ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
KM-Lagodekhi-ka.svg

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი  დროშა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ლაგოდეხი

რეგიონი

კახეთის მხარე

დეპუტატი პარლამენტში

გიორგი გოზალიშვილი     

სიმჭიდროვე

57.4 [1] კაცი/კმ²

გამგებელი

კარლო ჯამბურია     

ფართობი

890.2 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 41 678 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 69.28%
აზერბაიჯანელები 22.31%
ოსები 4.38%
რუსები 1.7%
სომხები 0.3%[2]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. 1927 წლამდე ახლანდელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია სიღნაღის მაზრაში შედიოდა. 1930 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით — ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით — დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფართობია 890, 2 კმ². ტერიტორიის 38 979 ჰა მოდის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, რაც შეადგენს მთლიანი ტერიტორიის 44%-ს. ტყეებს უკავია 41 162 ჰა (46%).[1]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13°C. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 650 მმ-იდან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისთვის დამახასიათებელია სეტყვა და გვალვა. მაღალმთიან ნაწილებში განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული, ნალექების წლიური მოცულობა კი 1200-1800 მმ-ს აღწევს.[1]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მდიდარია ზედაპირული და გრუნტის წყლებით. მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე ალაზანი, რომელიც ჩამოედინება გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია კაბალი, მაწიმისწყალი, ლაგოდეხისწყალი, არეში და აფენისხევი.[1]

2014 წლის მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 41 678 კაცს, აქედან ქალაქში ცხოვრობს 4500 კაცი, ხოლო სოფლად ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 91% (47 600 კაცი). მუნიციპალიტეტში 64 დასახლებაა, აქედან 1 ქალაქია და 63 სოფელი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 58 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) ოდნავ ჩამოუვარდება.[1]

მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ვაჭრობა და წარმოების განვითარება. ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით, მუნიციპალური ბიუჯეტი შეადგენს 11 400 000 ლარს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეომორფოლოგიურად მუნიციპალიტეტის ტერიტორია ორ ძირითად ნაწილად იყოფა : ვაკისა და მთის.

ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში შემოდის ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით აგებული ალაზნის მთათაშუა აკუმულაციური ვაკე, რომელიც მუნიციპალიტეტის ფარგლებში ზღვის დონიდან 200-იდან 450 მ-მდე ვრცელდება. ვაკე დაფარულია კენჭნარით, თიხებითა და ქვიშებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის სიგრძეა დაახლოებით 28 კმ. ალაზნის ვაკის სამხრეთ ნაწილი აგებულია ალუვიური ნაფენებით და ბრტყელი ზადაპირით გამოირჩევა. ჩრდილოეთ ნაწილში შედარებით ამაღლებულია და წარმოდგენილია გამოზიდვის კონუსებით და შლეიფებით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე რამდენიმე ათეული მეტრია.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი გაშლილია კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. კახეთის კავკასიონი სწორედ აქაურ მიწებთან მთავრდება (კახეთის კავკასიონი მწვერვალ დიდი ბორბალოდან მწვერვალ ტინოვროსომდე ვრცელდება). ტინოვროსო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლეა 3374 მ. აგებულია დოგერული (შუა) და ლიასური (ქვედა) თიხაფიქლებით. კახეთის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალები : ხოჩალდაღი (3484 მ), ხიმრიკი (3109 მ), ნუსულოსა (2929 მ) და უღელტეხილები მსხალგორა (2900 მ) და მაჩხალროსა (3066 მ).

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი შიგა წყლებით მდიდარია. მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე ალაზანი, რომელიც ჩამოედინაბა გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია კაბალი, მაწიმისწყალი, ლაგოდეხისწყალი, არეში და აფენისხევი.

კაბალი იბადება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 48 კმ, აუზის ფართობი 391 კმ². მდინარე ზოგადად ჯერ სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ უხვევს სამხრეთისაკენ სადაც ერთვის მდინარე ალაზანს (მარცხ). მთავარი შენაკადია არეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება ასევე მდინარე მაწიმი, რომელიც ალაზანს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ერთვის (საქართველოს ფარგლებში მისი სიგრძეა 19 კმ). მთავარი შენაკადია მდინარე ლაგოდეხისწყალი, რომლის სიგრძეა 31 კმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდინარეებიდან გამოსაყოფია ასევე ბაისუბანი, ნინოსხევი და შრომისხევი. შრომისხევზე არის ჩანჩქერი (სიმაღლე 90 მ), რომელიც ზამთარში იყინება და ქმნის ულამაზეს პეიზაჟს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში არის ტბები : ბაშლეხელი, ხალახელი და სხვ. ბაშლეხელი ზღვის დონიდან 2713 მეტრ სიმაღლეზეა და 12,8 მ მაქსიმალური სიღრმე აქვს. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა და მისი წყალი სისუფთავით გამოირჩევა.

