თეიმურაზ ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „თეიმურაზ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თეიმურაზი.
თეიმურაზ ბატონიშვილი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1782
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 1846 (64 წლის)
პეტერბურგი
ეთნიკურად ქართველი
მეუღლე(ები) ელენე ამილახვარი
მშობლები მამა: გიორგი XII
დედა: ქეთევან ანდრონიკაშვილი
ხელმოწერა

თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 23 აპრილი, 1782, თბილისი — გ. 23 ოქტომბერი, 1846, პეტერბურგი) — ქართველი მწერალი და მეცნიერი, გიორგი XII-ის ძე. ცოლად ჰყავდა ელენე ოთარის ასული ამილახვარი (1783-1866).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილი დაიბადა თბილისში 1782 წლის 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) გიორგობა დღეს[კ 1]. თეიმურაზი გიორგი XII-ის პირველი ცოლისაგან შეძენილ ჩვილებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. პლატონ იოსელიანის ცნობით იგი გამხდარა მიზეზი დედის, ქეთევანის გარდაცვალებისა[კ 2]. თეიმურაზ ბატონიშვილის დაბადებისა და ქეთევან დედოფლის მშობიარობაზე გადაყოლის თარიღებს აიგივებს მარი ბროსე, ხოლო დ. ბაქრაძისთვის იგი უცნობი ყოფილა[1].

მისი 1834 წლის 16 მაისის ბროსეს მიმართ წერილიდან ირკვევა, რომ ის სწავლობდა კათალიკოზ ანტონ I-ის თელავის სემინარიაში, ცნობილი დავით რექტორის ხელმძღვანელობით.

ვიკიციტატა
„დავით ალექსიშვილი იყო პაპის ჩემის მეფის ირაკლის დროს და მამის ჩემის მეფის გიორგის დროს... ინცფექტორი და უპირველესი მოძღვარი საქართველოს სასწავლებელთა და დიდი სასწავლებელი ჰქონდა გამართული კახეთის ქალაქსა შინა თელავს, სამეფო პალატის ნაწილშია და იქ ასწავლიდა მამა ჩემის მეფის გარდაცვალებამდის; მერმე თავის ნებით გადამდგარა... ეს დავით ალექსიშვილი იყო შაგირდი ანტონ კათალიკოს პირველისა და ჩემის ძმის დავითისა და ჩემი ფილოსოფიისა, ისტორიისა და ქართული ენისა და წერისა მოძღვარი ის იყო. ჩემი ძმა დავით ხომ ადრევე ბარებოდა და როცა სწავლის დრო მოვიდა მეც მას მივებარე და ის მასწავლიდა და სხვა ოსტატებიცა მყვანდნენ. იმ ჩვენმა ოსტატმა დავით ალექსიშვილმა საქართველოს ისტორია დიახ კარგად იცოდა... საზოგადოდაც კარგი ისტორიკოსი იყო.“
(წ-კ. საზოგადოების ფონდი, S № 4.294, რვეული 1, ფურც. 28)

თეიმურაზ ბატონიშვილი იზრდებოდა თავისი უფროსი ძმის დავითის უშულო მეთვალყურეობითა და მზრონველობით. მისი მზრუნველობა მეჭირნახულეობა მან გამოხატა გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგაც, როცა თეიმურაზი უმამულოდ და სხვა საშემოსავლო სახსრების გარეშე დარჩა[2].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილის ოჯახი
ელენე ამილახვარი, თეიმურაზ ბატონიშვილის ცოლი

1798 წელს მომხდარა თ. ბატონიშვილის დაწინდვა ოთარ ამილახვარის ქალიშვილ ელენეზე. პლატონ იოსელიანი დაწინდვას უკავშირებს გიორგის მოგზაურობას თრიალეთისაკენ, რომელიც პლატონის მიხედვით 1778 (წელი შეცდომით უწერია პლატონ იოსელიანს) წლის ზაფხულში მომხდარა.

