სიღნაღის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
KM-Sighnaghi-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Sighnaghi Municipality.svg Signagi COA.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთი
ადმ. ცენტრი სიღნაღი
კოორდინატები 41°36′55″ ჩ. გ. 45°54′46″ ა. გ. / 41.61528° ჩ. გ. 45.91278° ა. გ. / 41.61528; 45.91278
ფართობი 1,252 კმ²
მოსახლეობა 29,600 (2016)[1]
სიმჭიდროვე 23,9 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 97,4 %
სომხები 0,7 %
რუსები 0,7 %
იეზიდები 0,3 %
აზერბაიჯანელები 0,3 %[2]
ოფიციალური საიტი http://www.signagi.gov.ge/
GEO-KK-SG.svg

სიღნაღის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით საზღვრავს გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ფართობი 1251,7 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 93 375 ჰა უკავია, ხოლო ტყის რესურსი შეადგენს 5 500 ჰა-ს.[3]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა. აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია, ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11 °C-იდან 13 °C-მდე. ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე — 810 მმ წელიწადში.[3]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროგრაფიული ქსელი მწირია. არის პერიოდული ხასიათის მდინარეები. მდინარეებიდან აღსანიშნავია ალაზანი და იორი. ალაზანი მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოედინება ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვართან. მდინარე იორი კი ივრის ზეგანს კვეთს სამხრეთ ნაწილში.[3]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით შეადგენს 29 948 კაცს. მუნიციპალიტეტში 19 დასახლებაა, მათ შორის არის 2 ქალაქი და 18 სოფელი. ქალაქების მოსახლეობა შეადგენს 6300 კაცს, სოფლად დასახლებულია 23 600 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23,9 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) საკმაოდ ჩამოუვარდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი და საბიუჯეტო ორგანიზაციები. წარსულში ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და წარმოება. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომლის ძირითადი პრიორიტეტია ტურიზმი.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე სიღნაღის მაზრის სახელწოდებას ატარებდა, 1928 წლიდან მუნიციპალიტეტი კახეთის მაზრაში შედიოდა, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად.

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 240417223) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 21 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 18 ივნისი[5].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი უჭირავს ივრის ზეგანს, რომელიც აგებულია მესამეული და მეოთხეული ნალექი წყებებით. ტექტონიკურად ხასიათდება ეჟექტური ნაოჭებისა და გასწვრივი შეცოცებებისა და რღვევების ურთიერთშეხამებით. ზეგნის მორფოლოგიურ სახეს ქმნის ტექტოგენური ფორმები - მონოკლინური და ანტიკლუნური მაღლობები და ვრცელი სინკლინური ქვაბულები, რომელიც ამოვსებულია მეოთხეული ფხვიერი ნაფენებით. ივრის ზეგანზე არის ეროზიული ფორმებიც — მდინარე ივრის თანამედროვე ხეობა და მთელი რიგი ხევები, ბედლენდები და სხვა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოდის გომბორის ქედის მცირე მონაკვეთი, რომელიც აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებითა და თიხებით.

სამხრეთ-დასავლეთ კალთა დამრეცია, დასერილია მშრალი ხევებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთა კი ციცაბოდ ეშვება ალაზნის ვაკისაკენ. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლეს მთას ჭოპორტი (1087 მ) წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილი უჭირავს ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია მეოთხეული ნალექებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის აბსოლუტური სიმაღლეა 219 მ-იდან 350 მ-მდე. იგი დახრილია ჩრდილო-დასავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ალაზნის ვაკის რელიეფს ართულებს გამოზიდვის კონუსებში ჩაჭრილი მცირე სიღრმის ეროზიული ფორმები. ალაზნის ვაკის სიგანე მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე ალაზნიდან გომბორის ქედამდე 35 კმ-ია, ხოლო სიგრძე 22 კმ.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ჰიდროგრაფიულ ქსელს მოკლებულია. აქაურ მიწაზე გვხვდება ძირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეები. გამოსაყოფია ორი მდინარე ალაზანი და იორი. ალაზანი მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოედინება ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვათან, აქ მდინარეს კლაკნილი მიმართულება აქვს.

მდინარე იორი ივრის ზეგანს კვეთს სამხრეთ ნაწილში. მთელ სიგრძეზე აქვს კარგად გამოხატული მეანდრები. მუნიციპალიტეტის ფარგლებში იორის სიგრძე დაახლოებით 28 კმ-ია. მთავარი შენაკადებია: ალანდარისხევი (მარცხ), მათაგალონი (მარცხ).

მშრალი ღელეები არის გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზეც, მაგრამ ისინი მდინარე იორამდე ვერ აღწევენ. მუნიციპალიტეტის მდინარეები დიდდება გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წელიწადის სხვა დროს კი წყალმცირობაა. აღსანიშნავია ასევე გომბორის კალთაზე არსებული მშრალი ხევები, რომლებშიც ძლიერი წვიმების დროს წყალი მიედინება.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა, აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი.

გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1 °C-იდან 12,6 °C-მდე. აბსოლუტური მინიმუმი - 24 °C, მაქსიმუმი 37-40 °C.

ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე - 810 მმ წელიწადში.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივრის ზეგანზე განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის შავმიწები, აგრეთვე წაბლა ნიადაგები დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგების კომპლექსით.

გომბორის ქედის კალთებსა და მთისწინეთში გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები. ალაზნის ვაკეზე გვხვდება ტყე სტეპის გარდამავალი ზოლის შავმიწისებრი, ალუვიურ-კარბონატული და მდელოს კარბონატული ნიადაგები.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ჯაგეკლიანი სტეპური ვაკე ჰალოფილური მცენარეულობით შავმიწისებურ ალუვიურ და დამლაშებულ ნიადაგებზე;
  2. ტყის ყავისფერი ნიადაგები გამოზიდვის კონუსებით ჯაგ-რცხილნარითა და ჯაგეკლიანი სტეპებით;
  3. ვაკე ტაფობები სტეპის მცენარეულობით შავმიწა და წაბლა ნიადაგებით,
  4. რუხ ყავისფერი ნიადაგები არიდული მცენარეულობით;
  5. ტაფობები ჰალოფილური მცენარეულობით,
  6. ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები მუხნარ რცხილნარით;
  7. ტუგაის ტყის ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ტურა, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ლელიანის კატა; მდინარე ივრის პირას ჭალის ტყეში ბინადრობს გარეული ღორი. მცირე რაოდენობით არის ზოლებიანი აფთარი. მღრღნელებიდან აღსანიშნავია ზაზუნა, ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, მექვიშია და სხვ.

ფრინველებიდან გვხვდება მწყერი, შაშვი, ხოხობი, კაკაბი, კაჭკაჭი, ყვავი, გნოლი და სხვ. მდინარეებში არის თაღლითა, ფრიტა, გველანა, ქაშაპი და სხვა.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივრის ზეგანზე გავრცელებულია ვაციწვერიანი და უროიანი სტეპები, გვხვდება ასევე ჯაგეკლიანი ბუჩქნარებიც. ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში გვხვდება ნაცარქათამასებრთა ოჯახში შემავალი ბუჩქი ჩარანი, რომლისგანაც იღებენ სოდას.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობიდან არის ასევე აბზინდა, ხურხუმო და ყარღანი.

ნათელ ტყეს ქმნის ქართული ნეკერჩხალი, ღვია, საღსაღაჯი და სხვ. აქვე არის კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა. მდინარე ივრის ნაპირებთან არის ჭალის ტყეები: წნორი, ჭალის ვერხვი, იალღუნი და სხვ. ალაზნის ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი ტყის ელემენტებით.

გომბორის ქედის ტყეებზე აღსანიშნავია მუხა და რცხილა. ტყესტეპებს ქმნის ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვა სახეობის მცენარე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 300-800 მ ფარგლებში. უმეტესად ქართველები ცხოვრებენ, მცირე რაოდენობით არიან სომხები, რუსები და სხვ.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 49 326
2002 43 584 Decrease2.svg
2014 29 948 Decrease2.svg

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია:

  • ქალაქის საკრებულო — 2: სიღნაღი და წნორი;
  • თემის საკრებულო — 5: საქობოს თემი, ჯუგაანის თემი, მაჩხაანის თემი, ბოდბის თემი, მაღაროს თემი;
  • სოფლის საკრებულო — 7: ანაგა, ვაქირი, ბოდბისხევი, ტიბაანი, ძველი ანაგა, ნუკრიანი, ილიაწმინდა.

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ადმინისტრაციული ერთეულებად:

  1. ქ. სიღნაღის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. სიღნაღი);
  2. ქ. წნორის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. წნორი);
  3. ანაგის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ანაგა);
  4. ვაქირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ვაქირი);
  5. საქობოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საქობო, მაშნაარი);
  6. ბოდბისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ბოდბისხევი);
  7. ტიბაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ტიბაანი);
  8. ჯუგაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ერისიმედი, ჯუგაანი);
  9. ძველი ანაგის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ძველი ანაგა);
  10. ქვემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო მაჩხაანი, ყარაღაჯი, ხირსა, ხორნბუჯი);
  11. ნუკრიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ნუკრიანი);
  12. ბოდბის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბოდბე, ქვემო ბოდბე);
  13. მაღაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო მაღარო, ქვემო მაღარო);
  14. ილიაწმინდას ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ილიაწმინდა).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. მუნიციპალიტეტში განვითარებულია მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა და სხვ.

არის რამდენიმე ღვინის ქარხანა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 90 ათასი ჰა., რომელთაგან სახნავ-სათესია 40 ათასი ჰა. ხოლო 50 ათასი ჰა საძოვრებია.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო.

სოფელ ვაქირში შემონახულია სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აქვეა „კვირაცხოველის“ ეკლესია. სოფელ ტიბაანში დგას ხირსის მონასტერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკლება დ., უკლება მ., ქსე, ტ. 9, გვ. 407-408, თბ., 1985;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]