აქვეა ხალახელის ტბაც, რომელიც ასევე მყინვარული წარმოშობისაა.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალაზნის ვაკეზე ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13°. მინიმუმი - 23°.

ნალექები 650 მმ-იდან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისათვის დამახასიათებელია სეტყვიანობა და გვალვა. მაღალმთიან ნაწილებში განცითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა - 8°. ნალექები 1200-1800 მმ.

ქალაქ ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა. ზამთარში დამახასიათებელია ცივი ზამთარი, ხოლო ზაფხული ცხელია.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ნაწილში განვითარებულია მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგი. გვხვდება ასევე საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგი.

ამასთან მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში განვითარებულია ყომრალი ნიადაგი. ზედა ნაწილში ღია ფერის ტყის ყომრალი ნიადაგია. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია მდელოს ალუვიური უკარბონატო ნიადაგი. გამოზიდვის კონუსებსა და შლეიფებზე გვხვდება ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგი.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები :

  1. ვაკე მდელო-ბუჩქნარით ალუვიურ უკარბონატო ნიადაგებზე;
  2. ვაკე ჭაობებით მურყნარით ალუვიურ და მდელო ტყის ნიადაგებზე;
  3. გამოზიდვის კონუსებიანი ვაკე ტყე ბუჩქნარით ალუვიურ-პროლუვიურ ნიადაგებით;
  4. ტყის ყომრალი ნიადაგები მუხნარ რცხილნარით;
  5. ტყის ყომრალი ნიადაგები წაბლნარით და წიფლნარით;
  6. ალპური მდელოები;
  7. სუბალპური მდელოები.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღალმთიანეთში გვხვდება შველი, ირემი, დათვი, არჩვი, მგელი. ბევრგანაა კურდღელი, გარეული ღორი, ტყის თაგვი, დედოფალა, კვერნა, ციყვი და მაჩვი. ალპურ ზონაში არის აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და კავკასიური ირემი. აკლიმატიზებულია ნუტრია. ორნითოფაუნას ქმნიან : კოდალა, ყვავი, შაშვი, მწყერი, კავკასიური როჭო, არწივი, შურთხი და სხვ.

მდინარეებში მოიპოვება მურწა, წვერა, ჭანარი, ხრამული, კალმახი და სხვ.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახეთის კავკასიონზე გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი, უფრო მაღლა გვხვდება წიფლნარი, ნეკერჩხალი, წაბლი, ცაცხვი, რცხილა.

ალაზნის ვაკეზე ლეშამბიანი ტყეებია, სადაც ხარობს ცაცხვი, იფანი, ნეკერჩხალი, მუხა, რცხილა, თელა, ვერხვი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა უძველესი და ულამაზესი ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ნაკრძალის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 700-800 მ-იდან 2100 მ-მდე არის წიფლის ტყეები, რომელსაც ალაგ-ალაგ ურევია რცხილა, უფრო ზემოთ წიფელს ცირცელისა და არყის ტყე-ბუჩქნარები სცვლიან. ნაკრძალშია თავმოყრილი საქართველოში მცენარეთა სახეობების თითქმის 60 %. გვხვდება ასევე მოცვი, ჟენშენი, ჯონჯოლი, ასკილი, შინდი და უცვეთელა. ლაგოდეხის ნაკრძალში არის ყვავილოვან მცენარეთა 1500 სახეობა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 51 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 57 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 64 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 63 სოფელი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 54 402
2002 51 119 Decrease2.svg
2014 41 678 Decrease2.svg

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეთამბაქოეობა, მარცვლოვანი და ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მებაღჩეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. რაიონში არის თამბაქოს საფერმენტაციო, ღვინის, ყველ-კარაქის ქარხნები, სხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ლაგოდეხი-ზაქათალის მიმართულებით, სადაც მდებარეობს ლაგოდეხის საბაჟო.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში 42 სახელმწიფო და 1 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 22 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან გამოსაყოფია სოფელ ლელიანში მდებარე წმინდა თევდორეს ეკლესია, რომელიც აშენებულია XI-XII სს. სოფელში ნაპოვნია ე.წ. ლელიანის განძი, რომელიც აღმოაჩინეს გასული საუკუნის 20-იან წწ.

  • სხვა ისტორიული ძეგლებია: ფონის, არეშფერანის, ხოშატის ეკლესიები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკლება დ., კაკაბაძე ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 97-98, თბ., 1983;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]