ვიკიციტატა
„ამასვე დღესა დაწინდეს მისსა ქალსა ელენეზედ მეფის ძე თეიმურაზი, რომელსაც არა სურდა იგი ცოლად მიზეზისათვის მის, რომელ იყო პირველ დანიშნული მის ძმაზედ მემკვიდრეზედ დავით, რომელმანაც მამისა არა უთანხმოებით შეირთო ცოლად სომეხთა აბიმელიქის სვიმონისა ქალი.“

ქორწინება თეიმურაზისა ელენეზე მოხდა, დავითის ქორწინების შემდეგ, ე. ი. 1799 წლის დასასრულს.

ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ცნობილია, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ იწყება არეულობა და შფოთი ერეკლე II-ის მრავალმრიცხოვან მემკვიდრეთა შორის. გიორგის ანდერძისამებრ ტახტი დავითს უნდა მიეღო, მაგრამ ლაზარევს ნაბრძანები ჰქონდა მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი არც ერთ მემკვიდრისთვის არ დაეთმო. დავითი აღიარებულ იქნა რეგენტად ტახტისა და არა მეფედ, ხოლო იულონ ერეკლეს ძე ერთის მხრივ, დარეჯან დედოფალი მეორეს მხრივ, ფიქრობდნენ გამეფებას. აღნიშნული ვითარების გამო ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე წამოიჭრა შუღლი, სადაც თეიმურაზი თავისი ძმის დავითის მხარეს იდგა.

გიორგი XII-მ თავის სიცოცხლეშივე დანიშნა მეფედ დავითი, რომელიც 1800 წლის 20 დეკემბერს სცემს სხვადასხვა სახის ბრძანებებს. მათ შორის აღსანიშნავია მის მიერ თეიმურაზის დანიშვნა მოხელედ.

ვიკიციტატა
„შენ იყავი ციხეში, პური ბევრი დაამზადე, თუ ბიძები მოისურვებენ მოსვლას გორში, არ დაუშვა... მე შენ დაგნიშნე ქართლში მოადგილედ, მოაგროვე მებრძოლები და მოემზადე. აგრეთვე თვალყური ადევნე იმას, თუ რას შვრებიან შენი ბიძები...“
(«Акты», I, გვ. 290)

მაგრამ ისევე როგორც დავითის „მეფობა“, ასევე თეიმურაზის მოადგილეობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. 1802 წელს კარლ კნორინგის ჩამოსვლამ საზღვარი დაუდო მათ. კნორინგმა ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და აგრეთვე დავითის მისწრაფებით სამეფო ხელისუფლების მთელი ატრიბუტების აღდგენისკენ და გადააყენა იგი.

ამის შემდეგ თეიმურაზი, რომელიც მისი სიტყვებით, მამა მისის ხანმოკლე სიცოცხლის გამო დარჩა უმამულოდ, იმყოფება თავის სამ დასთან ერთად დავითის ხარჯზე[3]. ის მცირე ადგილებიც კი, რომელიც მამამ მისცა მას, ნაზარსკეტი, კარაჯალი და ლომისციხე, მიეტაცა კირილე ავალიშვილს.

1802 წლის 11 აპრილით დათარიღებული განცხადებით თეიმურაზი მიმართავს კნორინგს, რათა უკანონოდ მიტაცებული ლომისციხე, რომელიც მას ემსახურებოდა მამის სიცოცხლეში და დავითის მმართველობის დროსაც, დაუბრუნდეს, დაუნიშნონ მოურავი და იქ სხვა არავის ჰქონდეს ხელი. ამავე მამულების თეიმურაზისათვის დაბრუნებას მოითხოვდა დავითის 1802 წლის 19 მაისის წერილიც.

ჯერ კიდევ 1801 წლის თებერვალში, როდესაც თეიმურაზი გორში იმყოფებოდა მან განაცხადა სურვილი რუსეთში წასვლისა. ზოგ ბატონიშვილს ამისთვის დროც დაუნიშნეს, მაგრამ თეიმურაზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და გამგზავრების დრო აღარ დანიშნა[4].

