარე

საკრებულოს თავმჯდომარე

ოლეგ სანდროშვილი      [1]

დეპუტატი პარლამენტში

ვაჟა ჩიტაშვილი     

სიმჭიდროვე

63.9 [2] კაცი/კმ²

ფართობი

1010.3 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

46.9 ათასი კაცი (2009 წელი)

ეროვნება

ქართველები 56.3%
სომხები 43%
რუსები 0.4%
ბერძნები 0.1%
ოსები 0.1%[3]

საიტი

www.akhaltsikhe.ge

ახალციხის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტი — მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია დღევანდელ საზღვრებში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქია ახალციხე.

მდებარეობა[რედაქტირება]

ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან -ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან - ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველოთურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან: სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები. მის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საერთაშორისო ავტომაგისტრალები ს 8 და ს 11; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ახალციხე - ბათუმი, ასევე ხაშური-ვალეს რკინიგზის მონაკვეთი.

ბუნება[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვის ხეობები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია — 1010 კვ.კმ-ა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 410 კვ.კმ.

რელიეფი[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში შედის. რელიეფი რთულია, გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც განლაგებულია 950 მ-იდან (სოფელი აწყურთან) 2964 მ-მდე (მთა გუმბათი). მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ეროზიული მთა-ხეობათა რელიეფია. მუნიციპალიტეტი მდიდარია წიაღისეულით. მოიპოვება მურა ნახშირი, დიატომიტი, აქატი, თაბაშირი, საშენი მასალა.

ჰავა[რედაქტირება]

ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,8 c, აგვისტოსი 20,5 c. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე, ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – მოკლე, ზამთარი – ცივი, ნალექები დაბალ ზონაში 520 მმ არ აღემატება წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისსა (64 მმ) და ივნისში (86 მმ) მინიმუმი ზამთრის თვეებში (იანვრი 20 მმ, თებერვალი 25 მმ).

შიგა წყლები[რედაქტირება]

მთავარი მდინარეებია; მტკვარი, ფოცხოვი და მისი შენაკადები ქვაბლიანი და ურაველი. პატარა მდინარეებია; წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აღსანიშნავია წყალთბილას გოგორდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურაველისა და გურკელის მინერალური სამკურნალო წყლები.

მცენარეული საფარი[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი ზონაა; გარდამავალი ტყესტეპისა, მთის ტყისა და მდელოსი. დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია. ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა, დიდი ფართობი უჭირავს ველის წივანიან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან –რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში აქა იქ გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა, დათვი, გველი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ტელეუტური ციყვი (აკლიმატიზებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი, ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური როჭო, იშვიათია კაკაბი. ზოგან გვხვდება ჯოჯო, მრავალგანაა ხვლიკი, გველხოკერა, ანკარა, გომბეშო, ვასაკა, ტბის ბაყაყი, მდინარეებში არის კალმახი, წვერა, მურწა, ტობი, ხრამული და სხვა.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება]

ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირია გამგებელი. ტერიტორიული ერთეულებია:

ეკონომიკა[რედაქტირება]

მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია (61 პრო­ცენტი), ეთ­ნი­კუ­რად სომ­ხე­ბი კი 37 პროცენტს შეადგენენ. მოსახლეობის ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქად, ხო­ლო მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სოფ­ლად ცხოვ­რობს.

ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.

მოქმედებს ერთი საავადმყოფო და სასწრაფო დახმარების სამსახური.

ახალციხის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა საბადოებით. სოფელ მუსხის მიდამოებში არის დიატომიტის საბადო, სოფელ ბოგასა და გიორგიწმინდაში - ახალციხის აქატის საბადოები, ხოლო ვალესა და ნაოხრების მიმდებარე ტერიტორიაზე არის ახალციხის მურა ნახშირის საბადო.

განათლება და კულტურა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არის 9 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი "ახალციხის ინსტიტუტი", ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი, ახალციხის სამხატვრო სკოლა, ახალციხის სასპორტო სკოლა და ვალეს სამუსიკო სკოლა. მუნიციპალიტეტში არის 42 ბიბლიოთეკა, მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრი და სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ოფიციალური საიტი