მისი რუსეთისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ რაც დავით ბატონიშვილს ეთქვა უარი გამხდარიყო საქართველოს პირობითი მმართველი. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაარღვია გიორგი მეფესთან დადებული პირობა და შექმნა ახალი მანიფესტი რაც ითვალისწინებდა საქართველოდან ყოველი სამეფო დინასტიის რუსეთში, კერძოდ კი პეტერბურგში გადასახლებას, სადაც რუსეთი იმპერია საკუთარ თავზე აიღებდა საქართველოს სამეფო კარზე ზრუნვას. სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევის შემდეგ თეიმურაზი იწყებს შეხვედრების მოწყობას მათი გადმობირების მიზნით. აღნიშნულმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და 1803 წელს სპარსეთში გაიქცა, სადაც თავის ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილთან ცხოვრობდა.

როგორც ციციანოვის 1803 წლის 26 თებერვლის პატაკშია ნათქვამი, 1803 წლის 25 თებერვალს ღამით თეიმურაზ ბატონიშვილი თბილისიდან გაიპარა, დატოვა მეუღლე და წაიღო თან რაც კი ძვირფასი ნივთები ჰქონდა[5]. ამასვე ადასტურებს სიღნაღის კაპიტან ისპრავნიკის სოკოლოვის ცნობაც[6].

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზი თეიმურაზს ნათლად აქვს გამოხატული ციციანოვისადმი თავის საპასუხო წერილში:

ვიკიციტატა
„გარნა უკეთუ გნებავსთ სამსახური ჩვენ მიერ მაღლისა ხელმწიფისა, წარმოგზავნონ ოჯახისა ჩუენისაგან ერთი, რომელიცა სათნო იყოს იმპერატორისა, მეფედ ქუეყანასა შინა ჩუენსა და აღადგინოს მაღალმან ხელმან დაცემული ოჯახი ჩუენი და მაშინ ჩუენ ყოვლისა ბრძანებისა მისისა მორჩილნი შევიძლებთცა სამსახურთა შესაბამთა დიდებულებისა მისისათა. და თუ არა ესრეთ იქმნას, არცა ჩუენ ძალა გვიძს მოსულაჲ მანდა, ვინაიდგან არა ვართ ჩუენ გოჰთაჯნი მხოლოდ გლახაკებრივისა პურისა ჭამისანი, არამედ ყოველთვის სისხლ დათხევით მცდელნი ბაგრატიონთა ოჯახისა აღდგენისანი[7].“

მისი ეს დამოკიდებულება ვერ შეაცვლევინა მისთვის ძვირფასი მეუღლის, ელენეს, სიბრალულითა და სიყვარულით სავსე წერილმაც.

1805 წელს თეიმურაზი იხსენიება, როგორც ერთ-ერთი მეთაური ერევნის ხანის კულიხანის ლაშქრისა, ქემალ-ხანთან ერთად. იმავე წლის ოქტომბერს გამოემგზავრა ისევ ბაბახანისაკენ და ცდილობდა დაერწმუნა იგი, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია თუ კი რუსეთს მთელ მოსახლეობას აუმხედრებდნენ. მაგრამ როგორც ჩანს აქ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და გადადის ახალციხეში. ხვდება რა რომ სპარსეთის დახმარებიდან არაფერი გამოდის, ბიძასთან ერთად მიმართავს ოსმალეთს, ინგლისს და სხვ. როგორც ირკვევა თეიმურაზს ასევე გარკვეული ორიენტაცია ჰქონდა ნაპოლეონის საფრანგეთთანაც. მას მიწერ-მოწერაც კი ჰქონდა ამ საკითხზე და საფიქრბელია, რომ გამგზავრებაც კი სურდა ამ მიზნით საფრანგეთში.

რუსეთში გამგზავრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზი რწმუნდებოდა რა მთელი ამ გეგმების უსუსურობაში, 1810 წელს ის თავის მტკიცე გადაწყვეტილებას ცვლის და არჩევს რუსეთთან შერიგებას. ამ შერიგების საქმეში დიდი როლი ითამაშა პეტრე ლარაძემ, როგორც გვამცნობს მისი „ჩახრუხაული და შაირნი, მწირობასა შინა თქმული ოდეს მსახურა მეფის ძეს თეიმურაზს და ძლიერის ხელოვნებით გამოიყანა სპარსეთით“. როგორც ირკვევა, ტორმასოვის დავალებით, პეტრე ლარაძე გაგზავნილ იქნა სპარსეთში თეიმურაზის მოსაძებნად, როგორც ლარაძე იტყობინება თეიმურაზი მას დიდის ვაგლახით მოუძებნია. ამ დროს თეიმურაზი ერევანთან დაბანაკებულ აბას-მირზას ლაშქარში მთელ არტილერიას მეთაურობდა. მაგრამ არც ისე ადვილად დაუნებებიათ თეიმურაზი მისთვის, შეტაკებაც კი მოსვლია სპარსელებთან:

განვაკვირვე სპარსთა გული, თჳთ მემკვიდრეს უქმენ ხლათი,

გამოვაპე შუა რაზმი, სთქვეს რა დილის სალავათი...

1810 წლის 15 სექტემბერს რამდენიმე მხლებელითურთ თეიმურაზი გამოცხადდა პოლკოვნიკ ურაკოვთან[8].

თეიმურაზ ბატონიშვილის „მასალების“ მიხედვით:

ვიკიციტატა
„მაშინ ძე ყეენისა აბაზ-მირზა იდგა გარნისს, მუნით განივლტო მეფის გიორგის ძე თეიმურაზ ჯვარის ამაღლების დღეს 14 სეკტემბერს, რომელიცა იმყოფებოდა ძესთან ყეენისა ამაზ-მირზაჲსთანა დიდითა პატივითა თავად თოფხანათა ზედა, ახლად განსწავლულთა რეგულთა ზედან სპარსთასა. და მოვიდა ტორმასოვთან, რომელიცა იდუმალ ტორმასოვი ეზრახოდა და შეუძინა გამზდელი ლალა მისი პეტრე ლარაძე აზნაური, რომელმანცა მოაცთუნა და მოიყვანა მუნით. ხოლო მოვიდა რა თბილისს, წარგზავნა იგიცა რუსეთსა შინა[9].“

ტორმასოვი თეიმურაზის დაბრუნებას თვლიდა ერთ-ერთ დიდ გამარჯვებად. თეიმურაზი მართლაც, როგორც ჩანს, გამოპარულა, მას თან არ ჰქონია ტანისამოსი და სხვა საჭირო ნივთები. ამის გამო მისცეს დახმარების სახით 200 მანეთი და დაუნიშენს ჯამაგირი 300 მანეთი.

1810 წლის დასასრულს თეიმურაზმა გამგზავრების ხარჯი 4500 მანეთის ასიგნაცია მიიღო და პეტერბურგში გაემგზავრა. მას თავისი მოგზაურობა აღწერილი აქვს თავის ნაშრომში „მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურღამდის“. თეიმურაზს თან ახლდა პეტრე ლარაძეც. პეტერბურგში მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე 1813 წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. სანქტ-პეტერბურგში ცხოვრებიდან იწყება მისი ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი. მთელი თავისუფალი დრო ხმარდებოდა საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებას, დამუშავებას და ზოგიერთი სპეციალური წიგნების თარგმნას. 1811 წლიდან 1830 წლამდე უნდა იყოს ნათარგმნი და დაწერილი ყველა ის შრომა, რომელთაც საქართველოს ისტორიასტან ნაკლები კავშირი აქვთ და მეცნიერების ამა თუ იმ დარგს ემსახურებიან. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს მარი ბროსესთან, რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. 1838 წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა მარი ბროსემ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“[10].

1830 წლიდან ბროსე მჭიდრო კავშირს ამყარებს თეიმურაზ ბატონიშვილთან. გაცნობა ხდება მიმოწერით. 1830 წლით დათარიღებული წერილით უნდა იწყებოდეს თეიმურაზის მიმოწერა ბროსესთან, რადგან ამ მიმოწერით ბატონიშვილი, როგორც ჩანს პირველად აცხადებს სურვილს კორესპოდენტობისა და ამცნობს თავის მისამართსაც.

ვიკიციტატა
„მე თვით გექმნები შენ თანამოსამსახურე, ე. ი. კორესპონდენტი, ზოგად ყოველთავე, ძველთა და ახალთა საეკლესიოთა გინა საეროთა და სამოქალაქოთა ხელოვნებათა ჩუენისა სწავლისათა.“

ხოლო გაგზავნილ მისამართით ატყობინებს, რომ მას აქვს თავისი საკუთარი სახლი სანკტ პეტერბურღს, ვასილის ოსტროვასა შინა მეცხრეს ლინიაზედ, მახლობელ მდინარესა ნევისა №8-ს.

1831 წელს თეიმურაზი აირჩიეს პარიზის სააზიო საზოგადოების წევრად.

1836 წლის 9 ივნისს თეიმურაზი ავადმყოფობის გამო პეტერბურგიდან ბერლინს გაემგზავრა, სადაც 29 ივნისს ჩავიდა. 1837 წელს მას ბერლინიდან ჩამოსულს მარი ბროსეს პირველად ხვდება და 29 დეკემბერს მისივე ინიციატივით ერთ-ერთ საზეიმო სხდომაზე თეიმურაზ ბატონიშვილი პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. 1838 წლის 15 იანვარს მიიღო საპატიო წევრობის დიპლომი. ამავე დროს უნდა მომხდარიყო მისი ჩარიცხვა კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრად.

1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც[11].

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე თეიმურაზ ბატონიშვილი ითხოვდა ბროსეს დახმარებას მისი პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად არჩევისათვის.

ვიკიციტატა
„მე ესე მსურს, რადგანაც, რომ აქა როსიის იმპერიისა ს. პეტერბურღის აკადემია ნაუკისაგან პოჩეტნი ჩლენათა ვარ მირებული, პარიჟის აკადემია ნაუკამაც მიმიღოს ამა სახითვე პოჩეტნი ჩლენად. და რადგანაც რომ ნორდიისა, ე. ი. (დანიის სამეფოისა) კოპენღანღენისა სამეფოსა შეკრულებასა შინაცა ანტიკვართასა პირველტა ჩლენთა შორის ვარ აღრაცხულ, და რუსეთის აკადემია ნაუკისაც და კოპენღანღენის ანტიკვართა შეკრებულებისაც დიპლომი მქონიან. და მსურს, რომ პარიჟის აკადემიამაც ინებოს ჩემი პოჩეტნი ჩლენობა.“

შემდეგ ჩამოთვლის თავის დამსახურებას სააზიო საზოგადოების წინაშე. მაგრამ ეს სურვილი თეიმურაზისა, ვერ განხორციელდა — ავადმყოფობამ და სიკვდილმა უსწრო. 1845 წლის დასასრულიდან იწყება მისი ძლიერი დაცემა წყალმანკისაგან, რომელიც 1846 წლის თებერვალს იქამდე მივიდა, რომ თეიმურაზი რამდენიმე დღე უგრძნობლად იწვა. ექიმმა შეგალოვმა, მართალია აღკვეთა იგი, მაგრამ არა დიდი ხნით. 1846 წლის 23 ოქტომბერს თეიმურაზ ბატონიშვილი გარდაიცვალა. ხოლო 29 ოქტომბერს დასაფლავებულ იქნა ალექსანდრე ნეველის ლავრაში ბაგრატიონთა სასაფლაოზე, თავისი ძმის დავითის გვერდით.

თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ მისი მდიდარი ქართული ბიბლიოთეკა გადაეცა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აზიურ მუზეუმს.

მარი ბროსე თავის ნეკროლოგში თეიმურაზის გარდაცვალების გამო სწერდა: «Память его неизгладимо останется в сердцах всех его знакомых, и особенно благодарного ученика его».

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზის ირანში ყოფნას მისი მომავალი მეცნიერული მუშაობისათვისუაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან აქ ყოფნისას შეითვისა სპარსული ენა და ბროსეს აზრით თურქულიც. საფიქრებელია, სპარსეთში ყოფნისას დაეწყოს თეიმურაზს დიპლომატიურის მოსაზრებით ფრანგული ენის შესწავლაც. რაც მთავარია, გაეცნო სპარსულ ლიტერატურას, რომლითაც თავის მდგომარეობაში შეეძლო დიდად ესარგებლა. როგორც თეიმურაზი თავის „ივერიის ისტორიაში“ წერდა:

ვიკიციტატა
„ესე თავრიზს ყოფისა ჩემისა წელსა 1809-სა გამოიწერა წიგნისა მიგან სპარსულისა მოთხრობისაგან ადრიბეჟანისა, რომელსაცა წიგნსა ეწოდების სპარსულად „თარიყი-ადრებეიჟან“, რომელსა შინა წერილ არიან ზემოდ თქმულნი ესე[12].“

აქვე სპარსეთში ყოფნისას, შეუგროვებია მას მასალები თავისი შრომისათვის „აღწერა აწინდელთა სპარსეთისა ყეენთა (ანუ შაჰთა) და გვარეულობისათჳს ყაჯართასა თუ საიდან წარმოებენ“, დაწერილი ს. პეტერბურგს მოსვლისთანავე 1811 წელს გრაფ ნიკოლოზ რუმიანცევისათვის[13]. ირანში ყოფნისას აქვს ნათარგმნი სპარსულიდან „წიგნი ათი გვირგვინნი, ანუ შირვან სპარსთა მეფისაგან ქმნული“, „პრაქტიკა არტილერიისა“. გარდა ამისა ირანში ყოფნისას თეიმურაზი წერდა ლექსებსაც. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი რამდენიმე პოეტური ნაწარმოები, რომელთაც არც ისე დიდი ლიტერატურული ღირსება გააჩნიათ. როგორც თვითონ აღნიშნავს, სასულიერო ხასიათის ლექსების წერაში ატარებდა „ჟამსა უცხოებასა მყოფობისას“. მისი სიტყვით, სპარსეთში დაწყებული სამოცტაეპიანი ე. წ. „სამოცეული“ „სადიდებელად და სიხარულით სავედრებლად ყოვლად წმიდისა დედოფლისა... მარიამის მიმართ“, 1811 წელს ს. პეტერბურგს დაუმთავრებია. ამგვარივე შინაარსისაა მის მიერვე შეთხზული აკროსტიხები, 1804 წლის 22 აპრილს, იესო ქრისტეზე, წმინდა გიორგიზე, 1806 წლის 14 იანვარს, აკროსტიხები კიდურწერილობით: „წ~ინა ნეტარო გრძნობ (sic!) მონა უღირსი ქებით, რათა მიხსნა მტერტაგან შეპყრობილი“... 1810 წლის 23 აპრილს ისევ წმინდა გიორგიზე. პოემა „ვაშლი“ წარმოადგენს თეიმურაზის მხატვრული შემოქმედების საგანძურის ბოლო აკორდს.

პეტერბურგში ყოფნისას 1810-1831 წლებში თეიმურაზ ბატონიშვილის ნათარგმნი წიგნებს შორის აღსანიშნავია:

  • გრიგოლ კონსტანტინოპოლელ პატრიარხის დაკრძალვაზე ნათქვამი სიტყვა.
  • წიგნი „ბუნებისათვის ღმერთთასა“ ციცერონისა.
  • წიგნი არისტოტელისა „ბოროტისათვის და კეთილისა“, თარგმნილი რუსულიდან ქართულად.
  • „ტაქტიკა ქარტებით“, თარგმნილი ფრანგულიდან ქართულად.
  • „მხედრობის დარიგება ნაპალეონისაგან“, თარგმნილი რუსულიდან ქართულად.
  • „ფრანციცულნი სჯულნი სამხედროთაგანთა“, თარგმნილი ფრანგულიდან ქართულად.

ამ პერიოდის ორიგინალურ შრომებს მიეკუთვნება:

  • „საარიხმატიკოთა და საგეომეტრიოთა პროპორციათა, პროგრსიის კანონთა“.
  • „რუსეთის სამართებლოთა და სამსაჯულოსა ადგილებისა და სჯულთათვის რომელთამე, მოკლედ ქმნილი“.
  • პოემა „ვაშლი“, მიძღვნილი დისწულ გრიგოლ დადიანს[14].
ეს პოემა შევთხზე მეფის ძემან თეიმურაზ პოეტიკურად

გრიგოლისათვის, ჩემის დისწულის, დადიანის ძის, ვინა არს ლექსთ მყურად,

მე მისთვის შრომას არ ვრიდებ თავს, რადგან გულით ვარ მისადმი მსურად,

ვსასოებ, ამ ღვაწლს არ შეურაცხ-ჰყოფს, ხშირად წარმოსთქვამს რიტორიკულად.

  • „განმარტება პოემა „ვეფხისტყაოსნისა“, 1843.
  • „საწონთა, საწყავთა და საზომთა შესახებ, რომელნიც იხმარებიან სრულიად საქართველოსა შინა“.

ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვვებით მას დაწერილი ჰქონდა საქართველოს ისტორიის მეორე ტომიც, რომელიც დაიკარგაო[15].

თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 წლის გამოცემას. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში, აღწერა ეს მოვლენა. აღწერა ერეკლე II-ის ცხოვრების ბოლო პერიოდი.

თეიმურაზ ბატონიშვილმა შეისწავლა ქართული ლექსთწყობის საკითხებიც („გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა“). მას ეკუთვნის აგრეთვე ლექსთა კრებული „სამოცეული“, პოემა „ვაშლი ანუ დარღვევა ტროადისა“, პიესა „სამსახეობა რაინდისა“, მემუარული ჟანრის ნაწარმოები „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“; თარგმნა ტაციტუსის, ვოლტერის, პუშკინისა და სხვათა ნაწარმოებები.

მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა.

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიკიციტატა
    „წელსა ქ~სით 1810 აპრილის 23, თავრიზს მყოფმან ვსთქვი ესე აკროსტახული ჩემს შობის დღეს, რომლისა კიდურ წერილობა [არს] წმ~ო გიორგი ვაკურთხევ დღესა შენსა, რომელსა შინა ვიშევ მწირი თეიმურაზ.“
    (საისტორიო ფონდი, H, 2.225, თეიმურაზის ლექსების ალბომი, ფურცელი 18)
  2. ვიკიციტატა
    „3 ივნისს 1782 წლისა მშობიარობისა გამო თეიმურაზზედ, მეფის რძალი ქეთევან გარდაიცვალა.“
    (ცხოვრება გიორგი XIII-სა, 1936, აკ. გაწერელიას რედაქციით, გვ. 10)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარამიძე არ., შარაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 642.
  • შ. მესხია, „თეიმურაზ ბატონიშვილი“, თბ. 1982

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Д. Бакрадзе, Статьи по истории, 1887, გვ. 9
  2. დავითის წერილი კნორინგისადმი, 1802 წ, 19 მაისი, Акты, 11, გვ. 306
  3. «Акты», I, გვ. 308
  4. «Акты», I, გვ. 311
  5. «Акты», II, გვ. 185
  6. «Акты», II, გვ. 155
  7. «Акты», II, გვ. 184-188
  8. ტორმასოვის წერილი ახვერდოვთან, 1810 წ. 18 სექტემბერი, «Акты», IV, გვ. 136
  9. „მასალები“, გვ, 96
  10. Д. Бакрадзе — Статьи по истории др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX
  11. Собрание (1825 - 1881) : Том 17 (1842) : Часть 1 : Законы 15766
  12. თ. ბატონიშვილი, ისტორია ივერიისა, 1848, გვ. 80
  13. „თეიმურაზის ბიბლიოთეკის კატალოგი“ А. Цагарели, След. о. память. груз. письм. 1894, ტ. I, გვ. 179
  14. ჟურნალი, ცისკარი, 1860, № IX
  15. ზ. ჭიჭინაძე, „საქართველოს ცხოვრება“, თბ. 1913, გვ 32